ახალ სპიკერს უამრავი საკითხი ექნება სასწრაფოდ გადასაჭრელი, მათ შორის 17 ნოემბერს მთავრობის მუშაობის შესაძლო შეჩერება („შათდაუნი“), თუმცა მთავარმა ყურადღებამ გადაინაცვლა იმისაკენ, თუ როგორ მიუდგება ჯონსონი დახმარების 106-მილიარდდოლარიან პაკეტს, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა კონგრესს გაუგზავნა დასამტკიცებლად. აქ შედის უკრაინისათვის გამოყოფილი 60-მილიარდიანი დახმარება, 14 მილიარდი ისრაელისათვის და აშშ-ისა და მექსიკის საზღვრის გამაგრება.
სპიკერად არჩევამდე ჯონსონმა ხმა უკრაინის დახმარების წინააღმდეგ მისცა. ის და რამდენიმე სხვა რესპუბლიკელი კონგრესმენი მიიჩნევენ, რომ ეს ფული საშინაო საკითხებს უნდა მოხმარდეს და ამერიკა ნაკლებად უნდა ჩაერიოს ოკეანის გადაღმა მიმდინარე კონფლიქტებში.
ასევე ნახეთ წარმომადგენელთა პალატის სპიკერს სურს უკრაინა-ისრაელის დახმარება ერთმანეთისგან გამიჯნოს„ისრაელი ცალკე საკითხია. ჩვენ ისრაელის 14 მილიარდი დოლარით დაფინანსებას ცალკე განვიხილავთ“, - თქვა მან ინტერვიუში.
„ვერ დავუშვებთ, რომ ვლადიმირ პუტინმა გაიმარჯვოს უკრაინაში, რადგან არ მჯერა, რომ ის იქ გაჩერდება“, - აღნიშნა ჯონსონმა, მაგრამ დასძინა, რომ დახმარებასთან დაკავშირებით მეტი მსჯელობაა საჭირო. „გვინდა ვიცოდეთ, თუ რა არის მიზანი, რა არის საბოლოო წერტილი უკრაინაში“, - თქვა მან. ბაიდენმა არაერთხელ განაცხადა, რომ ამერიკა უკრაინას დაეხმარება „მანამ, სანამ ეს საჭირო იქნება“, მაგრამ ორივე პარტიის წარმომადგენლებს განუცხადებიათ, რომ მეტი დეტალების ცოდნა სურთ დახმარების შესახებ.
მოახდენს თუ არა გავლენას ჯონსონის სპიკერობა ამერიკის მიერ უკრაინის დახმარებაზე, რომელიც კიევისათვის სასიცოცხლოდ აუცილებელია რუსეთთან ბრძოლის საქმეში?
ექსპერტები რადიო თავისუფლებასთან საუბარში აღნიშნავენ, რომ წინ ბევრი დებატი გველის, მაგრამ კონგრესში კიევს ძლიერი ორპარტიული მხარდაჭერა აქვს.
„ჯონსონის სპიკერობის დროს უკრაინის დახმარება განწირული არ არის, თუმცა შეიძლება, რომ 60-მილიარდდოლარიან პაკეტთან დაკავშირებით კენჭისყრა გართულდეს“, - უთხრა რადიო თავისუფლებას ვაშინგტონში ბაზირებული „ატლანტიკური საბჭოს ევრაზიული ცენტრის“ წარმომადგენელმა ენდრიუ დ’ანიერიმ.
აი, რა ვიცით ჯერჯერობით ვითარების შესახებ.
ვინ არის მაიკ ჯონსონი და რა პოზიცია უჭირავს უკრაინასთან დაკავშირებით?
