Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მიკროსაფინანსო ასოციაციის თავმჯდომარე: ხელშეკრულებაში დავალიანების სრულ ანაზღაურებაზე საუბარი არ არის


საქართველოს მიკროსაფინანსო ასოციაციის თავმჯდომარე ბესიკ შენგელიას თქმით, პრემიერ-მინისტრის ინიციატივა მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ასოციაციის ფარგლებში არ განხილულა და ხელშეკრულების პროექტი ერთი საათის წინ მიიღო. მასში ისეთ ტექნიკური დეტალებია, რომლებიც პრემიერის გამოსვლაში არ თქმულა.

„სულ ერთი საათია, რაც ამ ინიციატივის შესახებ გავიგეთ. ასოციაციის ფარგლებში არავითარი კონსულტაცია არ გამართულა, შაბათს მოეწყო შეხვედრა ფინანსთა სამინისტროში, რომელსაც ეროვნული ბანკის, კომერციული ბანკების წარმომადგენლები ესწრებოდნენ და რამდენადაც ვიცი, მიკროსაფინანსოებიდან მხოლოდ „კრისტალი“ იყო წარმოდგენილი. პრემიერის განცხადება იყო ძალიან ზოგადი, ტექნიკურ დეტალებზე არანაირი განმარტება არ ყოფილა. სულ ახლახანს გადმოგვეცა ხელშეკრულების დრაფტი და ეროვნულ ბანკთან ახლა უნდა გავიაროთ კონსულტაციები. როდის მოხდება ანაზღაურება, რა ტიპის მსესხებლებს უნდა შეეხოს? უცნობია. ხშირ შემთხვევაში საქმე გვაქვს არაკეთილსინდისიერ და ურჩ გადამხდელებთან, შესაძლოა საუბარი იყოს ფინანსურ დანაშაულზეც“, - განაცხადა ბესიკ შენგელიამ. მისი სიტყვებით, ხელშეკრულების სამუშაო ვერსიაში საუბარი დავალიანების სრულ ანაზღაურებაზე არ არის.

„აქ ხანდაზმული სესხების სრულ ანაზღაურებაზე საუბარი არ არის, საუბარია მიმდინარე ძირითადი თანხის 9%-ზე და უახლეს მიმდინარე სესხებზე - 14%-ის ანაზღაურებაზე. საუბარი არ არის დარიცხული პროცენტიდან ჯარიმის ანაზღაურებაზე, რომელიც კაპიტალიზებულია. ანუ დრაფტში რაც წერია, საუბარია ნაწილობრივ ანაზღაურებაზე“, - უთხრა რადიო თავისუფლებას ბესიკ შენგელიამ.

ფინანსთა მინისტრ ივანე მაჭავარიანის განცხადებით, მთავრობის ინიციატივა დავალიანებების განულების თაობაზე, მოიცავს სესხის ძირის, პროცენტის და დარიცხული ჯარიმის ანაზღაურებას. საქართველოს 600 ათასზე მეტ მოქალაქეს ბანკების, ონლაინორგანიზაციების და სხვა საფინანსო ინსტიტუტების მიმართ დავალიანება გაუნულდება. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა. მისივე თქმით, ვალების განულების პროცესი დაიწყება 15 დეკემბერს და 31 დეკემბრამდე დასრულდება. ვალების განულების პროცესი კი ფონდ „ქართუს“ მხარდაჭერით განხორციელდება.

XS
SM
MD
LG