რა ბედი ეწია შამანს, რომელიც პუტინს ემუქრებოდა კრემლიდან განდევნით

ალექსანდრ გაბიშევი, შამანი

2019 წლის გაზაფხულზე, ალექსანდრ გაბიშევი, რომელიც საკუთარ თავს „მეომარ შამანს“ უწოდებს, ფეხით გაემგზავრა იაკუტსკიდან მოსკოვისკენ ღიად გაცხადებული მიზნით - ჩაეტარებინა კრემლიდან ვლადიმირ პუტინის განდევნის რიტუალი.

გზადაგზა გაბიშევი იკრებდა თანამოაზრეებს, მართავდა ხალხმრავალ მიტინგებს, თუმცა შამანს მოსკოვში ჩასვლა არ დასცალდა: გაბიშევი დააკავეს 2019 წლის 19 სექტემბერს ბურიატიისა და ირკუტსკის ოლქების საზღვარზე, აღიძრა სისხლის სამართლის საქმე ექსტრემიზმის მოწოდების ბრალდებით, თუმცა, საბოლოოდ, 2021 წლის ოქტომბერში, სასამართლოს გადაწყვეტილებით გაბიშევს მიესაჯა იძულებითი მკურნალობა სპეციალური ტიპის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში.

ადამიანის უფლებათა ცენტრმა „მემორიალმა“ გაბიშევი პოლიტპატიმრების სიაში შეიყვანა, ხოლო Amnesty International-მა ის სინდისის პატიმრად აღიარა. მიუხედავად მისი უფლებების დაცვის საერთაშორისო კამპანიისა, შამანი დღემდე ფსიქიატრიულ საავადმყოფოში რჩება.

1968 წელს დაბადებული ალექსანდრ გაბიშევი 6 თვის განმავლობაში მიუყვებოდა მოსკოვისკენ მიმავალ ფედერალურ ტრასას, რათა, 8 ათასი კილომეტრის გავლის შემდეგ, კოცონი დაენთო წითელ მოედანზე და შამანური რიტუალით კრემლიდან განედევნა დემონი ვლადიმირ პუტინის სახით. იაკუტების ტრადიციების მიხედვით, შამანს ცეცხლი კუმისითა და ცხენის ძუით უნდა გამოეკვება, შემდეგ კი, როგორც გაბიშევი ამბობდა, დაფის ცემითა და ლოცვებით მოიყვანდა პუტინსქ გონზე და მშვიდობიანად გადადგომას აიძულებდა.

სწორედ ალექსანდრ გაბიშევს ეძღვნება დოკუმენტური ფილმი "შამანის ზღაპარი", რომლის ავტორები არიან საფრანგეთში მცხოვრები რეჟისორ-დოკუმენტალისტი ბეატა ბაშკიროვა (ბუბენეც) და მისი მეუღლე, დრამატურგი მიხაილ ბაშკიროვი. ბეატა ბაშკიროვა ალექსანდრ გაბიშევს თან ახლდა მის ლაშქრობაში, ხოლო მიხაილ ბაშკიროვმა მასზე დაწერა პიესა, რომლის მიხედვითაც მოსკოვის „თეატრ.doc“-ში დადგმული სპექტაკლების ჩვენება პუტინისტებმა ჩაშალეს.

რუსეთში აკრძალული ფილმის "შამანის ზღაპრის" პრემიერა ახლახან გაიმართა პრაღაში კინოფესტივალ "ერთიან მსოფლიოზე". ფილმიდან მაყურებელმა შეიტყო არა მხოლოდ უკვე ლეგენდად ქცეული მსვლელობის დეტალები, არამედ ისიც, თუ რა ბედი ეწია პუტინის კრემლიდან განდევნის იდეით შეპყრობილ ადამიანს, რომელსაც ფილმის ავტორები თან ახლდნენ მოსკოვისკენ მსვლელობაში.

