რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა 27 აპრილს ხელი მოაწერა განკარგულებას, რომელიც ანექსირებული ტერიტორიების (დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქების) მცხოვრებთა დეპორტაციის შესაძლებლობას იძლევა. საუბარია იმ ადამიანებზე, რომლებმაც არ დატოვეს თავიანთი საცხოვრებელი ადგილები, მაგრამ არ მიიღეს რუსეთის მოქალაქეობა. ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში მომუშავე ავტორიტეტიანი ორგანიზაციების შეფასებით, განკარგულება არღვევს საერთაშორისო ჰუმანიტარულ კანონს და მისი ზოგიერთი დებულება შეიძლებახ ომის დანაშაულად იქნას მიჩნეული.
რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის განკარგულებაში, რომელიც კრემლის ოფიციალურ ვებსაიტზეა გამოქვეყნებული, ნათქვამია, რომ 2023 წლის 30 სექტემბრამდე უკრაინის მოქალაქეებმა, რომლებიც ცხოვრობენ ლუგანსკის და დონეცკის სახალხო რესპუბლიკებში, ასევე რუსეთის მიერ კონტროლირებად ზაპოროჟიესა და ხერსონის რეგიონებში, უნდა მიიღონ რუსეთის მოქალაქეობა. ის, ვინც გადაწყვეტს არ შეასრულოს ეს მოთხოვნა, ვალდებული იქნება 2023 წლის 30 სექტემბრამდე ოფიციალურად გამოხატოს როგორც უკრაინის მოქალაქეობის შენარჩუნების სურვილი, ასევე უარი დადოს რუსეთის მოქალაქის ფიცი. ეს ადამიანები, პუტინის განკარგულებით, თავიან საცხოვრებელ ადგილებზე დარჩენას შეძლებენ 2024 წლის 1 ივლისამდე, რის შემდეგაც ჩაითვლებიან უცხო ქვეყნის მოქალაქეებად ან მოქალაქეობის არმქონე პირებად.
პუტინის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტის თანახმად, ანექსირებულ რეგიონებში მცხოვრები რუსეთის მოქალაქეობის არმქონე პირები, რომლებიც რუსული ადმინისტრაციის მიერ მიჩნეული იქნებიან რუსეთის უსაფრთხოებისათვის მუქარის შექმნაში ან ექსტრემისტული და ტერორისტული ხასიათის დანაშაულის დაგეგმვაში, დაექვემდებარებიან „ქვეყნიდან გაძევებას“. შეტყობინების მიღების მომენტიდან სამი კალენდარული დღის ვადაში მათ დამოუკიდებლად უნდა დატოვონ ქვეყანა, წინააღმდეგ შემთხვევაში მოხდება მათი დეპორტაცია. განკარგულებაში არაფერია ნათქვამი იმაზე, თუ რომელ ტერიტორიაზე იგეგმება უკრაინის მოქალაქეების გაძევება-გადასახლება.
რა/ვინ შეიძლება უქმნიდეს საფრთხეს რუსეთის უსაფრთხოებას ანექსირებულ ტერიტორიებზე?
რუსეთის პრეზიდენტის განკარგულების თანახმად, რუსეთის უსაფრთხოებას შეიძლება მუქარას უქმნიდნენ ადამიანები, რომლებიც მონაწილეობენ „არასანქცირებულ მიტინგებში, შეკრებებში, მსვლელობებში, პიკეტირებაში“. ასევე, ეროვნული უსაფრთხოებისათვის მუქარის შემცველად შეიძლება ჩაითვალოს კონსტიტუციური წესრიგის საფუძვლების ცვლილების მხარდამჭერი გამოსვლები, ტერორისტული და ექსტრემისტული აქტების დაგეგმვა და დაფინანსება, ასევე საზოგადოებრივი უსაფრთხოების ხელყოფა.
„პუტინის ბრძანებულებაში დეპორტაციის საფუძვლების სია ძალიან ფართოა: ექსტრემისტული აქტივობიდან (რადაც რუსეთში შეიძლება გამოცხადდეს ყველაფერი, რაც ხელისუფლებას არ მოსწონს) ნებისმიერ „არასანქცირებულ“ საჯარო ღონისძიებაში მონაწილეობამდე, - ამბობს მიხაილ სავვა, რუსული პოლიტოლოგი და უკრაინის სამოქალაქო თავისუფლებების ცენტრის ექსპერტი, - "ასეთი დეპორტაცია აშკარად უკანონოა, რადგან ომის დროს სამოქალაქო პირების დაცვის ჟენევის კონვენციის 49-ე მუხლი კრძალავს დაცული პირების დეპორტაციას ოკუპირებული ტერიტორიიდან ნებისმიერი მიზეზით“.
