ურჩხულის დაბრუნება: პუტინის რუსეთის თავზე სტალინი აღიმართება

მიუხედავად იმისა, რომ იოსებ სტალინი 70 წლის წინ გარდაიცვალა, ის მაინც ყველგანაა ვლადიმირ პუტინის სულ უფრო ავტორიტარულ რუსეთში. (ფოტომონტაჟი)

რუსეთის თათრეთის რეგიონის სიდიდით მეორე ქალაქში, ნაბერეჟნიე ჩელნიში, საბჭოთა დიქტატორის, იოსებ სტალინის, უჩვეულო ქანდაკება დგას კერძო სკოლის ტერიტორიაზე.

სკამზე უდარდელად მჯდომი სტალინის ფიგურა სასაუბროდ გადმოხრილა და გამვლელებს ეპატიჟება თავის გვერდით, დაბრძანდით, ვისაუბროთო. მისი პოზისა და ჟესტის მიხედვით, ტირანი ერთდროულად ყურადღებით უსმენს მოსაუბრეს და მოთმინებით უხსნის რაღაცას, რაც მკვეთრ კონტრასტშია მისი მმართველობის სასტიკ რეალობასთან.

რუსეთში ახლა სტალინის 100-ზე მეტი ძეგლია და მათი უმრავლესობა ვლადიმირ პუტინის ხელისუფლებაში ყოფნის 24 წლის განმავლობაშია აგებული. მაგრამ ნაბერეჟნიე ჩელნის ქანდაკება ალბათ ყველაზე უკეთ ასახავს ქვეყნის პარადოქსულ, ამავე დროს, კვლავაც მიმდინარე ურთიერთობას კაცთან, რომელიც 70 წლის წინ მოკვდა, მაგრამ მისი მემკვიდრეობა კვლავაც გავლენას ახდენს და აყალიბებს კიდეც მისი მრავალი მოქალაქის ცხოვრებას.

და ამ მემკვიდრეობის მნიშვნელოვან ნაწილს პუტინის კრემლი იყენებს, როცა ის ხელს უწყობს რუსეთში სახელმწიფოს მიმართ ერთგულების, ნაციონალისტურ, მილიტარიზებულ ხედვას, რომელიც ბევრი ანალიტიკოსის თქმით, ფაქტობრივად - იდეოლოგიურად თუ არა - „ნეოსტალინისტურია“.

„დღეს რუსეთში, "ლენინი" უბრალოდ ფიგურაა მავზოლეუმსა და მუზეუმებში - მეტი არაფერი“, დაწერა ლეონიდ ნევზლინმა - ბიზნესმენმა, რომელიც რუსეთიდან ისრაელში გაიქცა 2003 წელს პუტინის მიერ ნავთობის გიგანტის, „იუკოსის“ ხელში ჩაგდების ფონზე - 2020 წლის ესეიში რადიო თავისუფლების რუსული სამსახურისთვის.

"სტალინი" ჩვენი ყოველდღიური რეალობაა. პუტინის რეჟიმს სრულიად განსაზღვრული ურთიერთობა აქვს სტალინთან, სტალინისტებთან, სტალინიზმთან. ეს ურთიერთობა, უპირველეს ყოვლისა, რეჟიმის ფესვებთანაა დაკავშირებული. კა-გე-ბე [და საბჭოთა უშიშროების სხვა უწყებები] ვერ იქნებიან "სტალინის", როგორც იდეისა და პრაქტიკის, წინააღმდეგი. სტალინი მათი მფარველია, მათი ბედისწერა და მათი ბიოგრაფიაა.

"სტალინი" - არის სპეცოპერაცია, რომლის ფარგლებშიც მოსახლეობა ჩათრეულია "სტალინიზაციის" პროცესში და ხორციელდება მათი ნეოსტალინისტებად გადაბირება“, დაწერა მან. „კულტურულ-ფსიქოლოგიური გაგებით, ჩვენ სტალინისტურ საზოგადოებად ვრჩებით“.

თათარი აქტივისტი და პოლიტოლოგი, რუსლან აისინი, სტალინს „დიდებულ მანიპულატორს“ უწოდებს. აგვისტოში, რადიო თავისუფლების Idel.Realities-თვის დაწერილ ესეიში, მან აღნიშნა, რომ რუსეთის უკვდავი მემკვიდრეობა სტალინისგან არის - დაქვემდებარება, კონფორმიზმი, ინდივიდუალური იზოლაცია და დისლოკაცია.

„ჩვენ ნამდვილად სტალინის მემკვიდრეობაში ვცხოვრობთ, - დაწერა მან, - სადაც მთავარია შიში, დაქსაქსვა, დამორჩილება და სხვა სოციალური მანკიერებები“.

