პუტინმა ეჭვის ქვეშ დააყენა ზელენსკის ლეგიტიმურობა. კიდევ რა ითქვა მინსკში?

პუტინთან მინსკში გამართული შეხვედრის დროს ლუკაშენკამ განაცხადა, რომ "მოსკოვი და მინსკი არ გადაუხვევენ მსოფლიოს მოწყობის მრავალპოლუსიან სამართლიან გზას".

ბელარუსში ოფიციალურ ვიზიტად მყოფმა ვლადიმირ პუტინმა კვლავ გაიმეორა, რომ რუსეთი მზად არის უკრაინასთან სამშვიდობო მოლაპარაკებისთვის, მაგრამ უკრაინაში ორწლიანი საომარი მოქმედებების შემდეგ არსებული რეალობის და უკვე მიღწეული "პრინციპული ხასიათის შეთანხმებების" გათვალისწინებით.

ალიაქსანდრ ლუკაშენკასთან მინსკში გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ, პრესკონფერენციაზე, ვლადიმირ პუტინმა კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა თავად ვოლოდიმირ ზელენსკის ლეგიტიმურობა, რაც, კრემლის ლიდერის თქმით, უკრაინის შიგნით უნდა გადაწყდეს და არა საზღვარგარეთ.

მინსკში პუტინს შეკითხვა "საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიმართ სატელეფონო მუქარაზეც" დაუსვეს.

"ვისთან გავმართოთ მოლაპარაკება? ზელენსკის ლეგიტიმაცია დასრულდა"

24 მაისს, ვიდრე მინსკში პუტინ-ლუკაშენკას მოლაპარაკებები დაიწყებოდა, სააგენტო Reuters-ი ოთხ რუსულ წყაროზე დაყრდნობით წერდა, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი მზად არის, შეაჩეროს ომი უკრაინაში და დათანხმდეს ზავზე, რომლის დროსაც ჯარები ამჟამინდელი ფრონტის ხაზზე დარჩებიან.

მინსკში გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ, ერთობლივ პრესკონფერენციაზე, ვლადიმირ პუტინმა ფაქტობრივად დაადასტურა, რომ სწორედ უკრაინის ამჟამინდელი რეალობის გათვალისწინებით დათანხმდება მასთან სამშვიდობო მოლაპარაკების განახლებას.

„ჩვენ ახლა ვხედავთ, რომ განახლდა საუბარი იმაზე, რომ უნდა დავუბრუნდეთ მოლაპარაკებებს. დაე, დაუბრუნდნენ. მაგრამ უნდა დაუბრუნდნენ არა იმის საფუძველზე, რაც ერთ ქვეყანას სურს, არამედ პრინციპული ხასიათის შეთანხმებების საფუძველზე, რომლებიც მიღწეული იქნა ბელარუსსა და თურქეთში რთული მოლაპარაკებების დროს და ასევე ბრძოლის ველზე განვითარებული დღევანდელი რეალობების საფუძველზე. ჩვენ ამისთვის მზად ვართ", - განაცხადა ვლადიმირ პუტინმა.

ეს მესიჯი, თავის მხრივ, წინააღმდეგობაშია უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის "მშვიდობის ფორმულასთან". უკრაინის ხელისუფლებამ არაერთხელ განაცხადა, რომ მოლაპარაკებებისთვის მზად არის მხოლოდ ქვეყნის საერთაშორისოდ აღიარებული ტერიტორიიდან რუსეთის ჯარების გაყვანის შემდეგ.

10-პუნქტიანი „მშვიდობის ფორმულა“ უკრაინის პრეზიდენტმა 2022 წლის 15 ნოემბერს გაახმაურა. დოკუმენტის მთავარ ამოსავალს უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის სრულად აღდგენა წარმოადგენს, დროებით ანექსირებული ყირიმის ჩათვლით.

ასევე ნახეთ

რუსეთის იერიშის ფონზე ევროპა მხარს უჭერს ზელენსკის „მშვიდობის ფორმულას“

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მოელის, რომ მისი სამშვიდობო ფორმულა ძლიერ მხარდამჭერ სიგნალს მიიღებს შვეიცარიაში 15-16 ივნისს დაგეგმილ "მშვიდობის გლობალურ სამიტზე", რომელშიც მონაწილეობას მიიღებს ასამდე ქვეყანა. რადგან სამიტზე მიწვეული არ არის რუსეთი, მოსკოვში უკვე განაცხადეს, რომ რუსეთის მონაწილეობის გარეშე შეხვედრას არანაირი აზრი არ ექნება.

