თავად რეგიონული მაუწყებლის მრჩეველთა საბჭოს წევრებს ირჩევს აჭარის საკანონმდებლო ორგანო - უმაღლესი საბჭო 6 წლის ვადით.
საბჭოს პოლიტიკური პარტიები მანდატების რაოდენობის მიხედვით აკომპლექტებენ.
აჭარის პარლამენტში უმრავლესობის მქონე „ქართულ ოცნებას“, ტელევიზიის მოქმედ საბჭოში სამი მრჩეველი ჰყავს, ანუ უმრავლესობა. ოპოზიციის კვოტით კი ორი წევრია.
პარტია „ქართული ოცნების“ ინიციატივით, მაუწყებლობის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილებები დაიგეგმა, რომლის მიხედვით, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიასა და რადიოში მრჩეველთა საბჭო საერთოდ უქმდება.
მრჩეველთა საბჭო ვიღაცას თვალში არ მოსდიოდა არც აქ და არც თბილისში. ვიღაცას არ მოსწონს, რომ ჰყავდეს მაკონტროლებელი ორგანო...გიგა ჩხარტიშვილი
ცვლილებები პარლამენტმა 29 ივნისს, პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენით განიხილა და ოპოზიციის წინააღმდეგობის მიუხედავად, მხარი დაუჭირა.
მმართველი პარტიის ამ გადაწყვეტილებას, „ქართული ოცნების“ კვოტით მრჩეველთა საბჭოში არჩეულმა გიგა ჩხარტიშვილმა სამარცხვინო და არაკვალიფიციური უწოდა:
„ეს ემსახურება მხოლოდ იმას, რომ მრჩეველთა საბჭო ვიღაცას თვალში არ მოსდიოდა არც აქ და არც თბილისში. ვიღაცას არ მოსწონს, რომ ჰყავდეს მაკონტროლებელი ორგანო. პრაქტიკულად ორგანიზაციული თვალსაზრისით, ეს არის უკან დახევა. კონსულტაცია არავისთან გამართულა. რჩება შთაბეჭდილება, რომ გადაწყვეტილება უკვე მიღებულია და უბრალოდ მისი ფორმალიზება ხდება“.
ეს განცხადება 29 ივნისს გამართულ მრჩეველთა საბჭოს სხდომაზე გააკეთა საბჭოს თავმჯდომარემ გიგა ჩხარტიშვილმა, რომელმაც არ დააკონკრეტა, ვინ არის ამ გადაწყვეტილების ლობისტი. თუმცა, ხაზი გაუსვა იმ საფრთხეებს, რაც შესაძლოა მრჩეველთა საბჭოს გაუქმებას მოჰყვეს.
მისი აზრით, აჭარის ტელევიზია და რადიო ინსტიტუციურად დასუსტდება და მომავალში ფუნქციას დაკარგავს:
„ მე დარწმუნებული ვარ, თუ ასე გაგრძელდა, ჯერ ბუნებას შეიცვლის აჭარის ტელევიზია და რადიო. პრაქტიკულად მას ჩამოშორდება პერსპექტივაში საინფორმაციო და შემდეგ უკვე გადაკეთდება კულტურული ღონისძიებების არხად და შემდეგ გაურკვეველია, რა იქნება“, - თქვა გიგა ჩხარტიშვილმა.
ასევე ნახეთ “მაუწყებელი უნდა იქცეს აჭარის პიარის ინსტრუმენტად” - ინტერვიუ აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალ დირექტორთანმრჩეველთა საბჭოში ოპოზიციის კვოტით არჩეული წევრი გია ქარცივაძე კი საბჭოს გაუქმებას გასული წლიდან ელოდა, მას შემდეგ, რაც საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის თავმჯდომარედ ვასილ მაღლაფერიძე აირჩიეს:
„არაოფიცილურად, პირველად გავიგეთ გასულ წელს, ბატონი ვასილ მაღლაფერიძის გასაუბრებიდან, რომ მას თვალში არ მოსდიოდა მრჩეველთა საბჭო და მის ფუნქციას ვერ ხედავდა. აი, ამ დროდან მოლოდინი უკვე მქონდა, რომ გააუქმებდნენ საბჭოს, რადგან ამის შემდეგ აირჩიეს და თავმჯდომარეც გახდა.
