2024 წლის 22 მარტს მოსკოვის ერთ-ერთ ყველაზე დიდ საკონცერტო დარბაზში მომხდარი ტერორისტული აქტის შემდეგ რუსეთში კიდევ უფრო გაიზარდა უცხოელებისა და მიგრანტების მიმართ აგრესია. ყირგიზეთი ურჩევს თავის მოქალაქეებს, თავი შეიკავონ რუსეთში გამგზავრებისგან, ტაჯიკური დიასპორა კი სიფრთხილის გამოჩენისკენ მოუწოდებს რუსეთში მცხოვრებ ტაჯიკებს. სახელმწიფო დუმამ უკვე მოითხოვა შესვლისა და დეპორტაციის კრიტერიუმების გამკაცრება. რუსეთის ხელისუფლების ცალკეული წევრები წამების მეთოდების გამოყენების ლეგალიზებასა და სიკვდილით დასჯის აღდგენას ითხოვენ, ხოლო ვლადიმირ პუტინი და პროპაგანდისტული მედია უკრაინულ კვალზე ლაპარაკობენ და საზოგადოების რისხვის კიევისკენ მიმართვას ცდილობენ.
„სხვებზე რა უნდა ვთქვათ, როცა ყოფილი პრეზიდენტის დმიტრი მედვედევის ბაგეებიდან გაისმის სიტყვები, რომ ყველა მონაწილე „უნდა იქნეს მოკლული და იქნებიან კიდეც მოკლული“. რა თქმა უნდა, ეს იძლევა სიგნალს, რომ პრაქტიკულად ყველაფერი ნებადართულია. ეს ძალიან საგანგაშოა“, - ამბობს სტეფანია კულაევა, ანტიდისკრიმინაციული ცენტრ „მემორიალის“ ექსპერტი, რომლის თქმითაც, რუსეთის ხელისუფლება და უსაფრთხოების ძალები, ნაცვლად იმისა, რომ საქმეს აკეთებდნენ და მუშაობდნენ ტერორისტული თავდასხმებისა და ქსენოფობიის ნიადაგზე მოტივირებული დანაშაულების თავიდან აცილებაზე, ირჩევენ უმარტივეს გზას - აგრესიის გაღვივებასა და გაძლიერებას:
ასევე ნახეთ ეფესბე “ჩაფლავდა” და მოსკოვის ტერაქტში ბრალდებულებს საჩვენებლად აწამებს„სინამდვილეში, მათ გაეპარათ ყველაზე საშინელი ტერორისტული თავდასხმა, ახლა კი მუშაობის იმიტაციას ახდენენ. როგორც ცნობილი უფლებადამცველი სერგეი კოვალიოვი ამბობდა, „იჭერენ შავგვრემნებს და არა ბანდიტებს”. კოვალიოვმა ეს თქვა ჯერ კიდევ ჩეჩნეთის ომების დროს“.
ცნობილი რუსი უფლებადამცველის ეს სიტყვები თანაბრად შეიძლება მოერგოს პუტინის მმართველობის დროს ჩადენილ ყველა ტერორისტულ აქტს, რომელთა რაოდენობა და მასშტაბი რუსული სპეცსამსახურების სრულ ჩავარდნაზე მეტყველებს.
ყველაზე მასშტაბური
22 მარტს შეიარაღებულმა პირებმა მოსკოვში „კროკუს სიტი ჰოლის“ გადაჭედილ საკონცერტო დარბაზში ცეცხლი გახსნეს, რის შედეგადაც 137 ადამიანი დაიღუპა და 182 დაიჭრა, რუსეთის ოფიციალური ცნობებით, ეს იყო ყველაზე სისხლიანი თავდასხმა რუსეთში ბოლო წლების ისტორიაში. არადა, რუსეთის ხელისუფლებამ და სპეციალურმა სამსახურებმა ყურად არ იღეს დასავლელი კოლეგების გაფრთხილება, რუსეთში მოსალოდნელი ტერაქტის შესახებ.
რადიო თავისუფლებამ გაიხსენა ყველა მსხვილი ტერორისტული თავდასხმა, რომელიც მოხდა რუსეთში ბოლო ორი ათწლეულის ანუ პუტინის მმართველობის განმავლობაში და, რომლებიც ამსხვრევენ მითს "პუტინის რუსეთის" სტაბილურობისა და უშიშროების სამსახურების ეფექტიანობის შესახებ.
