"მათ შეუძლიათ პწკარებს შორის წაკითხვა" - პროტესტი საგარეო საქმეთა სამინისტროს სისტემაში

"ოცნების" გადაწყვეტილებას - დღის წესრიგიდან 4 წლით მოხსნას ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების საკითხი - ხალხი, თბილისსა და რეგიონებში, უკვე ერთი კვირაა, აპროტესტებს.

საგარეო საქმეთა სამინისტროში „ძლიერი ზეწოლაა“ მათზე, ვინც „ოცნების“ მიერ ევროკავშირში ინტეგრაციის გადავადებას არ ეთანხმება და საპროტესტო განცხადებას აწერს ხელს, - ამას რადიო თავისუფლებას ინფორმირებული პირები ეუბნებიან.  

საპროტესტო წერილს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საელჩოების მოქმედი თანამშრომლები აწერენ ხელს. ხელმოწერების შეგროვება დაიწყო მალევე, როცა „ოცნებამ“ გამოაცხადა გადაწყვეტილება ევროკავშირში ინტეგრაციის 4 წლით შეჩერების შესახებ.

პოსტები დატოვეს ელჩებმა და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ.

„2028 წლამდე საქართველოს მხრიდან ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების დღის წესრიგიდან ამოღების შესახებ, არ შეესაბამება ქვეყნის სტრატეგიულ ინტერესებსმიგვაჩნია, რომ 2028 წლამდე ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნის ამოღება პოლიტიკური დღის წესრიგიდან წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კონსტიტუციის 78- მუხლის მოთხოვნებთან“, - წერია მოქმედი დიპლომატების ერთობლივ განცხადებაში.

  • 28 ნოემბერს, საღამოს, ხელმომწერთა რიცხვი 50-მდე იყო;
  • 29 ნოემბერს - 135;
  • 30 ნოემბერს - 205;
  • 4 დეკემბერს - 243.

ხელმომწერთა წრე მრავალფეროვანია. სიაში არიან როგორც უშუალოდ საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები, ასევე დიპლომატები საზღვარგარეთ მოქმედი საელჩოებიდან და საკონსულოებიდან: აშშ [საელჩო და გენერალური საკონსულო ნიუ-იორკში], საფრანგეთი, გერმანია [საელჩო და საკონსულო ფრანკფურტში], იტალია, ესპანეთი, ნიდერლანდები, ავსტრია, დანია, ბელგია, შვედეთი, ლიეტუვა, ლატვია, ესტონეთი, პოლონეთი, ჩეხეთი, სლოვაკეთი, რუმინეთი, საელჩო წმინდა საყდართან, ისრაელი, თურქეთი [გენერალური საკონსულო სტამბოლში] სომხეთი, ავსტრალია, იაპონია, საუდის არაბეთი, ჩინეთი, კორეა, ირანი, სამხრეთი აფრიკა, კუბა.

ხელს აწერენ ასევე დიპლომატები ევროკავშირთან საქართველოს წარმომადგენლობიდან, ნატოსთან საქართველოს წარმომადგენლობიდან, გაეროში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობიდან, ჟენევაში გაერთიანებული ერების განყოფილებიდან, ეუთოსა და ქ. ვენაში განლაგებულ საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობიდან, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრიდან.

ხელმომწერთა რიცხვი გაიზარდა მას შემდეგაც, რაც არჩევნების სადავო შედეგების შედეგად შეკრებილ ერთპარტიულ პარლამენტში დამტკიცებული საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი, საქმიანობას შეუდგა.

2 დეკემბერს ის სამინისტროს თანამშრომლებს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ წარუდგინა.

"No comment [უკომენტაროდ] და სამახსოვროდ" - შეხვედრის ამსახველი ფოტო "ოცნებასთან" უკიდურესად დაპირისპირებულმა პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმაც გამოაქვეყნა.

