ამ სტატიაში აგიხსნით, რას შეიძლება ნიშნავდეს პუტინის სიტყვები და შეგახსენებთ, რა უძღოდა მათ.
“გამაკვირვა მათმა სიმამაცემ და ხასიათმა, რომელიც გამოავლინეს იმისთვის, რათა დაეცვათ საკუთარი თვალსაზრისი”, - თქვა რუსეთის პრეზიდენტმა 28 ნოემბერს.
პუტინმა ხელისუფლება შეაქო იმისთვის, რომ მან ე.წ. უცხოეთის აგენტების კანონი მიიღო მრავალათასიანი საპროტესტო აქციების მიუხედავად.
ეს წინააღმდეგობა, ამტკიცებდა პუტინი, იმის მაგალითია, რომ დასავლეთი ერევა საქართველოს საქმეებში.
ასევე ნახეთ პუტინი აცხადებს, რომ არ ერევა საქართველოს საქმეებში. "არ ვეხებით"ქუჩაში გამოდიან ადამიანები, რომლებიც “უცხო ქვეყნებისგან იღებენ ფულს საკუთარ ქვეყანაში პოლიტიკური საქმიანობისთვის”, - თქვა მან და დააყოლა, რომ რუსეთი “არ ეხება” საქართველოს პოლიტიკურ დღის წესრიგს და არ ერევა მასში.
და კიდევ, “ჩვენ არავითარი ურთიერთობა არ გვაქვს საქართველოს ხელისუფლებასთან”, - ხელების აწევით თქვა ოდნავ მოღიმარმა პუტინმა.
ამ დროს, თბილისში საღამოს 6 საათი ხდებოდა. პრემიერ-მინისტრს უკვე დაანონსებული ჰქონდა პრესკონფერენცია, რომელზეც რამდენიმე წუთში გამოაცხადებდა, რომ ხელისუფლება 2028 წლამდე უარს ამბობდა ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებებზე.
იქამდე ერთი დღით ადრე, პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა თქვა, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება დააზარალებს.
ასევე ნახეთ „ქართულ ოცნებას“ 2028 წლის ბოლომდე ევროკავშირთან მოლაპარაკების გახსნა არ სურსპუტინი მანიპულატორია
ექსპერტები და ჟურნალისტები, რომლებიც რუსეთის პრეზიდენტის გამოსვლებს წლებია აკვირდებიან, აღნიშნავენ, რომ მას უყვარს მანიპულაცია.
ანუ ხშირად ამბობს ერთს და გულისხმობს საპირისპიროს.
მაგალითად, აშშ-ში წელს გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებამდე.
პუტინს რამდენჯერმე ჰკითხეს, ვისი გამარჯვება ურჩევნია. ის უპასუხებდა, რომ რუსეთის ინტერესებშია ჯერ ჯო ბაიდენის, შემდეგ კი საპრეზიდენტო რბოლაში მისი შემცვლელის, კამალა ჰარისის გამარჯვება.
“უფრო გამოცდილი ადამიანია, პროგნოზირებადია და ძველი ფორმაციის პოლიტიკოსია”, - ამბობდა პუტინი ბაიდენზე.
მას „გადამდები სიცილი აქვს“, - ამბობდა პუტინი, როდესაც ამტკიცებდა, რომ ჰარისს უგულშემატკივრებდა.
პუტინი ცდილობს დემოკრატი კანდიდატების დისკრედიტაციას, რათა ამერიკელ ამომრჩევლებს “რეალობა ფეხქვეშ გამოაცალოს”, - ხსნიდა მის ტაქტიკას დენის აფტერგუტი, გამოცემა “ზე ჰილის” მიმომხილველი.
კიდევ ერთი მაგალითი პუტინის ყოფილი მზარეულისა და მის წინააღმდეგ ამბოხებული ევგენი პრიგოჟინის სიკვდილია.
პრიგოჟინის თვითმფრინავი ჩამოვარდა 2023 წლის 23 აგვისტოს, მისი ამბოხის ორი თვის თავზე.
ავიაკატასტროფის მიზეზი დადგენილი დღემდე არაა. ოფიციალური ვერსიით, თვითმფრინავის შიგნით ხელყუმბარა აფეთქდა.
პუტინმა თქვა, რომ პრიგოჟინი “რთული ბედის” ადამიანი იყო და მიანიშნა, რომ შეიძლება ხელყუმბარა აუფეთქდა და, რომ ის თითქოსდა კოკაინს მოიხმარდა.
ბიბისის რუსული სამსახური მაშინ წერდა, რომ ეს ვერსია თეთრი ძაფითაა ნაკერი და ალბათ პუტინმა სინამდვილეში თქვა სულ სხვა რამ - რომ მან პრიგოჟინი ღალატისთვის დასაჯა.
