დიდი მეგობარი - რა კვალი დატოვა ირანში მოკლულმა ცნობილმა რეჟისორმა ბათუმში

დარიუშ მეჰრჯუი. ბათუმი, 2011 წელი

​​​​​​​„ის მოკლა სისტემამ, რომლის წინააღმდეგ თავისი შემოქმედებით იბრძოდა“, - ამბობს ირანელ რეჟისორზე, თეირანის მახლობლად, საკუთარ სახლში, ცოლთან ერთად მოკლულ დარიუშ მეჰრჯუიზე ბათუმელი რეჟისორი და ფოტოგრაფი შოთა გუჯაბიძე.

მისი არქივი ცნობილი ირანელი რეჟისორისთვის 2011 წელს გადაღებულ არაერთ ფოტოს ინახავს. იმ წელს დარიუშ მეჰრჯუი ბათუმის საავტორო კინოს საერთაშორისო ფესტივალის, BIAFF-ის საპატიო სტუმარი იყო.

2023 წლის 16 ოქტომბერს, როცა დარიუშ მეჰრჯუის მკვლელობის შესახებ შეიტყო, შოთა გუჯაბიძემ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა მის მიერ რეჟისორისთვის ბათუმში გადაღებული ფოტო და დაწერა:

„BIAFF-ის დიდი მეგობარი ირანელი რეჟისორი დარიუშ მეჰრჯუი ცოლთან ერთად მოკლული იპოვეს“.

დარიუშ მეჰრჯუი ბათუმში, საავტორო კინოს საერთაშორისო ფესტივალზე. 2011 წელი

შოთა გუჯაბიძემ რადიო თავისუფლებას უამბო, რომ ეს ფოტო ირანელ რეჟისორს მაშინ გადაუღო, როცა საავტორო კინოს საერთაშორისო ფესტივალზე გადასცემდნენ BIAFF-ის სპეციალურ პრიზს მსოფლიო კინემატოგრაფში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის.

დარიუშ მეჰრჯუი სცენაზე შვილთან ერთად ავიდა. შოთა გუჯაბიძის არქივში დაცულია რეჟისორის შვილის ფოტოც. მას ხელში კინოფესტივალის პრიზი უჭირავს.

დარიუშ მეჰრჯუის შვილი. ბათუმი, 2011 წელი

საავტორო კინოს საერთაშორისო ფესტივალის მენეჯერი ზვიად ელიზიანი იხსენებს, რომ 2011 წელს დარიუშ მეჰრჯუი ბათუმში იმყოფებოდა ცოლთან და შვილთან ერთად, რომელიც მაშინ 6-7 წლის იქნებოდა.

რეჟისორმა მასტერკლასი ჩაატარა და საინტერესოდ ილაპარაკა ირანულ კინოზე. იმ წელს ფესტივალზე იყო დარიუშ მეჰრჯუის ფილმების მცირე რეტროსპექტივაც, რომლის შემდეგ მაყურებელს შეხვდა. მომდევნო წლებში რეჟისორი ფესტივალს უგზავნიდა თავის ახალ ფილმებს, რომლებსაც დიდოსტატთა სექციაში აჩვენებდნენ. „ძალიან საინტერესო რეჟისორი და ადამიანი იყო“, - ამბობს ზვიად ელიზიანი. ის კინორეჟისორის და მისი ცოლის მკვლელობას შემზარავს უწოდებს და ეეჭვება, რომ ობიექტური გამოძიება ჩატარდება:

„დარიუში კინოთი გამოხატავდა თავის პოზიციას. მართალია, მისი ფილმები არ იყო აკრძალული, მაგრამ გარკვეული სოციალურ-პოლიტიკური თემატიკა, რაც ირანში აქტუალურია და ირანის საზოგადოებას აწუხებს, მის ფილმებში ასახული იყო“.

რეჟისორი და ფოტოგრაფი შოთა გუჯაბიძე, რომლის არქივში ირანელი რეჟისორისთვის ცოლთან ერთად გადაღებული ფოტოებიცაა, ფიქრობს, რომ დარიუშ მეჰრჯუი სისტემამ მოკლა:

„კერძო შემკვეთი ჰყავს ამ მკვლელობას, თუ სახელმწიფო მანქანაა ჩართული, მნიშვნელობა არ აქვს. ფაქტი ერთია, სისტემა კლავს ხელოვანს!“

დარიუშ მეჰრჯუი და მისი ცოლი, ვაჰიდე მოჰამადიფარი საავტორო კინოს ფესტივალის ხელმძღვანელ ზვიად ელიზიანთან ერთად. ბათუმი, 2011 წელი

ირანელი კინორეჟისორი, 83 წლის დარიუშ მეჰრჯუი და მისი ცოლი, სცენარისტი ვაჰიდე მოჰამადიფარი, 2023 წლის ოქტომბერში, თეირანის მახლობლად მოკლეს.

ირანის სახელმწიფო საინფორმაციო საშუალებები 15 ოქტომბერს იუწყებოდნენ, რომ დანით მიყენებული ჭრილობებით გარდაცვლილი ცოლ-ქმარი თეირანიდან 30 კილომეტრში, რეჟისორის სახლში ნახა მშობლებთან მისულმა შვილმა. 19 ოქტომბერს, ირანის სახელმწიფო სააგენტო IRNA-მ პოლიციაზე დაყრდნობით დაწერა, რომ იდენტიფიცირებული და დაკავებულია „მთავარი მკვლელი“. დანაშაულის მოტივის შესახებ არაფერი იყო ნათქვამი.

ირანის ხელისუფლების მიერ დევნილი ოპოზიციონერები და აქტივისტები დარიუშ მეჰრჯუის და მისი ცოლის პოლიტიკურ მკვლელობას არ გამორიცხავენ, რადგან კინორეჟისორმა საჯაროდ გაილაშქრა სახელმწიფო ცენზურის წინააღმდეგ.

დარიუშ მეჰრჯუი ირანული კინოს „ახალი ტალღის“ ცნობილი წარმომადგენელი იყო. მისი ფილმი „ძროხა“ იყო ერთ-ერთი პირველი ირანული კინოსურათი, რომელიც 1971 წელს აჩვენეს ვენეციის, კანისა და ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალებზე.