მას შემდეგ, თუკი კანონი საბოლოოდ ძალაში შევა, მისი მოქმედების ფარგლები და ტექნიკური მხარე უპირატესად იუსტიციის სამინისტრომ უნდა განსაზღვროს. ექსპერტებისთვის მყიფეა იმედი, რომ კანონის ფართო და ბუნდოვანი შინაარსი, რომელიც მისი თვითნებული გამოყენების საშუალებას იძლება, კანონქვემდებარე აქტების დონეზე გაკეთილშობილდეს.
- რის შესაძლებლობას აძლევს კანონის ამჟამინდელი რედაქცია ხელისუფლებას? როგორ კითხულობენ მას იურისტები?
ვის და რა ინფორმაციას მოსთხოვენ?
არავინ დავობს, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი [„აგენტების კანონი“] ფიზიკურ პირებს რეგისტრირების ვალდებულებას არ აკისრებს; მაგრამ ფართოა იმ ფიზიკური პირების წრე, რომლებსაც იუსტიციის სამინისტროდან შეიძლება დაუკავშირდნენ, კონკრეტული ინფორმაციის მოპოვების მიზნით.
კანონპროექტის სამი მოსმენით დამტკიცებულ ვერსიაში არის ჩანაწერი, რომელიც იუსტიციის სამინისტროს, მონიტორინგის პროცესში, განსაკუთრებული კატეგორიის პირადი და საიდუმლოების შემცველი მონაცემების მოპოვების შესაძლებლობას აძლევს.
კერძოდ, მე-8 მუხლის მე-3 პუნქტში წერია, რომ:
- იუსტიციის სამინისტროს მიერ უფლებამოსილ პირს შეუძლია, მოიძიოს ნებისმიერი ინფორმაცია: მათ შორის - განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალური მონაცემებიც [„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად] და საიდუმლოების შემცველი ინფორმაცია [სახელმწიფო საიდუმლოს გარდა].
განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალურ მონაცემებში კი შედის: ფიზიკური პირის რასობრივი ან ეთნიკური კუთვნილება, პოლიტიკური შეხედულებები, რელიგიური, ფილოსოფიური ან სხვაგვარი მრწამსი, პროფესიული კავშირის წევრობა, ჯანმრთელობა, სქესობრივი ცხოვრება, ქალთა მიმართ/ოჯახში ძალადობის მსხვერპლის სტატუსი, ბიომეტრიული, გენეტიკური მონაცემები და სხვა.
კანონის მესამე და საბოლოო მოსმენით მიღებული რედაქცია იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენელს აძლევს უფლებამოსილებას, ეს მონაცემები მოსთხოვოს: პირს, ორგანოს, ორგანიზაციას, დაწესებულებას და ყველა მათგანი „ვალდებულია დაუყოვნებლივ წარუდგინოს თავის ხელთ არსებული აღნიშნული ინფორმაცია“.
მე-9 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად კი, თუკი პირი, ორგანო, ორგანიზაცია ან დაწესებულება ამ მოთხოვნილ ინფორმაციას არ წარადგენს, ის 5000 ლარით დაჯარიმდება. ინფორმაციის მიწოდების ვალდებულება კვლავ დარჩება.
ასევე ნახეთ დიახ, წაკითხული გვაქვს „აგენტების კანონი“ - დეტალურად, რა მოხდება, თუ ვეტოს დაძლევენიურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა 17 მაისს, სოციალურ ქსელში დაწერა, რომ „კანონპროექტის ჯერ კიდევ დაინიციირებულ ვერსიაშივე ეწერა, რომ იუსტიციის სამინისტროს უფლება აქვს, კანონის შესაბამისად მოიძიოს საჭირო ინფორმაცია კონკრეტული ორგანიზაციის შემოსავლების/ხარჯების დადგენის მიზნით“. ხოლო მე-2 მოსმენის დროს, პლენარულ სხდომაზე, „მე-9 მუხლში დაზუსტდა შემდეგი: ამ კანონის შესაბამისად მოთხოვნილი ინფორმაციის წარუდგენლობა გამოიწვევს დაჯარიმებას 5000 ლარის ოდენობით“.
იურისტები განმარტავენ, რომ მესამე მოსმენაზე საბოლოო ვერსიის გარდა, არსად იყო ჩანაწერი განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალური მონაცემების მოპოვების შესახებ. ეს ჩანაწერი არ იძებნება პარლამენტის ვებგვერდზე, კანონპროექტის მეორე მოსმენის ეტაპზე ატვირთულ ვერსიაში.
ამ გაუგებრობის დეტალებს განმარტავს სამართლის დოქტორი, პროფესორი კახა ურიადმყოფელი სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში. ის აღწერს „თუ როგორი უხეში დარღვევებით იქნა მიღებული ე.წ. "გამჭვირვალობის (აგენტების) შესახებ" კანონი“.
ფიზიკური პირი - ვის შეიძლება მოსთხოვონ ინფორმაცია?
„სამოქალაქო საზოგადოების“ ფონდის იურისტის, გიორგი ჩიტიძის თქმით, იუსტიციის სამინისტროს უფლებამოსილმა პირმა შესაძლოა ნებისმიერი ინფორმაცია მოსთხოვოს ნებისმიერ ფიზიკურ პირს, რომელსაც ოდესმე შეხება ჰქონია არასამთავრობო ან მედიაორგანიზაციასთან. კანონით, ხელისუფლება „ეუბნება ყველა ადამიანს, რომ თუკი თქვენ შეხება გქონიათ ამ სუბიექტებთან, იცოდეთ, რომ თქვენი ინფორმაცია იქნება ჩვენს ხელში“, - ამბობს ჩიტიძე.
ლაპარაკია ორგანიზაციებზე, რომლებიც „უცხო ძალის ინტერესების გამტარებლად“ დარეგისტრირებას გადაწყვეტენ, ანდა რომლებსაც იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენელი იმის გამოსავლენად ამოწმებს - ხომ არ ეკუთვნით დარეგისტრირება.
„ინფორმაცია შეიძლება მოსთხოვონ როგორც თავად ამ ორგანიზაციაში - მედიაში ან ენჯეოში - მომუშავე ფიზიკურ პირს, ასევე გარე პირს, რომელსაც რაიმე შემხებლობა ჰქონია ამ ორგანიზაციებთან, ვთქვათ - მედიაში გაშუქდა მისი პრობლემა და ამ საკითხზე დაკავშირებია მედიასაშუალებას, ან ტრენინგი გაუვლია, ან იურიდიული სერვისი მიუღია - მოკლედ, რაიმე ფორმით ჰქონია შეხება“, - ჩიტიძე ფიქრობს, რომ ძნელი მოსაძებნი იქნება ადამიანი, განსაკუთრებით ურბანულ ცენტრებში - რომელსაც სკოლის, უნივერსიტეტის ან სამსახურის ეტაპზე არასოდეს ჰქონია შეხება [„აგენტების კანონის“ სამიზნე] არასამთავრობო ორგანიზაციასთან ან მედიასაშუალებასთან.
ჩიტიძე რამდენიმე მაგალითს ჩამოთვლის, რის საშუალებას იძლევა კანონი:
- შეიძლება მიადგნენ ძალადობის მსხვერპლ ქალს და ჰკითხონ - როდის და რა სახის დახმარება გაუწია ამა თუ იმ ორგანიზაციამ - რას ეხებოდა კონსულტაცია, რა საქმე მზადდებოდა და მოსთხოვონ საქმის მასალებიც - „ყველაფრის მოთხოვნა შეუძლიათ თეორიულად, რაც მას აინტერესებს - სჭირდება ან არ სჭირდება“.
- შეიძლება მიადგნენ პედაგოგს, რომელსაც გავლილი აქვს ტრენინგი - მესამე სექტორის ორგანიზებითა და დონორის დაფინანსებით - „ჰკითხონ - რა ტრენინგი იყო, რა მასალები გამოიყენეს და ასე შემდეგ“.
- მედიაორგანიზაციის მონიტორინგისას, შეუძლიათ შეამოწმონ ყველა ადამიანი, რომელსაც შეხება ჰქონია ამ მედიასაშუალებასთან, მათ შორის - რესპონდენტები.