ასევე ნახეთ პუტინის და კირილეს "ღმერთი" მათ დავალებებზე დარბის - ანდრეი კურაევი

"ამის შესახებ არაფერი მსმენია"

1991 წელს, „კა-გე-ბეს“ საკადრო ოფიცერი, ალექსეი სოლოვიოვი გაგზავნეს შორეული აღმოსავლეთის სოფელ სმოლენკაში, რათა შეესწავლა საარქივო მასალებში არსებული ცნობები იმის შესახებ, რომ სტალინური რეპრესიების მსხვერპლნი დახვრიტეს და მასობრივ საფლავებში ჩამარხეს ადგილობრივ ტყეში. ეს იყო გვიანდელი საბჭოთა და ადრეული პოსტსაბჭოთა შეზღუდული მცდელობების ნაწილი, რათა გამოაშკარავებულიყო საბჭოთა ხალხის წინააღმდეგ მთავრობის დანაშაულები სტალინის დროს.

„ჩვენ ნელა მივდიოდით ტყეში და ჩუმად ვსაუბრობდით, როცა მიწაში ჩაღრმავება შევამჩნიეთ დამდნარი თოვლის ქვეშ“, უთხრა რადიო თავისუფლებას სოლოვიოვმა, რომელიც ახლა 92 წლისაა. „თავიდან რვა დავთვალეთ, შემდეგ - თითქმის 20. ერთ-ერთ ჩაღრმავებაში კურდღლის სისხლიანი ტყავი ვიპოვეთ, როგორც ჩანს, მელიის მსხვერპლი იყო. მაგრამ ასევე ვიპოვეთ ძვალიც, რომელიც კურდღლისას არ ჰგავდა. გავგზავნეთ ექსპერტიზაზე და ადამიანის აღმოჩნდა“.

მომდევნო რამდენიმე თვის განმავლობაში, ჯგუფმა აღმოაჩინა 50 პრიმიტიული მასობრივი საფლავი, სულ მცირე, 2500 ადამიანის ნეშტით, რომლებიც უსამართლოდ დახვრიტეს 1937-38 წლებში. ექსპერტების შეფასებით, ტყეში, სულ მცირე, 8000 ადამიანია დამარხული, თუმცა იქ კვლევა დიდი ხნის წინ შეწყდა.

სოლოვიოვის თქმით, ექსპედიციის დაწყების სურვილი უკავშირდება საუბარს, რომელიც მას 1980 წელს ჰქონდა სტალინის ეპოქის უშიშროების სამსახურის ხანდაზმულ ყოფილ ოფიცერთან, რომლის ვინაობასაც, მან პირობა დადო, რომ არასდროს გაამხელდა.

„ის ავადმყოფურად და შეწუხებული გამოიყურებოდა, - იხსენებს სოლოვიოვი, - ის, რაც მოვისმინე, გასაკვირი და შემზარავი იყო. მითხრა, რომ მალე მოკვდებოდა და ეს ინფორმაცია უნდა გაეზიარებინა და მოეთხრო ამ საზარელი ამბების შესახებ“.

ამ ადამიანმა, რომელიც სტალინის „ენ-კა-ვე-დეს“ (რუს. НКВД Народный комиссариат внутренних дел. შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატი) საიდუმლო პოლიციის სერჟანტი იყო, თქვა, რომ იგი „ენ-კა-ვე-დეს“ მაიორმა დაიბარა და „ხალხის მტრების მიმართ განაჩენის აღსრულება დაავალა“.

„ჩვენ მათ ყოველღამე ვხვრეტდით ციხეში, სადღესასწაულო დღეების ჩათვლით“, იხსენებს სოლოვიოვი ამ კაცის მონაყოლს. ყოველ ღამე ციხეში მოდიოდა დასახვრეტთა სია, რომელიც „ენ-კა-ვე-დეს“ ჩიტის საოლქო სამმართველოს უფროსის, გრიგორი ხორხორინის მიერ იყო ხელმოწერილი. თავად ხორხორინი 1938 წელს დააპატიმრეს და 1939 წელს პატიმრობაში მოკვდა.

„მათ, ვისაც სიკვდილი ჰქონდათ მისჯილი, არ იცოდნენ, რა ბედი ეწეოდათ: ტრიბუნალები საიდუმლოდ იკრიბებოდნენ და არ აცხადებდნენ ბრალდებულების განაჩენის შესახებ“, თქვა სოლოვიოვმა. „გუშაგებს მსჯავრდადებულები სარდაფში გაჰყავდათ“, სადაც მათ „კეფაში ესროდნენ ტყვიას“.

„[ენ-კა-ვე-დეს ყოფილმა ოფიცერმა] ვერ მითხრა, სად იყო ცხედრები დასაფლავებული, - დასძინა მან, - არ იცოდა“.