"ნორდ-ოსტი" (2002)
2002 წლის 23 ოქტომბერს ე.წ. ბოევიკები ჩრდილოეთ კავკასიიდან, მიუზიკლ „ნორდ ოსტის“ მსვლელობისას შეიჭრნენ მოსკოვის ერთ-ერთ კულტურის სახლში და მძევლად აიყვანეს მაყურებლები, შემსრულებლები და პერსონალი. „ბოევიკები“ მოითხოვდნენ ჩეჩნეთიდან რუსეთის შეიარაღებული ძალების დაუყოვნებლივ გაყვანას.
26 ოქტომბრის დილით სპეცრაზმმა შტურმით აიღო თეატრის შენობა. მოგვიანებით გაირკვა, რომ იერიშამდე მათ შენობაში ძლიერი მომწამვლელი აირი შეუშვეს. შედეგად დაიღუპა ყველა „ბოევიკი“ და 130-მდე მძევალი, ბევრი მათგანი გაზით მოწამვლისა და სამაშველო ოპერაციის დროს მიღებული დაზიანებებისგან. რამდენიმე ასეულ ადამიანს მნიშვნელოვნად შეერყა ჯანმრთელობა იმის გამო, რომ მედიკოსებს დროულად არ შეატყობინეს მომწამვლელი აირის დასახელება.
ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს დადგენილებით, რუსეთმა სათანადოდ ვერ განახორციელა ტერორისტების მიერ მძევლად აყვანილი ადამიანების გათავისუფლების ოპერაცია. ამის გამო ბრიუსელმა მოსკოვს დაზარალებულებისთვის 1 მილიონი ევროს კომპენსაციის გადახდა დააკისრა.
აფეთქება საგარეუბნო მატარებელში (2003)
2003 წლის დეკემბერში აფეთქება მოხდა სამგზავრო მატარებელში. როგორც გამოძიებამ დაადგინა, თვითმკვლელმა ტერორისტმა ასაფეთქებელი მოწყობილობა ააფეთქა ესენტუკის სადგურიდან ერთ კილომეტრში. ტერაქტის შედეგად 46 ადამიანი დაიღუპა და 170 დაშავდა. ასაფეთქებელი მოწყობილების სიმძლავრემ შეადგინა 7 კგ ტროტილის ეკვივალენტი. ხელისუფლებამ პასუხისმგებლობა „ჩეჩენ სეპარატისტებს“ დააკისრა. აფეთქება რუსეთის საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე მოხდა. პუტინმა თავდასხმას ქვეყნის დესტაბილიზაციის მცდელობა უწოდა.
თვითმკვლელი ტერორისტები მოსკოვის მეტროში (2004)
2004 წლის თებერვალში, თვითმკვლელმა ტერორისტმა მოქმედებაში მოიყვანა ასაფეთქებელი მოწყობილობა. შედეგად დაიღუპა 39 ადამიანი და დაშავდა 250-მდე. თავდაპირველად, ტერაქტზე პასუხისმგებლობა აიღო მანამდე უცნობმა ჩეჩნურმა ორგანიზაციამ „ჰაზავათის მიურიდებმა“, რომლის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, მეტროში აფეთქებით მათ შური იძიეს 2000 წლის თებერვალში ახალ ალდიში მოწყობილ ხოცვა-ჟლეტაზე, რაშიც ბრალი ედებოდათ რუს სამხედროებს (მოკლეს 60-მდე მშვიდობიანი მოქალაქე). თუმცა, გამოძიებამ ბოლოს დაასკვნა, რომ აფეთქება მოამზადეს და განახორციელეს „ყარაჩაის ჯამაათის“ წევრებმა, რომლებიც მხარს უჭერდნენ რუსეთის წინააღმდეგ მებრძოლ ჩეჩნებს.
2004 წლის 31 აგვისტოს, დაახლოებით 20:15 საათზე, კიდევ ერთი აფეთქება მოხდა მეტროსადგურ „რიჟსკაიას“ შესასვლელთან. თვითმხილველების თქმით, თავი აიფეთქა ქალმა, რომელიც მიემართებოდა მეტროს შესასვლელისკენ, მაგრამ როცა დაინახა ფოიეში მდგარი პოლიციელები, რომლებიც გამვლელებს ჩხრეკდნენ, შებრუნდა და თავი აიფეთქა. აფეთქებას 10 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის თვითმკვლელიც და ტერაქტის ორგანიზატორი - ნიკოლაი ყიპკეევი, რომელიც თან ახლდა ტერორისტ ქალს. აფეთქების შედეგად დაიჭრა 51 ადამიანი. გამოძიების ვერსიით, მეტრო „რიჟსკაიასთან“ თავი აიფეთქა 2004 წელს სტავროპოლში მოკლული იდრის გლოოვის ქვრივმა, ტამბია ხუბიევამ.