"შამანის შესახებ პირველად 2019 წლის მარტში შევიტყვე, როდესაც გაბიშევს ახალი დაწყებული ჰქონდა თავისი ლაშქრობა, - უთხრა ბეატა ბაშკიროვამ რადიო თავისუფლების რუსული სამსახურის თანამშრომელს დმიტრი ვოლჩეკს, - ის ჯერ კიდევ არ იყო ცნობილი მთელ რუსეთში, მაგრამ უკვე მოპოვებული ჰქონდა პოპულარობა იაკუტიასა და ამურის რეგიონში. თავდაპირველად სახელი მოიხვეჭა შორ დისტანციებზე მოძრავი სატვირთო მანქანების მძღოლების წყალობით: ისინი იღებდნენ ვიდეოებს და აგზავნიდნენ თავიანთ ქსელში, შემდეგ YouTube-ზეც დებდნენ. როდესაც გაზაფხულზე იაკუტიაში გავემგზავრე ფილმის იდეის მოსაძებნად, ჩემმა მეგობრებმა დაიწყეს შამანის ვიდეოს გამოგზავნა, იქნებ ფილმის გმირად გამოგადგესო. მაგრამ მისი გადაღება მხოლოდ ივნისში გადავწყვიტე. გვინდოდა გადაგვეღო road movie (ე.წ. საგზაო ფილმი) შამანზე, ორი წელი რუსეთის გზებზე შამანთან ერთად. მშვენიერი იდეა იყო, რომელიც, სამწუხაროდ, არ განხორციელდა, რადგან საბოლოოდ გამოვიდა ფილმი პოლიტიკურ რეპრესიებზე. ბოლო წლებში თითქმის ყველა რუსული ფილმი ამაზეა“.

დოკუმენტური ფილმის, "შამანის ზღაპრის" პოსტერი

როგორც რეჟისორი ამბობს. შამანი დაუმეგობრდა გადამღებ ჯგუფს და დიდადაც მიესალმებოდა გადაღებებს, რადგან სურდა რაც შეიძლება ბევრ ადამიანს ელაპარაკა მასზე, რათა მისი იდეები მეტად გავრცელებულიყო მასებში. ამიტომაც იყო, რომ მას თან ახლდა არაერთი ჟურნალისტი და ვიდეობლოგერი, მთლიანობაში ალექსანდრ გაბიშევის გარემოცვა უკიდურესად ჭრელი იყო.

„ყველას, ვინც მის გარემცვაში რჩებოდა, ზღაპრულ მეტსახელებს აძლევდა. „ყოროანი“ და „ანგელოზი“ - ასეთი იყო მისი პირველი ორი თანამგზავრისთვის მინიჭებული მეტსახელები. ერთი იყო ახალი სამყაროს (შამანი სამყაროს ახალ და ძველ სამყაროებად ყოფდა) კეთილი, კაშკაშა ადამიანი, მეორე კი - ძველი სამყაროს ბნელი კაცი, ნაციხარი და გზაარეული, რომელსაც სულ კონფლიქტი ჰქონდა შამანის რაზმის სხვა წევრებთან. შამანი ხშირად მეუბნებოდა, დიახ, ჩემთან ერთად ძალიან განსხვავებული ხალხი დადის, მაგრამ სწორედ ასეთია რუსეთი და ისინიც ასეთებად უნდა მივიღოთო. მათზე ბევრად ბოროტი ხალხი არსებობსო“, - ამბობს ბეატა ბაშკიროვა.

ალექსანდრ გაბიშევი

ფილმის ერთ-ერთ ეპიზოდში გაბიშევი ცდილობს აუხსნას იაპონელ ჟურნალისტს, როგორ გახდა შამანი. რატომ გადაწყვიტა მან მოსკოვში ლაშქრობა და პუტინის დემონის განდევნა. როგორც ირკვევა, „მეომარი შამანი“ სწავლობდა უნივერსიტეტში, მსახურობდა ჯარში და მერეც ჩვეულებრივი ცხოვრება ჰქონდა. მოგვიანებით იქორწინა, მაგრამ ცოლი ავად გაუხდა და გარდაეცვალა, რამაც მკვეთრად შეცვალა მისი ყოფა. გარკვეული დროის განმავლობაში ტყეში, სრულ მარტოობაში ცხოვრობდა. იცოდა ვინ იყო პუტინი, მაგრამ არ აინტერესებდა პოლიტიკა. როგორც გაბიშევი ამბობს ფილმში, რაღაც მომენტში გაიგონა ღმერთის ხმა, რომელმაც უთხრა, რომ პუტინი დემონია, უნდა წახვიდე და კრემლიდან განდევნო იგიო.

