საპარლამენტო არჩევნებამდე 46 დღით ადრე „ქართულმა ოცნებამ“ საარჩევნო სიის პირველი ოცეული წარადგინა - სიის სათავეში პოლიტიკაში 2023 წლის დეკემბერში მესამედ დაბრუნებული, საქართველოს ყველაზე მდიდარი მოქალაქე ბიძინა ივანიშვილია. მმართველი პარტიის საპატიო თავმჯდომარის გარდა, სიაში კიდევ ერთი ყოფილი პრემიერ-მინისტრია - ირაკლი ღარიბაშვილი მეორე ნომრად.
ყოფილი პრემიერ-მინისტრების გარდა, „ქართული ოცნების“ სიაში პარლამენტის ორი თავმჯდომარეცაა - მოქმედი პრემიერი ირაკლი კობახიძე, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარის პოსტის დატოვება რუსი კომუნისტი დეპუტატის, სერგეი გავრილოვის საქართველოს პარლამენტში ვიზიტის გამო აგორებული საპროტესტო ტალღის შედეგად მოუწია და შალვა პაპუაშვილი, რომლის პარლამენტის თავმჯდომარეობის დროსაც საქართველომ მიიღო „აგენტების კანონი“. ამ კანონის მიღებას, გარდა ქვეყნის შიგნით მძლავრი სამოქალაქო პროტესტისა, საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრაციის მოლაპარაკებების შეჩერება და ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობის გადახედვა მოჰყვა. გაიყინა ფულადი დახმარების პაკეტები, სავიზო სანქციები დაუწესდათ ქართველ პოლიტიკოსებს, სამართალდამცველებსა და მათთან დაკავშირებულ პირებს.
„ქართული ოცნების“ სიის ოცეულშია ერთი ყოფილი და ერთი მოქმედი მინისტრი.
კულტურისა და სპორტის მინისტრი თეა წულუკიანი, რომელიც „ოცნების“ საპარლამენტო სიაში 2012 და 2020 წლებშიც იყო და ორჯერვე მინისტრთა კაბინეტში გადაინაცვლა; და სოზარ სუბარი, იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა ყოფილი მინისტრი, დეპუტატი „ხალხის ძალიდან“, „ოცნების“ განაყოფი პოლიტიკური ჯგუფიდან, რომელიც მმართველ პარტიას ფორმალურად 2022 წელს გაემიჯნა, აჟღერებდა ანტიდასავლურ გზავნილებს, 2023 წელს კი „აგენტების კანონის“ ინიციატივით გამოვიდა.
ახალ სახეებს შორის ორი ოლიმპიური ჩემპიონია, თავისუფალი სტილით მოჭიდავე გენო პეტრიაშვილი და ძალოსანი ლაშა ტალახაძე.
სიის ოცეულში არიან მოქმედი პარლამენტარები: მაკა ბოჭორიშვილი, ანრი ოხანაშვილი, ნიკოლოზ სამხარაძე და მიხეილ ყაველაშვილი, ეს უკანასკნელი ასევე „ხალხის ძალიდან“.
2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მსგავსად, პარტიის სიაშია ეკონომიკის მინისტრის მოადგილე, მარიამ ქვრივიშვილი. 4 წლის წინ მან პარლამენტში მოხვედრიდან ერთ წელიწადში დატოვა დეპუტატის მანდატი და იმ სამინისტროში გადავიდა სამუშაოდ, რომლის დაქვემდებარებაში არსებულ ორგანიზაციას, ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას, 2019-2020 წლებში ხელმძღვანელობდა.
მარიამ ქვრივიშვილის პარლამენტიდან სამინისტროში გადასვლის შემდეგ მისი ადგილი საკანონმდებლო ორგანოში ბაია კვიციანმა დაიკავა. სწორედ ბაია კვიციანის დის, დიზაინერ მაკა კვიციანის ქმარი შოთა ბერეკაშვილია ერთ-ერთი „ქართული ოცნების“ ახალი სახეებიდან. ბიზნესმენი, კომპანია BK constraction-ის დამფუძნებელი და „ბ.კ. კაპიტალ ჯორჯიას“ ხელმძღვანელი, მეწარმეთა რეესტრის მონაცემებით, 2012 წელს რუსეთის მოქალაქე იყო.
2021 წლიდან, საჯაროდ ხელმისაწვდომი დოკუმენტების მიხედვით, მას უკვე ორმაგი, საქართველოსა და რუსეთის მოქალაქეობა აქვს. 2012 წელს უძრავი ქონების რეესტრში იძებნება ჩანაწერი, სადაც მითითებულია, რომ შოთა ბერეკაშვილს არ სურს ოფიციალურ დოკუმენტებში მისი რუსული პასპორტის მონაცემები ჩანდეს და ითხოვს ბინადრობის მოწმობაში მითითებული საიდენტიფიციკაციო მონაცემების გამოყენებას.