25 ოქტომბერს, სპიკერად არჩევის შემდეგ ჯონსონმა თავი შეიკავა უკრაინასთან დაკავშირებით პოზიციის გამოხატვისგან. რუსეთის მიერ წამოწყებული ომი მას საერთოდ არ უხსენებია და საერთაშორისო საკითხებთან დაკავშირებით მხოლოდ ის თქვა, „ისრაელის გვერდით ვდგავართო“. როდესაც ჟურნალისტმა შეკითხვა დაუსვა უკრაინის დახმარების პაკეტის შესახებ, მან მხოლოდ ის უპასუხა, პოლიტიკაზე ლაპარაკს ახლა არ ვაპირებო, სხვა რესპუბლიკელმა კონგრესმენმა კი ჟურნალისტს ხმამაღლა მიმართა, „წადი აქედანო“.
მანამდე ჯონსონს - პროფესიით ადვოკატს, რომელმაც მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ექსპრეზიდენტ დონალდ ტრამპის მცდელობაში, შეეცვალა 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგი - არაერთგვაროვანი პოზიცია დაუფიქსირებია რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წამოწყებულ სრულმასშტაბიან ომთან დაკავშირებით.
2022 წლის 24 თებერვალს მან კიევს ცალსახად მხარი დაუჭირა და განაცხადა, რომ მოსკოვის ომი „მთელი დასავლეთის წინააღმდეგ წარმოადგენდა საფრთხეს ეროვნული უსაფრთხოების კუთხით“.
მან მოსკოვის წინააღმდეგ მკაცრი სანქციების დაწესება მოითხოვა და თქვა - „ამერიკა უკრაინელი ხალხისათვის ლოცულობსო“. 2022 წლის აპრილში მან მხარი დაუჭირა კანონს, რომლითაც გამარტივდებოდა ამერიკის მიერ უკრაინისათვის იარაღის მიწოდება.
თუმცა, 2022 წლის მაისსა და დეკემბერში და 2023 წლის სექტემბერში ჯონსონმა უკრაინისათვის დახმარების გამოყოფის წინააღმდეგ მისცა ხმა და თქვა, რომ მეტი გამჭვირვალობა იყო საჭირო და, რომ უკრაინას პასუხი უნდა გაეცა კორუფციის ბრალდებებთან დაკავშირებით. მისი განცხადება მსგავსი იყო რამდენიმე სხვა რესპუბლიკელის, მათ შორის მაშინდელი სპიკერის, კევინ მაკარტის განცხადებებისა, რომ კიევისთვის კარტ-ბლანში არ უნდა გადაეცათ.
„უნდა ვიცოდეთ, ბოლომდე ღია და გამჭვირვალეა თუ არა უკრაინის მთავრობა გადასახადის გადამხდელების მასიური თანხების გამოყენებასთან დაკავშირებით“, - თქვა მან 2023 წლის თებერვალში.
ამ ყველაფერმა კი შეკითხვები გააჩინა, თუ რას უნდა ელოდეს უკრაინა კონგრესმენი რესპუბლიკელებისაგან.
რა პასუხი გასცა უკრაინამ?
კიევი ცდილობს, რომ არ ჩაერთოს კაპიტოლიუმში მიმდინარე პოლიტიკურ თამაშებში. უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს ხელმძღვანელმა, ოლექსი დანილოვმა ჯონსონს სპიკერად არჩევა მიულოცა და განაცხადა: „სრულიად დარწმუნებული ვარ, რომ თანამშრომლობა გაგრძელდება, დახმარება გაგრძელდება“.
მან ასევე თქვა, აშშ-ის სპიკერს სურს, შეამოწმოს, თუ როგორ იხარჯება დახმარება და ეს „სრულიად ბუნებრივია. ჩვენ სიხარულით გადავცემთ ყველა ინფორმაციას დახმარების შესახებ, არაფერი გვაქვს დასამალი“.
დ’ანიერი ამბობს, რომ ჯონსონის მიერ წარსულში მიცემული ხმებით ვერ ვიმსჯელებთ, თუ რა პოზიციას დაიჭერს ის სპიკერობისას. ის აღნიშნავს, რომ წარსულში დახმარებას ძლიერი ორპარტიული მხარდაჭერა ჰქონდა და ჯონსონის ხმას დიდი მნიშვნელობა არ ენიჭებოდა.