მსხვერპლის მცირე მემორიალი სმოლენკის მახლობლად მდებარე ტყეში

დღეს, ტყეში არის პატარა, არაფორმალური მემორიალი ზოგიერთი დახვრეტილის გვარებით, რომლებიც იქ არიან დამარხული. მაგრამ ადგილობრივთაგან ცოტამ იცის ამის შესახებ.

„გამიგია, რომ იქ არის მემორიალი“, ამბობს ელენა სედოვა, სმოლენკის მცხოვრები, დაახლოებით 10 000 ადამიანისგან შემდგარი დასახლებისა, რომელიც ჩიტის ჩრდილოეთით, 15 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს. „მაგრამ იქ არასდროს ვყოფილვარ“.

22 წლის ადგილობრივმა მცხოვრებმა, რომელმაც საკუთარი ვინაობის გამხელა არ ისურვა, განაცხადა, რომ არაფერი იცის ამ ადგილის შესახებ ტყეში.

„არ ვიცოდი, იქ თუ მემორიალია და ვინმეა დასაფლავებული“, უთხრა მან რადიო თავისუფლებას. „რეპრესირებული ხალხი? აქ ხალხი დახვრიტეს? მართლა? არაფერი მსმენია“.

„ენ-კა-ვე-დეს“ ყოფილი ჯალათის თვალებში დანახული შემზარავი გამოცდილებისა და სმოლენკის მასობრივი საფლავების გამოძიების მიუხედავად, სოლოვიოვი სტალინის ამჟამინდელ რეაბილიტაციას მიესალმება.

„სტალინი თავის დროზე ბრძენი პოლიტიკოსი იყო, და მათ, ვინც მას აკრიტიკებს, უნდათ, რომ შელახონ კომუნიზმის იდეები და ჩვენი დიადი წარსული“, თქვა მან. „დესტალინიზაცია სჭირდება მხოლოდ მათ, ვისაც სურს, რუსი მოქალაქეების ყურადღება [პოსტსაბჭოთა] რეფორმების სერიოზული ჩავარდნებიდან გადაიტანოს. ხალხს ეს არ სჭირდება“.

„რეპრესიები საშინელი ფურცელი იყო ჩვენს ისტორიაში, - აღიარა მან, - მაგრამ ნებისმიერ რეჟიმს აქვს თავისი შეცდომები და ბნელი წერტილები. ჩვენ ყველა იმ კარგზე უნდა ვილაპარაკოთ, რაც მოხდა სტალინის დროს. და ასეთი ბევრი იყო. თქვენ შეგიძლიათ თქვათ, რომ სახელმწიფო იმ დროს რეპრესირებულთა შრომით აშენდა, მაგრამ ზოგჯერ გარკვეული მიზნების მისაღწევად მსხვერპლი უნდა გაიღო“.

1991 წელს, ჯგუფმა აღმოაჩინა 50 პრიმიტიული მასობრივი საფლავი, სულ მცირე, 2500 ადამიანის ნეშტით, რომლებიც უსამართლოდ დახვრიტეს 1937-38 წლებში.

ოლეგ იაჩმენევი ჩიტის იმიერბაიკალეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულია. მისი თქმით, ბევრი მისი მასწავლებელი „აქტიური პუტინისტია“. ის იხსენებს, რომ ერთ-ერთ თავის ლექტორთან სტალინის დანაშაულების განხილვისას, ლექტორმა ბოლოს თქვა, რომ „მიუხედავად იმისა, რომ იყო ცუდი რამეები, სხვაგვარად უფრო უარესი იქნებოდა“.

„სამწუხაროდ, სტალინის ეპოქის ქება ნორმად იქცა, იმიტომ, რომ ხალხმა არ იცის სიმართლე ბანაკებისა და რეპრესიების შესახებ, - თქვა იაჩმენევმა, - ახლა, ინფორმაციის მოპოვება თუ მომინდა მათ შესახებ, ვინც დახვრიტეს და თუ ამისთვის არქივებში წავალ, მალე გამოჩნდებიან სამხრეებიანი ადამიანები და მკითხავენ, "უცხოეთის აგენტი" ხომ არ ვარ, რომელიც სტალინის, რუსეთის სიამაყის სახელის, შელახვას ცდილობს“.

ასევე ნახეთ პუტინის ცხოველური შეგრძნება და ზელენსკის გაფრთხილება

პატივისცემა და შიში

სტალინის რეაბილიტაცია პუტინის ეპოქის მახასიათებელია მას შემდეგ, რაც „კა-გე-ბეს“ ყოფილი ოფიცერი ხელისუფლებაში მოვიდა თითქმის მეოთხედი საუკუნის წინ. დამოუკიდებელმა სოციალურმა სააგენტომ „ლევადა ცენტრმა“ 1990-იანი წლების დასაწყისში რუსების გამოკითხვა დაიწყო და სთხოვა დაესახელებინათ „ყველა დროისა და ხალხის უდიდესი ფიგურა“.

