ლიბიაში დაღუპული მეზღვაურის, 23 წლის დავით რაზმაძის ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ გამოძიება ერთ-ერთ ვერსიად თვითმკვლელობას განიხილავს, რასაც კატეგორიულად არ ეთანხმებიან.
Your browser doesn’t support HTML5
დავით რაზმაძის ბიძამ, იასონ ცეცხლაძემ, რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ მას შემდეგ, რაც გაუჩინარებული დისშვილის ცხედრის პოვნის შესახებ ინფორმაცია გავრცელდა, კომპანიიდან დაუკავშირდნენ და უთხრეს, რომ ახალგაზრდა ქართველ მეზღვაურს კონფლიქტი ჰქონდა გემის კაპიტანთან, რაც შესაძლოა საბედისწერო გადაწყვეტილების მიზეზი იყოს. ოჯახის წევრები კატეგორიულად არ ეთანხმებიან ამ ვერსიას, რადგან, როგორც ამბობენ, დავითს გაუჩინარებამდე რამდენიმე საათით ადრე ესაუბრნენ და მას სხვაგვარი განწყობა ჰქონდა. იასონ ცეცხლაძეს არც უბედური შემთხვევის სჯერა. იგი ვარაუდობს, რომ მისი დისშვილი მოკლეს:
„არავის და არაფრის არ მჯერა. ბავშვი თავის თავს არ გაიმეტებდა. თუ გაიმეტებდა, რაღაცას მეტყოდა მე, ბიცოლამისს ან დედამისს. ბავშვი განზრახ დაღუპულია, რაღაც მოხდა... როგორ შეიძლება 7 დღის განმავლობაში ოჯახს არ უთხრა ამის შესახებ. მერე, სანამ ჩვენი სახელმწიფო არ ჩაერია, არაფერი არ ამოტივტივდა და მერე გაცხადდა“.
ასევე ნახეთ ქართველი მეზღვაური ლიბიაში გარდაცვლილი იპოვეს - საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო23 წლის დავით რაზმაძე 7 იანვარს ლიბიაში დაიკარგა, მაგრამ თურქულმა კომპანიამ მეზღვაურის გაუჩინარების შესახებ ოჯახს მხოლოდ 14 იანვარს შეატყობინა წერილობით. წერილში ისიც ეწერა, რომ მას ლიბიის პოლიცია ეძებს, რომელმაც დაადგინა, რომ 7 იანვარს, ღამის 12 საათზე, ახალგაზრდა მეზღვაური გემის სამანქანო განყოფილებაში ე.წ. ვახტზე სამუშაოდ ჩავიდა, დილის 4 საათზე კი მის შესაცვლელად მისულ მეზღვაურს დავითი იქ აღარ დახვდა. გემზე აღმოაჩინეს მისი ტელეფონი, სიგარეტი და პირადი ნივთები. გაუჩინარებიდან 15 დღეში დავით რაზმაძე გარდაცვლილი იპოვეს ზღვაში, მისურატას ნავსადგურის ტერიტორიაზე. მის ბიძას, რომელიც პროფესიით მეზღვაურია, კითხვები აქვს თურქულ კომპანიასა და გემის ეკიპაჟთან იმის შესახებ, თუ რატომ მუშაობდა ახალგაზრდა რიგითი მეზღვაური მარტო ვახტზე:
„როგორ შეიძლება, როდესაც პორტშია გემი, ერთი ადამიანი იდგეს ვახტაზე. ნორმალურ კომპანიებში ასე არ ხდება. აუცილებლად უნდა იყოს ორი ადამიანი ვახტაზე, ოფიცერი და რიგითი მეზღვაური, როგორც ჩემი დათუნა. ის კიდე სულ მარტო იყო. ასე არ შეიძლება. მე არც ერთ ვერსიას არ გამოვრიცხავ და ყველა ვერსია მინდა იყოს გამოძიებული. ჩემს სახელმწიფოს ვთხოვ, როგორც დამიდგა გვერდში, ისე დამიდგეს ბოლომდე“.
დავით რაზმაძე, მარშალის კუნძულების დროშით მცურავი თურქული გემის, „Mv Dogan Bey“-ს, ეკიპაჟის წევრი იყო. მიუხედავად მცირე ასაკისა, იგი ბოლო ოთხი წელია შორეულ ნაოსნობაში რიგით მეზღვაურად არაერთხელ ყოფილა სხვადასხვა კომპანიის გემებით.
გარდაცვლილი მეზღვაურის ოჯახის წევრები საქართველოს ხელისუფლებას სთხოვენ, მიმდინარე გამოძიების პროცესში ჩაერთოს იმისთვის, რომ 23 წლის დავით რაზმაძის გარდაცვალების მიზეზები დადგინდეს.
თავის მხრივ, საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში აცხადებენ, რომ დაღუპვის მიზეზის დასადგენად გარდაცვლილს ლიბიაში ექსპერტიზა უტარდება. უწყებისავე ინფორმაციით, გამოძიებას ლიბიის პოლიცია აწარმოებს. საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის მოადგილე ივანე აბაშიძე ამბობს, რომ მეზღვაურის გაუჩინარების შესახებ უწყებამ გვიან გაიგო, მას შემდეგ, რაც ინფორმაცია ოჯახისთვის გახდა ცნობილი. სახელმწიფო უწყებებთან ერთად სამძებრო პროცესში საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო და ეგვიპტეში საქართველოს საელჩო ჩაერთო, ხოლო მას შემდეგ, რაც გაუჩინარებული მეზღვაური გარდაცვლილი იპოვეს, ქართული მხარე თვალს ადევნებს საგამოძიებო ღონისძიებების მიმდინარეობას, ამბობს ივანე აბაშიძე.
„ირკვევა, რომ გემმა დაასრულა სატვირთო ოპერაციები. გადაიყვანეს შემდეგ მოსაცდელად სხვა ნავმისადგომზე და ამ შუალედშია გამქრალი ჩვენი მეზღვაური გემიდან. აღმოაჩინეს დაახლოებით იქვე, სადაც სატვირთო ოპერაციები მიმდინარეობდა, იმ ნავმისადგომთან. დეტალები და გარემოებები ჩვენთვის ჯერ უცნობია. მიმდინარეობს ექსპერტიზა, რომელმაც უნდა დაადგინოს, რა იყო გარდაცვალების მიზეზი - იყო ეს უბედური შემთხვევა, იყო ეს გამიზნული მოქმედება, თუ იყო ეს ამ შემთხვევაში თვითმკვლელობა. რომელიმე ვერსიის გამორიცხვა ამ ეტაპისთვის შეუძლებელია. ექსპერტიზის დასრულების შემდეგ შეჯამდება მიღებული შედეგები და მიცვალებულს გადმოასვენებენ. ამის შემდეგ გვეცოდინება მომხდარის შესახებ დეტალები“.
ასევე ნახეთ ქართველი მეზღვაურის გადმოსასვენებლად საგარეო საქმეთა სამინისტრო მზადაასაზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში აცხადებენ, რომ გარდაცვლილი მეზღვაურის გადმოსვენებას უზრუნველყოფს თურქული კომპანია, ხოლო თუ ამის საჭიროება დადგება, საქმეში საქართველოს ხელისუფლებაც ჩაერთვება.
დავით რაზმაძე, მარშალის კუნძულების დროშით მცურავი თურქული გემის, „Mv Dogan Bey“-ს, ეკიპაჟის წევრი იყო. მიუხედავად მცირე ასაკისა, იგი ბოლო ოთხი წელია შორეულ ნაოსნობაში რიგით მეზღვაურად არაერთხელ ყოფილა სხვადასხვა კომპანიის გემებით.
დავით რაზმაძე გორის საჯარო სკოლის მეცხრე კლასის დამთავრების შემდეგ ბათუმში გადაიყვანეს, სადაც საზღვაო აკადემიაში სასწავლო კურსი გაიარა.