მზარდი ეკონომიკის მქონე ხუთი სახელმწიფოს მსჯელობას მსოფლიოს ყველა დედაქალაქი ინტერესით, მათი დასავლური ნაწილი კი მზარდი შეშფოთებით აკვირდება. სამიტზე უნდა გამოჩნდეს, რამდენად მძიმედ შეუტევს გიგანტური ეკონომიკისა და კიდევ უფრო დიდი ამბიციების მქონე „ბრიკსი“ მსოფლიო წესრიგს.
მარტივად აგიხსნით,
- რა არის „ბრიკსი“ და რატომ ლაპარაკობს ახლა ყველა მასზე?
- კიდევ ვის და რატომ უნდა მათთან შეერთება?
- რატომ არის მნიშვნელოვანი „ბრიკსი“ და როგორ შეეხება ის საქართველოს?
რა არის „ბრიკსი“?
„ბრიკსი“ არის მსოფლიოს ხუთი, სწრაფად განვითარებადი ეკონომიკის მქონე ქვეყნის გაერთიანება, რომელიც საკუთარ თავს დიდი შვიდეულის ალტერნატივად განიხილავს და ცდილობს, შეცვალოს, მისი ხედვით, შეერთებული შტატებისა და მისი მოკავშირეების მიერ დომინირებული საერთაშორისო წესრიგი.
„ბრიკსის“ ქვეყნები არიან:
- B - ბრაზილია
- R - რუსეთი
- I - ინდოეთი
- C - ჩინეთი
- S - სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა.
თავდაპირველად მხოლოდ ოთხნი იყვნენ - „ბრიკი“ - და მათ გაერთიანებას არც რაიმე ფორმალური სახე ჰქონია, როგორც, მაგალითად, გაეროს, ევროკავშირსა თუ დიდ რვიანს.
ტერმინი და იდეა 2001 წელს გაჩნდა - იგი ეკუთვნის ამერიკული საინვესტიციო ბანკის, „გოლდმენ საკსის“ წამყვან ეკონომისტს, ჯიმ ო'ნილს. ო’ნილმა ივარაუდა, რომ იმ დროისთვის მსოფლიოს ყველაზე სწრაფად მზარდი ეკონომიკები მომდევნო ათწლეულში კოლექტიურად გლობალურ ეკონომიკურ ძალად ჩამოყალიბდებოდა - აგურებივით დაეწყობოდა მსოფლიოს ეკონომიკას [BRICS-ის აბრევიატურა ინგლისურად წააგავს სიტყვა აგურს - Brick-ს].
პირველი სამიტი „ბრიკის“ ქვეყნებმა 2009 წელს რუსეთში, ეკატერინბურგში გამართეს - მოსკოვის ინიციატივით. მომდევნო წელს წევრებმა სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაც მიიწვიეს, - როგორც კიდევ ერთი სწრაფად მზარდი ეკონომიკა, - და „ბრიკსიც“ შეიკრა იმ ფორმით, რაც დღეს აქვს.
რა ხდება ახლა?
ამჟამად, 22-24 აგვისტოს, „ბრიკსის“ მე-15 სამიტი ტარდება. ალიანსის წევრების ლიდერები ყოველწლიურად იკრიბებიან ხოლმე რომელიმე წევრ ქვეყანაში. წლევანდელი სამიტი სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაშია, ქალაქ იოჰანესბურგში. სხვა ლიდერებთან ერთად, იქ შეიკრიბნენ:
- მასპინძელი, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის პრეზიდენტი სირილ რამაფოსა;
- ბრაზილიის პრეზიდენტი, ლუის ინასიუ ლულა და სილვა;
- ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი;
- ინდოეთის პრემიერ-მინისტრი ნარენდრა მოდი;
- რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი დისტანციურად ერთვება - მას საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის გაგზავნა მოუწია.
რუსეთის პრეზიდენტის დისტანციურად მონაწილეობის მიზეზი უკრაინის ომია. საქმე ისაა, რომ სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა „რომის სტატუტის“ ხელმომწერი და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს, ანუ ჰააგის სასამართლოს წევრია, ჰააგის სასამართლოს კი ვლადიმირ პუტინის დაპატიმრების ორდერი აქვს გამოწერილი. პუტინს ომის დანაშაულში, უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიებიდან ბავშვების უკანონო დეპორტაციაში ედება ბრალი.
ასე რომ, პუტინის ჩასვლა იოჰანესბურგში სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკას დიდ უხერხულობას შეუქმნიდა.
ასევე ნახეთ რუსეთი ეძებს პუტინის დაპატიმრების ორდერის გამცემ იაპონელ მოსამართლესრას ამბობენ სამიტზე?
ბრაზილიის პრეზიდენტმა ლულამ განაცხადა, ჩვენ უკვე გავუსწარით „დიდ შვიდეულს“ მსყიდველობითი უნარის პარიტეტის გათვალისწინებით ეკონომიკის ზომითო.
„ვვარაუდობთ, რომ მომავალ წლებში განვითარებადი ბაზრები აჩვენებენ ეკონომიკური ზრდის ყველაზე მაღალ ნიშნულებს“, - განაცხადა მან და დასძინა, რომ „ეს აჩვენებს, ეკონომიკის დინამიკას გლობალური სამხრეთი განსაზღვრავს, "ბრიკსი" კი მისი მამოძრავებელი ძალაა“.
ნარენდრა მოდიმ და რამაფოსამ ორმხრივი შეხვედრის შემდეგ განაცხადეს, რომ განიხილეს ინდოეთისა და სამხრეთ აფრიკის თანამშრომლობის გაძლიერება სხვადასხვა, მათ შორის „ვაჭრობის, თავდაცვისა და ინვესტიციების“ სფეროში. „გავაგრძელებთ ერთად მუშაობას, რათა გავაძლიეროთ გლობალური სამხრეთის ხმა“, - განაცხადეს მათ.
ვლადიმირ პუტინმა დისტანციური ჩართვისას:
- გაიმეორა თავისი მტკიცება, რომ უკრაინაში ომი არის „კიევის და დასავლეთის ქმედებაზე პასუხი“; და რომ ომი „დასავლეთის და მისი სატელიტების მიერ არის გაჩაღებული“;
- დასავლეთს დააბრალა „თავისუფალი ვაჭრობის ყველა წესისა და ნორმის დარღვევა“ - „არალეგიტიმური სანქციების“ დაწესებით;
- განაცხადა, რომ „ბრიკსი“ უნდა გახდეს „გლობალური უმრავლესობის“ წარმომადგენელი სავაჭრო ბლოკი;
- ისაუბრა უკრაინასთან „მარცვლეულის შეთანხმებაზეც“, - რისი ჩაგდებაც, მისი თქმით, დასავლური სანქციების ბრალია. რამდენიმე კვირის წინ რუსეთმა დატოვა ეს შეთანხმება.
- პირობა დადო, რომ აფრიკის ქვეყნებს კვლავ მიაწვდის მარცვლეულს.
ჩინეთის პრეზიდენტის სიტყვა - პრეზიდენტის გარეშე
ოთხშაბათს ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინმა მოულოდნელად, განმარტების გარეშე გამოტოვა ბიზნესფორუმი. მისი მომზადებული ტექსტის წაკითხვა ვაჭრობის მინისტრს, ვან ვენტაოს მოუწია. ეს ტექსტი სავსე იყო შეერთებული შტატების ირიბი კრიტიკით, - პირდაპირი ხსენების გარეშე.
- მაგალითად, განცხადებაში ეწერა, რომ „ზოგიერთი ქვეყანა შეპყრობილია საკუთარი ჰეგემონიის შენარჩუნებით და ყველაფერს აკეთებს, რათა ჩამოშალოს მზარდი ბაზრები და განვითარებადი ქვეყნები“. იქვე მოუწოდა მსოფლიოს ქვეყნებს, „ნუ გადაიჩეხებიან ახალი ცივი ომის უფსკრულში“.
- ჩინეთის პრეზიდენტის განცხადებაში წერია ისიც, რომ ჩინეთს არანაირი სურვილი არ აქვს, ჩაებას სუპერძალების დაპირისპირებაში და „ბლოკთა კონფრონტაცია“ წაახალისოს. მაგრამ ანალიტიკოსები მის ქმედებებში სწორედ ამ მიზანს ხედავენ.
