რა ითქვა ინიციატივის პირველ დღეს

მთავრობის ინიციატივით:

  • საქართველოს 600 ათასზე მეტ მოქალაქეს ბანკების, ონლაინ ორგანიზაციების და სხვა საფინანსო ინსტიტუტების მიმართ დავალიანება გაუნულდება.
  • ვალების განულების პროცესი 15 დეკემბერს დაიწყება და 31 დეკემბრამდე დასრულდება.
  • ვალებს ფონდი „ქართუ” გადაიხდის.
  • ვალების 95 პროცენტი შედგება სესხებიდან, რომლის ძირი თანხა არ აღემატება 2000 ლარს.
  • დავალიანების თანხა ჯამში მილიარდ ნახევარი ლარია.

„მადლობა ფონდ „ქართუს“. რომ არა ფონდის მხარდაჭერა, ამ ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივის რეალიზება ვერ მოხდებოდა“. – განაცხადა პრემიერ-მინიტრმა მამუკა ბახტაძემ, მთავრობის სხდომამდე.

მამუკა ბახტაძე

მოგვიანებით ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა. მთავრობის ინიციატივის დამატებით დეტალები განმარტა.

  • სესხი გაუნულდებათ მათ, ვისაც 1 წელზე ხანდაზმული და 2 ათასი ლარის ოდენობის გადაუხდელი ვალი აქვს .
  • დადგინდა, რომ თითო ადამიანს საშუალოდ 2 სესხი ჰქონდა სხვადასხვა საფინანსო ინსტიტუტში.
  • მიმდინარებს სხვადასხვა საფინანსო ორგანიზაციების ბაზების შეჯერება, რათა ინიციატივის მიღმა არ დარჩეს დავალიანების მქონე ადამიანები.
  • 3 დეკემბრისთვის ამუშავდება ვებგვერდი, სადაც თითოეულ ადამიანს შეეძლება მონაცემების გადამოწმება. რათა ნახოს შეეხო თუ არა მას ვალების „განულება“
  • გამოწვევად რჩება ე.წ. მევახშეების მიერ გაცემული სესხების საკითხი.მთავრობის განცხადებით, ამ მიმართულებითაც მიმდინარეობს მუშაობა დადებითი შედეგის მისაღწევად.
  • ვალი არ ჩამოეწერებათ ონლაინ სესხების კომპანია Vivus-ის მომხმარებლებს . ფინანსთა მინისტრის განცხადებით, კომპანიასთან ამ საკითხზე ვერ შეთანხმდნენ:

Vivus იყო კომპანია, რომელმაც გაუგებარი მიზეზების გამო უარი განაცხადა ამ პროექტში მონაწილეობაზე.

„ეს გადაწყვეტილება არ შეეხება მომავალში აღებული სესხებს, ეს არის ერთჯერადი აქტი და მიბმულია იმასთან, რომ თამაშის წესები დიამეტრალურად შეიცვალა, მომავალი თამაშის წესების გამორიცხავს ასეთ დაკრედიტებას“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა.

Vivus.ge-s განცხადება:

„დაახლოებით ორი კვირის წინ მივიღეთ ფინანსთა სამინისტროსა და ეროვნული ბანკის თხოვნა, რომ გაგვეკეთებინა შეთავაზება ვადაგასული სესხების პატიება-გამოსყიდვასთან დაკავშირებით. ფინანსთა სამინისტროს გავუგზავნეთ მონაცემები და პირობები ჩვენი პორტფელის შესახებ.

გასული კვირის დასაწყისში პორტფელის ნაწილზე ჩვენ კიდევ ერთხელ გავუგზავნეთ ფინანსთა სამინისტროს ელექტრონული ფოსტით ჩვენი წინადადება, რომელიც, ჩვენი აზრით სრულად ჯდებოდა სამინისტროს მიერ გაჟღერებულ პირობათა ჩარჩოში.

ჩვენთვის უცნობი მიზეზების გამო, აღნიშნული წინადადების მიღების შემდეგ, ფინანსთა სამინისტრო ჩვენთან კონტაქტზე აღარ გამოსულა. ვადასტურებთ, რომ დღესაც მზად ვართ ჩვენს მიერ გაჟღერებული პირობების ფარგლებში ვაწარმოოთ მოლაპარაკება აღნიშნულ თემაზე“

საბანკო და მიკროსაფინანსო სექტორის პოზიციები:

საბანკო ასოციაციის პრეზიდენტი ალექსანდრე ძნელაძე: „ეს არის საკმაოდ კარგი გადაწყვეტილება. საფინანსო სექტორმა რეალიზაცია გაუკეთა საკრედიტო პორტფელს, გაყიდა სესხები ფონდ „ქართუზე“.

მიკროსაფინანსო ასოციაციის თავმჯომარის, ბესიკ შენგელიას თქმით, პრემიერ-მინისტრის ინიციატივა მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ასოციაციის ფარგლებში არ განხილულა მასში ისეთ ტექნიკური დეტალებია, რომელიც პრემიერის გამოსვლაში არ თქმულა. მისი სიტყვებით, ხელშეკრულების სამუშაო ვერსიაში საუბარი დავალინების სრულ ანაზღაურებაზე არ არის.

„აქ ხანდაზმული სესხების სრულ ანაზღაურებაზე საუბარი არ არის, საუბარია მიმდინარე ძირითადი თანხის 9%-ზე და უახლეს მიმდინარე სესხებზე - 14%-ის ანაზღაურებაზე. საუბარი არ არის დარიცხული პროცენტიდან ჯარიმის ანაზღაურებაზე, რომელიც კაპიტალიზირებულია. ანუ დრაფტში რაც წერია, საუბარია ნაწილობრივ ანაზღაურებაზე“, - უთხრა რადიო თავისუფლებას ბესიკ შენგელიამ.

