Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„მან ეს ომი იწინასწარმეტყველა“. შამან გაბიშევს იძულებითი მკურნალობა გაუგრძელეს


ალექსანდრ გაბიშევი. იაცეკ ჰუგო-ბადერის წიგნიდან „შამანური დაავადება“.
ალექსანდრ გაბიშევი. იაცეკ ჰუგო-ბადერის წიგნიდან „შამანური დაავადება“.

1 აგვისტოს რუსეთის სასამართლომ, იაკუტიელ შამანს, ალექსანდრ გაბიშევს, იძულებითი მკურნალობა გაუგრძელა უსურიისკის სპეციალიზებულ ფსიქიატრიულ საავადმყოფოში.

მანამდე სამედიცინო კომისიამ გადაწყვიტა მისი გადაყვანა ზოგადი ტიპის სტაციონარში, მაგრამ თვე-ნახევრის შემდეგ ახალმა კომისიამ იაკუტიელი შამანის ვითომდა გაუარესებული მდგომარეობის შესახებ გამოაცხადა. გაბიშევის დამცველი, ალექსეი პრიანიშნიკოვი, დარწმუნებულია, რომ ნახევარი თვის შემდეგ კომისიის ახალი შემადგენლობის ორგანიზება და გადაწყვეტილების მთლიანად შეცვლა ექიმებს „ზემოდან“ აიძულეს.

გაბიშევის თანამოაზრეებს ეჭვი არ ეპარებათ, რომ „დამსჯელი ფსიქიატრიის“ ვადის გახანგრძლივება, მათ შორის, დაკავშირებულია იმასთან, რომ თავისი პაციფიზმით ცნობილი შამანი ომის თემასთან დაკავშირებით არ გაჩუმდებოდა.

„ძლიერმოქმედი პრეპარატები“

12 ივლისს უსურიისკის ფსიქიატრიული დისპანსერის სამედიცინო კომისიამ დაადგინა, რომ ალექსანდრ გაბიშევს შეუძლია გააგრძელოს მკურნალობა ჩვეულებრივ საავადმყოფოში. თუმცა, ნახევარი თვის შემდეგ, მოულოდნელად შეიქმნა ახალი სამედიცინო კომისია სრულიად სხვა შემადგენლობით და უკვე მან 27 ივლისს დაადგინა, რომ გაბიშევის მდგომარეობა თითქოსდა იმდენად გაუარესდა, რომ ის სპეციალურ ფსიქიატრიულ საავადმყოფოში უნდა დარჩენილიყო მკურნალობის გასაგრძელებლად. ეს მოხდა სასამართლოში გაბიშევის იძულებითი მკურნალობის საქმის განხილვამდე სამი დღით ადრე.

„როგორც ჩანს, ვიღაცას გაეპარა ექიმების პირველი ადეკვატური დასკვნა და დაჩქარებული ტემპით მოითხოვა მისი შეცვლა. ალექსანდრი ახლა ძალიან დათრგუნულ მდგომარეობაშია, სწორედ ამ გადაწყვეტილების გამო. ამას ემატება, რა თქმა უნდა, ძლიერმოქმედი პრეპარატებით მკურნალობა“, - ამბობს ალექსეი პრიანიშნიკოვი.

2019 წლის გაზაფხულზე ალექსანდრ გაბიშევი და მისი თანამოაზრეები იაკუტსკიდან მოსკოვში გაემართნენ „პუტინის განდევნის რიტუალის“ ჩასატარებლად. შამანი რამდენიმე კვირის შემდეგ დააკავეს ბურიატიისა და ირკუტსკის ოლქის საზღვარზე. მოგვიანებით გაბიშევი ფსიქონევროლოგიურ დისპანსერში მოათავსეს, შემდეგ კი მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრეს ექსტრემიზმისკენ მოწოდებების გამო.
2021 წლის ოქტომბერში იაკუტსკის საქალაქო სასამართლომ გაბიშევი ნოვოსიბირსკის სპეციალური ტიპის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში მოათავსა იძულებითი მკურნალობის გასავლელად.
აპრილში ალექსანდრ გაბიშევი ნოვოსიბირსკის ფსიქიატრიული საავადმყოფოდან გადაიყვანეს, 9 აპრილიდან ის უსურიისკის საავადმყოფოში იმყოფება.
ციმბირისა და შორეული აღმოსავლეთის მცხოვრებლები აქამდე აწყობენ პიკეტებსა და სხვა აქციებს გაბიშევის მხარდასაჭერად. 2021 წელს უფლებადამცველმა ცენტრმა „მემორიალმა“ გაბიშევი პოლიტპატიმრების სიებში შეიყვანა.

