„შოვი აღარ არსებობს“ - რა მატერიალური ზარალი მიადგა რაჭას?

შოვის სტიქიისგან მიყენებული მატერიალური ზარალი ჯერ არ დაუთვლიათ - ონის მერის თქმით, პრიორიტეტი დაკარგულების პოვნაა

შოვი აღარ არსებობს. საბჭოთა დროიდან პოპულარული კურორტი დაახლოებით სამი ლისის ტბის ზომის ღვარცოფმა გაანადგურა.

ტალახის, ქვების, მოგლეჯილი ხეებისა და წყლის ერთიანი მასა - დაახლოებით 5 მილიონი კუბური მეტრის მოცულობის ტალახი - შოვში 26 ჰექტარზე გაიშალა, დაფარა თითქმის ყველა შენობა და დიდი ადამიანური მსხვერპლი გამოიწვია.

9 აგვისტოსთვის დადასტურებული მონაცემებით, 6 დღის წინ მოვარდნილ ღვარცოფს 21 ადამიანი ემსხვერპლა. მაშველები ეძებენ კიდევ 12 დაკარგულად მიჩნეულ ადამიანს და არ არსებობს დაზუსტებული ინფორმაცია, კიდევ შეიძლება თუ არა ვინმე იყოს დაკარგული სტიქიის ზონაში.

წინასწარი შეფასებებით, ეს საქართველოში ბოლო წლების განმავლობაში მომხდარი ყველაზე დამანგრეველი ბუნებრივი კატასტროფაა როგორც ადამიანური მსხვერპლის, ასევე მატერიალური კუთხით.

ზედხედი შოვზე. 2023 წლის 4 აგვისტოს კადრი

სტიქიის ეპიცენტრსა და მის შემოგარენში, მეშვიდე დღეა, სამძებრო-გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს.

დიდ ადამიანურ დანაკარგთან ერთად, სავარაუდოდ, დიდი იქნება მატერიალური ზარალიც. „შოვი არ არსებობს, განადგურებულია“, - თქვა თბილისის მერმა, კახა კალაძემ სტიქიის ზონაში ჩასვლის შემდეგ.

რა (არ) ვიცით ზარალზე

რაჭაში სტიქიის შედეგად განადგურებულია:

  • საავტომობილო გზები;
  • რკინის კონსტრუქციის ხიდი, რომლის წაღებაც ერთ-ერთმა თვითმხილველმა აღბეჭდა ვიდეოზე; ღვარცოფმა წაიღო მეორე ხიდიც.

  • „პანსიონატი მამისონის“ კოტეჯები - სულ მცირე, 13 კოტეჯი, რომელიც ერთ ზოლად იყო ჩამწკრივებული. სწორედ ამ ტერიტორიაზე იყვნენ გუტაშვილები და მათი ნათესავები, - ერთი დიდი ოჯახის ცხრა წევრი, რომელთაგან ამ მომენტისთვის 6-ის ცხედარს მიაგნეს.

  • განადგურდა სხვა კერძო ნაკვეთები და შენობა-ნაგებობები.
  • სხვა ტურისტული ინფრასტრუქტურა, მათ შორის სასტუმრო „სანსეტ შოვთან“ მისასვლელი გზა;
  • ღვარცოფის ქვეშ მოექცა მინერალური წყლები, მათ შორის „კალცის წყალი“;
  • ავტომანქანები - დაზიანებული მანქანების ნაწილი დრონის კადრებში ჩანს; გაწმენდითი სამუშაოებისას მიაგნეს რამდენიმე განადგურებულ ავტომობილს. ბევრი გადარჩენილი ამბობს, რომ მანქანები მიატოვეს.

  • მსხვილფეხა საქონელი - ადგილობრივების, სოფელ გლოლის მოსახლეობის, ნაწილმა ძროხები დაკარგა.
ასევე ნახეთ არის თუ არა შოვში ეპიდემიის გავრცელების საფრთხე?

„ჯერ უნდა ვიპოვოთ ხალხი“

ჯერჯერობით ზარალის მოცულობა - როგორც ფინანსური ღირებულება, ისე განადგურებული თუ დაზიანებული ობიექტებისა და საქონლის სრული ჩამონათვალი - უცნობია.

ზემოთ ჩამოთვლილი სია საერთო ზარალის მხოლოდ ის მცირე ნაწილია, რაც ზედაპირული შესწავლითაა თვალსაჩინო.

რადიო თავისუფლების მოპოვებული სატელიტური ფოტო

გასათვალისწინებელი იქნება ისიც, რომ ტურისტულ სეზონზე შოვში სამუშაოდ დადიოდა მიმდებარე სოფლების, მათ შორის გლოლის, მოსახლეობა.

სახელმწიფო უწყებებს ჯერ არ დაუთვლიათ ზარალი.

ონის მუნიციპალიტეტის მერმა, სერგო ხიდაშელმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ სახელმწიფო უწყებების პრიორიტეტი დაკარგული მოქალაქეების პოვნაა და მატერიალური ზარალის მოცულობას „უახლოეს პერიოდში ვერავინ ვერ იტყვის“.

„ჯერ უნდა ვიპოვოთ ეს ხალხი. პრიორიტეტი არის მოქალაქეების პოვნა. ყველა სახელმწიფო უწყება ჩართულია იმაში, რომ დაკარგულები ვიპოვოთ“, - ამბობს მერი სერგო ხიდაშელი.

რადიო თავისუფლება ინფრასტრუქტურის სამინისტროსაც დაუკავშირდა კითხვით ზარალის შესახებ. პასუხის მიღების შემთხვევაში ის სტატიაში აისახება.

ასევე ნახეთ მეწყერი შოვში - განახლებადი