„ქართული ოცნების“ მიერ ხელახლა ინიციირებული კანონპროექტით, „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად“ რეგისტრაცია მოუწევთ იმ არასამთავრობო და მედიაორგანიზაციებს, რომლებიც უცხოეთიდან გრანტებს იღებენ.
მათ მსგავსად საერთაშორისო ორგანიზაციებისგან გრანტს სახელმწიფოც იღებს, თუმცა ეს „უცხოური ძალის ინტერესების გატარებად“ არ მიიჩნევა და კანონპროექტი მხოლოდ არასამთავრობო და მედიაორგანიზაციებზე ვრცელდება.
უფრო კონკრეტულად, „აგენტების კანონი“ შეეხება იმ არასამეწარმეო იურიდიულ პირებსა და მედიაორგანიზაციებს, რომელთა შემოსავლის 20%-ზე მეტი უცხოეთიდანაა. თუ ყოველი წლის იანვარში ისინი წინა წლის შემოსავლებისა და ხარჯების შესახებ ინფორმაციას იუსტიციის სამინისტროში არ წარადგენენ, დაჯარიმდებიან. საკმაოდ დიდი თანხით - 25 ათასი ლარით.
ასევე ნახეთ რის ჩაწერას მოითხოვს „ოცნება“ „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციებისგან“ დეკლარაციაში? დეტალებიარადა, 2024 წლის დამტკიცებული ბიუჯეტით, ქვეყანა საერთაშორისო ორგანიზაციებისგან და დონორებისგან თითქმის 130 მილიონი ლარის გრანტს მიიღებს.
ბოლო სამ წელიწადში მთავრობამ უცხოეთიდან ნახევარ მილიარდ ლარზე მეტი მიიღო [2024 წლის ჩათვლით]. ამ ფულით, მაგალითად, გაიმართება ხაშურის და მიმდებარე დასახლებების წყალმომარაგება; ქვეყნის მთიან რეგიონებში საჯარო სკოლები აღდგება; იმერეთისა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტებში გაუმჯობესდება კომუნალური ინფრასტრუქტურა.
შეღავათიანი სესხებისგან განსხვავებით გრანტები ნაჩუქარია, მას სახელმწიფო უკან არ აბრუნებს.
განვითარებადი საქართველო საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებისგან შეღავათიან სესხებსაც იღებს, 2024 წლისთვის მთავრობა 1,83 მილიარდი ლარის სესხს აიღებს. „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ ანალიტიკოსის ბესო ნამჩავაძის თქმით, მათი პროცენტიც იმდენად მცირეა, რომ ფაქტობრივად „უპროცენტო ფულია“.
„თუ საქართველოში რამე მსხვილი პროექტი კეთდება, ვგულისხმობ ინფრასტრუქტურას - ავტობანებს და დიდ საგზაო პროექტებს, ეს ყველაფერი უცხოური დაფინანსებით ხდება. მაგალითად, ავტობანის ასაშენებლად ფულს გაძლევს, რომლის საპროცენტო განაკვეთიც 1%-ია და 15-20 წლის შემდეგ უნდა დაუბრუნო, არ ვიცი, აქ როგორ შეიძლება იყოს სხვა ქვეყნის მტრული ინტერესი. თბილისიდან ქუთაისში ან ბათუმში ჩახვალ უფრო სწრაფად. ამას ჩვენი ძალებით 20-30 წელი ვერ ვიზამდით. გარდა ამისა, სხვადასხვა ქალაქში თუ კომუნალური სისტემები აღდგა, წყლის მიწოდება იქნება თუ სოფლის მეურნეობაში საირიგაციო სისტემების განვითარება, ესეც გრანტებით კეთდება. შენდება დევნილების სახლები…“, - გვეუბნება ნამჩავაძე.
- უცხო სახელმწიფოს ხელისუფლების სისტემის შემადგენელი სუბიექტი;
- ფიზიკური პირი, რომელიც არ არის საქართველოს მოქალაქე;
- იურიდიული პირი, რომელიც არ არის დაფუძნებული საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე;
- ისეთი ორგანიზაციული წარმონაქმნი [მათ შორის, ფონდი, ასოციაცია, კორპორაცია, კავშირი, სხვა სახის ორგანიზაცია] ან სხვა სახის გაერთიანება, რომელიც დაფუძნებულია უცხო სახელმწიფოს სამართლის ან საერთაშორისო სამართლის საფუძველზე.
ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი ამბობს, რომ სახელმწიფოს უცხოური ფულის ხარჯვის გამჭვირვალობის პრობლემა არ აქვს, განსხვავებით „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი“ არასამთავრობო სექტორისგან:
„ბიუჯეტთან მიმართებით ასეთი რისკები არ არსებობს. გრანტი იქნება თუ ნებისმიერი თანხა, ბიუჯეტთან მიმართებით, რაც გაიცემა, საჯაროა. ყველა ხელშეკრულება ხელმისაწვდომია… და, შესაბამისად, სახელმწიფოსთან მიმართებით გამჭვირვალობის კუთხით ვერანაირი კითხვა ვერ იქნება“.
არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობაზე სახელმწიფოს ისედაც აქვს ინფორმაციას. ყოველი თვის და ყოველი კალენდარული წლის ბოლოს ორგანიზაციები ავსებენ დეკლარაციებს შემოსავლების სამსახურში, სადაც აღწერენ, რამდენი ადამიანი მუშაობს მათთან, რამდენია მათთვის გადახდილი ხელფასი, რა ქონებას ფლობს ორგანიზაცია, რამდენს იხდის საპენსიო ფონდში და სხვა.
ერთი სიტყვით, საქართველოში არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც დასავლურ ფონდებთან თანამშრომლობს და ლეგალურად მოქმედებს, ვერცერთ თეთრს ისე ვერ იღებს დონორისგან და ვერ ხარჯავს ისე, რომ სახელმწიფომ ეს ტრანზაქცია არ დაინახოს.
კანონპროექტის მიღების შემთხვევაში, TI-ის ანალიტიკოსის შეფასებით, ეკონომიკური კუთხით ყველაზე მეტად ქვეყნის საინვესტიციო გარემო იზარალებს.
უცხოური ინვესტიციები ეკონომიკისთვის რამდენიმე კუთხით არის მნიშვნელოვანი: იქმნება ახალი სამუშაო ადგილები; ქვეყანაში ცოდნა და ტექნოლოგიები შემოდის და, რაც მთავარია, უცხოური ვალუტის ერთ-ერთი მთავარი წყაროა, რაც ლარის კურსის სტაბილურობისთვის მნიშვნელოვანია. პირდაპირი უცხოური ინვესტიციების კუთხით შარშანაც არ იყო წარმატებული წელი, ქვეყანაში ინვესტიციები 24%-ით, 1,6 მილიად დოლარამდე შემცირდა.
„ეს კანონი ევროინტეგრაციის პროცესს აჩერებს, არადა, ევროპისკენ სვლა იყო ჩვენი ეკონომიკური განვითარებისთვის მნიშვნელოვანი ასპექტი. სულ სხვა ქვეყანა ყალიბდებოდა და სულ სხვანაირი მოლოდინი იყო ბიზნესში და ინვესტორებში. მაგრამ თუ საქართველო უკან დაიწყებს სვლას, ასევე ძალიან დიდი საფრთხეა სანქცირების, უცხოელი კი არა, ქართველი ბიზნესმენიც გაიტანს ფულს. ყველაზე დიდი გავლენა ამ მიმართულებით იქნება ის, რომ ქვეყანაში ინვესტიციების შემოსვლა შეფერხდება და შეიძლება გადინებასაც შეუწყოს ხელი“, - ამბობს ნამჩავაძე.
სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების [ISFED] აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე ლევან ნატროშვილი ფიქრობს, რომ დონორებმა შესაძლოა შეამცირონ ან საერთოდ შეწყვიტონ საქართველოში სხვადასხვა ორგანიზაციის დაფინანსება მას შემდეგ, რაც ხელისუფლება მათ „უცხოურ ძალას“ დაარქმევს. ეს კი, ნატროშვილის თქმით, ათასობით ადამიანს შეეხება, მათ, ვინც დღეს, მაგალითად, უფასო იურიდიულ დახმარებას იღებს ან შშმ პირთა დახმარების პროგრამებშია ჩართული; აკვირდება არჩევნებს.
„რეალურად ამ კანონით უცხოურ ძალად მოიხსენიებენ იმ ქვეყნებს, რომლებიც ჩვენი პარტნიორები არიან და საქართველოს დიდი ხნის განმავლობაში ეხმარებიან გრანტით თუ შეღავათიანი სესხით. ამ თანხების დიდი ნაწილი სწორედ სახელმწიფო უწყებებზე მოდის. ეს უკიდურესად მტრულ ნაბიჯად შეიძლება იქნეს აღქმული ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან, ამხელა დახმარებას უწევენ ქვეყანას და ამ კანონით ისინი “უცხო ძალად” იქნებიან მიჩნეულნი. იარლიყი მიეკვრებათ, რომ საქართველოსთვის უცხონი და მტრები არიან. როგორ შეიძლება, მთავრობის მიერ იგივე წყაროებიდან აღებული თანხა კარგი იყოს, ხოლო სხვა სუბიექტების მიერ - ცუდი“, - ამბობს ნატროშვილი.