რა ილუზიები უნდა დავძლიოთ და სიმარტივის ფეტიში: პასუხი გიგა ბოკერიას

გია ნოდია

უნდა დავიწყო მადლობით ბატონ გიგა ბოკერიას მიმართ. ეს არც ფუტურო თავაზიანი ჟესტია და არც სარკაზმის შენიღბული გამოხატვა. როცა ჩემს ბლოგს ვწერდი, ველოდი კრიტიკას, რადგან ამ პოლიტიკურად და ემოციურად მნიშვნელოვან საკითხზე, მეტად პოპულარულ, თუმცა განსხვავებულ შეხედულებებს დავუპირისპირდი. ამ გამოხმაურებამდე მივიღე მხოლოდ ერთი გაღიზიანებული კომენტარი არგუმენტის გარეშე. ბატონი ბოკერიას შედარებით ვრცელი და, როგორც სჩვევია, კორექტული ტექსტი კი რაღაც საკითხების გაცხადების შანსს მაძლევს.

ასევე ნახეთ აფხაზეთის პრობლემა ილუზიების ტყვეობაში

ასევე ნახეთ დიალოგი მარიონეტებთან - ერთი ილუზიის მომავალი

რაზე ვკამათობთ?

გამოხმაურების სათაურმა ცოტა დამაბნია: ის მიანიშნებს, რომ ბატონი ბოკერია „მარიონეტებთან დიალოგის“ იდეას ებრძვის. მაგრამ ერთ-ერთი წარმოდგენა, რასაც ჩემს ბლოგში „ილუზიად ვაცხადებ“, ისაა, რომ „კონფლიქტი აფხაზებთან დიალოგით მოგვარდება“. მაშ, რაზე მეკამათება ბატონი ბოკერია?

სინამდვილეში, აზრთა სხვადასხვაობა ეხება სხვა დებულებას, რომელსაც ბატონი ბოკერია იზიარებს, მე კი ილუზიების სიაში შემყავს: „კონფლიქტი აფხაზებთან კი არა, რუსეთთან გვაქვს“. რუსეთთან კონფლიქტის ცენტრალურ მნიშვნელობას არც მე უარვყოფ, მაგრამ აფხაზებთან („აფხაზურ საზოგადოებასთან“, „აფხაზ ერთან“) კონფლიქტის რეალობასაც ვაღიარებ - ბატონი ბოკერია ამას მითვლის შეცდომად.

ის თავის გამოხმაურებაში სხვა თემებზეც წერს, რითაც მკითხველს შეიძლება ეგონოს, თითქოს მე რაღაც სხვას ვამბობ. ის შთაბეჭდილებაც იქმნება, თითქოს ჩემი ტექსტი რაღაცნაირი შენიღბული შეტევაა მისი პარტიის და მომხრე ორგანიზაციების მიერ ინიციირებულ საინფორმაციო პროექტზე „ბუჩამდე იყო აფხაზეთი“. ჩემი მიზანი არანაირად არ არის რუსეთის მიერ საქართველოში ჩადენილ სამხედრო დანაშაულთა სიმძიმის და მნიშვნელობის რაიმე სახით დაკნინება; ვერც იმას დავეთანხმები, თითქოს ეს თუნდაც უნებლიეთ გამომდის. პირიქით, ამ საინფორმაციო პროექტს ღირებულად მივიჩნევ.

რაკი, ზემოაღნიშნული თემის გარდა, საკამათოს ბატონ გიგა ბოკერიასთან ვერაფერს ვხედავ, მხოლოდ მასზე ვკონცენტრირდები.

ვინ იცავს დიალოგის იდეას?

ჯერ დიალოგის თემას მოვამთავრებ. როგორც ჩანს, ბატონი ბოკერიას ცნობიერებაში აფხაზებთან კონფლიქტის რეალობის აღიარება ავტომატურად გულისხმობს ვალდებულებას, ახლავე ჩავერთოთ მოლაპარაკებებში სოხუმის დე ფაქტო ხელისუფლებასთან კონფლიქტის გადაწყვეტის იმედით. თუმცა მე ამ უკანასკნელ აზრს ცალსახად ვუპირისპირდები, მის თავში არსებული ლოგიკური ბმული მისთვის უფრო მნიშვნელოვანია.