სამოქალაქო თვითმფრინავების აფეთქება (2004)
2004 წლის 24 აგვისტოს ღამით, თვითმკვლელმა ქალებმა ააფეთქეს (5 წუთის ინტერვალით) ორი სამგზავრო თვითმფრინავი, რის შედეგადაც 89 ადამიანი დაიღუპა. თვითმფრინავები, რომელთაგან ერთი სოჭისკენ მიემართებოდა, მეორე კი - ვოლგოგრადისკენ, თითქმის ერთდროულად დაენარცხნენ მიწას. რუსეთის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ბომბები ააფეთქეს ქალმა მგზავრებმა, რომლებიც დაკავშირებული იყვნენ ჩეჩენ სეპარატისტებთან.
პირველი თვითმფრინავი (რეისი WLG1303) ჩამოვარდა სოფელ ბუჩალკთან (ტულის ოლქი), ხოლო მეორე (რეისი SBI1047) - სოფელ გლუბოკისთან (როსტოვის ოლქი). სულ დაიღუპა 89 ადამიანი.
მომხდარზე პასუხისმგებლობა აიღო ორგანიზაცია „ისლამბულის ბრიგადებმა“, თუმცა ჩეჩენმა საველე მეთაურმა შამილ ბასაევმა განაცხადა, რომ ტერაქტები მან მოამზადა. მოგვიანებით ჟურნალისტ ანდრეი ბაბიცკისთან ინტერვიუში მან ასევე თქვა, რომ მის მიერ გაგზავნილ ტერორისტებს თვითმფრინავები არ აუფეთქებიათ, მათ მხოლოდ გაიტაცეს.
ხოცვა-ჟლეტა ბესლანის სკოლაში (2004)
ე.წ. ბოევიკებმა, რომლებიც ითხოვდნენ ჩეჩნეთიდან რუსეთის ჯარის გაყვანას, 2004 წლის 1 სექტემბერს დაიკავეს სკოლა ჩრდილოეთ ოსეთის ქალაქ ბესლანში. მათ მძევლად აიყვანეს 1200-ზე მეტი ადამიანი - ძირითადად მოსწავლეები, მათი მშობლები და მასწავლებლები.
ტერორისტებს სკოლა ორ დღეზე მეტხანს ჰქონდათ დაკავებული. 3 სექტემბერს მდგომარეობა შეიცვალა. ტერაქტმა და ქაოსურმა შეტაკებამ, რომელიც დღემდე რატომღაც შტურმად არის მონათლული, 334 ადამიანი, მათ შორის 186 ბავშვი იმსხვერპლა. დაჭრილების რიცხვმა 800-ს გადააჭარბა, მათგან 72 ბავშვი და 69 ზრდასრული შშმ პირებად იქცნენ. დაიჭრა ძალოვანი სტრუქტურების 62 თანამშრომელი. სულ 1343 ადამიანი დაზარალდა.
ასევე ნახეთ „მუდმივად რატომ გვატყუებენ?“ – 16 წელი ბესლანის ტრაგედიიდან2017 წელს სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლომ განიხილა საინიციატივო ჯგუფ „ბესლანის დედების“ რამდენიმე საჩივარი. სასამართლომ დაადგინა, რომ რუსეთის მთავრობამ ვერ მოახერხა ადამიანების საფრთხისგან დაცვა, ასევე ვერ დაგეგმა 3 სექტემბრის იერიში ისე, რომ ტყვეებისთვის სასიცოცხლო საფრთხე მინიმუმამდე ყოფილიყო დაყვანილი. რუსეთის მთავრობა ბევრ ბრალდებას უარყოფდა. ამბობდა, რომ სამხედროებს შტურმის დროს ყუმბარმტყორცნები არ გამოუყენებიათ.
