Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დოკუ უმაროვი მიდის, თუმცა ბრძოლას არ წყვეტს


დოკუ უმაროვი, ჩეჩენ მეამბოხეთა ლიდერი (მარცხნივ) და მისი მემკვიდრე ასლამბეკ ვალადოვი
დოკუ უმაროვი, ჩეჩენ მეამბოხეთა ლიდერი (მარცხნივ) და მისი მემკვიდრე ასლამბეკ ვალადოვი
ჩეჩენ მეამბოხეთა ლიდერმა დოკუ უმაროვმა ჩრდილოეთ კავკასიის წინააღმდეგობის მოძრაობის ლიდერის პოსტი დატოვა და თავისი მემკვიდრის ვინაობა დაასახელა. 46 წლის უმაროვი, რომელიც ტერორისტთა სიაში რუსეთმაც შეიყვანა და ამერიკის შეერთებულმა შტატებმაც, აცხადებს, რომ გადადგა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, თუმცა ბრძოლას არ წყვეტს. რას უნდა მოასწავებდეს ასეთი ცვლილება ჩრდილოეთ კავკასიის იატაკქვეშა მოძრაობისათვის?

დოკუ უმაროვის, კავკასიის საემიროს ლიდერის, თანამდებობიდან გადადგომის განცხადება ჩეჩენ მეამბოხეთა საიტზე - „კავკაზცენტრზე“ - გამოქვეყნდა. უხარისხო და გადღლაბნილ ვიდეომიმართვაში უმაროვი გადადგომის მიზეზად ჯანმრთელობის მდგომარეობას აცხადებს და თავის მემკვიდრედ ასლამბეკ ვალადოვს ასახელებს:

„მე ვტოვებ ჩემს პოსტს. დღეს მე მართლა ვფიქრობ, რომ ჩვენი ძმა ასლანბეკი [ვადალოვი] ახალგაზრდაა, ის უფრო ენერგიულია, მას უფრო სხვა შედეგები ექნება. მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ მე ვეთიშები ჯიჰადს. მადლობა ღმერთს, მე, როგორც ერთ-ერთი ძველი მოჯაჰედი მებრძოლი, გავაკეთებ ყველაფერს, რაც ჩემს ძალებშია, საქმითაც და სიტყვითაც.“

დოკუ უმაროვი ჩეჩნეთის წინააღმდეგობის მოძრაობის ლიდერია. იგი 2006-დან 2007 წლამდე ჩეჩნეთის რესპუბლიკა იჩქერიის იატაკქვეშა პრეზიდენტი იყო. შემდეგ კი იგი საკუთარ თავს ჩრდილოეთ კავკასიის საემიროს მთავარ ემირს უწოდებდა. უმაროვი ხელმძღვანელობდა რუსეთის ტერიტორიაზე მომხდარ გახმაურებულ ტერაქტებს - მათ შორის, მოსკოვის მეტროში 2010 წლის მარტში მომხდარ აფეთქებებს, რომლის დროსაც 40 ადამიანი დაიღუპა და ასზე მეტი დაიჭრა. რაც შეეხება უმაროვის მემკვიდრეს, ასლამბეკ ვადალოვს, მის შესახებ ცნობები ცოტაა. ამიტომ ზემოხსენებულ ვიდეომიმართვაში ჰუსეინ გაკაევი, რომელიც იატაკქვეშეთში ცნობილია როგორც დოკუ უმაროვის „მარჯვენა ხელი“, თანამებრძოლებს მოუწოდებს მხარი დაუჭირონ ვადალოვს, რომელიც ჩეჩნეთის დამოუკიდებელი საემიროს თავდადებული მებრძოლია.

„ჩვენ კმაყოფილები ვართ იმ ცვლილებით, რაც ჩვენმა ძმამ დოკუმ განახორციელა, და მოვუწოდებთ ჩვენს ძმებს, - დაღესტნელებს, ინგუშებსა და ყაბარდოელებს, - რათა შეჰფიცონ მას ერთგულება.“

დოკუ უმაროვის გადაწყვეტილების შემდეგ გაჩნდა კითხვა, თუ რამდენად იმოქმედებს ცნობილი ლიდერის გადადგომა ჩრდილოეთ კავკასიის წინააღმდეგობის მოძრაობაზე. გრიგორი შვედოვი, საინფორმაციო საიტ „კავკაზსკი უზელის“ (Caucasian Knot) მთავარი რედაქტორი, უმაროვის გადადგომას მოულოდნელს უწოდებს, თუმცა მიიჩნევს, რომ ამბოხება კავკასიაში კიდევ დიდხანს არ ჩაწყნარდება:

„მეამბოხეები მონაწილეობდნენ გაცილებით რთული ოპერაციებისა და დივერსიების ორგანიზებაში. ამიტომ, მიუხედავად იმისა, რომ ეს ცნობა მოულოდნელია, ამ კუთხით მთავარი აზრი ისაა, რომ არ შენელდება მეამბოხეთა საბრძოლო მოქმედებები და არ შემცირდება მათი რაოდენობა.“

რადიო თავისუფლების ჟურნალისტი ანდრეი ბაბიცკი მიიჩნევს, რომ, პირიქით, ლიდერის შეცვლით ჩრდილოეთ კავკასიის იატაკქვეშა მოძრაობა კიდევ უფრო აქტიური გახდება. მხედველობაში აქვს ის გარემოება, რომ ყველა ახალი ლიდერი წინამორბედზე უფრო რადიკალურია:

„ბოლო ორი წლის განმავლობაში მეამბოხეები, უმაროვის ხელმძღვანელობით, ფაქტობრივად, აფართოებდნენ წინააღმდეგობას. გაიზარდა ტერაქტების რაოდენობაც და ის არსენალი, რომელსაც მეამბოხეები იყენებდნენ, გაცილებით უფრო ფართო იყო, ვიდრე ის, რომელსაც შამილ ბასაევი იყენებდა. ამიტომ ის განტოტვილი სტრუქტურა, რასაც წარმოადგენს კავკასიის საემირო, ძალიან არ არის დამოკიდებული ლიდერზე. თუმცა, რა თქმა უნდა, ლიდერს გარკვეული ნიუანსები შეაქვს შეიარაღებული ბრძოლის სტრატეგიასა და ტაქტიკაში.“

ჩეჩენ მეამბოხეთა ლიდერის გადადგომის ფაქტზე ოფიციალური განცხადება გააკეთა ჩეჩნეთის პრომოსკოვური ხელისუფლების მეთაურმა რამზან კადიროვმა, რომელმაც განაცხადა, რომ, გადადგომის მიუხედავად, დოკუ უმაროვზე გამოცხადებული ძებნა გაგრძელდება. აღსანიშნავია, რომ ჩეჩენ მეამბოხეთა ლიდერი ტერორისტთა სიაში შეყვანილი ჰყავს როგორც რუსეთის ფედერაციას, ასევე ამერიკის შეერთებულ შტატებს.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG