16 მაისს, მოსკოვსა და თბილისს შორის პირდაპირი რეისის შესრულებამდე სამი დღით ადრე, რუსულმა ავიაკომპანია Azimuth Airlines-მა („აზიმუტმა“) რუსეთის მიერ ოკუპირებული საქართველოს რეგიონები - აფხაზეთი და სამხრეთი ოსეთი - ქვეყნების სიიდან ამოიღო. მანამდე „აზიმუტის" ვებსაიტზე გაკეთებულ „სკრინებში“ ჩანდა, რომ აფხაზეთი და სამხრეთი ოსეთი შეტანილი იყვნენ ქვეყნების ჩამონათვალში. Azimuth Airlines-ის გადაწყვეტილებამ განსხვავებული რეაქციები გამოიწვია თბილისში, სოხუმსა და ცხინვალში. თავად „აზიმუტი” კლიენტს აფხაზური „პასპორტით” წერს, რომ მისი მონაცემების რეგისტრაცია „დროებით შეუძლებელია” და საიტის „ტექნიკური გაუმართაობის” გამო უხდის ბოდიშს
თბილისის რეაქცია
საქართველო 2015 წელს შეუერთდა ყირიმის ანექსიის გამო ევროკავშირის მიერ რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებს, რომელთა ვადის გასვლის შემდეგ, 2021 წლის ივნისში, კვლავ მიუერთდა გაგრძელებულ სანქციებს. 2021 წლის იანვარში, უკრაინამ ავიაკომპანია „აზიმუტს“ ყირიმში ფრენების გამო სანქციები დაუწესა.
„რუსული ავიაკომპანია “აზიმუტი”, რომელზეც საქართველოში ფრენის ნებართვა გაიცა, დაფრინავს ყირიმში და სანქცირებულია უკრაინის მიერ. საქართველო თავისი გადაწყვეტილებით არღვევს ევროკავშირის სანქციებს. ეს შეიძლება გახდეს ჩვენი ავიაკომპანიების დასანქცირების მიზეზი“, - ამბობს საქართველოს პარლამენტის წევრი რომან გოცირიძე.
სამოქალაქო აქტივისტი და საზოგადოებრივი მოძრაობის „შინ ევროპისკენ“ ლიდერი, იურისტი გიორგი მშვენიერაძე ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც შეამჩნია, რომ ავიაკომპანია Azimuth Airlines-ის ვებსაიტზე ქვეყნების ჩამონათვალში აფხაზეთი და სამხრეთი ოსეთიც იყვნენ მითითებული. გიორგი მშვენიერაძემ საქართველოს მთავრობას სოციალური ქსელით მიმართა:
„აი, ეს კომპანია შეამოწმეთ, კარგადაა ყველაფერიო და ფრენის ნებართვა მიეცით ხომ, აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი ცალკე სახელმწიფოებად რომ ჰყავს ვებ-საიტზე?“
სულ მალე, ავიაკომპანიის ვებსაიტიდან აფხაზეთი და სამხრეთი ოსეთი წაშალეს, რაც თბილისში ბევრმა მიიჩნია საქართველოს ხელისუფლებისა და რუსული ავიაკომპანიის მჭიდრო თანამშრომლობის ნიშნად. პასუხად, მმართველი პარტიის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ოპონენტებს „სპეკულანტები“, ხოლო რუსული კომპანიის გადაწყვეტილებას „მნიშვნელოვანი ჟესტი“ უწოდა:
„თავისთავად, ეს მნიშვნელოვანი ჟესტია, ის, რომ ეს ჩანაწერები ამოღებულია ვებგვერდიდან. სპეკულაციისთვის არანაირი საფუძველი არ არსებობს, თუმცა ვინც ცდილობს, რომ რაღაცნაირად აჟიოტაჟი შექმნან ამ თემის გამო, ისინი არიან ნამდვილი სპეკულანტები. ცდილობენ სპეკულირებას იქ, სადაც სპეკულირების არანაირი საბაბი არ არსებობს“.