ჩემი ვარაუდი ისაა, რომ 2024 წლის არჩევნების შემდეგ საერთოდ გააუქმებენ (ტელევიზიას). ყურადღებას მრჩევლები რაც შეგვიძლია ვაქცევთ და მაინც რა დღეშია ტელევიზია. მომკითხავი რომ აღარ ეყოლება, უფლებამოსილი და პასუხისმგებელი პირი, რა მდგომარეობაში აღმოჩნდება, ხომ წარმოგიდგენიათ?“
პრაქტიკულად აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი აღარ იქნება. რაც არის, ისიც კრიტიკას ვერ უძლებს ხშირ შემთხვევაში, მაგრამ კიდევ უფრო მეტი უნდათ.გიორგი კირთაძე
გია ქარცივაძე აჭარის ტელევიზიისა და რადიოს, როგორც მედიაორგანიზაციის, ფუნქციის შესუსტებას მოელის. მისი პროგნოზით, ის იქნება საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის ერთ-ერთი არხი, შემეცნებითი გასართობი მიმართულებებით, სადაც აღარ იქნება საინფორმაციო და ანალიტიკური გადაცემები.
აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს წევრი, რეგიონული მაუწყებლის ინსტიტუციური შესუსტების მცდელობაში თავად ამ მედიაორგანიზაციას ადანაშაულებს.
მისი მოსაზრებით, თავად მრჩეველთა საბჭო არ იყო ისეთი აქტიური, როგორც მათი წინამორბედი მრჩევლები იყვნენ, „დღეს კი აჭარის ტელევიზია ადგილობრივი მთავრობის პრესსამსახურის დანამატად აღიქმება. კითხვებს აღარავინ სვამს.
იმდენად მძიმე მდგომარეობაა მაუწყებელში, ჩვეულებრივ პიარსამსახურად გადაიქცა. სახელმწიფო უწყების პრესსამსახური თუ დებს ინფორმაციას, ჩვენც ის გადმოგვაქვს და ამას ვაშუქებთ“, - თუმცა, ქარცივაძის თქმითვე, რეგიონული მაუწყებლის მრჩეველთა საბჭო მაინც ასრულებს შემაკავებელ ფუნქციას - „ის, რომ ტელეკომპანია "იმედის" რომელიმე ექსპერტის ფეისბუკსტატუსები პირდაპირ არ იდება მაუწყებლის საიტზე, ეს არის ჩემი და ჩემი კოლეგების დამსახურება“.
რადიო თავისუფლება აჭარის საკანონმდებლო ორგანოს, უმაღლესი საბჭოს წევრებს დაუკავშირდა. სწორედ დეპუტატების წინაშეა ანგარიშვალდებული აჭარის რეგიონული მაუწყებლის მრჩეველთა საბჭო.
„ქართული ოცნების“ წევრ დეპუტატებს ტელეფონები 30 ივნისს გამორთული ჰქონდათ. უმაღლესი საბჭოს პრესსამსახურში კი გვითხრეს, რომ უმრავლესობიდან კომენტარი ამ თემაზე არ გაკეთდება.
რაც შეეხება ოპოზიციას, უმაღლესი საბჭოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გიორგი კირთაძე ამბობს, რომ საქართველოს პარლამენტის ამ გადაწყვეტილების შესახებ რეგიონში „ქართული ოცნების“ წევრმა დეპუტატებმაც კი არ იცოდნენ. მისივე მოსაზრებით, ამ საკანონმდებლო ცვლილებით, რეგიონული ტელევიზიის კიდევ უფრო დამორჩილებას ცდილობენ:
„ვიღაცეებმა თბილისში გადაწყვიტეს, რომ რა ცალკე საზოგადოებრივი მაუწყებელი აჭარას თავისი ბორდით? ვის აირჩევენ ადგილობრივი წარმომადგენლები ტელევიზიის დირექტორად, თეორიულადაც არ უნდა შეიქმნას პრობლემა. პრაქტიკულად აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი აღარ იქნება. რაც არის, ისიც კრიტიკას ვერ უძლებს ხშირ შემთხვევაში, მაგრამ კიდევ უფრო მეტი უნდათ“, - ამბობს გიორგი კირთაძე.