პოლემიკის ქარცეცხლში, ბატონ ბოკერიას ფაქტობრივი უზუსტობაც გაეპარა. მისი სიტყვებით, „ხელისუფლების პროპაგანდას სურს დაგვაჯეროს, რომ ქვეყნის დეოკუპაციის გზა „აფხაზებთან“ დიალოგზე გადის“. ამით მეც ხელისუფლების პროპაგანდის ერთ-ერთი მსხვერპლი, ან, სულ მცირე, უნებლიე მხარდამჭერი გამოვდივარ.

„ქართული ოცნება“ მართლაც ამ ლოზუნგით მოვიდა ხელისუფლებაში და პირველ ხანებში, სანამ შესაბამის პოლიტიკურ მიმართულებას პაატა ზაქარეიშვილი ედგა სათავეში, მას პერიოდულად ახმოვანებდა; თუმცა, პრაქტიკულად ამას არაფერი მოჰყოლია.

მაგრამ ეს დროც დიდი ხანია, წარსულს ჩაბარდა. როდესაც ოკუპირებული აფხაზეთის ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ თბილისს საჯაროდ შესთავაზა მოლაპარაკებები, თბილისს საპასუხო ნაბიჯი არ გადაუდგამს (შემდეგ ბჟანიამ თავისი წინადადება უკან წაიღო). ასე რომ, იმაში, რაც სოხუმის დე ფაქტო ხელისუფლებასთან მოლაპარაკების მიზანშეწონილობას ეხება, ბატონ გიგა ბოკერიასა და ხელისუფლების დღევანდელ მიდგომას შორის არსებითი აცდენა არ არის. ამას არც მას და არც „ქართულ ოცნებას“ ცოდვად არ ვუთვლი - უბრალოდ, სიზუსტე სიზუსტეა.

დღეს აფხაზებთან დიალოგის, როგორც კონფლიქტის გადაწყვეტის გზის, იდეას ძირითადად არასამთავრობო სექტორი და საერთაშორისო დონორები იცავენ - თუმცა, აღარც ისინი არიან მთლად კატეგორიულები (როგორც ჩემს ბლოგშიც ვწერ, „კონფლიქტის გადაწყვეტის“ თემა მისმა „ტრანსფორმაციამ“ ჩაანაცვლა).

სიმარტივის ფეტიში

ბატონი ბოკერიასთვის საკითხი ასე დგას: თუ ვაღიარებთ, რომ დღეს სამხედრო-პოლიტიკური კონფლიქტი, არსებითად, რუსეთთან გვაქვს, მაშინ აფხაზები, როგორც პოლიტიკურად რელევანტური სუბიექტი, არ არსებობენ (ამიტომ ის ზემოთ მოყვანილ ციტატაში სიტყვა „აფხაზებს“ ბრჭყალებში სვამს). თუ, პირიქით, მათ საკუთარი ინტერესების მქონე აქტორად ვაღიარებთ, ამით რუსეთის როლს ავტომატურად ვაკნინებთ. მესამე გამორიცხულია. ეს მისთვის თავისთავად ცხადი ლოგიკაა, რომელიც დასაბუთებას არ საჭიროებს.

მე ამას სიმარტივის ფეტიშს ვუწოდებ. მარტივი ორწევროვანი სურათიდან ნებისმიერ გადახვევას ბატონი ბოკერია „პარადოქსულად“, „ბუნდოვანებად“, „ეზოთერული ცოდნის“ გამოვლენად, „ისტორიული წიაღსვლების ლაბირინთში შესვლად“ და ა. შ. ნათლავს.

ადამიანი ბუნებრივად ესწრაფვის რთული პრობლემების მარტივამდე დაყვანას. ზოგ სიტუაციაში ეს გამართლებული და მომგებიანი სტრატეგიაა. მაგრამ ხანდახან, სიტუაციის ხელოვნური გამარტივება ადეკვატურობის გრძნობას გვაკარგვინებს. მოგვწონს თუ არა ეს, იმპერიის ნანგრევებზე შექმნილი ეთნოტერიტორიული კონფლიქტები, როგორც წესი, ბინარულ ოპოზიციებზე არ დაიყვანება. ჩვენი ტერიტორიული კონფლიქტები ამის ერთ-ერთი კერძო შემთხვევაა.

რა აქცევს ეთნიკურ თემს ერად?

ბატონი ბოკერია აღიარებს, რომ აფხაზები, როგორც „ეთნიკური თემი“, არსებობს და, მეტიც, მათ მიმართ ეროვნული მოძრაობის თუ დამოუკიდებელი საქართველოს ხელისუფლების დამოკიდებულება მთლად ადეკვატური არ ყოფილა (თუმცა არ აზუსტებს, რაში იყო შეცდომა). მაგრამ, მისი აზრით, ამას დიდი მნიშვნელობა არ უნდა მივანიჭოთ.