ადვოკატის თქმით, გაბიშევის მკურნალობა არ შეუცვლიათ მისი ნოვოსიბირსკში ჰოსპიტალიზაციის შემდეგ, ის არც უსურიისკში შეწყვეტილა, ამიტომ გაუგებარია, როგორ შეიძლებოდა მისი მდგომარეობა „გაუარესებულიყო“.

1 აგვისტოს სასამართლომ შამანს იძულებითი მკურნალობა გაუგრძელა - ამასთან, მკურნალობის გახანგრძლივების ვადებს სასამართლო არ ადგენს, მაგრამ კომისია, როგორც წესი, იკრიბება და განიხილავს შემთხვევას არაუმეტეს ნახევარ წელიწადში ერთხელ.

„გარეთ ის არ სჭირდებათ“

ვიქტორია ზახაროვა
ვიქტორია ზახაროვა

ალექსანდრ გაბიშევის ნახევარდა, ვიქტორია ზახაროვა, აღიარებს, რომ დასთან, ეკატერინასთან ერთად, შამანს ურეკავს არაუმეტეს ერთხელ კვირაში.

- მას უფლებას აძლევენ, ისაუბროს „ზედამხედველობის“ ქვეშ დაახლოებით 15 წუთი. გასაგებია, რომ ყველა საუბარი ისმინება, ამიტომ ის „ზედმეტს“ არ ლაპარაკობს. ჩვეულებრივ, მოკითხვებს გადასცემს ყველა ნაცნობსა და მეგობარს, ვინც მას კითხულობს.

ომზე, რა თქმა უნდა, საავადმყოფოდან არ საუბრობს. მაგრამ თუ მის საუბრებს გაიხსენებთ თავისუფლების პერიოდში - ის ხომ წინასწარმეტყველებდა ამ ომს, რომ ძმა ძმის წინააღმდეგ წავა. ხოლო როცა მისი „გაჩუმება“ დაიწყეს, უკვე დარწმუნებით თქვა, რომ „მორჩა, ესე იგი, ნამდვილად იქნება ომი“, - ამბობს ვიქტორია, - რა თქმა უნდა, მას ეს არ უნდოდა.

რამდენი ადამიანი იხოცება - რომელი ჭკუათმყოფელი ისურვებს ამას? საშა ომის გზით არასდროს მიდიოდა. მისი მსვლელობაც გამორჩეულად მშვიდობიანი იყო, ნებისმიერ აგრესიულ საუბრებს ყოველთვის აღკვეთდა ხოლმე. დღეს დილასაც ვესაუბრეთ: „კეთილად მოეპყარით ერთმანეთს“, გვითხრა და პროდუქტების მომარაგება გვირჩია. ომი ექვს თვეს გაგრძელდება“.

ის, რომ „განმეორებითი კომისია“ აშკარად ყალბი იყო, ამაში დაცვას შამანის თანამოაზრეებიც ეთანხმებიან.

ვიქტორ ეგოროვი
ვიქტორ ეგოროვი

- მიმაჩნია, რომ 12 ივლისს ექიმებმა სრულიად ადეკვატურად შეაფასეს მისი მდგომარეობა: მათ ცხადად ესმოდათ, რომ ალექსანდრს სპეციალური ტიპის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში არაფერი ესაქმება. არც იმაში, რომელიც ნოვოსიბირსკში იყო და არც უსურიისკში, რომელშიც ახლაა გამომწყვდეული, - ამბობს ტიუმენელი მწერალი და იაკუტიელი შამანის, ალექსანდრ გაბიშევის კრემლისკენ მსვლელობის ერთ-ერთი მონაწილე, ჟურნალისტი ვიქტორ ეგოროვი.

- ისინი უკვე აპირებდნენ მის იაკუტსკში გამგზავრებას, სადაც ადგილობრივი ექიმები, დარწმუნებული ვარ, მივიდოდნენ იმ დასკვნამდე, რომ ამბულატორიული მკურნალობაც სრულიად საკმარისია. თუმცა, ეს ადამიანი არსებითად, ჯანმრთელია და ავად არასდროს ყოფილა. ერთი სიტყვით, 12 ივლისის გადაწყვეტილება გონივრული და ლოგიკური იყო.