ტერაქტზე პასუხისმგებლობა აიღო ცნობილმა ჩეჩენმა საველე მეთაურმა შამილ ბასაევმა, რომლის განცხადება თითქმის ერთდროულად გამოქვეყნდა „კავკაზ-ცენტრისა“ და საინფორმაციო სააგენტო „ჩეჩენპრესის“ ვებსაიტებზე 2004 წლის 17 სექტემბერს. ბასაევის თქმით, ოპერაციაში 12 ჩეჩენი კაცი, ორი ჩეჩენი ქალი, ცხრა ინგუში, სამი რუსი, ორი არაბი, ორი ოსი, ერთი თათარი და ერთი ყაბარდოელი მონაწილეობდა. ბასაევის წერილში ასევე ნათქვამია, რომ „მებრძოლები“ პუტინისგან მოითხოვდნენ ჯარების ჩეჩნეთიდან გაყვანას. ბასაევმა ასევე გამოირიცხა გავრცელებული ვერსია, თითქოს აფეთქება მოხდა „ბოევიკების“ მიერ ასაფეთქებელი მოწყობილობის წრედის გადატვირთვისას დაშვებული შეცდომის გამო.
აფეთქება მოსკოვის ბაზარში (2006)
2006 წლის აგვისტოში მოსკოვის ბაზარში ბომბი აფეთქდა, 10 ადამიანი დაიღუპა. ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ეს იყო რასობრივი ნიშნით მოტივირებული თავდასხმა შუააზიელ და კავკასიელ მოვაჭრეებზე.
2006 წლის 21 აგვისტოს მოსკოვის ჩერქიზოვსკის ბაზრობის ტერიტორიაზე მომხდარი აფეთქების შედეგად დაიღუპა 14 ადამიანი (მათ შორის ორი ბავშვი), 61 კი დაიჭრა. გამოძიების თანახმად, დაღუპულთა შორის იყო ტაჯიკეთის ექვსი და უზბეკეთის სამი მოქალაქე. თვითმხილველების თქმით, ადგილზე ასაფეთქებელი მოწყობილობა მიიტანა სამმა ადამიანმა, რომელთაგან ორი მოგვიანებით ბაზრის დაცვამ დააკავა.
ცნობილი გახდა, რომ ასაფეთქებელი მოწყობილობა კუსტარულად დაამზადა 1986 წელს დაბადებულმა ქიმიკოსმა ოლეგ კოსტარევმა. მისი ჩვენებით, ბაზრობაზე აფეთქების მოწყობაში ხუთი ადამიანი მონაწილეობდა.
გამოძიებამ ასევე დაადგინა, რომ ყველა ეჭვმიტანილი იყო ნაციონალისტური ორგანიზაციის „სპას“ წევრი და, რომ ისინი მოქმედებდნენ „პატრიოტული მოსაზრებებით“. აფეთქებამდე რამდენიმე დღით ადრე, ერთ-ერთმა ტერორისტმა თავის დღიურში ჩაწერა: „ახლა ვგეგმავ ფართომასშტაბიან ტერორისტულ აქტს. მიზანი - რამდენიმე ასეული მტრის მოკვლა და ემიგრანტების ნაკადის შეჩერება“.
2008 წლის 15 მაისს მოსკოვის საქალაქო სასამართლომ აფეთქების საქმეზე ბრალდებულებს (ნიკოლაი კოროლევი, ილია ტიხომიროვი, ოლეგ კოსტარევი და სერგეი კლიმუკი) თავისუფლების უვადოდ აღკვეთა მიუსაჯა.
აფეთქება რკინიგზაზე - „ნევსკი ექსპრესის“ კატასტროფა (2009)
2009 წლის 27 ნოემბერს, მოსკოვის დროით 21:30 საათზე, პეტერბურგი-მოსკოვის რკინიგზის ხაზის 285-ე კმ-ზე კატასტროფა განიცადა საფირმო ჩქაროსნულმა მატარებელმა „ნევსკი ექსპრესმა“. დაიღუპა 28 ადამიანი და დაშავდა მინიმუმ 132. დაღუპულებს შორის იყვნენ ხელისუფლების მაღალი რანგის წარმომადგენლები (ყოფილი სენატორი პეტერბურგიდან სერგეი ტარასოვი და როსრეზერვის ხელმძღვანელი ბორის ევსტრატიკოვი), ცნობილი ბიზნესმენები და ორი ორსული ქალი. გამოძიებამ დაადგინა, რომ ავარია გამოიწვია რკინიგზაზე მოწყობილმა აფეთქებამ, რომელზეც პასუხისმგებლობა აიღო „კავკასიის ემირატის“ ლიდერმა დოკუ უმაროვმა. გამოძიების თანახმად, აფეთქდა 7 კილოგრამი ტროტილი. მაშინ რკინიგზის სავალმა ნაწილმა დაახლოებით 50 მეტრი სიგრძის რელსი დაკარგა.