პოლიტიკური განცხადებები:

“ქართული ოცნება”:

  • ამ პრინციპული გადაწყვეტილების მისაღებად თვეების განმავლობაში ვმუშაობდით.
  • 600 ათასზე მეტი ქართული ოჯახი, რომელსაც უსამართლო ვალები დაუგროვდა, ახალ წელს დავალიანების გარეშე შეხვდება და ეკონომიკური თვალსაზრისით ცხოვრებას სუფთა ფურცლიდან დაიწყებს.
  • ამ დავალიანების ჩამოწერას უზრუნველყოფს ფონდი „ქართუ“ და ბიუჯეტიდან არცერთი თეთრი არ იხარჯება.

„ქართული ოცნების“ ხელისუფლება აგვარებს და მომავალში კიდევ უფრო აქტიურად მოაგვარებს ჩვენი მოქალაქეების პრობლემებს, მათ შორის წინა ხელისუფლებისგან მემკვიდრეობით მიღებულ ამ ტიპის უმძიმეს პრობლემებს. კიდევ ერთხელ ვულოცავ ჩვენს მოსახლეობას ამ დიდ წინგადადგმულ ნაბიჯს და დარწმუნებული ვარ ჩვენ ერთად აუცილებლად შევძლებთ სიღარიბის დაძლევას და შევქმნით ღირსეული ცხოვრების პირობებს თითოეული ადამიანისთვის!“

გაერთიანებული ოპოზიცია, „ძალა ერთობაშია“

პრეზიდენტობის კანდიდატი, გრიგოლ ვაშაძე:

Your browser doesn’t support HTML5

გრიგოლ ვაშაძის განცხადება

„არაფერი ინიციატივა ეს არ არის. ეს არის წაგების შიშით მოტივირებული სასოწარკვეთილების ჟესტი, იმიტომ, რომ ჩვენ ვთავაზობთ საბანკო სისტემის ძირეულ რეფორმას და ე.წ. „ქართული ოცნების" ხელისუფლება კიდევ ცდილობს, ის, რაც ხდება რუტინულად ყოველი წლის ბოლოს, გაასაღოს ინიციატივად. ბანკები ყოველი წლის ბოლოს ისედაც ჩამოწერენ ხოლმე უიმედო სესხებს“.

რომან გოცირიძე, ნაციონალური მოძრაობის დეპუტატი:

Your browser doesn’t support HTML5

რომან გოცირიძის კომენტარი ვალების განულების შესახებ

„ჯერ ერთი, მთავრობა რა შუაშია, თუ ამას აკეთებს "ქართუ", მეორეც, გაუგებარია რას აკეთებს "ქართუ" იმიტომ, რომ საუბარია მხოლოდ იმ დავალიანებაზე, რომელიც არის 2 ათას ლარამდე. ზოგადად, უიმედო სესხების ჩამოწერას კომერციული ბანკები აკეთებენ ყოველწლიურად. შარშან 77 მილიონი ლარი ჩამოიწერა უიმედო, 2016 წელს - 55 მილიონი. დაახოლებით 600 ათასი ჩამოწერეს კომერციულმა ბანკებმა უიმედო სესხები. ახლა როგორც გვესმის, რაღაც თანხა ჩამოიწერება და ამაში "ქართუ" შეეშველება, მილიარდნახევარი არის ზღაპარი, არავითარ მილიარდნახევარს "ქართუ" არ გადაიხდის, ეს არის მორიგი სატყუარა, რომელიც მცირე ოდენობის, ფაქტობრივად, ისეთ სესხებზეა საუბარი, რომელიც არასდროს იქნებოდა ბანკებისთვის დაბრუნებული და ისინი ისედაც აკეთებდნენ რესტრუქტურიზაციას“.

სამოქალაქო სექტორი წინასაარჩევნოდ, ამომრჩევლის მოსყიდვის აშკარა ნიშნებს ხედავს

„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ წარმომადგენელი ლევან ნატროშვილი: „მთავრობის გადაწყვეტილებამ მოსახლეობის ჭარბვალიანობის დაძლევის თაობაზე, შესაძლოა, არჩევნების ბედიც კი გადაწყვიტოს“.

ლევან ნატროშვილის შეფასებით, 600 000 ადამიანის საბანკო დავალიანებისგან გათავისუფლება წინასაარჩევნოდ, ამომრჩევლის მოსყიდვის აშკარა ნიშნებს შეიცავს.

„საქართველოს კანონმდებლობით, აკრძალულია რაიმე სიკეთის გადაცემა ან სიკეთის გადაცემის დაპირება საარჩევნო მიზნით, გამონაკლისი დაშვებულია მხოლოდ საბიუჯეტო თანხების განაწილებაზე. ამ შემთხვევაში კი, უკვე ვიცით, რომ ამ თანხას ფარავს ფონდი „ქართუ“. მთავრობას ამ ვალების ჩამოჭრა სოციალური დახმარებასავით გამოუვიდა, თუმცა ფაქტია, რომ აქ აშკარა მოტივაცია არჩევნებია. თან იმდენად დიდ თანხაზე და ბევრ ადამიანზეა საუბარი, რომ ამ ნაბიჯმა შესაძლოა არჩევნების შედეგებიც კი გადაწყვიტოს“, - აცხადებს ლევან ნატროშვილი.

საქართველოს კანონდებლობით, ასეთი საქმით, წესით, პროკურატურა უნდა დაინტერესდეს, რადგან სიკეთე, რომელსაც მთავრობა ხალხს დაპირდა, ას ლარზე მეტი ღირებულებისაა.