1994 წელს საბჭოთა დიქტატორმა ხმების დაახლოებით 20 პროცენტი მოაგროვა და მეოთხე ადგილი დაიკავა რეიტინგში. თუმცა, 2012 წელს პირველი ადგილი ერგო და მას მერე ეს ადგილი უჭირავს. 2021 წლისთვის სტალინს რუსების 40 პროცენტი უჭერდა მხარს. 2023 წელს რუსების 47 პროცენტმა განაცხადა, რომ სტალინს „პატივს სცემენ“.

„"პატივისცემა" თანამედროვე ენაში აღნიშნავს თბილ, გულწრფელ გრძნობას, მაგრამ, ამასთანავე, პატივისცემის ობიექტის უპირატესი ძალის აღიარებას, - დაწერა „ლევადა ცენტრის“ მთავარმა ანალიტიკოსმა, ალექსეი ლევინსონმა თავის ესეიში, აგვისტოში, - ამ დღეებში ხშირად გაიგონებთ - "მათ ჩვენი ეშინიათ, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი პატივს გვცემენ". და ეს ხშირად ამოტივტივდება ხოლმე სტალინის შესახებ შეკითხვებზე პასუხებშიც“.

დამკვირვებლების თქმით, კრემლის მიერ სტალინის ხატითა და რუსი ხალხისთვის საბჭოთა გამოცდილების ფსიქოლოგიური მემკვიდრეობით მანიპულირება დაიწყო მას შემდეგ, რაც პუტინი პირველად გახდა პრეზიდენტი 1999 წლის ბოლო დღეს. ადრინდელ წლებში, სტალინი განიხილებოდა, როგორც "ეფექტიანი მენეჯერი", რომელმაც საბჭოთა კავშირი ნაცისტურ გერმანიაზე გამარჯვებამდე მიიყვანა. ის ყოველთვის იყო დაკავშირებული მეორე მსოფლიო ომთან და სულ უფრო ხშირად ჩანდა ბანერებსა და პლაკატებზე, რომლებიც ასახავდნენ პუტინის მთავრობის მიერ საბჭოთა როლის განდიდებას ომში.

თუმცა, დროთა განმავლობაში, მჭიდრო კავშირი სტალინსა და ომს შორის შესუსტდა და სტალინისა და სტალინისტის გამოსახულება ბევრად უფრო ფართო კონტექსტში გამოჩნდა - რეკლამიდან ხელოვნებამდე. მას გამოჩენილი ადგილი უჭირავს ათობით შოვინისტურ გამოფენაზე - „რუსეთი: ჩემი ისტორია“, რომელიც მთავრობამ მთელი ქვეყნის მასშტაბით მოაწყო.

საბჭოთა კავშირის ბოლო ლიდერის, მიხაილ გორბაჩოვის დროს, „გლასნოსტის“ ეპოქაში, სტალინი უმეტესად მხოლოდ მისი დანაშაულების დაგმობის კონტექსტში ჩნდებოდა, რადგან საშინელი დეტალები გამომზეურდა და მთელი ქვეყნის მასშტაბით მედიის განხილვის თემად იქცა. ახლა, ანალიტიკოსების თქმით, ის სრულიად ნორმალიზებულია რუსების ყოველდღიურ ცხოვრებაში.

საბჭოთა არმიის ვეტერანი დგას საბჭოთა დიქტატორის, იოსებ სტალინის საფლავთან მისი დაბადების დღის აღსანიშნავი მემორიალური ცერემონიის დროს მოსკოვში, წითელ მოედანზე, 2020 წელს.

"სტალინი მუდმივად ჩანს საჯარო სივრცეში", უთხრა რადიო თავისუფლებას "ლევადა ცენტრის" დირექტორმა, დენის ვოლკოვმა, 2021 წლის ინტერვიუში. "[ფოლკლორისტმა] ალექსანდრ არხიპოვმა 150-მდე ძეგლი დაითვალა. ეს, ნაწილობრივ, ხალხის ინიციატივებია. ხანდახან კომუნისტური პარტია ეხმარებათ, მაგრამ ძირითადად ეს მასობრივი სტალინიზმია. ბელადის, ძლიერი ხელის ნოსტალგია".

პუტინის დროს, რუსეთმა მიაღწია იმ ეტაპს, რომელიც შეიძლება შეფასდეს, როგორც "მომწიფებული ავტორიტარიზმი", თქვა ბიოლოგმა ილია კოლმანოვსკიმ, რომელმაც მრავალი სამეცნიერო-საგანმანათლებლო პროგრამა შექმნა.