ირაკლი კობახიძეს არაფერი უთქვამს სხვა სპეკულაციებზე, რასაც მმართველი პარტიის რიგითმა და არარიგითმა მხარდამჭერებმა მიმართეს. პარტია „ხალხის ძალის“ წევრმა დავით ქართველიშვილმა რუსული ავიაკომპანიის გადაწყვეტილებაში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პერსპექტივა დაინახა.
„ჯერ კიდევ გუშინ ორი "დამოუკიდებელი" ქვეყანა, დღეს უკვე საერთოდ გააქრეს პოლიტიკური ჰორიზონტიდან. ასე, ერთი ცალკე აღებული კომპანიის დონეზე, რუსეთი „შეუდგა" საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას.და თუ სერიოზულად მივუდგებით ამ „დეტალს“ - იკვეთება საინტერესო ტენდენცია, თუ რა რეალური ფასი აქვს რუსეთში ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიების „დამოუკიდებლობას". დღეს ამას ავიაბილეთებში ცვლიან თვალის დახამხამების გარეშე, ხვალ კიდევ რამეში გაცვლიან...“ - დაწერა დავით ქართველიშვილმა.
რუსული ავიაკომპანიის გადაწყვეტილება საინფორმაციო გამოშვებების მთავარ თემად აქციეს პროსახელისუფლებო მედიებმა, რომელთა მომხმარებლებმა სოციალურ ქსელებში საქებარი სიტყვები არ დაიშურეს ხელისუფლების „ჭკვიანური პოლიტიკის“ გამო. ასობით ასეთი კომენტარი დაიწერა ტელეკომპანია „იმედის“ გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის ქვეშ:
თუმცა, სამოქალაქო აქტივისტებისა და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებისთვის რუსეთის ხელისუფლებისა და რუსული ავიაკომპანიის გადაწყვეტილებები იმის მანიშნებელია, რომ მოსკოვი თავისი ინტერესების შესაბამისად მოქმედებს და, რომ არ დაეძებს როგორც თბილისის, ასევე „თავისი პარტნიორების“ (სოხუმისა და ცხინვალის) ინტერესებს.
ასევე ნახეთ „დროა“ 19 მაისს რუსეთიდან ავიარეისს აეროპორტში გააპროტესტებს„ქართული ოცნება“ რასაც აკეთებს თვითმფრინავებთან და ფრენებთან დაკავშირებით, ეს არის მორიგი ღალატი ჩვენი ევროპული ინტერესებისა. ეს კიდევ უფრო მეტია, ვიდრე კანდიდატის სტატუსისთვის საფრთხის შექმნა. ეს არის ეროვნული ინტერესების ღალატი... გუშინ ვნახეთ, რომ ამ ავიაკომპანიას ვებგვერდზე აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი უწერია, როგორც ცალკე სახელმწიფო და მითითებული აქვს, რომ რუსული პასპორტით აფხაზები და ოსები უნდა დაფრინავდნენ ამ თვითმფრინავით. პირდაპირ არღვევს ჩვენს კონსტიტუციას და ოკუპაციის კანონს. მთავრობამ, გარდა იმისა, რომ ნებართვა მისცა, სასწრაფოდ დაუკავშირდა რუსეთს და ორ საათში მოხსნეს საიტიდან ეს ჩანაწერი. ვნახეთ, როგორ სინქრონში მოქმედებს ჩვენი მთავრობა რუსეთთან. ეს არის მორიგი ღალატი, რომელიც მორიგი ამოცანის წინაშე გვაყენებს“, - თქვა პარტია „დროას“ ლიდერმა ელენე ხოშტარიამ.
