ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა საქართველოში
დღეიდან იმერეთსა და თბილისში ახალი შეზღუდვა ამოქმედდება და გასართობი დაწესებულებები 22 საათზე დაიხურება.
გუშინ კორონავირუსმა ახალი ანტირეკორდი მოხსნა საქართველოში. ვირუსი ერთ დღე-ღამეში 919 ადამიანს დაუდასტურდა. აქედან 366 თბილისში დადასტურდა, 286 აჭარაში და 104 იმერეთში.
ამ დროისთვის ვირუსის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა 113-ს აღწევს. გუშინ ბათუმში, კოვიდსასტუმროში გარდაიცვალა 41 წლის ქალი, რომელსაც კორონავირუსი 10 ოქტომბერს დაუდასტურდა. ის უსიმპტომო პაციენტად ითვლებოდა. არსებული ინფორმაციით, გარდაცვალების მიზეზი თრომბოემბოლია (სისხლძარღვში წარმოქმნილი თრომბი) გახდა.
ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის დირექტორის თენგიზ ცერცვაძის თქმით, საქართველოში გარდაცვლილ პაციენტთა შორის არიან ისეთები, ვისაც თანმხლები დაავადებები არ ჰქონდათ. ცერცვაძემ ის შესაძლო სამი გართულებაც დაასახელა, რაც ჯანმრთელი პაციენტების გარდაცვალებას იშვიათად, მაგრამ მაინც იწვევს.
გუშინ საერთაშორისო ფონდ „კურაციოს“ მონაცემები გამოქვეყნდა, რომლის მიხედვითაც, საქართველოში COVID-19-ის რეპროდუქციული მაჩვენებელი (R) 1.33-ია. ანუ ერთ ინფიცირებულს შეუძლია დააინფიციროს ერთზე მეტი ადამიანი.
ასევე ნახეთ ვის შეუძლია გახდეს კოვიდინფიცირებულისთვის პლაზმის დონორი
სააპელაციო სასამართლომ პატიმრობაში დატოვა ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა
„კარტოგრაფების საქმეზე" ბრალდებულები, ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა, თბილისის სააპელაციო სასამართლომ პატიმრობაში დატოვა. დაცვის მხარე მოითხოვდა თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის გაუქმებას.
8 ოქტომბერს პროკურატურამ ბრალი ოფიციალურად წაუყენა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსს, ივერი მელაშვილს და შსს-ს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარ ინსპექტორს, ნატალია ილიჩოვას.
მათ წინააღმდეგ გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 308-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით. 308-ე მუხლი საქართველოს ტერიტორიული ხელშეუხებლობის დარღვევას ეხება, მისი პირველი ნაწილი კი - საქართველოს საწინააღმდეგო მოქმედებას, მიმართულს უცხო ქვეყნისათვის საქართველოს მთელი ტერიტორიის ან მისი ნაწილის გადაცემისაკენ, ან საქართველოს ტერიტორიიდან მისი ნაწილის გამოყოფისაკენ და ისჯება თავისუფლების აღკვეთით ათიდან თხუთმეტ წლამდე.
პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი ბიუჯეტის პროექტს განიხილავს
დღეს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი 2021 წლის ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით პირველ შემაჯამებელ სხდომას გამართავს. ბიუჯეტის პროექტის განხილვის პირველი ეტაპი 20 ოქტომბრამდე უნდა დასრულდეს, რის შემდეგაც დოკუმენტი მთავრობას შენიშვნებითა და რეკომენდაციებით უკან დაუბრუნდება.
ცნობილია, რომ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა“ 2021 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვაში მონაწილეობას არ მიიღებს. როგორც ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ რომან გოცირიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, იმ ბიუჯეტით, რაც წარმოდგენილია, ქვეყანა სიღატაკისთვის არის განწირული.
დეკანოზი გიორგი მამალაძე გამოსაკვლევად სამოქალაქო კლინიკაში აღარ გადაიყვანეს
მსჯავრდებული დეკანოზის, გიორგი მამალაძის ადვოკატის, ქეთევან ჩუთლაშვილის განცხადებით, გიორგი მამალაძე გამოკვლევებისთვის სამოქალაქო კლინიკაში 15 ოქტომბერს აღარ გადაიყვანეს. როგორც ქეთევან ჩუთლაშვილმა რადიო თავისუფლებას უთხრა, სამკურნალო დაწესებულების წარმომადგენლებს დაპირებული კონსულტაციის გაუქმების კონკრეტული მიზეზი არ დაუსახელებიათ, თუმცა განაცხადეს, რომ დეკანოზის ჯანმრთელობის მდგომარეობა ზოგადად დამძიმებული არ იყო და ამიტომ კვლევა აღარ ჩატარდებოდა.
„ჩვენ გვქონდა ინფორმაცია, რომ დღეს უნდა მომხდარიყო მისი გადმოყვანა სამოქალაქო კლინიკაში, რათა ჩატარებოდა ნევროლოგიური კვლევა, ნევროპათოლოგის კონსულტაცია. სასჯელაღსრულებიდან როგორც გვითხრეს, დღეს აღარ იგეგმება ამ კვლევის ჩატარება და უკვე შემდგომ პერიოდში ჩატარდება ეს კვლევა. წინასწარ გვეცოდინება, როდის ჩაუტარდება და ასევე ფორმაზე, სად ჩატარდება, სამოქალაქო პროფილის კლინიკაში თუ ადგილზე მიიწვევენ სპეციალისტებს. ამაზე გვეცოდინება წინასწარ აუცილებლად“, - განაცხადა ქეთევან ჩუთლაშვილმა.
კორონა - "კედელი" პოლიტიკოსებსა და ხალხს შორის
ხელის ჩამორთმევა, კოცნა, ჩახუტება, ახლო დისტანციაზე საუბარი - ყოველთვის იყო წინასაარჩევნო კამპანიის განუყოფელი ნაწილი. კორონავირუსის მიერ დაწესებულმა აკრძალვებმა ბევრი რამ შეცვალა როგორც პოლიტიკოსებისთვის, ასევე ამომრჩევლებისთვისაც.
არჩევნებამდე 2 კვირით ადრე, წინასაარჩევნო მარათონში ჩაბმული პოლიტიკური ძალები რადიო თავისუფლებას ეუბნებიან, რომ კორონავირუსმა მათ მნიშვნელოვანი პრობლემები შეუქმნა ამომრჩევლებთან სრულფასოვნად ურთიერთობის კუთხით; ხოლო მზარდი სტატისტიკის ფონზე, ყველაფერი ხელისუფლების გადაწყვეტილებებზე იქნება დამოკიდებული.
როგორ აიძულა პანდემიამ პოლიტიკოსები, კამპანიის მასშტაბები და ფორმები შეეზღუდათ, წაიკითხე ლელა კუნჭულიას სტატიაში.
აზერბაიჯანი და სომხეთი ერთმანეთს ადანაშაულებენ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ 10 ოქტომბრის შეთანხმების დარღვევაში.
კავკასიის საკითხების ექსპერტი თომას დე ვაალი, ევროპაში კარნეგის ფონდის მთავარი მკვლევარი, და ალექსეი მალაშენკო, ანალიტიკურ ცენტრ „ცივილიზაციათა დიალოგის“ მთავარი მკვლევარი, საუბრობენ იმაზე, თუ რა უშლის ხელს სტაბილური მშვიდობის დამყარებას.