„ეს მოხდა არა 2019 წელს, როდესაც მოსკოვისკენ მსვლელობა დაიწყო, არამედ ბევრად უფრო ადრე. ფარულად ემზადებოდა ისე, რომ არავისთვის უთქვამს, თუ რა მისია ჰქონდა. საბრძოლო ხელოვნებითაც იყო გატაცებული, ოღონდ სულიერების კუთხით“, - გვეუბნება ფილმი.

საკმაოდ დიდხანს იარა დაუბრკოლებლად, ხელისუფლებამ უცბად ვერ გააცნობიერა პრობლემის მასშტაბი, სერიოზულად არ მიიღო იგი.

ბეატა ბაშკიროვა, ფილმის რეჟისორი

„მსვლელობის დაწყებიდან ორიოდე თვეში მის ჯგუფში უკვე 30 კაცამდე იყო. რაზმი ძალიან სწრაფად, დღითი დღე იზრდებოდა. არსებობს ორი ვარიანტი იმისა, თუ რატომ არ მისცეს მოსკოვამდე ჩასვლის საშუალება. პირველი: პოლიტიკური საფრთხე, რომელიც მომდინარეობდა უკმაყოფილო ადამიანების მზარდი მსვლელობიდან. და მეორე, მისტიკური მიზეზი: არსებობს ვერსია, რომ ხელისუფლებას შეეშინდა მისი მისტიკური ძალის. რაც უფრო უახლოვდებოდა მოსკოვს, მით უფრო ცუდად მისდიოდა საქმეები პუტინს, მით უფრო ხშირად იმართებოდა საპროტესტო გამოსვლები. დაახლოებით ამავე დროს დაიწყო საპროტესტო აქციები ბელარუსში. თუ ჭორებს დავუჯერებთ, პუტინის ჯანმრთელობის მდგომარეობაც კი გაუარესდა. ალბათ, ამიტომაა, რომ შამანი გადაასახლეს მოსკოვიდან ყველაზე შორეულ წერტილში, იაკუტსკში კი არა, კიდევ უფრო შორს. ერთი სიტყვით, მოსკოვთან მისი მიახლოების მომენტი დაკავშირებულია რუსეთის ხელისუფლების საქმეების უკიდურეს გაუარესებასთან“, - უთხრა რადიო თავისუფლებას ბეატა ბაშკიროვამ.

როგორც რუსული მედია წერს, კრემლში ბევრი ცრურწმენისა სჯერათ. ფილმში შამანის ადვოკატი პრიშნიკოვიც ამბობს, რომ ხელისუფლებას ეშინოდა შამანის მისტიკური ძალის. ცხადია, საქმეში (შესაბამისად, ფილმშიც) მსგავსი არაფერია, თუმცა ამასთან დაკავშირებით რუსულ საზოგადოებაში უამრავი მითია გავრცელებული: ცნობილია, რომ პუტინის ერთ-ერთი უახლოესი თანამოაზრე, თავდაცვის მინისტრი, სერგეი შოიგუ ტუველია და, შესაბამისად, შამანიზმის მიმდევრად მიიჩნევა. რუსული პრესა ამბობს, რომ შოიგუ და პუტინი ერთად მონაწილეობენ რაღაც რიტუალებში, თუმცა ამასთან დაკავშირებით სანდო ფაქტები არ არსებობს.

როგორც შამან გაბიშევის გარემოცვის წევრები ამბობენ, მათ ჰქონდათ განცდა, რომ გაბიშევი მართლა ფლობდა რაღაც ზებუნებრივ ძალებს. ამის შესახებ ლაპარაკობს გაბიშევზე გადაღებული დოკუმენტური ფილმის ავტორი:

„2020 წლის დადგომასთან ერთად შამანი ხშირად იმეორებდა, დადგა ახალი დროება, ყველაფერი სხვაგვარად იქნება, წელს შეიცვლება პლანეტაზე მცხოვრები ყველა ადამიანის მსოფლმხედველობაო. და მართლაც, 2020 წელს მოხდა პანდემია, კაცობრიობა მართლაც გადავიდა სხვა რეალობაში. მისი სიტყვები წინასწარმეტყველური გამოდგა“.

