I am from Georgia - როდესაც ამას საქართველოს საზღვრებს მიღმა ამბობ, უმეტეს შემთხვევაში მაშინვე უნდა დააყოლო - The country. ამით მიანიშნებ, რომ ამერიკის შტატ ჯორჯიის გარდა, კიდევ სახელმწიფო ჯორჯიაც არის. თუ გაგიმართლა, მოსაუბრემ შეიძლება მისი არსებობა ისედაც იცოდეს, მაგრამ როგორც გამოცდილება აჩვენებს, ხშირად მეორე ჯორჯიის შესახებ ან არაფერი უწყიან ან მხოლოდ სტალინი და ერთი-ორი ფეხბურთელი გაუგიათ.
ის რომ საქართველო შტატ ჯორჯიაში ერევათ, რამდენჯერმე დაუჯერებელ კურიოზში გადაიზარდა. ჯერ იყო, 2008 წელს, ჯორჯიის ზოგ მკვიდრს ეგონა, რომ რუსეთი დაესხა თავს. 2022 წელს კი, როდესაც ინფორმაცია გავრცელდა, საქართველო ევროკავშირში შესვლაზე განაცხადის შეტანას აპირებსო, იფიქრეს, მათი სამშობლო ამერიკის შეერთებულ შტატებს ტოვებდა.
„ბაიდენი ისეთებს შვრება, რომ ისეთი მაგარი შტატი, როგორიც ჯორჯიაა, გვტოვებს“, - წერდა ინტერნეტის ერთ-ერთი მომხმარებელი.
„აშშ მაგარ შტატს კარგავს“ - წუხდა სხვა.
„აქამდე არ ვიცოდი, თუ ამერიკის რომელიმე შტატს ევროკავშირში შესვლა შეეძლო“, - დაეჭვდა მესამე.
„ფლორიდაც ხომ არ შევიდეს ევროკავშირში, კარგი იქნებოდა“, - წინადადება წამოაყენა მეოთხემ.
არაერთხელ მომხდარა, რომ ამერიკულ ტელევიზიებს შტატ ჯორჯიის ახალი ამბების გაშუქებისას საქართველოს კადრები გაუშვიათ, მათ შორის ერთხელ - მარნეულის პანდემიაც „გააშუქეს“.
ასევე ნახეთ FOX News-მა მარნეულის პროტესტი გააშუქა როგორც აშშ-ის შტატ ჯორჯიაში მიმდინარე აქცია2022 წლის ნოემბერში კი, როდესაც ქართველმა მორაგბეებმა უელსი დაამარცხეს, მილოცვებს იღებდნენ.
მაგრამ, მოდით, სიტუაცია შევაბრუნოთ.
ჩვენ რა ვიცით იმ ჯორჯიაზე, რომელშიც მთელ მსოფლიოს ვერევით, გარდა იმისა, რომ ის ამერიკის ერთ-ერთი შტატია და სიმღერა Georgia on My Mind, რომლის შესრულება ქართველებსაც ძალიან უყვართ, ამ შტატზე დაიწერა?
შეიძლება ვინმემ მართლაც ბევრი რამ იცოდეს, მაგრამ ვინც არა, მისთვის საინტერესო იქნება გაიგოს, რა ხდება იმ მიწაზე, რომელიც ჩვენგან ძალიან შორსაა და ჩვენი ქვეყნის სახელი ჰქვია.
Georgia – The state
აშშ-ის ეს შტატი სამხრეთით, ზედ ატლანტის ოკეანესთან მდებარეობს. ოკეანის გარდა ჯორჯიას ხუთი შტატი ესაზღვრება: ალაბამა, სამხრეთ და ჩრდილოეთ კაროლინები, ფლორიდა და ტენესი. მისი დედაქალაქი ატლანტაა. შტატში ათ მილიონზე მეტი ადამიანი ცხოვრობს. აქ ოჯახის საშუალო შემოსავალი 61 200 დოლარია წელიწადში.
ჯორჯიაში ოფიციალური ენა ინგლისურია, თუმცა მოსახლეობის 7 პროცენტზე მეტი ესპანურად ლაპარაკობს.
რაც შეეხება რელიგიურ კუთვნილებას, სამხრეთის შტატებს ხშირად აშშ-ის ბიბლიურ სარტყელს უწოდებენ. აქ ძირითადად ბაპტისტები ცხოვრობენ.
რატომ ჰქვია ჯორჯია?
ჯორჯის პატივსაცემად. ჯორჯ მეორე მე-18 საუკუნეში დიდი ბრიტანეთის მეფე იყო, სწორედ ამ პერიოდში შეიქმნა ჯორჯიის პროვინცია. ის ინგლისის კოლონია გახლდათ და სახელიც ხელმწიფის პატივსაცემად შეურჩიეს. ჯორჯიას რწმუნებულების საბჭო მართავდა, ლონდონიდან.
რასთან ასოცირდება ჯორჯია?
ჯორჯიას თავისი სიმბოლოები აქვს, ოფიციალურიც და არაოფიციალურიც. მაგალითად, მისი სიმბოლოა ხის მწვანე ბაყაყი, მუხა, ადგილობრივი ხახვის სახეობა: Vidalia onion, ყვავილი: აზალია, ვარდი: Rosa laevigata და რაც მთავარია, ატამი. ჯორჯიას სხვანაირად ატმის შტატსაც უწოდებენ.