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ასეთ განმარტებებს რადიკალების მოსაზრებას უწოდებს და ამბობს, რომ „მხოლოდ ორგანიზაციის შემოსავლების/ხარჯების დადგენის მიზნით არის შესაძლებელი ასეთი ინფორმაციის გამოთხოვა და არა ზოგადად, როგორც რადიკალები ამბობენ, თითქოს ფიზიკური პირის მიერ ფინანსური დეკლარაციის შევსებისა და მისი დარეგისტრირების მიზნით“.
პოლიტიკური ოპონენტები და ექსპერტები არა ფიზიკური პირების დარეგისტრირებაზე, არამედ მათგან ინფორმაციის გამოთხოვაზე ლაპარაკობენ.
კიდევ ვის შეიძლება შეეხოს კანონი?
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ წარმომადგენელი იურისტი, სანდრო ბარამიძე რადიო თავისუფლებასთან განმარტავს, რომ განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალური და საიდუმლო ინფორმაციის მოთხოვნის პროცედურა შესაძლოა შეეხოს ყველას და მათ შორის - იმ ფიზიკურ პირებსაც, რომლებსაც არასოდეს ჰქონიათ შეხება ამა თუ იმ არასამთავრობო თუ მედიაორგანიზაციასთან.
„კანონში არ არის შემოფარგლული იმ ფიზიკური პირებისა თუ ორგანიზაციების წრე, რომლებსაც სახელმწიფომ შესაძლოა მოსთხოვოს ან არ მოსთხოვოს ინფორმაციის გაცემა... ინფორმაცია შესაძლოა მოსთხოვონ ნებისმიერი პროფესიის ადამიანს... ვერცერთი პირი ვერ იტყვის, რომ ეს კანონი მას არ შეეხება. გასაგებია, რომ ყველას არ მოსთხოვენ, მაგრამ რომ მოუნდეთ, ნებისმიერს მოსთხოვენ, რადგან ეს კანონი ამის საშუალებას იძლევა“, - კანონის ფართო და ბუნდოვანი ფორმულირებების გათვალისწინებით, სანდრო ბარამიძე არც იმას გამორიცხავს, რომ ვიღაცამ შემოწმების პროცესი ბოროტად გამოიყენოს და სენსიტიური ინფორმაცია რომელიმე პირს გართობის მიზნითაც გამოართვას.
ასევე, იურისტი შესაძლებლად თვლის, რომ 5000-ლარიანი ჯარიმა სრულიად აბსურდულ ვითარებაში დაწესდეს:
„შეიძლება მოგთხოვოს ინფორმაცია, რომელიც შენ უბრალოდ არ გაქვს. ანეკდოტი რომ არის - "მაიტა ნასოსი", ასეა... არ წერია აქ, რომ შესაძლებელია შევედავო იუსტიციის სამინისტროს - რატომ მთხოვ იმას, რაც მე არა მაქვს?! გეუბნება - არ მომაწვდი და მიიღე აგერ 5000-ლარიანი ჯარიმაო... ასე შეიძლება გაკოტრებამდე მიიყვანო ადამიანი“.
კანონპროექტის თანახმად, გასაჩივრება არ აჩერებს ამ კანონის ან/და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტის მოქმედებას.
იურისტები განმარტავენ, რომ იუსტიციის სამინისტროს უფლებამოსილ პირს შეუძლია მიაკითხოს ასევე ნებისმიერ იმ იურიდიულ პირს, ორგანიზაციასა თუ დაწესებულებას, რომლებსაც არ შეეხება დარეგისტრირების ვალდებულება და მოითხოვოს ინფორმაცია, მათ შორის - იქ მომუშავე ფიზიკური პირებისგან. ეს შეიძლება იყოს კომერციული ბანკები, იურიდიული კომპანიები თუ საერთაშორისო დონორი ორგანიზაციები, მაგალითად - ევროკავშირი, USAID თუ სხვადასხვა საელჩო.
- „აგენტების კანონში“ მითითებულია, რომ მონიტორინგი შესაძლოა ჩატარდეს 6 თვეში ერთხელ, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ უფლებამოსილი პირის გადაწყვეტილებით ან საქართველოს იუსტიციის სამინისტროსთვის წარდგენილი წერილობითი განცხადების საფუძველზე, „რომელიც შეიცავს უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ კონკრეტულ ორგანიზაციასთან დაკავშირებულ სათანადო ინფორმაციას“, რაც ბევრს საბჭოთა „ანონიმკების“ პრაქტიკას ახსენებს.