პუტინი “ქართულ ოცნებას” 10 წელია ეფლირტავება
“ქართული ოცნების" გარდა, პუტინის ქება დაუმსახურებია ბელარუსის ავტოკრატ ლიდერს ალიაქსანდრ ლუკაშენკას და უკრაინის ყოფილ პრორუს პრეზიდენტს ვიქტორ იანუკოვიჩს.
იანუკოვიჩმა დაიმსახურა ნდობა, “კარდინალურად შეცვალა” რუსეთ-უკრაინის ურთიერთობა და ამით მისმა ქვეყანამ ეკონომიკური სარგებელიც მიიღო, - ამბობდა პუტინი.
2013 წელს იანუკოვიჩმა უარი თქვა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების გაფორმებაზე, რამდენიმე თვეში კი უკრაინიდან ღირსების რევოლუციას გაექცა.
ასევე ნახეთ სად არის თქვენი комбали? - ვინ ეთამაშება „ქართულ მაიდანს“2014 წლიდან პუტინი პოზიტიურ სიგნალებს უკვე “ქართულ ოცნებას” უგზავნის.
2014 წლის დეკემბერში, ის “ქართული ოცნების” წარმომადგენლებს მოსკოვში ეპატიჟებოდა.
"მოხარულები ვიქნებით... თუკი პრეზიდენტსაც და პრემიერსაც მოსკოვში ვიხილავთ”, - თქვა პუტინმა ყოველწლიურ პრესკონფერენციაზე, ყირიმის ანექსიიდან რამდენიმე თვეში.
წლების მანძილზე, ის ასევე უტრიალებდა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმებას, რომელიც ჯერ კიდევ მიხეილ სააკაშვილის მმართველობის დროს დააწესა.
ამას პუტინი “არ გამორიცხავდა”, მაგალითად, 2016 წლის დეკემბერში.
“ამისთვის ყველა წინაპირობა არსებობს, მით უმეტეს, რომ ვხედავთ გარკვეულ სიგნალებს საქართველოს ცალკეული მმართველი სტრუქტურებისგან”, - ამბობდა ის.
საამისოდ, დაამატა პუტინმა, “ძალიან მნიშვნელოვანია ნორმალური ურთიერთობა სპეცსამსახურებსა და სამართალდამცველ ორგანოებს შორის”.
2019 წელს, როდესაც მას იმხანად “რუსთავი-2”-ის ჟურნალისტმა, გიორგი გაბუნიამ პირდაპირ ეთერში შეაგინა, პუტინმა თქვა, რომ წინააღმდეგია საქართველოსთვის სანქციების დაწესების, “ქართველი ხალხისადმი პატივისცემის ნიშნად”.
საქართველოში “არიან ისინი, ვინც ამას [მის გინებას] აპროტესტებს”, - დაამატა პუტინმა და გაიმეორა, რომ თბილისთან “ნორმალური ურთიერთობის აღდგენა” სურს.
თუმცა უვიზო რეჟიმი საქართველოსთან მხოლოდ 2023 წლის მაისში გააუქმა.
მაშინ უკრაინაში ომი უკვე დაწყებული ჰქონდა, “ქართული ოცნება” კი ნელ-ნელა ალაპარაკდა იმაზე, რომ რაღაც “გლობალური ომის პარტია” ამ ომში საქართველოს ჩათრევასაც ცდილობს.
“საქართველოსთან მშვიდი ურთიერთობა გვაქვს, მათაც მეზობლებთან თანამშრომლობის დიდი ინტერესი აქვთ… კეთილმეზობლური ურთიერთობის ფარგლებში ისინი დიდ ეკონომიკურ სარგებელს იღებენ”, - თქვა პუტინმა 2023 წლის ოქტომბერში.
მომდევნო თვეებში “ოცნება” სულ უფრო ანტაგონისტური ხდებოდა აშშ-ისა და ევროკავშირის მიმართ და თითქმის გადმოაკოპირა კრემლის პროპაგანდის ანტიდასავლური თეზისები.
მაგალითად ის, რომ უკრაინის ღირსების რევოლუცია დასავლეთის დაფინანსებული “სახელმწიფო გადატრიალებაა” და, რომ იგივე მზადდება საქართველოშიც.
"ოცნებამ" ასევე მიიღო კრემლის მიერ მიღებული ორი რეპრესიული კანონი. ერთი ე.წ. უცხოეთის აგენტებზე, მეორე კი - "ლგბტ პროპაგანდაზე".
“ოცნებას” ღიად აქებენ კრემლის სხვა წარმომადგენლები და პროპაგანდისტებიც. ამის შესახებ ბოლო თვეების განმავლობაში არაერთხელ გიამბეთ.
ასევე ნახეთ „მეტი სიხისტეა საჭირო“ - კრემლის პროპაგანდისტები “ოცნებას” აგულიანებენ