თუ ასეა, უნდა განვსაზღვროთ, რა აქცევს ეთნიკურ თემს ერად, ანუ პოლიტიკურ სუბიექტად. ეს სამართლებრივი საკითხი არაა. საერთაშორისო აღიარების მქონე ერი-სახელმწიფო აუცილებელი წინაპირობა არ არის: ეს პროცესის დაგვირგვინებაა. ცარისტულ ან საბჭოთა იმპერიებში ქართველებს პოლიტიკური გამოხატვის სამართლებრივად აღიარებული ინსტრუმენტები არ გააჩნდათ, მაგრამ ქართული საზოგადოების იდენტობის და ხედვების უგულებელყოფა შეცდომა იქნებოდა.

ძირითადია ეროვნული იდეა ან, როგორც მე ვუწოდებ, ეროვნული პროექტი (რაც, როგორც წესი, დამოუკიდებლობას ან პოლიტიკურ ავტონომიას გულისხმობს) და მის გარშემო საზოგადოების მობილიზაცია. ეს უკანასკნელი არ ნიშნავს საყოველთაო ერთსულოვნებას: დღესაც კი ვერ ვიტყვით, რომ ეროვნული სუვერენიტეტის იდეას საქართველოს ყველა მოქალაქე ან თუნდაც ყველა ეთნიკური ქართველი უჭერს მხარს. ერი იქ გვაქვს, სადაც საზოგადოების კრიტიკულად მნიშვნელოვანი ნაწილი ასეთ ხედვას იზიარებს, ხოლო მისი ელიტა რაღაც ზომით მაინც ამ ხედვით ხელმძღვანელობს.

რა პერიოდში ჩამოყალიბდა ეროვნული პროექტი, რა შიდა თუ გარე ფაქტორებმა მოახდინა ამაზე გავლენა, გადამწყვეტი არ არის: მთავარია ფაქტი, რომ მის გარშემო საზოგადოების დიდი ნაწილის მობილიზაცია მოხდა.

ჩვენს შემთხვევაში მთავარია არა აფხაზური ეთნიკური თემის არსებობა, არამედ ის, რომ ამ თემში შექმნილი ეროვნული პროექტი ქართულს დაუპირისპირდა. ბატონი ბოკერია თავად შედის „ისტორიულ წიაღსვლებში“, როცა ამბობს, რომ პირველი რესპუბლიკის დროს მოხერხდა „ეთნიკურად აფხაზი ელიტის ნაწილის ქართულ სახელმწიფოში ინტეგრაცია“. ეს ასეა, მაგრამ არა მგონია, ეს მაგალითი მის მიდგომას აძლიერებდეს. ჯერ ერთი, ის აღიარებს, რომ აფხაზური ელიტის განწყობებსაც ჰქონია პოლიტიკური მნიშვნელობა. ამავე დროს, ის იმასაც ამბობს, რომ პროქართული განწყობა ამ ელიტის მხოლოდ ნაწილს ახასიათებდა. ჩვენდა სამწუხაროდ, უფრო გავლენიანი სხვა, ანტიქართულად განწყობილი ნაწილი აღმოჩნდა. ამიტომ პირველ რესპუბლიკას დასჭირდა ძალის გამოყენება აფხაზეთზე კონტროლის დასამყარებლად. ეს აფხაზების კოლექტიურ მეხსიერებაში მყარად ჩაბეჭდილი ფაქტია. ჩემი მხრიდან, ეს მხოლოდ ფაქტის აღნიშვნაა და არა სამართლებრივი თუ მორალური შეფასება.

ბატონი ბოკერიას აზრით, აფხაზებს შორის ანტიქართული განწყობები განსაკუთრებით საბჭოთა პერიოდში გაძლიერდა. ამაში სრულიად ვეთანხმები, მაგრამ ეს ის ისტორიული წიაღსვლაა, რომელსაც ჩვენი თემისთვის დიდი მნიშვნელობა არა აქვს. მთავარი ის ფაქტია, რომ საბჭოთა კავშირის დაშლის პერიოდისთვის აფხაზების დიდ უმრავლესობას ქართული ეროვნული პროექტის საპირისპირო განწყობები ჰქონდა.

რატომ ღვივდება კონფლიქტები?