- იუსტიციის სამინისტროს მიერ უფლებამოსილ პირს უფლება აქვს, ნებისმიერ დროს განახორციელოს „მონიტორინგი - საკითხის სათანადო გამოკვლევა და შესწავლა“, „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციის გამოსავლენად ან ამ კანონის რომელიმე მოთხოვნის შესრულების შესამოწმებლად“.
პროფესიული დაცვა
ადვოკატი მარი შათირიშვილი მოელის, რომ, თუკი კანონი ამოქმედდება, ერთ დღეს, იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენელი მასაც მიადგება და მოთხოვნის შემთხვევაში, მას კანონით აქამდე დაცული ინფორმაციის გაცემაც მოუწევს.
„ჩვენ, ადვოკატებს, კანონით გვეკრძალება გავცეთ მნიშვნელოვანი ინფორმაცია იმ გარემოების შესახებ, რომელიც ცნობილი გახდა საქმეში ადვოკატის მოვალეობის შესრულების დროს. ჩვენთვის ზოგჯერ ცნობილი ხდება პერსონალური ინფორმაციაც, სხვადასხვა მიმართულებით. ამ "რუსული კალკით", თუკი კანონად იქცევა, მე ასეთი ინფორმაციის გაცემის ვალდებულებაც დამეკისრება, რადგან გვეუბნებიან - უნდა გაიცეს ყველა ინფორმაცია, სახელმწიფო საიდუმლოების გარდა“, - ინფორმაციის გაცემის შემთხვევაში, მარი შათირიშვილი არ გამორიცხავს, რომ ხელი შეეშლება ადვოკატის საქმის შესრულებაში და გამჟღავნებისგან დაუცველი იქნება ის ინფორმაციაც, რომელსაც შესაძლოა, დაცვის ტაქტიკით, მოგვიანებით გამოსაყენებლად ინახავდა.
გიორგი ჩიტიძის თქმით, განსაკუთრებული პრობლემის წინაშე დადგებიან არასამთავრობო ორგანიზაციების ადვოკატები და მათი კლიენტები:
„წარმოვიდგინოთ ადამიანი, რომელსაც თავისი საქმე მიაქვს ენჯეოში, რომ შემდეგ წავიდეს სტრასბურგის სასამართლოში. მეორე მხარე [მოპასუხე] კი, სტრასბურგში არის თავად იუსტიციის სამინისტრო. თეორიულად, ამ კანონით, იუსტიციის სამინისტროს შეუძლია მონიტორინგის დროს წინასწარ ნახოს [დოკუმენტაცია], რასაც შემდეგ, თავისი მოწინააღმდეგე წარადგენს სტრასბურგის სასამართლოში. აბსოლუტური ნონსენსია“.
სანდრო ბარამიძე ყურადღებას ამახვილებს, რომ „ტექსტში არ წერია ფრაზა - „თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი, მაშინ...“, რაც იურისტისთვის იმაზე მიუთითებს, რომ კანონი გაანულებს პროფესიული დაცვის აქამდე მოქმედ მექანიზმებს, რომლებითაც სარგებლობდა - ადვოკატი თუ ჟურნალისტი, რათა არ გაეცათ თავიანთი კლიენტის ან წყაროს მიერ მიწოდებული ინფორმაცია.
„აბსოლუტურად დაუცველი ხდება რესპონდენტი, რომელიც მედიას გაუზიარებს ინფორმაციას წყაროს გაუთქმელობის პირობით. ვფიქრობ, სამომავლოდ, არავინ ითანამშრომლებს მედიასთან და ენჯეოებთან, ისინი რომც დარეგისტრირდნენ და გააგრძელონ მუშაობა "უცხო ძალის ინტერესის გამტარებლის", იგივე - "აგენტის" იარლიყით“, - გვეუბნება გიორგი ჩიტიძე.
იურისტების განმარტებით, ახალი კანონის მოთხოვნები ძველს გადაფარავს.