საზოგადოებაზე ზემოქმედების ეფექტი მდგომარეობს იმაში, რომ "საზოგადოება თავისი ყოველდღიური ცხოვრებით კი არ ცხოვრობს, არამედ მობილიზაციის მდგომარეობაში არსებობს", თქვა მან. "სახელმწიფო ამყოფებს ხალხს მობილიზაციის მდგომარეობაში, თავდასხმის საფრთხის ქვეშ, რომელიც, თავის მხრივ, ამართლებს ავტოკრატიას და ძლიერი ხელის საჭიროებას".

სტალინის რეაბილიტაციასთან ერთად, რუსეთი ასევე მოწმეა ფელიქს ძერჟინსკის, საბჭოთა საიდუმლო პოლიციის ცნობილი ავადსახსენებელი დამფუძნებლისა და პოლიტიკური ტერორის დაუნდობელი პრაქტიკოსის დაბრუნებისაც.

1991 წლის აგვისტოში, ხალხის მიერ ძერჟინსკის მასიური ქანდაკების განადგურება "კა-გე-ბეს" შტაბბინის წინ, ლუბიანკის მოედანზე მოსკოვში, იმ დროს განიხილებოდა, როგორც ავტორიტარიზმისა და რეპრესიების გადამწყვეტი უარყოფა.

რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის მოსკოვის შტაბბინასთან ამ პომპეზური ძეგლის რამდენიმე მომცრო ვერსია დადგეს. ღონისძიებებს უძღვებოდა უწყების ხელმძღვანელი, "კა-გე-ბეს" ყოფილი ოფიცერი, პუტინის თანამებრძოლი, სერგეი ნარიშკინი, რომელიც 2009-12 წლების ისტორიული სამართლიანობის სახელმწიფო კომისიას ედგა სათავეში.

დაზვერვის ოფიცრებს, რომლებიც ცერემონიაზე შეიკრიბნენ, ნარიშკინმა უთხრა, რომ "ძერჟინსკი ოცნებობდა მომავალზე, რომელიც სიკეთის და სამართლიანობის პრიციპებს დაეფუძნებოდა".

ერთი თვის შემდეგ, 24 ოქტომბერს, კიროვის ოლქის ქალაქ ორლოვის ბავშვთა პარკში სტალინის ბიუსტი გახსნეს.

ცერემონიას ესწრებოდა სტალინის შვილთაშვილი სელიმ ბენსაადი და ძერჟინსკის ბიძაშვილის შვილთაშვილი, ვლადიმირ ძერჟინსკი. ქალაქის მერის სიტყვებით, ბიუსტი იქ აღმართეს, სადაც ადრე სტალინის ძეგლი იდგა. ადგილობრივი მედია იტყობინებოდა, რომ ქალაქის ყველა მკვიდრი არ მიემხრო სტალინის ამ ძეგლის დაბრუნებას და მათ საჩივრით ადგილობრივ პროკურატურასაც კი მიმართეს.

ასევე ნახეთ რას გვიმზადებს 2024? რადიო თავისუფლების ჟურნალისტების პროგნოზები

ორი მუზეუმის ამბავი

2020 წლის ივნისში რუსმა კომუნისტმა ბიზნესმენმა, ალექსეი ზოროვმა სტალინის სამმეტრიანი ძეგლი თავის საკუთარ მიწაზე დადგა ქალაქ ბორში, ნიჟეგოროდსკის ოლქის დედაქალაქში, რომელიც მდინარე ვოლგაზე მდებარეობს. ბორის მერმა, ალექსანდრ კისელტიოვმა პროტესტი გამოთქვა ძეგლის გამო, რომელიც უკანონოდ დადგეს და პოლიციას მიმართა გამოძიების დაწყების თხოვნით. გამომძიებლებმა რამდენიმე დღეში მას აცნობეს, რომ სამართალდარღვევის არავითარი ნიშანი არ არსებობს, რომ ძეგლი "წარმოადგენს ბაღის დეკორატიულ ფიგურას". ძეგლს ვეღარ შეეხნენ.

სამი წლის შემდეგ, წელს ზაფხულში, იმავე ადგილზე, ზოროვმა დაიწყო "სტალინის ცენტრად" წოდებული სამუზეუმო კომპლექსის მშენებლობა. მან ჟურნალისტებს უთხრა, რომ მუზეუმი დაკომპლექტდებოდა ობიექტებით მისი პირადი კოლექციიდან. როცა პროექტის შესახებ ცნობილი გახდა საზოგადოებრიობისთვის, მას ცხარე განხილვა მოჰყვა ადგილობრივ სოციალურ ქსელში.

"ეს ჩვენი ისტორიის ნაწილია, - წერდა ერთი, - და, სხვათა შორის, არცთუ ყველაზე ცუდი პერიოდისა. ეს იყო დიადი საბჭოთა კავშირს შენების ეპოქა. და გვაქვს მხოლოდ ამ პერიოდის ნგრევის მემორიალი - ელცინის ცენტრი".