მეტიც, მინსკში მყოფმა პუტინმა კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა თავად ვოლოდიმირ ზელენსკის ლეგიტიმურობა, რაც პუტინის თქმით, აზრს უკარგავს საუბარს სამშვიდობო მოლაპარაკების განახლებაზე.

„ვისთან ვაწარმოოთ მოლაპარაკება? - ეს არ არის უაზრო შეკითხვა. რა თქმა უნდა, ჩვენ ვიცით, რომ [უკრაინის] ამჟამინდელი სახელმწიფოს მეთაურის ლეგიტიმაცია დასრულდა. ვფიქრობ, რომ შვეიცარიაში გამართული კონფერენციის ერთ-ერთი მიზანი სწორედ ის არის, რომ დასავლურმა საზოგადოებამ, კიევის ამჟამინდელი რეჟიმის სპონსორებმა, დაადასტურონ ამჟამინდელი სახელმწიფოს მეთაურის "ლეგიტიმურობა". მაგრამ ამ პიარ ნაბიჯებს იურიდიული დოკუმენტებისთვის მნიშვნელობა არ აქვს", - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.

ზელენსკის ლეგიტიმურობის საკითხს, პუტინის აზრით, უკრაინის კონსტიტუციის, პარლამენტისა და ხელისუფლების სხვა უფლებამოსილი ორგანოს მხრიდან „უკრაინაში უნდა გაეცეს პასუხი“.

ასევე ნახეთ

პუტინის თქმით, ზელენსკის ლეგიტიმაცია დასრულებულია

ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინის პრეზიდენტის მოვალეობას 2019 წლის 20 მაისს გამართული ინაუგურაციის შემდეგ შეუდგა. Fox News-თან საუბარში მან თქვა, რომ ისურვებდა, საპრეზიდენტო არჩევნები გეგმის მიხედვით კონსტიტუციურ ვადაში, 2024 წლის მარტის ბოლოს გამართულიყო. ზელენსკის თქმით, ომის პირობებში ძალზე რთულია ყველა მოქალაქის კენჭისყრის ორგანიზება, ამიტომ არჩევნები საბრძოლო მოქმედებების დასრულების შემდეგ ჩატარდება.

ამ მოსაზრებას იზიარებს უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი, პეტრო პოროშენკო, რომელიც ასევე აპირებს მომდევნო საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღებას რუსეთთან ომის დასრულების შემდეგ.

ასევე ნახეთ

პეტრო პოროშენკო კვლავ აპირებს, უკრაინის პრეზიდენტის პოსტისთვის იყაროს კენჭი

პროპაგანდისტულმა RT-მ მინსკში ქართული თემისთვის მოიცალა

მას შემდეგ, რაც საქართველოს პარლამენტის უმრავლესობამ მხარი დაუჭირა "აგენტების კანონს", საქართველოში მიმდინარე პროცესები რუსეთის პროპაგანდისტული საინფორმაციო საშუალებების მთავარ გამოშვებებში ლამის ყოველდღიურად ხვდება.

ამას ბოლო დღეებში დაემატა ახალი თემა: რუსეთის ყველა მსხვილი ტელევიზია ამბობს, რომ ევროკავშირი საქართველოს პრემიერ-მინისტრს მოკვლით დაემუქრა.

ასევე ნახეთ

„ევროკავშირი კობახიძეს მოკვლით დაემუქრა“ - კრემლი საქართველოს პრემიერს ესარჩლება

23 მაისს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ფეისბუკის ოფიციალურ გვერდზე დაწერა, რომ ერთ-ერთი ევროკომისარი მას დაემუქრა. მისი განცხადებით, ეს უკავშირდება „აგენტების კანონზე“ პრეზიდენტის ვეტოს დაძლევის შემდეგ მოსალოდნელ ზომებს. კობახიძის განცხადებით, მას სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრის, რობერტ ფიცოს ბედის გაზიარებით დაემუქრნენ.

“ყველას, ვინც დასავლეთის პოლიტიკას ეწინააღმდეგება, შეიძლება დაემართოს ის, რაც დაემართა [სლოვაკეთის პრემიერ რობერტ] ფიცოს”, - ამბობს რუსეთის პირველი არხის წამყვანი 24 მაისის დილის გადაცემის ეთერში.