მეორე ზოგადი თემა, რასაც გვერდს ვერ ავუვლით, ისაა, თუ რატომ ღვივდება ძალადობრივი კონფლიქტები იმპერიების ნანგრევებზე. ბატონი ბოკერია სწორად ამბობს, რომ პოსტსაბჭოთა თუ პოსტკომუნისტური სივრცის სხვადასხვა ნაწილში არსებობდა მრავალი ეთნიკური და რელიგიური უმცირესობით დასახლებული რეგიონი, სადაც კონფლიქტები შეიძლებოდა მომხდარიყო, მაგრამ არ მოხდა. მისი აზრით, ეს ორი ფაქტორით აიხსნება: ერთი მხრივ, „რუსეთს ამის ძალა და პოლიტიკური გავლენა არ ეყო“, მეორე მხრივ კი - „ამ მცდელობებს ადგილობრივი პოლიტიკური კლასი, ჩვენი ელიტისგან განსხვავებით, ეფექტიანად დაუპირისპირდა“.

ამ მსჯელობიდან ჩანს, რომ ეთნიკური და რელიგიური უმცირესობები, თავისი არსებობის ფაქტით, კონფლიქტის საფრთხეს ქმნიან; მაგრამ რეალობად იქცევა თუ არა ეს საფრთხე, მათზე აღარაა დამოკიდებული: ამას მათ მაგივრად სხვები წყვეტენ (ერთი მხრივ, რუსეთი, მეორე მხრივ კი - იმ უმრავლესობის პოლიტიკური ელიტები, ვისი უმცირესობაც ისინი არიან).

ასეთი ხედვა ლოგიკურად ჯდება ბატონი ბოკერიას ზოგად მიდგომაში და, ამავე დროს, თვალნათლივ აჩვენებს მის სიმცდარეს. ამას კონკრეტული მაგალითები დაგვანახვებს. რუსეთი სხვადასხვა დროს წაახალისებდა არა- ან ანტიქართულ განწყობებს აჭარასა და სამეგრელოში; 1990-იანების დასაწყისში ზოგი დასავლელი მკვლევარი აქაც ელოდა შეიარაღებული კონფლიქტების გაჩაღებას, მაგრამ ეს არ მომხდარა. რატომ?

ბატონი ბოკერიას ლოგიკით, ეს ან იმით უნდა აიხსნას, რომ რუსეთს ამის ძალა არ ეყო, ან იმით, რომ ქართულმა პოლიტიკურმა ელიტამ განსაკუთრებული სიბრძნე გამოიჩინა. არა მგონია, რომელიმე ამ ახსნამ კრიტიკას გაუძლოს, როდესაც აჭარაში ასლან აბაშიძის რეჟიმი და რუსეთის სამხედრო ბაზა გვქონდა, სამეგრელოში კი - ხელისუფლების ძალადობრივი შეცვლით გამოწვეული სამოქალაქო ომი.

მე უფრო მარტივი ახსნა მაქვს: აჭარლები და მეგრელები (ცხადია, ორივე შემთხვევაში მათი კრიტიკული უმრავლესობა იგულისხმება) პატრიოტი ქართველები არიან, ანუ მათ მყარი ქართული იდენტობა აქვთ. აფხაზებზე ამას, სამწუხაროდ, ვერ ვიტყვით. ბატონი ბოკერია ამ განსხვავებას დიდ მნიშვნელობას ვერ მიანიჭებს; ჩემი აზრით კი, სწორედ ესაა მთავარი.

ავიღოთ სხვა ჩვენთვის ახლობელი მაგალითები: აზერბაიჯანული და სომხური უმცირესობით დასახლებული რეგიონები. სამწუხაროდ, ვერ ვიტყვით, რომ მათი მცხოვრებლები - განსაკუთებით, საბჭოთა კავშირის დაშლის პერიოდში - მასობრივად საქართველოს პატრიოტები იყვნენ. აქ კონფლიქტების შიშიც არსებობდა, განსაკუთრებით ჯავახეთში, რადგან აქ რუსეთს სამხედრო ბაზა ჰქონდა, ხოლო სომხეთი რუსეთის მოკავშირე იყო. მეორე მხრივ, ძალიან ძნელია, ჩვენი ეროვნული მოძრაობის იმდროინდელი ლიდერების რიტორიკას და ნაბიჯებს გამოზომილი და პოლიტიკურად ბრძნული ვუწოდოთ, ან მათ პოლიტიკას - ეფექტიანი. ბატონი ბოკერიას ლოგიკით გამოდის, რომ რუსეთს აფხაზეთში კონფლიქტი უნდოდა, ჯავახეთში კი - არა.