აფეთქების დროს „ნევსკი ექსპრესზე“ 682 ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის - 653 მგზავრი და მატარებლის ეკიპაჟის 29 წევრი.
ორმაგი ტერაქტი მოსკოვის მეტროში (2010)
2010 წლის 29 მარტს ორი აფეთქება მოხდა მოსკოვის მეტროს „ლუბიანკისა“ და „პარკ კულტურის“ სადგურებზე. აფეთქებების შედეგად 41 ადამიანი დაიღუპა და 88 დაშავდა. მსხვერპლთა შორის იყვნენ რუსეთის, მოლდოვის, ტაჯიკეთის, ყირგიზეთის, ფილიპინების, ისრაელისა და მალაიზიის მოქალაქეები. გამოძიების თანახმად, ტერორისტული აქტები კავკასიური გარეგნობის თვითმკვლელმა ქალებმა განახორციელეს. აფეთქებებზე პასუხისმგებლობა ამ შემთხვევაშიც „კავკასიის ემირატის“ ლიდერმა დოკუ უმაროვმა აიღო.
პირველი აფეთქება მოხდა მოსკოვის დროით 07:56 საათზე, ლუბიანკის სადგურზე, მატარებლის მეორე ვაგონში. როდესაც მატარებელი გაჩერდა, კარების გაღებამდე აფეთქდა მეორე ვაგონის მეორე კართან მდგომ ქალზე დამაგრებული ასაფეთქებელი მოწყობილობა. მეორე აფეთქება მოხდა 08:39 საათზე „პარკ კულტურის“ სადგურზე სოკოლნიჩესკაიას ხაზზე მატარებლის მესამე ვაგონში.
„ლუბიანკის“ სადგურზე აფეთქებული მოწყობილობის სიმძლავრემ შეადგინა 4 კილოგრამი ტროტილის ეკვივალენტი, ხოლო „პარკ კულტურის“ სადგურზე - 2 კილოგრამამდე.
2010 წლის 2 აპრილს რუსეთის ეროვნულმა ანტიტერორისტულმა კომიტეტმა განაცხადა, რომ „პარკ კულტურის“ სადგურში თავი აიფეთქა 17 წლის ჯანეტ აბდულაევამ, „დაღესტნის ემირის" უმალათ მაგომედოვის ქვრივმა, ხოლო „ლუბიანკის“ სადგურში - 1982 წელს დაბადებულმა დაღესტნელმა მარიამ შარიპოვამ.
მოსკოვის დომოდედოვოს აეროპორტი (2011)
2011 წლის 24 იანვარს მოსკოვის დომოდედოვოს აეროპორტში თავი აიფეთქა თვითმკვლელმა ტერორისტმა, მაგომედ ევლოევმა. აფეთქება მოხდა საერთაშორისო ფრენების მიღების ზონაში. დაიღუპა 37 და დაშავდა 172 ადამიანი.
სააგენტო „როსბალტის“ ცნობით, რუსეთის სპეცსამსახურებს ჰქონდათ ინფორმაცია მოსკოვში თვითმკვლელი ტერორისტის მოსალოდნელი გამოჩენის შესახებ: „სპეცსამსახურებმა იცოდნენ, რომ მოსკოვის ერთ-ერთ აეროპორტში ტერორისტული აქტი განხორციელდებოდა. ოპერატიული მუშაკები ეძებდნენ 3 ეჭვმიტანილს, მაგრამ მათ მოახერხეს აეროპორტში შესვლა, აფეთქებისთვის თვალყურის მიდევნება (აფეთქება მათმა თანამზრახველმა მოახდინა) და აეროპორტის დატოვება“. ასაფეთქებელი მოწყობილობის სიმძლავრე, სავარაუდოდ, 7 კილოგრამი ტროტილის ეკვივალენტს შეადგენდა.