რეაქციები ცხინვალსა და სოხუმში
სავიზო რეჟიმის გაუქმებამ და რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირი ფრენების აღდგენამ შეშფოთება გამოიწვია ცხინვალის რეგიონში. მიუხედავად იმისა, რომ დე ფაქტო ოფიციალური პირები კომენტარს არ აკეთებენ, ადგილობრივი აქტივისტები მიიჩნევენ, რომ პუტინის განკარგულებები (საქართველოსთან სავიზო რეჟიმის გაუქმებისა და პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენის შესახებ) თბილისსა და მოსკოვს შორის ურთიერთობების დათბობის მანიშნებელია, რაც, მათი აზრით, საფრთხეს უქმნის მათ ე.წ. სუვერენიტეტს. ცხინვალელი ბლოგერი, ალიკ ფუხათი შიშობს, რომ სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა შესაძლოა მოსკოვსა და თბილისს შორის ვაჭრობის საგნად იქცეს, „როგორც ეს იყო 1920 წელს რუს და ქართველ ბოლშევიკებს შორის, როგორც ეს იყო 90-იანი წლების დასაწყისში, როდესაც კომუნისტური ელიტა აშენებდა ახალ საქართველოს და ახალ რუსეთს. ეს შიშები აბსოლუტურად საფუძვლიანია. შეგახსენებთ, როგორ დაარწმუნა გენერალმა ჰენრიხ მალიუშკინმა ცხინვალის მცხოვრებლები, რომ არ გამოიყვანდა რუსეთის ჯარებს სამხრეთ ოსეთიდან, შემდეგ კი მშვიდად, ღამის საფარქვეშ, ჩუმად გაიყვანა ჯარები და უიარაღო სამხრეთი ოსეთი დატოვა ბედის ანაბარად“, - უთხრა რადიო თავისუფლების რუსულენოვან პროგრამა „ეხო კავკაზას“ ალიკ ფუხათიმ, რომლის თქმით, ადგილობრივი საზოგადოება ისეა დასუსტებული, რომ პოლიტიკურ პროცესებზე გავლენის მოხდენის არანაირი რესურსი აღარ გააჩნია:
„სამოქალაქო საზოგადოება კუთხეშია მიმწყვდეული. განადგურებულია არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც წარმატებით მუშაობდნენ ევროპულ პლატფორმებზე. ვერ ვხედავთ პოზიციების გაძლიერების პოლიტიკას, მცდელობას, შევცვალოთ დიდი სამყაროს დამოკიდებულება ჩვენ მიმართ თუნდაც არა აღიარების მოპოვების, არამედ სიმართლის მიტანის თვალსაზრისით, რომ გავაგებინოთ მსოფლიოს, აქ ცივილიზებული ხალხი ცხოვრობს და ამ ფაქტს ანგარიში უნდა გაუწიონ. შექმნილ ვითარებაში რესპუბლიკის მოსახლეობას ესმის, რომ ახლა, პირობითად რომ ვთქვათ, ყველა კვერცხი ერთ კალათაშია ჩადებული და, სამწუხაროდ, ეს კალათა ჩვენს ხელში არ არის. აქედან გამომდინარეობს ხალხში დაუცველობის მზარდი განცდა“.
შექმნილ ვითარებაში ცხინვალის მხარდაჭერას ცდილობს ვლადიკავკაზი. რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატმა ჩრდილოეთ ოსეთიდან, ზურაბ მაკიევმა ავიაკომპანია „აზიმუტის“ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით მიმართვა გაუგზავნა როგორც რუსეთის ფედერაციის გენერალურ პროკურორ ი. კრასნოვს, ასევე საჰაერო ტრანსპორტის ფედერალური სააგენტოს ხელმძღვანელ ა. ნერადკოს და მათგან მოითხოვა ავიაკომპანია „აზიმუტის“ გადაწყვეტილების სამართლებრივად შეფასება - რამდენად შეესაბამება რუსეთის კანონმდებლობას ქვეყნების ჩამონათვალიდან აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ამოღება.