მის დროშაზე ორი წითელი და ერთი თეთრი ზოლია, კუთხეში კი, ლურჯ ფონზე, ჯორჯიის დიდი ბეჭედია გამოსახული, დევიზით: „სიბრძნე, სამართალი და ზომიერება“.
ჯორჯიის შტატიდან იყვნენ ამერიკის პრეზიდენტი ჯიმი კარტერი და განმანათლებელი მარტინ ლუთერ კინგი.
და კიდევ ერთი - აქ სტუმრები უყვართ. ამერიკაში ასეთი ტერმინიც კი დამკვიდრდა - სამხრეთული სტუმართმოყვარეობა. ჯორჯია ამ კუთხითაც არის ცნობილი.
რამდენი წლისაა ჯორჯია?
ჯერ კიდევ ევროპულ კოლონიზაციამდე ჯორჯიაში და ზოგადად სამხრეთის შტატებში ინდიელები სახლობდნენ. მაგრამ ამ მიწის ისტორია გაცილებით ადრე იწყება. ჯორჯიაში აღმოჩენილია სამარხები, რომლებიც პრეისტორიულ ხანას ეკუთვნის: ძვლები, სანადირო იარაღები და ქალაქის ნაშთებიც კი.
მონათმფლობელობა ჯორჯიაში
ჯორჯია სამხრეთის ქვეყანაა, ბუნებრივი პირობებიდან გამომდინარე აქ უფრო სოფლის მეურნეობა იყო განვითარებული, პლანტაციები. მოჰყავდათ თამბაქო, ბამბა, ბრინჯი და მცენარე, რომლისგანაც შემდეგ ინდიგოს ფერი მიიღება.
„პლანტაციებში სამუშაოდ აფრიკიდან მონების ჩამოყვანა დაიწყეს“, - ამბობს ელენე მეძმარიაშვილი, ამერიკის მცოდნეობის სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების ხელმძღვანელი თსუ-ში.
სამოქალაქო ომის დასრულებისა და მონების გათავისუფლების შემდეგ ბევრმა მათგანმა ჩრდილოეთის შტატებს მიაშურა. ჩრდილოეთ ამერიკა, როგორც ინდუსტრიული მხარე, ეკონომიკურად უფრო განვითარებული იყო. თუმცა, ჯორჯია დღემდე რჩება შტატად, სადაც მოსახლეობის 30 პროცენტზე მეტი აფროამერიკელია.
ამერიკის სამოქალაქო ომი
1861 წელს ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკას შორის სამოქალაქო ომი დაიწყო. ამ ომის ერთ-ერთი მიზეზი სწორედ მონათმფლობელობა გახლდათ. ჯორჯია მისი გაუქმების წინააღმდეგ გამოდიოდა. ამ პერიოდისთვის სამხრეთში, როგორც აგრარულ მხარეში ქალაქები ნაკლებად შენდებოდა, ამიტომ ჯორჯიის ატლანტა მოვლენების ეპიცენტრში აღმოჩნდა.
„ეს ქალაქი მთელი სამხრეთის გული იყო. ჰოსპიტლები, წარმოება თუ სხვა მწირი რესურსები, რომელიც სამხრეთს ჰქონდა, ომის დროს სწორედ აქ იყო თავმოყრილი“, - ამბობს ისტორიკოსი მიხეილ ბარნოვი, - „ჯორჯიის მოვლენები ნაჩვენებია ფილმში „ქარწაღებულნი“, რომელიც მარგარეტ მიჩელის ამავე სახელწოდების წიგნის მიხედვით გადაიღეს. რეჟისორს ძალიან კარგად აქვს აღწერილი ატლანტის დაცემა, როგორ შედის ჩრდილოეთის არმია ქალაქში. სწორედ ატლანტის ოკუპაცია გახდა იმის საწინდარი, რომ 1864 წელს აბრაამ ლინკოლნი მეორედ აირჩიეს ამერიკის პრეზიდენტად და სამხრეთმა წააგო. დღეს ატლანტაში არის სამოქალაქო ომის დიდი, ძალიან კარგი მუზეუმი, იქ უზარმაზარ პანოზეა გამოსახული ატლანტის დაცემა“.
ატლანტა და თბილისი
თბილისი და ატლანტა ჯერ კიდევ საბჭოთა დროს დაძმობილებული ქალაქებია. მათ შორის საგანმანათლებლო, გაცვლითი პროგრამებიც მოქმედებდა.
„მაშინ ოჯახებს შორის იყო ურთიერთობა. აქედან წასულები ოჯახებში მიდიოდნენ და იქ ცხოვრობდნენ. იქიდან ჩამოსულებსაც აქ რომელიმე ოჯახში აბინავებდნენ. როგორც წესი, ეს იყო რაიკომის მდივნების, ცეკას თანამშრომლების სახლები. მაშინ ისინი უფრო სანდოები იყვნენ“. - ამბობს ელენე მეძმარიაშვილი. – „შესაძლოა ეს იყო მიზეზი, რომ პოსტსაბჭოთა ემიგრაციის შემდეგ ძალიან ბევრი ქართველი სწორედ ჯორჯიის შტატში გაემგზავრა“.