გაფრთხილება
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური, 19 მაისს გამოქვეყნებულ განცხადებაში წერს, რომ - „კანონპროექტის [„აგენტების კანონის“] ცალკეული ნორმები შეიცავს ჩანაწერს პერსონალური (მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის) მონაცემების დამუშავების შესახებ“ და, რომ ამ მონაცემების დამუშავებისთვის სამინისტრომ უსაფრთხო მექანიზმი უნდა შეიმუშაოს.
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური მიზანშეწონილად თვლის:
- კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტებში დეტალურად გაიწეროს პერსონალურ მონაცემთა დამუშავების საჭიროება, აუცილებლობა;
- აგრეთვე, ის კონკრეტული მიზანი, როდის ჩაითვლება მონაცემების დამუშავება ლეგიტიმურად;
- კონკრეტულად რა სახის/კატეგორიის მონაცემები დამუშავდება უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციათა რეესტრის წარმოებისას, სარეგისტრაციო განაცხადისა თუ საფინანსო დეკლარაციის ფორმის შემუშავების, რეგისტრაციის გაუქმების წესებისა და პროცედურის და მონიტორინგის განხორციელების დროს;
- ასევე, დაკონკრეტდეს, ვინ წარმოადგენს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს უფლებამოსილ პირს, რა კონკრეტულ შემთხვევებში გააჩნია მას პერსონალურ მონაცემთა დამუშავების უფლებამოსილება;
- დაზუსტდეს იმ მონაცემთა სუბიექტების წრე, ვისთან მიმართებითაც შესაძლოა დამუშავდეს ამ სახის ინფორმაცია.
იმის გამო, რომ საზღვრებს თავად კანონი არ აწესებს, სანდრო ბარამიძე არ მოელის, რომ ეს გარანტირებულად გაკეთდება კანონქვემდებარე აქტების დონეზე.
„ეს კანონი იძლევა ყველაფრის შესაძლებლობას და თუკი მეტყვის ვინმე, რომ იუსტიციის მინისტრის მიერ შედგენილი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით ამ [კანონის] უფლებამოსილებას რაღაცით შემოფარგლავსო, მე ამას არ დავიჯერებ.
შემოფარგვლა რომ სდომებოდათ, რაღაც საზღვრებს თვითონ კანონში დააწესებდნენ. ახლა ვიღაცის კეთილი ნების იმედად უნდა ვიყოთ?! ძალიან მყიფე იმედია ეს. მინისტრი, როცა უნდა და რასაც უნდა - შეცვლის. ეს კანონი მას ყველაფრის უფლებას აძლევს“, - ეუბნება სანდრო ბარამიძე რადიო თავისუფლებას.
იურისტი ასევე შენიშნავს განსხვავებას კანონსა და კანონქვემდებარე აქტს შორის - „კანონის განხილვა საჯაროა, ხოლო კანონქვემდებარე აქტის მიღება პირადად მინისტრზეა დამოკიდებული“.
ასევე ნახეთ სტივენ ბლოკმანსი "ოცნების" მთავრობას: ნუ გადაეღობებით ხალხს!კანონს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, რომელსაც საზოგადოების დიდი ნაწილი „რუსულ კანონად“ მოიხსენიებს, ვინაიდან ის რუსული „უცხოეთის აგენტების შესახებ“ კანონმდებლობის მსგავსია, საქართველოს პრეზიდენტმა ვეტო 19 მაისს დაადო. „ქართული ოცნება“ აცხადებს, რომ უმრავლესობა ვეტოს დაძლევს.
ასევე ნახეთ „კანონის გაუქმება არის უალტერნატივო“ - კიდევ რას ამბობს პრეზიდენტის ვეტო?„აგენტების კანონის“ მთავარ მიზნად საქართველოს ხელისუფლება გამჭვირვალობას ასახელებს. საერთაშორისო პარტნიორები აცხადებენ, რომ ის ევროპული სტანდარტებისთვის შეუსაბამოა და საქართველოში დასამარდება სიტყვის თავისუფლება და სამოქალაქო სექტორი, რომელიც დემოკრატიული განვითარების მთავარი იმპულსია. ამასთან, შეფერხდება ევროინტეგრაცია.
„აგენტების კანონს“ საქართველოში მრავალათასიანი აქციებით აპროტესტებენ, რომელსაც სახელმწიფო საპოლიციო ძალას უპირისპირებს.