რა ვიცით ამნისტიის კანონზე: ვისზე გავრცელდება და ვისზე - არა

ფოტო არქივიდან - 2019 წლის 20 ივნისი

უკვე რამდენიმე დღეა, ოპოზიცია და მმართველი გუნდი 2019 წლის ივნისში ჩადენილი სავარაუდო დანაშაულის „ამნისტიის კანონზე” მუშაობს. ამნისტია პარტიებს შორის ევროპული საბჭოს პრეზიდენტის მედიაციით მიღწეული შეთანხმების ნაწილია - ეს არის ერთ-ერთი გზა, რომლითაც „ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ ციხე უნდა დატოვოს. დოკუმენტის საბოლოო ვერსიის ნახვამდე პასუხგაუცემელია მთავარი კითხვა - კონკრეტულად ვისზე გავრცელდება ეს კანონი და თუკი „ყველაზე”, ვინ იგულისხმება ამ „ყველაში”.

მმართველი გუნდი მიიჩნევს, რომ კანონპროექტი უნდა გავრცელდეს ყველაზე - როგორც აქციის მონაწილეებზე, ისე სამართალდამცავებზე. სამართალდამცავების ამნისტია მიუღებელია როგორც 20 ივნისს დაშავებული ადამიანებისთვის, ასევე, ოპოზიციური პარტიების ნაწილისთვის. თავად ნიკა მელია ამბობს, რომ თუკი ამ კანონით სამართალდამცავები პასუხისმგებლობისგან გათავისუფლდებიან, ეს ისტორიის გადაწერის მცდელობა იქნება.

„შესაჯერებელი ბევრი არაფერია. შეთანხმებაში რაც წერია, იმის იმპლემენტაცია უნდა მოხდეს... ძალიან მარტივად დგას საკითხი, ჩვენ უნდა გავწეროთ 19-20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებული პირების ამნისტიის საკითხი“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილი. მისივე თქმით, პროცედურებიც ოპოზიციასთან შეთანხმდება.

დოკუმენტიც და მმართველი პარტიის პოლიტიკოსებიც 19-20 ივნისის მოვლენებს უწოდებენ იმას, რაც 20-21 ივნისის ე.წ. გავრილოვის ღამით მოხდა თბილისში.

კანონის შემუშავებამდე დოკუმენტის შინაარსზე საუბარი უჭირთ ოპოზიციის წარმომადგენლებს. კანონპროექტის შექმნაზე მუშაობს „ლელოს” ლიდერი, ანა ნაცვლიშვილიც. ის ამბობს, რომ კანონპროექტი ორ მთავარ მოთხოვნას უნდა აკმაყოფილებდეს:

  • ამნისტიის კანონი მოქცეული უნდა იყოს საქართველოს კონსტიტუციისა და საერთაშორისო სამართლის ჩარჩოებში. ეს იმას ნიშნავს, რომ დაუსჯელი ვერ დარჩება არაადამიანური მოპყრობისა და ღირსების შემლახავი დანაშაული;
  • ქართული და საერთაშორისო პრაქტიკით, დანაშაულის ამნისტირების პროცესში ჩართული უნდა იყოს დაზარალებული და მისი თანხმობა აუცილებელი პირობა უნდა იყოს.

„ეს არის ადამიანის უფლებათა სამართლის ერთ-ერთი მთავარი მონაპოვარი, რომ შეემჩნია დაზარალებული და ჰქონოდა ხმა დაზარალებულს. ის უნდა იყოს ამ პროცესის სუბიექტი და არა - ობიექტი“, - უთხრა ნაცვლიშვილმა რადიო თავისუფლებას.

ამ პრინციპის დაცვით ნიკა მელიას გათავისუფლება ყოველგვარი თანხმობის გარეშე იქნება შესაძლებელი, რადგან მის წინააღმდეგ საქმეში არ არსებობს დაზარალებული; სამართალდამცავების შემთხვევაში კი, პირიქით - თითოეული დაზარალებული თანახმა უნდა იყოს.

პარლამენტის არჩეული წევრი, იურისტი შალვა შავგულიძე, რომელიც შეთანხმების დოკუმენტის ხელმომწერიც არის და ოპოზიციის მხრიდან კანონპროექტის შემუშავების პროცესშიც მონაწილეობს, დარწმუნებულია, რომ ამნისტიის კანონი წინსწრებით ვერ გავრცელდება ჯერ არაღძრულ საქმეებზე.

„ამგვარი ინტერპრეტაციის საშუალებას არ იძლევა შეთანხმების ტექსტი… თუ ბრალი დაუმტკიცდებათ პოლიტიკური თანამდებობის პირებს, ეს დანაშაული სხვა მუხლით არის გათვალისწინებული, რომლის ამნისტირება ახლა არ იქნება”, - ამბობს ის.

მმართველი გუნდი ვარაუდობს, რომ ყველაზე გვიან, დოკუმენტი პარლამენტში ოთხშაბათამდე, 28 აპრილამდე უნდა დარეგისტრირდეს. სწორედ ამ დროის შეიძლება გასაჯაროვდეს ოპოზიციის ნაწილისა და მმართველი პარტიის მიერ ერთობლივად შემუშავებული დოკუმენტი.

პარლამენტის რეგლამენტით, ახალი კანონის მიღება დაჩქარებული წესით შეუძლებელია. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პროგნოზით, თუ კანონპროექტს მაქსიმალურად შემჭიდროებულ ვადებში განიხილავენ, ამისთვის, დაახლოებით, 1 თვე მაინც იქნება საჭირო.

„[ამნისტიის კანონზე] რაც ჩვენზე იქნება დამოკიდებული, მარტოც რომ მოგვიწიოს, ჩვენ ამას გავაკეთებთ. ჩვენ ავიღეთ პასუხისმგებლობა და შევასრულებთ”, - ამბობს ანრი ოხანაშვილი.