რატომ შეცვალეს ის 27-ში? დარწმუნებით არც ერთმა ჩვენგანმა არ იცის, მაგრამ მე მხოლოდ ორ ვარიანტს ვხედავ: პირველი - შესაძლოა, მღელვარების გამო იმასთან დაკავშირებით, რომ თავისუფლების მოლოდინი მოახლოებული იყო, ალექსანდრ გაბიშევმა ვინმეს რამე უთხრა (მეზობელს, იქ 8 ადამიანი იყო პალატაში, სანიტარს). შესაძლოა, რაღაც აღელვება გამოავლინა.

ნებისმიერ ადამიანს, ვინც პატიმრობაში ყოფილა, ვისთვისაც თავისუფლება ჩამოურთმევიათ, ესმის, რამდენად ძნელია თავის ხელში აყვანა. ეს სრულიად სხვა ცხოვრებაა, თუკი ამას ცხოვრება შეიძლება ეწოდოს ანუ, ცხოვრების 1%-ია. ამიტომ ამ ვარიანტს არ გამოვრიცხავ, მაგრამ ალექსანდრს ეს, რბილად რომ ვთქვათ, არ ახასიათებს. ჩვენ ყველას შორის (სექტემბერში ეგოროვი დააკავეს საჯარო აქციების ჩატარების წესების განმეორებითი დარღვევის მუხლით; მოგვიანებით სასამართლომ იგი 20 დღით დააპატიმრა), მას ყველაზე იოლად გადააქვს პატიმრობის სიმძიმეები.

ბევრად უფრო რეალურად მეჩვენება მეორე ვარიანტი -ის მიმდინარე ცხოვრების ლოგიკას შეესაბამება. იმ დროს, როცა რუსული ჯარები სხვა ქვეყანაში „სპეცოპერაციას“ ატარებენ და არც ისე წარმატებით ატარებენ, უზარმაზარი მსხვერპლით, ამ დროს ხელისუფლებისთვის უკიდურესად არამომგებიანია, გაათავისუფლოს ან ხალხთან ურთიერთობის საშუალება მისცეს ადამიანს, რომელსაც გამორჩეულად პაციფისტური შეხედულებები აქვს.

ის ყოველთვის მშვიდობისმოყვარეობისკენ მოუწოდებს ხალხს, სახელმწიფოებისა და ხალხების მეგობრული ურთიერთობებისკენ, მშვიდობისკენ, მიტევებისკენ, ურთიერთპატივისცემისკენ. ასეთი ადამიანი არანაირად არ ეწერება თანამედროვე რუსულ პოლიტიკურ სურათში, რომელსაც ხელისუფლება ხატავს. ის ხომ შეიძლება გახდეს გარკვეული მაგალითი იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც ომის სიმძიმეები დააწვათ, ამ ხანგრძლივი „სპეცოპერაციის“ უზარმაზარი მსხვერპლით. ოფიციალური მონაცემებიც რომ ნახოთ - მინიმუმ ათასზე მეტი ადამიანი - ეს ძალიან ბევრია, ეს მძიმე დანაკარგებია.

ადამიანებს ძალიან უმძიმთ ტელევიზორის და ინტერნეტის ყურება, ეს ომის კადრები დამთრგუნველად მოქმედებს. ასეთ პირობებში ადამიანი, რომელიც სამი წლის წინ მშვიდობისკენ, მიტევების უნარისკენ მტკიცე მოწოდებებით გამოდიოდა, საერთოდ არ სჭირდება რუსეთის ხელისუფლებას სადღაც, თუნდაც შედარებით თავისუფლებაზე მყოფი. უსურიისკი კი - ეს არის სრულიად რუსეთისთვის ადგილი, სადაც შეიძლება მათი დამწყვდევა, ვინც არ არიან სერიული მკვლელები, სერიული მოძალადეები და საერთოდ არ არიან დამნაშავეები, მაგრამ გაუგებარია, რისთვის უნდა მოიხადონ პატიმრობა. სად უნდა მოათავსონ ისინი, რომელთა ადგილი არ არის დღევანდელ პოლიტიკურ სიტუაციაში? სად და, რუსეთის კიდეში, პრაქტიკულად წყნარი ოკეანის სანაპიროზე!

ამიტომ ექიმებს, რომლებმაც 12 ივლისს გამოიტანეს პატიოსანი გადაწყვეტილება, მალე „შეუსწორეს“. და „შეუსწორეს“, ჩემი აზრით, მოსკოვიდან. ჩემი საქმის მიხედვით ვმსჯელობ - მე ვინ ვარ, ერთი უმნიშვნელო მოქალაქე, მაგრამ ჩემს საქმესთან დაკავშირებითაც კი, როცა ჩემი დაკავების შესახებ იღებდნენ გადაწყვეტილებას, მოსკოვთან ჰქონდათ კონსულტაცია. და ალექსანდრ გაბიშევთან დაკავშირებით - მით უმეტეს. მოსკოვში, როცა ექიმების „არასწორი“ გადაწყვეტილების შესახებ შეიტყვეს, „თავიანთი“ ექიმებისგან შემდგარი ახალი კომისიის ორგანიზება მათთვის იოლი იყო. და აი, ერთი თვეც არ გასულა და ადამიანს „ჯანმრთელობა გაუუარესდა“.