- ჩინეთის საგარეო პოლიტიკის ხედვა, - „ახალი სახის საერთაშორისო ურთიერთობების დანერგვა“, - საერთაშორისო სისტემაში დასავლეთის სამხედრო, პოლიტიკური, ეკონომიკური და რბილი ძალის ლიდერობის შესუსტებას მოიაზრებს. ეს კი საერთაშორისო ურთიერთობებში დასავლური ალიანსების როლისა და ფუნქციის შესუსტებას გულისხმობს.
ერთი სიტყვით, ჩინეთის ინტერესია, შეიქმნას ძლიერი პოლიტიკური და ეკონომიკური საპირწონე იმისა, რასაც „გლობალურ სამხრეთში“ დასავლურ ჰეგემონიად მიიჩნევენ.
ასევე ნახეთ ჩინეთის ეკონომიკური ბუმი დასრულდა„ბრიკსი“ რიცხვებში
„სტატისტას“ მონაცემებით, „ბრიკსმა“ ეკონომიკის ზომით უკვე გადაუსწრო „დიდ შვიდეულს“ - შეერთებული შტატების, კანადის, საფრანგეთის, გერმანიის, იტალიის, დიდი ბრიტანეთისა და იაპონიის ერთობას.
თუკი 1995 წლისთვის დიდი შვიდეულის ქვეყნების მშპ-ის შეფარდება მსოფლიო ეკონომიკასთან 44.9% იყო, „ბრიკსის“ ქვეყნებისა კი - 16.9%, 2010 წლისთვის ეს პროპორცია 34.3%-სა და 26.6%-მდე შემცირდა, 2023 წლისთვის კი „ბრიკსი“ უსწრებს დიდ შვიდეულს - 29.9% და 32.1% პროპორციით.
ეს მონაცემები მსყიდველობითი უნარის პარიტეტის (PPP) გათვალისწინებითაა გამოანგარიშებული - ანუ მაჩვენებლით, რომელიც სხვადასხვა ვალუტის მსყიდველობითუნარიანობას ათანაბრებს და ასე ხდის ეკონომიკების შედარებას შესაძლებელს.
- „ბრიკსი“ მსოფლიოს ამჟამინდელი მოსახლეობის 42%-ს წარმოადგენს, დიდი შვიდეული - 10%-ს;
- „ბრიკსზე“ მოდის მსოფლიო ვაჭრობის 18%.
მაგრამ ბლოკის ეკონომიკური წარმატების განმსაზღვრელები ძირითადად ჩინეთი და ინდოეთი არიან. ეკონომისტი ჯიმ ო'ნილი, - „ბრიკსის“ ტერმინისა და იდეის ავტორი, - დღეს აცხადებს, რომ ხუთიდან სამი ქვეყნის - რუსეთის, ბრაზილიისა და სამხრეთ აფრიკის - ეკონომიკური მნიშვნელობა „შებრუნებულია“: „ინდოეთისა და ჩინეთის გარეშე, არ ვიცი, რა იქნებოდა "ბრიკსი". სწორედ ამ ორის გამოა, რომ საერთო ზომა ისეთია, როგორიც არის. ამ ორის გარეშე საერთოდ არ იქნებოდა დიდი“.
ბანკი და „დედოლარიზაცია“
2015 წელს „ბრიკსის“ ქვეყნებმა შექმნეს „ახალი განვითარების ბანკი“ - „ბრიკსის ბანკი“, რომლის კაპიტალიც ამჟამად 50 მლრდ აშშ დოლარია. ბანკი განვითარებად ქვეყნებში ინფრასტრუქტურულ პროექტებს აფინანსებს.
მის მეწილეებს შორის, „ბრიკსის“ ქვეყნების გარდა, არიან ბანგლადეში, ეგვიპტე და არაბთა გაერთიანებული საამიროები. მას მოიაზრებენ დასავლეთის მიერ დომინირებული საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების, მსოფლიო ბანკისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის, ალტერნატივად.
„ახალი განვითარების ბანკს“ 2015 წლის შემდეგ 30 მლრდ აშშ დოლარის სესხი აქვს გაცემული. მსოფლიო ბანკს მხოლოდ 2022 წელს 100 მლრდ აშშ დოლარი აქვს გაცემული სესხებში - სამჯერ მეტი მხოლოდ ერთ წელიწადში, ვიდრე „ბრიკსის“ ბანკმა 8 წელიწადში გასცა.
