გასული კვირის ბოლოს სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პარლამენტმა რუსეთის ფედერაციის ხელძღვანელობას მიმართა თხოვნით 1920 წლის მოვლენები ოსი ხალხის გენოციდად აღიაროს. ცხინვალიდან მიმართვის ტექსტი გაუგზავნეს რუსეთის პრეზიდენტს, რუსეთის მთავრობასა და სახელმწიფო სათათბიროს. მიმართვაში 1920 წლის მოვლენებთან დაკავშირებით ნათქვამია: „საქართველოს აგრესიის ფორმალურ მიზეზად იქცა სამხრეთ ოსეთის რევოლუციური კომიტეტის მიერ მიღებული ბრძანება 1920 წლის 8 ივნისს საბჭოთა ხელისუფლების გამოცხადებისა და სამხრეთ ოსეთის საბჭოთა რუსეთთან შეერთების შესახებ. იმავე წლის 12 ივნისს საქართველოს არმიამ, პოლკოვნიკ ჩხეიძის (უნდა იყოს ჯუღელის - რედ.) ხელმძღვანელობით, დაიწყო ოპერაცია სამხრეთელი ოსების წინააღმდეგ. ქართულმა ჯარმა გადაწვა პრაქტიკულად ყველა ოსური სოფელი ცხინვალიდან ჩრდილოეთის დასახლება როკამდე. დახოცეს მოსახლეობა, არ ინდობდნენ ბავშვებს, ქალებს და მოხუცებს“.
დე ფაქტო რესპუბლიკის პარლამენტში გენოციდის აღიარების შესახებ დოკუმენტის მომზადებას ბიძგი მისცა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის, 9 ივლისის გამოსვლამ.
სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პარლამენტის პირველივე სესიაზე პარტია „ნიხასი“ გამოვიდა ინიციატივით, მიემართათ რუსეთის ხელისუფლებისთვის. დოკუმენტის პროექტი ეროვნული პოლიტიკის, კულტურის, რელიგიისა და მედიის კომიტეტში შეადგინეს და გასული კვირის ბოლოს უკვე პარლამენტის დეპუტატებმა მხარი დაუჭირეს. პარტია „ნიხასის“ დეპუტატი დავით სანაკოევი რადიო თავისუფლების რუსულენოვან პროგრამა „ეხო კავკაზასთან“ საუბარში აცხადებს, რომ გენოციდის აღიარების მოთხოვნის საკითხი სამხრეთ ოსეთში არაერთხელ დაისვა. მისი აზრით, 1920-იანი წლების მოვლენებს შესაბამისი შეფასება რომ მისცემოდა, საქართველო სამხრეთ ოსეთის მიმართ აგრესიას ვერ გაბედავდა ვერც 1990-იან წლებში და ვერც 2008 წელს.
დე ფაქტო რესპუბლიკის პარლამენტში გენოციდის აღიარების შესახებ დოკუმენტის მომზადებას ბიძგი მისცა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის, 9 ივლისის გამოსვლამ. პუტინმა განაცხადა, რომ 1918 წელს აფხაზეთში და 1920 წელს სამხრეთ ოსეთში განვითარებული მოვლენები გენოციდი იყო. მოსკოველი პოლიტოლოგი ნიკოლაი სილაევი „ეხო კავკაზასთან“ საუბარში აღნიშნავს, რომ რუსეთის პრეზიდენტის შეფასებებმა ოსებსა და აფხაზებში გამოცოცხლება გამოიწვია, მაგრამ არ ღირს ვლადიმირ პუტინის ამ სიტყვებიდან დავასკვნათ, რომ რუსეთი ოსთა და აფხაზთა გენოციდის აღიარებისთვის მზადაა.
ასევე ნახეთ ბახტაძე პუტინის განცხადებაზე - მოვისმინეთ ფაქტების ფუნდამენტურად არასწორი ინტერპრეტაციაპოლიტოლოგი ალექსანდრე რუსეცკი ამბობს, რომ ამჟამად ცხინვალში მსხვერპლით სპეკულაციის პოლიტიკას ეწევიან, აშენებენ მემორიალურ ძეგლებს და სიძულვილის ენით მეტყველებენ, რაც სამშვიდობო პროცესს აზიანებს. რუსეცკის თქმით, გასული საუკუნის განმავლობაში როგორც აფხაზეთში, ისე ცხინვალის რეგიონში დემოგრაფიული და კულტურული სურათი მნიშვნელოვნად შეიცვალა და ეს მოხდა არა მარტო ქართველების, არამედ სხვა ეროვნების წარმომადგენელთა ხარჯზე.
კონფლიქტოლოგი ზურაბ ბენდიანიშვილი მიიჩნევს, რომ შეუძლებელია რუსეთის ხელისუფლებამ ქართველების მიერ აფხაზთა და ოსთა გენოციდის აღიარების პროცედურა დაიწყოს, რადგან არ არსებობს ამის არც ისტორიულ-სამართლებრივი და არც დოკუმენტური საფუძველი.
ცხინვალიდან კრემლს არაერთხელ მიმართეს როგორც გენოციდის აღიარების, ისე სამხრეთ და ჩრდილოეთ ოსეთის გაერთიანების მოთხოვნით. ცხინვალში რამდენჯერმე ჩატარდა რეფერენდუმი რუსეთის შემადგენლობაში ორი ოსეთის გაერთიანების შესახებ, მაგრამ კრემლი მუდამ დუმილით უპასუხებდა ამ მოთხოვნებს, თუმცა ძნელი სათქმელია როგორ მოიქცევა პუტინი საქართველოს ნატოსა და ევროკავშირთან ინტეგრაციის შემთხვევაში და გამოიყენებს თუ არა თაროზე შემოდებულ ოსების თხოვნას გენოციდის აღიარებისა და რუსეთის ფედერაციაში შეყვანის თაობაზე.