2015 წელს ეკატერინბურგში გახსნილი "ელცინის ცენტრი“, სადაც ადრე ბორის ელცინის პოლიტიკური შტაბბინა იყო, მუდამ კრიტიკის სამიზნე, პიკეტირების ობიექტი იყო კომუნისტების და ნაციონალისტების მხრიდან. 2018 წელს პაველ გრუდინიმ, რომელიც პრეზიდენტობის კანდიდატი იყო კომუნისტური პარტიიდან, ცენტრის დახურვა მოითხოვა. ივნისში იუსტიციის სამინისტრომ დაიწყო გამოძიება ცენტრის მიმართ "უცხოეთის აგენტის" შესახებ მუხლის შესაბამისად. ერთი მომხმარებელი წერდა: „"სტალინის ცენტრი" "ელცინის ცენტრის" წინ, ქუჩის მეორე მხარეს უნდა გაიხსნას“ და „დავინახავდით დამთვალიერებლების რაოდენობას“.

რუსეთის კომპარტიის ბორის განყოფილების თანახმად, „სტალინის ცენტრის“ ფილიალის გახსნა იგეგმება ციმბირის სამხრეთის ქალაქ ბარნაულში.

პარტიის განცხადებაში წაიკითხავთ, რომ „ვიღებთ მოთხოვნის წერილებს რუსეთის სხვა ქალაქებიდანაც“.

16 დეკემბერს ბარნაულში გაიხსნა „რუსეთის კომუნისტური პარტიის“ - მცირე სტალინისტური პარტიის - განყოფილება. ეს პარტია არ არის დაკავშირებული რუსეთის დიდ კომუნისტურ პარტიასთან.

საოლქო საბჭოს წევრმა, სერგეი მატასოვმა გახსნაზე პირობა დადო, რომ „სტალინურად“ გაუსწორდება ელცინის და საპატიმროში მყოფი ალექსეი ნავალნის მომხრეებს. ახალი ცენტრის პირველი ექსპონატი გახდა მატასოვის სტალინის ბიუსტი პირადი კოლექციიდან.

„სტალინი ყველა ჩვენგანში ცხოვრობს“, - უთხრა რადიო თავისუფლებას გახსნისას ერთმა სტუმარმა.

ასევე ნახეთ ომის გაკვეთილები 2023: რა (ვერ) ისწავლა დასავლეთმა - ინტერვიუ პიტერ რობერტსთან

საბოლოო ქრონიკა

ბორიდან ექვსი ათას კილომეტრში, მაგადანის ოლქში, მდინარე კოლიმის პირას მდებარეობს სოფელი დებინი. იქ 700 ადამიანი ცხოვრობს.

1935 წელს დაარსებული სოფელი, ფაქტობრივად, იყო დიდი შრომითი ბანაკი, სადაც პატიმრებს ოქროს საბადოებზე ამუშავებდნენ გაუსაძლის პირობებში. სოფელში გამოირჩევა ნახევრად დანგრეული სამსართულიანი შენობა, სადაც ახლა ტუბდისპანსერია.

ისტორიკოსი ივან დჟუხა ამბობს, რომ „ეს ისტორიული შენობაა“. მისი ნაამბობით, „ეს თავის დროზე მთელ კოლიმის ოლქში უდიდესი შენობა იყო, სადაც ციხის ზედამხედველები ცხოვრობდნენ... მოგვიანებით აქ იყო საავადმყოფო, სადაც რაღაც სასწაულით, მოათავსეს [ვარლამ] შალამოვი (რუსი მწერალი და პოეტი, დისიდენტი, რომელმაც წლები გაატარა საბჭოთა ბანაკებში). როგორც მაშინ ხუმრობდნენ, ის "იყო მოსიარულე მკვდარი, რომელმაც "სოციალიზმამდე მიაღწია", - მაგრამ ამ საავადმყოფოში სიცოცხლე დაუბრუნეს და აქვე წერდა ლექსებსა და მოთხრობებს, თუმცა კვლავ ითვლებოდა პატიმრად“.

შალამოვი 1982 წელს გარდაიცვალა. მან ცხოვრების დიდი ნაწილი, 1937-დან 1951 წლამდე, კოლიმის ოლქში გაატარა. ერთი ექიმის გადაწყვეტილებამ, მწერლისთვის მედიცინა ესწავლებინა, შეაძლებინა მას საავადმყოფოში ემუშავა პატიმრობის ბოლო ხუთი წელიწადი.

მას რუსეთის ევროპულ ნაწილში, ურალის დასავლეთში ჩასვლის ნებართვა მისცეს მხოლოდ იოსებ სტალინის სიკვდილის, 1953 წლის შემდეგ.