ტერაქტის მეორე დღეს, ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ ჩეჩნეთს ტერაქტთან კავშირი არ ჰქონდა, თუმცა 2011 წლის 4 თებერვალს, „კავკაზ-ცენტრის“ ვებსაიტზე გამოქვეყნდა ვიდეო, რომელზეც დოკუ უმაროვი გადაღებულია სავარაუდო თვითმკვლელ ტერორისტთან, ინგუშეთის 20 წლის მკვიდრთან, მაგომედ ევლოევთან (მეტსახელი „სეიფულაჰი“) ერთად.
ასაფეთქებელი ნივთიერება (5 კგ ტროტილის ეკვივალენტი) იდო არა ჩანთაში, როგორც ეს გამოძიებას საწყის ეტაპზე ეგონა, არამედ თვითმკვლელის („შაჰიდის“) ქამარში.
აფეთქებები ვოლგოგრადში - ტროლეიბუსსა და მატარებლის სადგურზე (2013)
2013 წლის 29 დეკემბერს, დილის 12:45 საათზე, აფეთქება მოხდა ვოლგოგრადის რკინიგზის სადგურის შენობაში. აფეთქების სიმძლავრემ შეადგინა 10 კგ ტროტილის ეკვივალენტი.
შემთხვევის ადგილზე დაიღუპა 14 ადამიანი, მათ შორის იყო ორი მოზარდი, პოლიციელი და რუსეთის რკინიგზის ორი თანამშრომელი. სამედიცინო დახმარება დასჭირდა 49 დაზარალებულს, რომელთაგან 4 მომდევნო დღეებში საავადმყოფოში გარდაიცვალა. გარდაცვლილთა შორის იყო ტაჯიკეთის ორი მოქალაქე.
ასევე ნახეთ დოკუ უმაროვი მიდის, თუმცა ბრძოლას არ წყვეტს2013 წლის 30 დეკემბერს, დილის 08:25 საათზე აფეთქება მოხდა (სიმძლავრე - დაახლოებით 4 კგ ტროტილის ეკვივალენტი) მგზავრებით სავსე ტროლეიბუსში.
11 ადამიანი შემთხვევის ადგილზევე დაიღუპა, ხოლო 5 საავადმყოფოებში გადაყვანის შემდეგ. დაიჭრა 27 მგზავრი, მათ შორის - ერთი ჩვილი ბავშვი.
2014 წლის 30 იანვარს რუსეთის ეროვნულმა ანტიტერორისტულმა ცენტრმა განაცხადა, რომ დადგენილია თვითმკვლელი ტერორისტების ვინაობა: ბუინაღაელი ასკერ სამედოვი და სულეიმან მაგომედოვი: ასკერ სამედოვმა თავი აიფეთქა რკინიგზის სადგურის შენობაში. ამ დროს სულეიმან მაგომედოვი გარეთ იდგა და იქიდან აკვირდებოდა ტერაქტის მსვლელობას, მეორე დღეს კი თვითონ აიფეთქა თავი ტროლეიბუსში.
გამოძიების ინფორმაციით, დაღესტანში დააკავეს ძმები მაგომედნაბი და თაგირ ატიროვები, რომლებიც მონაწილეობდნენ ტერორისტების დაღესტნიდან ტრანსპორტირებაში, რისთვისაც გამოყენებული იქნა თივის შეკვრებით სავსე „კამაზი“.
აფეთქება სანქტ-პეტერბურგის მეტროში (2017)
ერთ-ერთი ბოლო დიდი ტერორისტული აქტი მოხდა 2017 წლის 3 აპრილს, 14:33 საათზე სანქტ-პეტერბურგის მეტროს სადგურებს „სენაია პლოშჩადსა“ და „ტექნოლოგიურ ინსტიტუტს“ შორის.
რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტის ცნობით, თავი აიფეთქა თვითმკვლელმა ტერორისტმა აკბარჟონ ჯალილოვმა - რუსეთის მოქალაქემ 2011 წლიდან, ეროვნებით უზბეკმა. ტერაქტის მომზადების ბრალდებით დააკავეს 11 ადამიანი, თუმცა არცერთმა მათგანმა დანაშაული არ აღიარა. 2019 წელს ბრალდებულებს მიესაჯათ პატიმრობა (19 წლიდან უვადოს ჩათვლით).
ტერაქტის შედეგად დაშავდა 103 ადამიანი, მათგან 16 დაიღუპა (ტერაქტის მომწყობის ჩათვლით).