ამჟამად „ბრიკსი“ განიხილავს საერთო ვალუტის შექმნას, რათა ამერიკული დოლარის დომინირებას გაუწიოს კონკურენცია. მაგრამ ეს ჯერ კვლავაც შორეული პერსპექტივაა. სანამ ეს დღე დადგება, ბლოკის ქვეყნები ადგილობრივ ვალუტაში ვაჭრობის წახალისებას ცდილობენ. ბანკი სესხებს ადგილობრივ ვალუტაში გასცემს. „დედოლარიზაცია“, ანუ დოლარის შესუსტება, გარკვეული პერსპექტივით, ამერიკული გავლენის შესუსტებასაც ნიშნავს.
ამასთან, მსოფლიო ბანკისა და IMF-ისგან განსხვავებით, „ბრიკსის“ ბანკი სესხების გაცემისათვის არ აწესებს პოლიტიკურ პირობებს. „ჩვენ უარს ვამბობთ ყოველგვარ დათქმებზე. [სხვა ინსტიტუციების მიერ] ხშირად სესხები გაიცემა იმ პირობით, რომ ესა თუ ის პოლიტიკა გატარდება. ჩვენ ასე არ ვიქცევით. ჩვენ პატივს ვცემთ ყოველი ქვეყნის პოლიტიკას“, - განუცხადა დილმა რუსეფმა, ბანკის ხელმძღვანელმა, გამოცემა Financial Times-ს. ეს კი დემოკრატიულ ღირებულებებთან მწყრალად მყოფი ქვეყნებისათვის საკმაოდ მიმზიდველი წინადადებაა.
გაფართოება
წლევანდელ სამიტზე ალიანსის წევრების გარდა, იოჰანესბურგში 40-მდე ქვეყნის წარმომადგენლები ჩაფრინდნენ.
ამჟამად 23 ქვეყანას აქვს ფორმალურად გამოთქმული ბლოკში გაერთიანების სურვილი, მათ შორის - ირანს, საუდის არაბეთსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს. წევრობა სურს ყაზახეთსაც.
ყველა ეს ქვეყანა „ბრიკსს“ აღიქვამს, როგორც გლობალური წესრიგის ალტერნატივას, - ისინი კი ამ გლობალური წესრიგით უკმაყოფილონი არიან. გაწევრების რიგში პირველი დგას ირანი, რომელიც ახლო აღმოსავლეთის ნავთობის რეზერვების დაახლოებით მეოთხედს ფლობს, თუმცა დასავლური სანქციებით არის დასუსტებული.
წევრობის ფორმალური მსურველების გარდა, არაფორმალური მსურველებიც ბევრნი არიან. თუმცა თავად „ბრიკსის“ წევრებს შორისაც არ არსებობს კონსენსუსი გაფართოებაზე.
გაფართოების ყველაზე დიდი მომხრე პეკინია, რომელსაც ამ გზით შეერთებული შტატებთან დაპირისპირებაში მეტი ბერკეტის შეძენა სურს.
მოსკოვიც ეთანხმება - უკრაინაში ომის დაწყების გამო სანქციებით დახუნძლულ რუსეთს ახალი ბაზრების ათვისება მხოლოდ წაადგება.
ბრაზილია და ინდოეთი ფორმალურად კი თანახმანი არიან, მაგრამ კულისებს მიღმა, გაფართოების პერსპექტივა დიდად არ ხიბლავთ. ეს იდეა განსაკუთრებით აშფოთებს ინდოეთს, რომელსაც ჩინეთთან სასაზღვრო დავა აქვს და ჩინეთის გავლენის ზრდას სასიკეთო პერსპექტივად ვერ აღიქვამს.
და ბლოკის ლიმიტირებულ წარმატებას, სხვა მიზეზებთან ერთად, ასეთ უხერხულობას უკავშირებენ.
სამხრეთ აფრიკაც, ერთი შეხედვით, თანახმაა გაფართოებაზე, მაგრამ მიღებისათვის კრიტერიუმების ფრთხილად შერჩევისკენ იხრება, - ბრაზილიასთან ერთად, - რადგან არ სურთ, დაიმატონ აშშ-სთან მკვეთრად დაპირისპირებული ახალი წევრები.
საქართველოსთან რა კავშირშია?
„ბრიკსისა“ და „დიდი შვიდეულის“, ჩინეთისა და შეერთებული შტატების კონკურენციის ზრდას საქართველოში დიდი ყურადღება აქამდე არ ექცეოდა. ეს საკითხი თანდათანობით შემოდის პოლიტიკოსებისა და მედიის დღის წესრიგში - განსაკუთრებით ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობის მოულოდნელი გაფორმების ფონზე.