„სპიკერად არჩევის შემდეგ ჯონსონმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ მზად არის დახმარებას მხარი დაუჭიროს გარკვეული პირობებით „ანგარიშვალდებულებისა და მკაფიო მიზნების კუთხით. ეს კი შეიძლება სულაც არ აღმოჩნდეს უკრაინისათვის ცუდი“, - თქვა მან.
მიიღებს თუ არა უკრაინა დახმარებას?
თეთრმა სახლმა უკრაინის დახმარება მიაბა რესპუბლიკელებისათვის მნიშვნელოვან საკითხებს - ისრაელის მხარდასაჭერ პაკეტს და საზღვრის უსაფრთხოებას, რათა გაეზარდა ამ კანონის მხარდაჭერის შანსები.
25 ოქტომბერს ბაიდენმა ჯონსონს სპიკერობა მიულოცა და თქვა: „დროა ყველა პასუხისმგებლობით მოვიქცეთ“ და მივიღოთ ზომები, რომ „შათდაუნი“ თავიდან ავირიდოთ და უკრაინასა და ისრაელს დავეხმაროთო.
ასევე ნახეთ ისრაელისა და "ჰამასის" ომი - რა გამოწვევის წინაშეა უკრაინა?მაიკ ჯონსონმა მიანიშნა, რომ სურს უკრაინისა და ისრაელის დახმარების საკითხების განცალკევება, მაგრამ ეს შეიძლება არ აწყობდეთ სხვა რესპუბლიკელებს.
„კონგრესში რესპუბლიკელებს აზრთა სხვადასხვაობა აქვთ, მაგრამ სენატში რესპუბლიკელები დიდწილად ემხრობიან უკრაინის მხარდაჭერას“, - უთხრა რადიო თავისუფლებას ჯონ დენიმ, აშშ-ის არმიის ომის კოლეჯის პროფესორმა. „სენატში ესმით, რომ უკრაინა მნიშვნელოვნად ასუსტებს აშშ-ის ორი მთავარი მეტოქიდან ერთ-ერთის ჯარებს“.
დენის აზრით, უკრაინის დახმარების სურვილი ძლიერია ორივე პალატის წარმომადგენელ დემოკრატებში, ამიტომ კიევის დახმარებას სხვა საკითხებთან ერთად წარადგენენ.
თუმცა, ნოემბერში „შათდაუნის“ შანსიც მაღალია და ამიტომ მომავლის განჭვრეტა ახლა რთულია. ანალიტიკოსების აზრით, წინ არაერთი პოლიტიკური ბრძოლა გველის.
დ’ანიერი ვარაუდობს, რომ ჯონსონი სპიკერობას ვერ მოიპოვებდა, ზომიერი რესპუბლიკელების გულიც რომ არ მოეგო, რომლებიც უკრაინის დახმარებას მხარს უჭერენ. „ულტრაკონსერვატიულ ჯონსონს წარმომადგენელთა პალატაში ყველა რესპუბლიკელმა დაუჭირა მხარი, რაც გვაძლევს საშუალებას ვივარაუდოთ, რომ მათ რაღაც ტიპის გარანტიები მიიღეს“, - ამბობს ის.
დ’ანიერიმ დასძინა, რომ უკრაინასა და ისრაელს ორივე პარტიაში ჰყავთ ძლიერი მხარდამჭერები. „ჯონსონზე დიდი ზეწოლა იქნება თანაპარტიელებისგან, სენატის რესპუბლიკელებისგან და თეთრი სახლისგან, რომ უკრაინისა და ისრაელის მხარდაჭერა ერთად მოხდეს. მას ძალიან გაუჭირდება, რომ ამას წინ აღუდგეს“.