- იქნებ, ხელისუფლებას უბრალოდ არ სჭირდება კი არა, არამედ ეშინიათ კიდეც მისი?

- სიტყვა „ეშინიათ“ აქ მთლიანად უადგილოა. პოლიტიკაში ეს შიში კი არა, არამედ „მიზანშეწონილობაა“ პირადი ხელისუფლებისთვის, კოლექტიური ხელისუფლებისთვის, ცივი გაანგარიშებაა. მათ ესმით, რომ მოცემულ მომენტში არ არის მიზანშეწონილი მშვიდობისმოყვარე მოძრაობების, ცალკეული აქტივისტების გაერთიანება.

მით უმეტეს, რომ იზრდება ისეთი ადამიანების რიცხვი, რომლებსაც იმთავითვე არ ესმოდათ ამ „სპეცოპერაციის“ ამოცანები, არ ეთანხმებოდნენ იმას, რომ „უკრაინის საკითხის“ გადაწყვეტა მშვიდობიანად არ არის შესაძლებელი.

ხალხი ფიქრობს და ბევრს, არა ერთეულებს, არამედ, შესაძლოა, მილიონობით რუს ადამიანს, გულის სიღრმეში უბრალოდ არ სურს ომი. მით უმეტეს, იმ ქვეყანასთან, რომელიც რუსეთის სახელმწიფოს თავს არ დასხმია.

ასეთი ადამიანების გაერთიანება შეუძლია არა პოლიტიკოსს, არამედ ნათელი სულის ადამიანს, რომელიც სთავაზობს ხალხს ისწავლონ მშვიდობიანი ცხოვრება მთელ პლანეტაზე. ის შეიძლება მიზიდულობის ცენტრი გახდეს, ის არ არის ძალაუფლებისკენ სწრაფვაში შემჩნეული, ის არ არის დეპუტატი, არ არის მეწარმე, რომ მის უანგარო ინტერესებში ეჭვის შეტანა იყოს შესაძლებელი.

დღესაც კი, კრემლისკენ მსვლელობიდან სამი წლის შემდეგ, ის საკმაოდ ცნობილია (რა თქმა უნდა, ასეც იქნება, გაბიშევს ყოველდღიურად გვახსენებს ისეთი დონის პუბლიცისტი, როგორიც ნევზოროვია). მას მუდმივად სწერენ და ამანათებს უგზავნიან. და ისეთი რაოდენობით, რომ ვერ ასწრებს, ყველას გასცეს პასუხი. ალექსანდრს, რა თქმა უნდა, დრო შეზღუდული აქვს პასუხებისთვის - პირობითად, დღეში ნახევარ საათზე მეტ დროს არ აძლევენ საწერ მაგიდასთან. მაგრამ ასე ვიტყვი, ბოლოს, როცა კონვერტები მოითხოვა, რამდენიმე ასეული კონვერტი მოითხოვა.

ალექსანდრ გაბიშევის წერილი, რომელიც მან ვიქტორ ეგოროვს გაუგზავნა
ალექსანდრ გაბიშევის წერილი, რომელიც მან ვიქტორ ეგოროვს გაუგზავნა

წინა დღით მეც მივიღე მისგან წერილი: რა თქმა უნდა, ყველაფერი კონტროლის და ცენზურის ქვეშაა, მაგრამ ამის მიუხედავად, მაინც ვგრძნობ წერილებიდან, რომ მას აქვს წელს შინ თავისუფალ ადამიანად დაბრუნების იმედი. გარკვეულ სიძნელეებს ის ადრეც მოელოდა და ახლაც იცის, რომ ისინი შესაძლებელია.

როცა გვირეკავდა (საავადმყოფოში დარეკვა მხოლოდ ნათესავებს ან ადვოკატებს შეუძლიათ, მაგრამ თვითონ ალექსანდრს კვირაში ერთხელ შეუძლია თავად აირჩიოს, ვის დაურეკავს), ბოლო ხანს იგრძნობოდა, რომ დიდი იმედი აქვს იმის, რომ მალე დაბრუნდება სახლში, იაკუტსკში. იგრძნობოდა სამშობლოს მონატრება, თავისუფლების მონატრება. მაგრამ ყოველ ჯერზე, ჩვეულებრივ, ამბობს, რომ თავი მაგრად უჭირავს ხელში და მზად არის, წინ აღუდგეს სირთულეებს ამ მძიმე დღეებში.