სინამდვილეში, ახსნა სხვაგანაა. ხსენებული უმცირესობების ხედვები, იმ პერიოდში მაინც, დიდად იყო დამოკიდებული ეთნიკურად მონათესავე სახელმწიფოების, აზერბაიჯანის და სომხეთის, პოზიციებზე. ამ უკანასკნელებს კი საქართველოსთან კონფლიქტი არაფერში აწყობდათ. თუმცა სომხეთის პოლიტიკურმა ელიტამ, რიგი მიზეზების გამო, რუსეთი ჩათვალა ძირითად სტრატეგიულ მოკავშირედ, ამის გამო ის რუსეთის მარიონეტი არ გამხდარა: საქართველოსთან ურთიერთობას ის საკუთარი და არა რუსეთის ინტერესებიდან გამომდინარე ალაგებდა. შესაბამისად, ჯავახეთშიც გადამწყვეტი სომხური თემის ხედვა და განწყობა იყო და არა რუსეთის სურვილი ან რესურსები.

არასოდეს შემიტანია ეჭვი, რომ, აფხაზეთის შემთხვევაში, რუსეთმა კონფლიქტების გაღრმავებას ხელი შეუწყო, სხვადასხვა ფორმით უშუალოდ ჩაერთო მასში და, საბოლოოდ, მის სამხედრო-პოლიტიკურ შედეგზე გადამწყვეტი გავლენა მოახდინა. მაგრამ არ უნდა შევქმნათ კიდევ ერთი ილუზია, თითქოს, თუ რუსეთმა მოინდომა, საქართველოს ნებისმიერ რეგიონს უპრობლემოდ „ააბუნტებს“. არა მგონია, მტრის ყოვლისშემძლედ წარმოდგენა სასარგებლო იყოს: მის შესაძლებლობებზე რეალისტური და არა გაზვიადებული წარმოდგენა უნდა გვქონდეს.

რა მნიშვნელობა აქვს ამ დისკუსიას?

ყოველივე ამის შემდეგ მკითხველს შეიძლება მაინც დარჩეს გაურკვევლობის განცდა. როგორც ვთქვი, ჩემსა და ბატონ გიგა ბოკერიას შორის არსებითი განსხვავება არ არის იმის აღიარებაში, რომ ამ ეტაპზე ოკუპირებული ტერიტორიების პრობლემა, სამხედრო-პოლიტიკური აზრით, საქართველოსა და რუსეთს შორის კონფლიქტით განისაზღვრება, ხოლო იქ მცხოვრები ადამიანების განწყობებს შედარებით მცირე (მისი აზრით - ნულოვანი) მნიშვნელობა აქვს. ხომ არ გამოდის, რომ წვრილმან დეტალებზე ვკამათობთ?

არავითარ შემთხვევაში. ჯერ ერთი, ის, რომ დღეს გვაქვს ძალათა ის განლაგება, რაც გვაქვს, არ ნიშნავს, რომ ყოველთვის ასე იყო და იქნება. კონფლიქტის ძირებსა და მიზეზებზე ადეკვატური წარმოდგენა უნდა გვქონდეს და ამაზე მსჯელობა მხოლოდ პროფესიონალი ისტორიკოსების საქმე არ არის.

მთავარია მომავლის პერსპექტივა. თუკი ამ ტერიტორიების საბოლოო დაკარგვას არ ვეგუებით (ესეც კიდევ ერთი პუნქტია, რომელზეც, სავარაუდოდ, ვთანხმდებით), მაშინ მხოლოდ დღევანდელი პოლიტიკური კონიუნქტურით არ უნდა შემოვიფარგლოთ. გავიმეორებ, რაც თავდაპირველ ბლოგში ვთქვი: რუსეთის საკითხის რაღაც მეთოდით მოგვარება ამ კონფლიქტებს ავტომატურად ვერ გადაწყვეტს. არა მგონია, წარმოდგენა, თითქოს აფხაზების ან ოსების ხედვებს მნიშვნელობა არა აქვს, ისევე, როგორც ამ რეგიონის ელიტებთან კონტაქტების არარსებობა, ამ ჰიპოთეტურ სიტუაციაში პროდუქტიული აღმოჩნდეს.

ტექსტში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება ყოველთვის არ ემთხვეოდეს რედაქციის პოზიციას.