- 2019 წლის ივლისში, პუტინმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომელიც ითვალისწინებდა რუსეთის მოქალაქეობის მიღების გამარტივებას ლუგანსკის და დონეცკის ოლქების მაცხოვრებლებისთვის, მათ შორის იმ დროისთვის უკრაინის ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზეც. უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ამ გადაწყვეტილებას "აგრესიისა და შიდა საქმეებში ჩარევის გაგრძელება" უწოდა.
- 2019 წლის 1 მაისს პუტინმა ასევე ხელი მოაწერა განკარგულებას რუსეთის მოქალაქეობის მიღების გამარტივების შესახებ უკრაინის იმ მოქალაქეებისთვის, რომლებსაც არ აქვთ სხვა ქვეყნების მოქალაქეობა და რომლებიც 2014 წლის მარტამდე ანუ ანექსიამდე ცხოვრობდნენ ყირიმში. ამავე კატეგორიაში მოხვდნენ უკრაინის მოქალაქეები, რომლებსაც აქვთ ლტოლვილის მოწმობა, ბინადრობის ნებართვა, რუსეთში დროებითი ცხოვრების ნებართვა ან რუსეთში დროებითი თავშესაფრის მოწმობა.
როგორც რუსი და უკრაინელი უფლებადამცველები აცხადებენ, ვლადიმირ პუტინის განკარგულება კიდევ ერთი მტკიცებულებაა კრემლის რეჟიმის პროგრესირებადი დანაშაულისა.
„განკარგულება არღვევს საერთაშორისო ჰუმანიტარულ კანონს და მისი ზოგიერთი დებულება შეიძლება ცნობილი იქნას ომის დანაშაულად, - განაცხადა Amnesty International-ის დირექტორის მოადგილემ აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში დენის კრივოშეევმა.
საერთაშორისო კრიზისული ჯგუფის (International Crisis Group) პროგრამის უფროსი მრჩევლის, ბრაიან ფინუკეინის თქმით, უკრაინის მოქალაქეების დეპორტაცია ან იძულებით გადაადგილება რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჟენევის მეოთხე კონვენციის აშკარა დარღვევა იქნება.
„უკანონო დეპორტაცია ასევე დანაშაულია სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) რომის სტატუტის მე-8 მუხლით“, - ამბობს ექსპერტი, რომლის თქმითაც ვლადიმირ პუტინისა და რუსეთის ბავშვთა ომბუდსმენის მარია ლვოვა-ბელოვას დაკავების ორდერები ნაწილობრივ ეფუძნება ამავე მუხლის სავარაუდო დარღვევას. სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს რომის სტატუტში ომის დანაშაულთა შორის მითითებულია "ოკუპირებული ტერიტორიის მოსახლეობის ნაწილის დეპორტაცია ან გადაყვანა ოკუპირებული ტერიტორიის შიგნით ან მის ფარგლებს გარეთ".
2023 წლის 17 მარტს, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ გამოსცა დაპატიმრების ორდერი რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინისა და რუსეთის ფედერაციის ბავშვთა ომბუდსმენის მარია ლვოვა-ბელოვას მიმართ, რომლებიც ეჭვმიტანილები არიან უკრაინის დროებით ოკუპირებული ტერიტორიებიდან ბავშვების რუსეთში უკანონო დეპორტირებაში. 2023 წლის 27 აპრილს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ გენოციდად აღიარა უკრაინელი ბავშვების დეპორტაცია და რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე იძულებითი გადაყვანა.
ასევე ნახეთ ვინ არის ქალი, რომელმაც დაღუპა პუტინიუკრაინის სამოქალაქო თავისუფლებების ცენტრის ექსპერტის მიხაილ სავვას თქმით, ვლადიმირ პუტინმა ფაქტობრივად ხელი მოაწერა სამხედრო დანაშაულს.