ამაში მას ძალიან ეხმარება წერილები. და წიგნები. სხვათა შორის, ხალხი მას წიგნებს უგზავნის, ჯერ კიდევ ნოვოსიბირსკში რომ იყო, იმ დროიდან. შემდეგ უკვე კოორდინირება გახდა საჭირო, იმიტომ რომ ხუთ-ხუთ ეგზემპლარს უგზავნიდნენ იმ წიგნების, რომლებსაც ითხოვდა ხოლმე. ჩამონათვალში ბევრი წიგნია რუსეთის ისტორიის შესახებ, სხვადასხვა ავტორის, იყო „დერსუ უზალა“, ფენიმორ კუპერის რომანები, ისეთი წიგნები, რომლებსაც ძალიან დიდი ხნის წინ, ბავშვობაში ვკითხულობდით, მაგალითად, „განძის კუნძული“.

- ომის დაწყება როგორ შეიტყო?

- ტელევიზორი აქვთ. რაღაც საინფორმაციო პროგრამები, მე მგონი, პირველ, მეორე არხს ატრიალებენ. როგორც ყველას, საღამოს 8 საათზე აძლევენ ტელევიზორის ყურების უფლებას. იცით, ეს ერთ-ერთი იმ საკითხთაგანია, რომელსაც არასდროს განვიხილავთ ჩვენი საუბრების დროს, რომლებიც ისმინება. მაგრამ მას არაერთხელ გაუსვამს ხაზი: „მე რუსული ტელევიზიის საინფორმაციო პროგრამების საქმის კურსში ვარ“. მორჩა, სხვა არაფერი.

ალექსანდრ გაბიშევი მსვლელობის დროს, 2019 წლის ზაფხული, ჩიტის შემოგარენი
ალექსანდრ გაბიშევი მსვლელობის დროს, 2019 წლის ზაფხული, ჩიტის შემოგარენი

- ომის მიმართ მის დამოკიდებულებას თქვენ ისე, უსიტყვოდ ხვდებით?

ვფიქრობ, რომ ის არ შეცვლილა. ის ღიად და არაერთხელ გამოვიდა ომის წინააღმდეგ. ნებისმიერი ომის წინააღმდეგ, განსაკუთრებით მეზობლებთან ომის წინააღმდეგ. კატეგორიულად კრძალავდა ნებისმიერი ომის აუცილებლობაზე ლაპარაკს. ის ომს თვლიდა ბოროტებად, რომელიც პოლიტიკოსების და სახელმწიფოების მეთაურების სულებში აღმოცენდება. არ მგონია, რომ ეს დამოკიდებულება შეიცვალა. ვფიქრობ, რომ პირიქით, ის უფრო ღრმავდება, როცა ადამიანი თავისი მშვიდობისმოყვარე აზრების გამო სერიოზულად დაზარალდა - ის შაშხანას არ მივარდება.

ხშირად მახსენდება წინასწარმეტყველი იერემია, რომელიც იერუსალიმის მეფეს მშვიდობას სთავაზობდა. როცა მეფემ ომი არჩია, იერემია ორმოში ჩასვეს და ლამის ქვებით ჩაქოლეს. მებრძოლების საბრძოლო სული რომ არ შეესუსტებინა, ის არავის უნდა დაენახა და მისი ხმა არავის უნდა გაეგო. იერემიას მშვიდობისმოყვარე ქადაგების სიღრმე ბიბლიური მშვიდობისმოყვარეობის ცენტრი გახდა, რელიგიური მიმდინარეობის ცენტრი, რომელიც შემდეგ ქრისტიანობაში გადავიდა. ამიტომ მე მშვიდობისმოყვარეობაზე არ ვდარდობ, სხვა რამეს ვდარდობ, რომ უსამართლოდ მსჯავრდადებული ადამიანის ხანგრძლივმა დამწყვდევამ ის შეიძლება აპათიამდე და განდეგილობამდე მიიყვანოს. ხელისუფლებას სწორედ ეს გაუხარდებოდა. იმედი მაქვს, რომ ჩემი შიში უსაფუძვლოა, - ამბობს ვიქტორ ეგოროვი.

XS
SM
MD
LG