ბერეკაშვილი 2024 წლის გაზაფხულზე „აგენტების კანონის“ მხარდამჭერი განცხადებების გამო მოექცა პროსახელისუფლებო მედიის ყურადღების ცენტრში, 2020 წელს კი - ხელისუფლების ანტიკრიზისული გეგმის დადებითი შეფასებებით. მისი დეველოპერული კომპანია BK Construction-ი სახელმწიფოსთან მჭიდროდ თანამშრომლობს. განათლების სამინისტროსა და ამ კომპანიის საერთო პროექტია პროფესიული სასწავლებელი „კონსტრუქტ2“ ზესტაფონში.
ბერეკაშვილის დეველოპერული კომპანიები აქტიურად მონაწილეობენ სახელმწიფო შესყიდვებში და არაერთი ტენდერი აქვთ მოგებული. მაგალითად, 2024 წლის გაზაფხულზე თბილისის განვითარების ფონდმა „ბიქეი ქონსთრაქშენთან“ გააფორმა 9 მილიონი ლარის ღირებულების ხელშეკრულება ვარკეთილის დასახლებაში ავარიული ბინების ახალი კორპუსებით ჩასანაცვლებლად. 2023 წელს კი ბერეკაშვილის კომპანიამ თბილისის განვითარების ფონდის სამ ტენდერში, ჯამში, 20 მილიონამდე ღირებულების ხელშეკრულებები გააფორმა - სამიდან ორ შემთხვევაში მან უკონკურენტოდ მოიგო ტენდერი.
ასევე ნახეთ ავარიული კორპუსების ახლით ჩანაცვლების წესი შეიცვალა - რას ნიშნავს ეს„ქართული ოცნების“ ახალი სახეა ეკა ჭიჭინაძე, რომელიც ირაკლი კობახიძემ საზოგადოებას წარუდგინა როგორც ხელოვან ქალთა საერთაშორისო ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი. 2016 წელს დაფუძნებული ამ ორგანიზაციის პრეზიდენტი შექმნის დროს რეჟისორი ლანა ღოღობერიძე იყო, რომელიც დღეს საპატიო პრეზიდენტის პოსტს იკავებს, პრეზიდენტი კი ქეთევან ალექსი-მესხიშვილია. ეკა ჭიჭინაძის გარდა ორგანიზაციას კიდევ ორი ვიცე-პრეზიდენტი ჰყავს, ნანა ლორთქიფანიძე და ნინო გორდელაძე. ორგანიზაცია თანამშრომლობს სახელმწიფო უწყებებთან, მართავს კონფერენციებს.
„ქალთა ხელოვნების საერთაშორისო ორგანიზაციის“ გარდა, ეკა ჭიჭინაძე დაკავშირებულია კიდევ ერთ ორგანიზაციასთან, „ფერო მეტალთან“. ის ამ საწარმოს 33%-იან წილს ფლობს.
ტაბლოიდურ მედიაში ეკა ჭიჭინაძის განცხადებებიდან ჩანს, რომ ის საუბრობს, როგორც ბიძინა ივანიშვილის ოჯახთან დაახლოებული პირი.
ოცეულში ახალი სახეა ვახტანგ თურნავა, კომპანია SKILWILL-ის დამფუძნებელი. ამ ტექნოლოგიურ კომპანიას ერთობლივი პროექტები აქვს აშშ-ის განვითარების სააგენტოსთან, USAID-თან. კომპანია SKILWILL-ის გარდა, ის დაკავშირებულია კიდევ არაერთ კომპანიასთან. არის მეწილე ან დირექტორი შემდეგ კომპანიებში: საკე, სვიფტი, სვიფტ საფორთი, ინტერპორტ ჯორჯია, სქილვილ ნეო და ბიქეიენ 301 ჯორჯია.
ახალ სახედ წარადგინა ირაკლი კობახიძემ ევროპისმცოდნეობის დოქტორი, ლევან მახაშვილი; აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის უფროსია. 2023 წელს პარლამენტში მუშაობისთვის მან დეკლარაციის მიხედვით უფრო მაღალი ხელფასი აიღო, თვეში დაახლოებით 1000 ლარით მეტი, ვიდრე პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა. მახაშვილს საჯარო სამსახურში მუშაობის მრავალფეროვანი გამოცდილება აქვს, სხვადასხვა დროს ის იყო მრჩეველი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ამერიკის დეპარტამენტში, ასევე, საქართველოს მთავარი პროკურატურის ანალიტიკურ სამსახურში.
ახალ სახეებს შორის არიან ადვოკატი გიორგი გაბუნია და ფსიქოლოგი ლიკა შარტავაც. ამ უკანასკნელის წარდგენისას ირაკლი კობახიძემ ხაზი გაუსვა მის კავშირებს აფხაზეთის მინისტრთა საბჭოს ყოფილ თავმჯდომარე, 1993 წლის სექტემბერში სოხუმის დაცემისას მოკლულ ჟიული შარტავასთან.
ასევე ნახეთ ჟიული შარტავა და კიდევ 48 - მინისტრთა საბჭოს აღებისას დახვრეტილები