„ხომ არ დაარღვია კომპანიამ რუსეთის კანონმდებლობა იმის გათვალისწინებით, რომ რუსეთის ფედერაციამ 2008 წელს აღიარა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკების დამოუკიდებლობა?“, - კითხულობს რუსი დეპუტატი პროკურორისთვის გაგზავნილ მიმართვაში, სადაც ასევე წერს: „სავარაუდოდ, მოგების გაზრდის მიზნით, რუსული გადამზიდავი საბოტაჟს უკეთებს საგარეო პოლიტიკის საფუძვლებს. შექმნილმა ვითარებამ შეიძლება გამოიღოს უკიდურესად ნეგატიური შედეგები, რადგან ხვალ, ასევე კომერციული სარგებლის მიღების მიზნით, კომპანიამ შეიძლება რუსეთის ფედერაციის შემადგენლობიდან ამოიღოს ყირიმის, დონეცკისა და ლუგანსკის რესპუბლიკები, ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქები. ინფორმაციის დადასტურების შემთხვევაში, გთხოვთ მოახდინოთ კანონით გათვალისწინებული რეაგირება“.
რუსეთის პრეზიდენტისა და რუსული ავიაკომპანია „აზიმუტის“ გადაწყვეტილებებმა გულგრილი ვერ დატოვა აფხაზეთის საზოგადოებაც.
„ვინც ამბებს თვალს ადევნებთ, ალბათ გსმენიათ, რომ Azimuth Airlines-მა გახსნა პირდაპირი რეისები საქართველოს მიმართულებით. აქამდე ჩვეულებრივ ავიაკომპანიის გვერდზე ნაჩვენები იყო აფხაზეთი, ახლა კი საერთოდ გაქრა. მეგონა, რომ Yandex-ის მსგავსი შემთხვევა იყო, როცა აფხაზეთს მხოლოდ საქართველოსთვის მალავდნენ (ესეც დამამცირებელი იყო), მაგრამ ახლა აფხაზეთი მთლიანად გაქრა ქვეყნების სიიდან. ყველამ ვიცით, რომ მსგავსი რამ ხელისუფლებასთან შეუთანხმებლად არ ხდება, მე მაქვს კითხვა: გვაქვს თუ არა გარანტიები, რომ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი არ დათმობს ჩვენს ინტერესებს სხვა საკვანძო საკითხებში“, - დაწერა ფეისბუკჯგუფ „Правда Абхазии!“-ში აფხაზეთის ერთ-ერთმა მკვიდრმა, რომელსაც ჯგუფის ქართველმა წევრმა უპასუხა:
„ხვალ, თუ გადაწყვეტს [რუსეთი], რომ უფრო მომგებიანია, თქვენ დაგიბრუნებენ სიაში, ჩვენ კი ამოგვიღებენ. რუსეთის ფედერაცია მონსტრია ღირსებისა და სინდისის გარეშე“.
რადიო თავისუფლების კორესპონდენტის მოთხოვნაზე, რომ აფხაზური პასპორტით სურდა ავიაბილეთის შეძენა, „აზიმუტიდან“ ცალსახად უარყოფითი პასუხი არ მოსულა.
„Azimut Airlines-ის სახელით ბოდიშს გიხდით იმის გამო, რომ თქვენი ეროვნული პასპორტის მონაცემების მიხედვით დროებით შეუძლებელია ავიაბილეთების გაფორმება ავიაკომპანიის ოფიციალურ ვებსაიტზე (https://azimuth.aero) ფართომასშტაბიანი ტექნიკური გაუმართაობის გამო. ავიაკომპანიის სპეციალისტები მუშაობენ საიტის სრული ფუნქციონირების აღსადგენად, ზოგიერთი ფუნქცია, სამწუხაროდ, ჯერ არ არის ხელმისაწვდომი. შექმნილ ვითარებაში, გირჩევთ საპასუხო წერილით გამოაგზავნოთ ავიაბილეთის გაფორმების მოთხოვნა და მგზავრის პასპორტის ფოტო / სკანირებული ასლი - და კონტაქტ-ცენტრის სპეციალისტები გაგიფორმებენ ბილეთს, რომელთა საფასურსაც გადაიხდით ბმულის საშუალებით (ბმული მოგივათ თქვენს ელ. ფოსტაზე)“, - წერია „Azimut Airlines-ის მიერ „აფხაზეთის რესპუბლიკის მოქალაქისათვის“ გამოგზავნილ წერილში.