24 მაისს ვლადიმირ პუტინის პრესკონფერენციაზე ევროკომისრის სატელეფონო მუქარის შესახებ აგორებული სკანდალი პროპაგანდისტული ტელეარხის "რაშა თუდეის" კორესპონდენტმა გაიხსენა და დაინტერესდა იმით, თუ რას ფიქრობდა რუსეთიზ ლიდერი კოლექტიური დასავლეთის ამ, სავარაუდოდ, "ახალი პოლიტიკის" შესახებ.

„მე არ შემიძლია იმის კომენტირება, თუ სად რა თქვა მავანმა ევროკომისარმა. ეს უმსგავსობაა. სამწუხაროდ, საშუალო დონის მოხელეების უპასუხისმგებლობა, განსაკუთრებით ამ მიმართულებით, იზრდება. ამას ჩვენც ვაწყდებით, რაც მხოლოდ წუხილს იწვევს“, - განაცხადა ვლადიმირ პუტინმა, რომლის მმართველობის წლები რუსეთში პოლიტიკური ოპონენტების სასტიკი დევნით, დაპატიმრებითა და ლიკვიდაციით არის ცნობილი.

ასევე ნახეთ

PACE-მ რუსეთს დიქტატურა უწოდა, რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურებს კი - პუტინის თანამზრახველები

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 23 მაისს ფეისბუკის ოფიციალურ გვერდზე „მუქარაში“ დასდო ბრალი ერთ-ერთ ევროკომისარს, - ისე, რომ მისი ვინაობა არ უთქვამს.
იმავე საღამოს გაირკვა, რომ კობახიძეს ტელეფონით ესაუბრა ოლივერ ვარჰეი, სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარი. თუმცა ვარჰეიმ განაცხადა, რომ მისი სატელეფონო საუბრის ერთი ნაწილი კონტექსტიდან ამოგლიჯეს,

„სატელეფონო ზარისას ვიგრძენი საჭიროება, რომ პრემიერ-მინისტრის ყურადღება მიმექცია იმის მნიშვნელობაზე, რომ ისედაც მყიფე ვითარება არ გაამწვავონ კანონის მიღებით, რამაც შესაძლოა გაზარდოს პოლარიზაცია და შექმნას უკონტროლო ვითარება თბილისის ქუჩებში. ამ კუთხით, სლოვაკეთში მომხდარი უახლესი ტრაგიკული მოვლენა იქნა ნახსენები მაგალითად, თუ რისი გამოწვევა შეუძლია პოლარიზაციის მაღალ ხარისხს საზოგადოებაში ევროპაშიც კი“, - განაცხადა 23 მაისს უნგრელმა ევროკომისარმა ოლივერ ვარჰეიმ, რომელიც უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, „ქართული ოცნების“ მოკავშირე ვიქტორ ორბანის დანიშნულია და ბრიუსელში ორბანის მოკავშირედ მიიჩნევა.

  • სლოვაკეთის პრემიერ- მინისტრ რობერტ ფიცოზე შეიარაღებული თავდასხმა 15 მაისს მოხდა;
  • სლოვაკეთის დედაქალაქ ბრატისლავიდან 180 კილომეტრში მდებარე სოფელ ჰანდლოვაში მთავრობის გასვლითი სხდომის დასრულების შემდეგ რობერტ ფიცო მივიდა ხალხთან, რომელიც მთავრობის მეთაურს ესალმებოდა. პრემიერს ამ დროს ესროლეს;
  • ფიცოზე თავდასხმაში ეჭვმიტანილია 71 წლის იურაი ცინტულა, სლოვაკი მწერალი და პოეტი, რომელიც თავდასხმის იარაღს კანონიერად ფლობდა. თვითმხილველის თანახმად, თავდამსხმელმა პრემიერს დაუძახა და ის მისკენ გაემართა, სავარაუდოდ, ხელის ჩამოსართმევად, როცა გაისმა სროლის ხმა. ეჭვმიტანილი უშუალოდ თავდასხმის შემდეგ დააკავეს.
  • სლოვაკეთის შინაგან საქმეთა მინისტრის, მატუშ ესტოკის თქმით, თავდამსხმელს "პოლიტიკური მოტივი" ამოძრავებდა.