„როგორც კი ამ განკარგულების მიხედვით განხორციელდება თუნდაც ერთი დეპორტაცია, იარსებებს საფუძველი, რომ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ გასცეს დაკავების ორდერი“, - განაცხადა ადამიანის უფლებათა უკრაინელმა დამცველმა", - ამბობს მიხაილ სავვა.
პოლიტიკის ექსპერტები ვარაუდობენ, რომ რუსეთის ხელისუფლება დიდ სირთულეებს აწყდება ანექსირებული ტერიტორიების როგორც შენარჩუნების, ასევე მართვის პროცესში. რუსეთს ერთი მხრივ არ ყოფნის მართვისთვის საჭირო ცოცხალი ძალა და საკადრო რესურსი, მეორე მხრივ კი მაღალია რუსეთისადმი არალოიალურად განწყობილი მოსახლეობის რიცხვი, რომლის შემცირებასაც სავარაუდოდ ემსახურება ვლადიმირ პუტინის მიერ ხელმოწერილი განკარგულება.
„რუსეთის ეროვნულ გვარდიაში პერსონალის დეფიციტი ხელს უშლის მოსკოვის მცდელობას სრული კონტროლი დაამყაროს უკრაინის ყველა ოკუპირებულ და ანექსირებულ ტერიტორიაზე“, ნათქვამია აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტის ერთ-ერთ დოკუმენტში, რომელიც რადიო თავისუფლებამ შეისწავლა.
2023 წლის თებერვლის ბოლო რიცხვებით დათარიღებული დოკუმენტიდან გამომდინარეობს, რომ 2022 წლის აგვისტოში, რუსეთის ფედერაციის ეროვნული გვარდიის სულ მცირე 27 500 სამხედრო მოსამსახურე იმყოფებოდა უკრაინის ტერიტორიაზე. როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, ამ ჯარებმა მნიშვნელოვანი ზარალი განიცადეს. ანგარიშში ხაზგასმულია, რომ ეროვნულ გვარდიას დაეკისრა მრავალი დამატებითი ვალდებულება დაპყრობილი ტერიტორიების შესანარჩუნებლად, რამაც კიდევ უფრო გაამწვავა პერსონალის დეფიციტი.
30 აგვისტოს ეროვნული გვარდიის დირექტორმა ვიქტორ ზოლოტოვმა ვლადიმერ პუტინს განუცხადა, რომ „ნაციონალური გვარდიის ჯარები უკრაინაში სპეცოპერაციის ზონაში უზრუნველყოფენ უსაფრთხოებას, კანონიერებას და წესრიგს რუსეთის მიერ კონტროლირებად დასახლებებში, ებრძვიან დივერსანტებს, იცავენ განსაკუთრებით მნიშვნელოვან ობიექტებს."
რუსეთის ეროვნული გვარდიის ჯარები (როსგვარდია) 2016 წელს შეიქმნა შინაგან საქმეთა სამინისტროს შინაგანი ჯარების თანამშრომლებისგან. 2017 წლის ოფიციალური მონაცემებით, რუსეთის გვარდიის რიგებში 340 000 თანამშრომელი ირიცხებოდა. უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დასაწყისში როსგვარდიამ მნიშვნელოვანი ზარალი განიცადა კიევთან და ხარკოვთან ბრძოლებში. საუბარია სპეციალური დანიშნულების რაზმებზე (ომონი), რომელთა დახმარებითაც დაგეგმილი იყო წესრიგის დაცვა ოკუპირებულ ტერიტორიებზე.
რუსეთის მიერ ოკუპირებულ უკრაინის ტერიტორიებზე რეგულარულად ხდება თავდასხმა როგორც რუს სამხედროებსა და ოფიციალური პირებზე, ასევე იმ უკრაინელებზე, რომლებიც საოკუპაციო ხელისუფლებასთან თანამშრომლობენ.
უკრაინელი ჟურნალისტების ცნობით, მხოლოდ 2022 წელს დონეცკის, ლუგანსკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოკუპირებულ ტერიტორიებზე დაიღუპა 12 თანამდებობის პირი და ძალოვანი უწყებების წარმომადგენელი, ძირითადად უკრაინის ის მოქალაქეები, რომლებმაც შეინარჩუნეს ან დაიკავეს თანამდებობები ოკუპაციის შემდეგ.