ისტორიული წყაროებიდან და თანამედროვეთა მოგონებებიდან ცნობილია, რომ გრიგორი რასპუტინს ჰქონდა წარმოუდგენელი მაგნეტიზმი. ბევრ სხვა წინასწარმეტყველსა და ჯადოქარზეც იმავეს ამბობენ. „გაბიშევთან ურთიერთობა თუ ტოვებდა ამგვარ შთაბეჭდილებას?“ - ამ კითხვის პასუხად ბეატა ბაშკიროვა ამბობს:

ალექსანდრ გაბიშევი (შამანი) მოსკოვისკენ მსვლელობისას

„ის ძალიან კეთილი და გულღიაა, მის გარემოცვაში ნამდვილად იყვნენ ადამიანები, რომლებსაც სჯეროდათ მისი მისტიკური ძალისა. ამ თვალსაზრისით საკმაოდ სკეპტიკურად განწყობილი ადამიანი ვარ, მაგრამ მაინც აღვნიშნავ, რომ მისგან სიკეთის ენერგია მოდიოდა. მოსკოვის საზოგადოებაც და ოპოზიციურად განწყობილი ლიბერალური ინტელიგენციაც თანაუგრძნობდა მას, თუმცა გარკვეული ირონიითაც ეპყრობოდა. მაგრამ თუ ვსაუბრობთ არა მოსკოვზე, არამედ დანარჩენ რუსეთზე, მრჩებოდა შთაბეჭდილება, რომ ხალხს სწორედაც რომ სჯეროდა მისი მისტიკური ძალის“.

ალექსანდრ გაბიშევი დაიჭირეს 2019 წლის 19 სექტემბერს გამთენიისას. პირველ დღეებში არავინ იცოდა სად იყო, ერთმანეთის გამომრიცხავი ცნობები გავრცელდა. მერე გაირკვა, რომ იაკუტსკში გადაუყვანიათ. მალევე გადაწყვიტეს მისი სრული იზოლაცია, რადგან გაზაფხულის დადგომასთან ერთად კვლავ აპირებდა მოსკოვისკენ ლაშქრობის განახლებას. შესაძლოა მისი იზოლირების მიზეზი ასევე ყოფილიყო New York Times-ში გამოქვეყნებული სტატია და დასავლური მედიის მზარდი ინტერესი პუტინის განმდევნის მოსურნე შამანის მიმართ.

ასევე ნახეთ რატომ ეშინია პუტინს იაკუტელი შამანის?

ფილმის ავტორები, რომლებმაც რუსეთი 2022 წლის მარტის ბოლოს დატოვეს, ამბობენ, რომ შამანს ჰქონდა წინასწარმეტყველება, რომ პუტინამდე 2021 წელს მიაღწევდა, რადგან, წინააღმდეგ შემთხვევაში, მოხდებოდა კატასტროფა არა მხოლოდ რუსეთისთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის.

ფილმის ძირითადი გადაღებები 2020 წლის დასაწყისში დასრულდა, თუმცა ავტორები ხვდებოდნენ, რომ ამბავი დასრულებული არ არის, რომ სცენარის სიუჟეტს დიდწილად თავად თავისუფლებაშეზღუდული შამანი განსაზღვრავდა.

„ამიტომ უნდა დავლოდებოდით 2022 წლამდე. შემდგომმა მოვლენებმა გავლენა იქონია ამ ამბის ჩემს აღქმაზე, ყველაფერი სხვანაირად დავინახე. თუ მისტიკურ გეგმაზე ვისაუბრებთ, შამანი მართალი აღმოჩნდა: ის ფაქტობრივად ომზე ლაპარაკობდა. გაბიშევი ამბობდა, რომ, თუ მას მოსკოვში შესვლის საშუალებას არ მისცემდნენ, დაიწყებოდა როგორც ფიზიკური, ასევე სულიერი ომი. საოცარია, რომ რაღაცნაირად მან ყველაფერი თარიღებით იცოდა“, - ამბობს ბეატა ბაშკიროვა.

უკრაინასთან ომის წინასწარმეტყველება?

„შამანმა გაბიშევმა თქვა, რომ კაცობრიობას და რუსეთს განვითარების ორი გზა ჰქონდათ, - ამბობს ფილმის ავტორი, - პირველი გზა - კეთილი და ნათელი. თუ მას [გაბიშევს] კრემლამდე მისვლის უფლებას მისცემენ, პუტინი უბრალოდ მშვიდობიანად წავიდოდა, რუსეთში ძალაუფლება შეიცვლებოდა, ხალხი კი ახალ დონეზე გადავიდოდა. თუ არ მისცემენ კრემლამდე მისვლის საშუალებას, იქნებოდა ბნელი გზა, მეომრების გზა, სწორედ ეს არის ომი. მას არ უთქვამს, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის იქნებოდა ომი, თქვა, რომ ომი დაიწყებოდა და, რომ ასეთ შემთხვევაში მხოლოდ სამხედრო გზით იქნებოდა შესაძლებელი პუტინის დამხობა“.