მისი მოთხრობების კრებული „კოლიმური მოთხრობები“ საბჭოთა კავშირში მხოლოდ მიხაილ გორბაჩოვის მმართველობის დროს, 1987 წელს გამოიცა. კრებულს ეწოდა სტალინის შრომითი ბანაკების ყოველდღიური სინამდვილის „საბოლოო ქრონიკა“.

„შალამოვის ბედი - ტრაგიკული, მძლავრი ბედია, - ამბობს მაგადანელი პროფესორი, გეოლოგი ირინა ჟულანოვა, - ეს არის ტრაგედია, მთელი ჩვენი ქვეყნის ტრაგედია“. პროფესორის აზრით, შალამოვზე ზუსტად და უკეთ არავის დაუწერია სტალინური მანქანის შესახებ, „არავის. მგონი სოლჟენიცინსაც არ უამბია ჩვენთვის ამდენი რეპრესიებზე“.

ვარლამ შალამოვი

2005 წელს ადგილობრივმა ენთუზიასტებმა, დჟუხამ და ჟულანოვამ შექმნეს შალამოვის მინიმუზეუმი საავადმყოფოში, სადაც ის ცხოვრობდა და მუშაობდა, სადაც წერდა. ერთ ოთახში ინახებოდა გულაგის ტუსაღების ყოველდღიური ცხოვრების ამსახველი არტეფაქტები, მათი იძულებითი სამუშაოს იარაღები, ასევე შალამოვის ბიბლიოთეკა და ორიგინალური წიგნები, მისი ხელნაწერების და წიგნაკების ასლები.

მაგრამ, ნოემბერში, ადგილობრივმა ხელისუფლებამ მუზეუმი განმარტების გარეშე დახურა. დჟუხა თვლის, რომ ამის მიზეზი იყო საგაზეთო სტატია, რომელმაც საზოგადოების ყურადღება მიაპყრო საკუთრივ საავადმყოფოს კატასტროფულ მდგომარეობას. „საპრეზიდენტო არჩევნების [2024 წლის მარტი] წინ ხელისუფლებას სკანდალი არ სჭირდება“, - ამბობს დჟუხა. „მთავარმა ექიმმა ამის შესახებ შეიტყო რეგიონული მინისტრისგან. ჩაერთო გუბერნატორიც. შედეგად, მუზეუმი, რომელსაც ადგილობრივი მოქალაქეები 20 წლის განმავლობაში ქმნიდნენ, დაიხურა“.

საავადმყოფოს და რეგიონული სამინისტროს წარმომადგენლებმა რადიო თავისუფლებას ტელეფონის ყურმილი დაუგდეს, როცა ჩვენმა კორესპონდენტმა ვითარების კომენტირება სთხოვა.

ადგილობრივებმა გვითხრეს, რომ მთავარი ექიმის, ნატალია სილორენკოს თქმით, ეს მისი გადაწყვეტილება არ ყოფილა. ადგილობრივ მედიას მოჰყავს ჯანდაცვის მინისტრის სიტყვები, რომ მუზეუმი დაიხურა, რადგან ის მოთავსებულია საავადმყოფოში, რომლის პაციენტებს, მათ შორის ბავშვებს, დასუსტებული ჯანმრთელობა აქვთ.

განცხადებაში წერია, რომ მუზეუმის ექსპონატებს შეისწავლიან და „ისტორიულ- კულტურული მნიშვნელობის მქონე ობიექტებს“ მაგადანში გააგზავნიან.

დებინის საავადმყოფოში, სადაც ის ცხოვრობდა, მუშაობდა და წერდა, გაიხსნა მცირე მუზეუმი, რომელიც შალამოვს მიეძღვნა.

„[სტალინის პერიოდის] რეპრესიების თემაზე ახლა აქტიურად სდუმან, - ამბობს ჟულანოვა, - იმიტომ, რომ დამნაშავეობრივ სახელმწიფოში ვცხოვრობთ. პუტინი სრული ბოროტებაა. საკმაოდ ასაკოვანი ვარ, სტალინის ეპოქაშიც ვიცხოვრე. 1942 წელს დავიბადე სტალინგრადთან. მეოთხე კლასში ვიყავი 1953 წელს, როცა სტალინი გარდაიცვალა, ახლა ვხედავ, რომ ხალხს კვლავაც ეშინია და დუმილს ამჯობინებენ“.

„მუზეუმს რაც შეეხება, ის გვიამბობს უზადო ადამიანის უნიკალურ ცხოვრებაზე. ხალხმა თავისი ისტორია უნდა იცოდეს. და უზადო ადამიანები არსებობენ“.