საქართველო დასავლური თანამეგობრობის წევრია. კონსტიტუციით აქვს განსაზღვრული, რომ ნატოსა და ევროკავშირის წევრობა სურს. არის შეერთებული შტატების სტრატეგიული პარტნიორი. აქტიურად იღებდა მონაწილეობას ნატოს საერთაშორისო მისიებში. ნატოს წვრთნები ამჟამადაც მიმდინარეობს საქართველოში.
მაგრამ უკრაინის ომის ფონზე, მისი საგარეო-პოლიტიკური კურსის ცვლილებაზე თვალის დახუჭვა სულ უფრო და უფრო რთული ხდება. ბრიუსელი და ვაშინგტონი, ფორმალურ ურთიერთობებს კი აგრძელებენ, თუმცა ეჭვის თვალით უყურებენ თბილისის ნაბიჯებს: განცხადებებს, რომ ეკონომიკურ სანქციებს არ შეუერთდება [თუმცა მაინც უერთდება], პირდაპირი ფრენების აღდგენას, უკრაინისა და ნატოს მიმართ უცნაურ რიტორიკას.
მორიგი სიურპრიზი ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობის გაფორმება გახდა. ჩინეთში ერთკვირიანი ვიზიტისას, 29 ივლისს, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინს შეხვდა და მასთან ერთად გამოაცხადა, რომ საქართველო და ჩინეთი სტრატეგიული პარტნიორები ხდებიან. ამ გადაწყვეტილებით:
- საქართველო პირველ ფორმალურ ნაბიჯს დგამს მულტივექტორული საგარეო პოლიტიკისაკენ;
- ჩინეთი ააქტიურებს ჩართულობის პოლიტიკას სამხრეთ კავკასიაში, - რომელსაც ბოლო პერიოდში განიხილავენ ცენტრალური აზიის რეგიონთან ერთად, სადაც ჩინეთს უკვე მრავალი წელია, ფეხი აქვს მოკიდებული.
პარტნიორობის შეთანხმების ტექსტში, ეკონომიკური განზომილების შესახებ ჩანაწერებს შორისაა ნახსენები „ჩინეთსა და ევროპის ცენტრალურ და აღმოსავლეთ ქვეყნებს შორის თანამშრომლობა“. დოკუმენტის თანახმად:
- საქართველო თანამშრომლობის ამ მექანიზმში დამკვირვებლის რანგში ჩართვას განიხილავს;
- თბილისმა ჩინეთის საგარეო პოლიტიკის ქვაკუთხედის მხარდამჭერ არაერთ პუნქტს მოაწერა ხელი, სანაცვლოდ კი ვერ მიიღო თავისი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ცხადი აღიარება.
ასევე ნახეთ საქართველოს 6 პრობლემა ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმებაში
ანალიტიკოსების თქმით, პოსტსაბჭოთა ქვეყნების სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ჩინეთისეული აღქმა რუსეთის აღქმას ეფუძნება, რაც სიფრთხილეს საჭიროებს ეკონომიკურ გიგანტთან ურთიერთობებში.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სამიოდე კვირის წინ საუდის არაბეთში შეკრებილ ქვეყნებს, - მათ შორის, „ბრიკსის“ ოთხ წევრს, ჩინეთს, სამხრეთ აფრიკას, ბრაზილიასა და ინდოეთს, - მოუწოდა, მხარი დაუჭირონ წესებზე დაფუძნებულ საერთაშორისო წესრიგს: „წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგი, რომელსაც რუსეთის აგრესია არღვევს, უნდა აღდგეს“, - განაცხადა მან.
უცნობია, ისაუბრეს თუ არა ჩინეთში ოფიციალური პეკინის წარმომადგენლებმა საქართველოს სამთავრობო დელეგაციასთან „ბრიკსის“ ალიანსზე. რადიო თავისუფლება დაინტერესდა, მიიღო თუ არა საგარეო საქმეთა სამინისტრომ მიწვევა იოჰანესბურგში სამიტზე. უწყებისგან პასუხი ამ კითხვაზე არ მიგვიღია. პასუხის მიღების შემთხვევაში, მასალა განახლდება.