ალექსანდრ გაბიშევს რამდენჯერმე შეუცვალეს სამკურნალო დაწესებულება. ამჟამად ის იმყოფება პრიმორსკის მხარის ფსიქონევროლოგიურ კლინიკაში. ვინაიდან ამ სისტემის რამდენიმე დონე არსებობს, ადვოკატი ცდილობს მის იაკუტსკში გადაყვანას, სადაც სასამართლოს მეშვეობით შეიძლება მისი გათავისუფლების მიღწევა. მიმდინარეობს ბრძოლა სამართლებრივ დონეზე, რათა თანდათან, ეტაპობრივად, მიაღწიონ მის გათავისუფლებას. როგორც ადვოკატი ამბობს, თავიდან შამანი იმყოფებოდა მაქსიმალური სიმკაცრის დაწესებულებაში, სადაც სავარაუდოდ მის ჰალოპერიდოლით „მკურნალობას“ ცდილობდნენ:

ასევე ნახეთ „მან ეს ომი იწინასწარმეტყველა“. შამან გაბიშევს იძულებითი მკურნალობა გაუგრძელეს

„ყოველ შემთხვევაში ნამდვილად აძლევდნენ ძლიერ პრეპარატებს, რამაც მასზე უარყოფითად იმოქმედა. პრიმორსკის მხარეში, სადაც ახლა იმყოფება, უკეთესი მდგომარეობაა - კვლავ აძლევენ მედიკამენტებს, მაგრამ არც ისე მძიმეს. შესაძლებელია მასთან ტელეფონით ურთიერთობა: ახლობლებს აქვთ უფლება, კვირაში ერთხელ ტელეფონით დაელაპარაკონ“.

ბეატა ბაშკიროვას თქმით, „მეომარმა შამანმა“ იცის, რომ გამოვიდა მასზე გადაღებული ფილმი, რომელსაც ის მიიჩნევს თავისი იდეის გაგრძელებად. ფილმის ავტორი ასევე ამბობს, რომ მსვლელობის დროს გაბიშევის გარშემო შემოკრებული ადამიანების ბირთვი დღემდე შენარჩუნებულია:

„იგივე ვიქტორ ეგოროვი (შამანის მიერ დარქმეული სახელით „დედ მოროზი“), აკეთებს ვიდეოებს, მუდმივად არის შამანთან კონტაქტზე, შესაძლებელია YouTube-ზე მისი არხის ნახვა. შამანის სხვა იაკუტი მეგობრებიც აგრძელებენ მის მხარდაჭერას. იყვნენ ისეთები, რომლებიც მასთან ერთად მიდიოდნენ მოსკოვისკენ, იყვნენ ისეთებიც, ვინც უბრალოდ გზაზე ხვდებოდნენ, მაგრამ ასევე იყო დანარჩენი რუსეთი, ვინც მასთან ერთად არ მიდიოდა, მაგრამ იუტუბის საშუალებით ადევნებდა თვალს. ხალხი დღემდე მეკითხება მის შესახებ. ვგრძნობ, რომ ბევრს ახსოვს იგი და მხარდამჭერებიც ბევრნი არიან“.

ბეატა ბაშკიროვა ამბობს, რომ რამდენიმე თვის განმავლობაში ყოველდღიური ურთიერთობიდან არ დარჩენია შთაბეჭდილება, რომ ალექსანდრ გაბიშევი შესაძლოა ფსიქიკურად დაავადებული ადამიანი იყო.

„არა, არასდროს, - ამბობს ფილმის ავტორი, - საკმაოდ განათლებული ადამიანია, ფართო თვალსაწიერი აქვს და თვითირონიაც არ აკლია. მე არ ვარ ფსიქიატრი, მაგრამ მასში ფსიქიკური დარღვევების ვერანაირი კვალი ვერ დავინახე. ქუჩაში ბევრად უფრო ხშირად ვხვდები ადამიანებს, რომლებიც მასზე ბევრად უარესად გამოიყურებიან“.