ასევე ნახეთ პუტინის „შიშვლების წვეულება“ - სტრიპტიზი ჩეჩნეთთან ომის დროს

„ფასეულობათა შეჯახება“

მას შემდეგ, რაც პუტინმა 2022 წლის თებერვალში უკრაინაში ომი დაიწყო, სტალინიზმის მსხვერპლთა ათობით მემორიალი დაარბიეს ან ოფიციალურმა პირებმა გაანადგურეს და წაშალეს. პროექტი „ბოლო მისამართი“, რომელიც მცირე მემორიალურ დაფებს ამაგრებს შენობებზე, სადაც სტალინის დროს პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლი ცხოვრობდა, იტყობინება, რომ დაფები „პრაქტიკულად ყოველ კვირას“ ქრება.

უფლებადამცველი ორგანიზაცია „მემორიალის“ ლიდერმა, ალექსანდრა პოლივანოვამ რადიო თავისუფლებას განუცხადა, რომ ქვეყანა „ფასეულობების ძალიან მნიშვნელოვან შეჯახებას“ განიცდის.

2021 წელს ორგანიზაცია „მემორიალი“, რომელიც იკვლევს სტალინის პერიოდის რეპრესიებს და რომელსაც 2022 წლის ნობელის პრემია მიენიჭა ორ სხვ სუბიექტთან ერთად, რუსეთში დახურეს, ვითომ „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონის დარღვევის გამო.

მოსკოვის სასამართლოში ძეგლების ლიკვიდაციის სხდომაზე, პროკურორმა გამოავლინა წლების განმავლობაში პუტინის მთავრობის მხრიდან დევნის რეალური მიზეზი.

„მემორიალი“ უარყოფს ჩვენს ისტორიას, - თქვა მან, - ეს გვაიძულებს - გამარჯვებულთა თაობას და გამარჯვებულთა მემკვიდრეებს - გავამართლოთ ჩვენი ისტორია".

„როდესაც რაიმე განსაკუთრებით შემზარავი თავდასხმა განხორციელდება უკრაინის ქალაქებზე, როდესაც რაკეტები ეცემა საცხოვრებელ სახლებზე და იღუპება უამრავი ადამიანი, რუსეთში ხალხი იწყებს ყვავილების მიტანას მემორიალებთან“, - ამბობს პოლივანოვა. „ჩვეულებრივ, მათ ყვავილები მიაქვთ [უკრაინელი პოეტების] ლესია უკრაინკას ან ტარას შევჩენკოს ძეგლებთან, მაგრამ საკმაოდ ხშირად ყვავილები მიაქვთ ასევე საბჭოთა ტერორის მსხვერპლთა მემორიალებთან“.

"ანუ, - გვიხსნის ის, - ხალხი უცბად აკავშირებს რუსეთის ამჟამინდელი ხელისუფლების დანაშაულებს საბჭოთა სახელმწიფოს დანაშაულებთან. ჩვენ ვხედავთ ერთგვარ ძალიან მნიშვნელოვან ეტაპს საბჭოთა სახელმწიფო ტერორის გაგებაში".

მისი თქმით, „მემორიალში“ გაიზარდა იმ ადამიანების განცხადებების რიცხვი, რომლებიც ეძებენ ინფორმაციას თავიანთი წინაპრების შესახებ, რომლებიც დახოცეს ან გაუჩინარდნენ სტალინის მმართველობის პერიოდში. პოლივანოვას მიაჩნია, რომ ადამიანები იკვლევენ თავიანთი ოჯახის ისტორიას, რათა „თავი რეპრესირებულებთან გააიგივონ და არა დამნაშავეებთან, რათა ცოტა უფრო მეტი დისტანცია ჰქონდეთ აგრესორთან [უკრაინის წინააღმდეგ ომში]“.

აქტივისტმა და მიმომხილველმა, სერგეი პარხომენკომ თქვა, რომ ღირებულებების ეს შეჯახება აჩვენებს იმ სამუშაოს წარმატებას და მნიშვნელობას, რომელსაც "მემორიალი" ახორციელებდა სამ ათწლეულზე მეტი ხნის განმავლობაში, და რომელშიც მონაწილეობდა ადამიანების "უზარმაზარი რაოდენობა".

"მემორიალი „მუშაობდა“ იმაზე, რომ ხალხი შეეკრიბა ამ იდეის გარშემო, რათა განეხილათ ისინი ბავშვებთან, რათა ბავშვები სასკოლო თემების კონკურსებში ჩაერთოთ, რათა ხალხს შეესწავლა თავისი ქალაქის, ქუჩის ისტორია და თვითონ აღმოეჩინა იქაური ბნელი გვერდები და ელაპარაკა ამაზე - დანაშაულსა და უსამართლობაზე, - განაცხადა პარხომენკომ, - და ეს სრულიად მიუღებელია [პუტინის] რეჟიმისთვის".