ყოფილი დიპლომატი ზურაბ ბატიაშვილი, საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით, რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროში 2 დეკემბერს გამართულ შეხვედრაზე „ძირითადად დეპარტამენტების დირექტორები იყვნენ, ხოლო პროევროპულ განცხადებაზე ხელმომწერებს არ მიეცათ საკუთარი აზრის გამოთქმის საშუალება“ და შეხვედრაზე მხოლოდ „ქართული ოცნების“ ცნობილი პროპაგანდისტული მესიჯები ისმოდა.

„ემუქრებიან სამსახურიდან გათავისუფლებით მათ, ვინც [ერთობლივ განცხადებას] ხელი მოაწერა და ამას აკეთებენ პირდაპირ დეპარტამენტის დირექტორების ხელით. ისინი ეუბნებიან - ხელმომწერებმა დაწერეთ განცხადებები და წადით სამსახურიდანო. [თანამშრომლებზე] ასეთი ზეწოლის შემდეგ, გიორგი ზურაბაშვილი [ევროპის დეპარტამენტის ყოფილი დირექტორი] საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გახდა“, - ეუბნება ზურაბ ბატიაშვილი რადიო თავისუფლებას.

საგარეო უწყების თანამშრომლებზე „ძლიერ ზეწოლას“ რადიო თავისუფლებას ინფორმირებული ანონიმური წყაროც უდასტურებს. ის ასევე „თანამშრომელთა დაშინებაზე“ ლაპარაკობს.

რადიო თავისუფლება რამდენიმე ხელმომწერს დაუკავშირდა, თუმცა კომენტარზე არ დაგვთანხმდნენ.

რადიო თავისუფლების ინფორმაციით, ამ ეტაპზე საგარეო უწყების ცენტრალურ აპარატში თითქმის 450 ადამიანი მუშაობს, ხოლო საზღვარგარეთ დიპლომატიური წარმომადგენლობების ჩათვლით - თანამშრომელთა საერთო რაოდენობა 800-ს უტოლდება.

საგარეო უწყებაში რადიო თავისუფლების კონკრეტულ შეკითხვებს არ პასუხობენ.

ასევე ნახეთ საგარეო საქმეთა სამინისტრო „გმობს საქართველოს დიპლომატიურ სამსახურზე ზეწოლას"

გადამდგარები

რადიო თავისუფლების ინფორმაციით, ერთობლივ საპროტესტო განცხადებაზე ხელმომწერების უდიდესი ნაწილი პოსტებზე კვლავ რჩება და მუშაობას აგრძელებს.

გადამდგარი სხვა ელჩები ამ განცხადებას არ აწერენ ხელს.

ასევე ნახეთ თანამდებობა დატოვა ჩეხეთში საქართველოს ელჩმა

სულ ბოლოს პოსტი დატოვა საქართველოს ელჩმა ჩეხეთში, რომელიც მანამდე ლატვიის ელჩი იყო. თეა მაისურაძის ფოტო და ბიოგრაფია ჯერ ისევ იძებნება საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ვებსაიტზე. სამინისტროს სისტემაში მაისურაძე 2006 წლიდან მუშაობს. გავრცელებული ინფორმაციით, ის ექსპრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის ოჯახთან დაახლოებული პირია.

„ჩემთვის დიდი პატივია თითქმის ორი ათწლეულის განმავლობაში ჩემი ქვეყნის ეროვნული ინტერესებისთვის მსახურობა, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვისას მისი ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის ხელშეწყობა. საქართველოს ევროპული მომავლის ერთგული ვრჩები!“, - დაწერა თეა მაისურაძემ სოციალურ ქსელში.

5 დეკემბერს თეა მაისურაძემ ფეისბუკში, საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა ჩეხეთის ევროპის საქმეთა მინისტრთან, მარტინ დვორჟაკთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრის ფოტო წარწერით: "ძალიან ვაფასებ ჩვენს თანამშრომლობას და მხარდაჭერას".

ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იან ლიპავსკიმ 3 დეკემბერს, ნატოს მინისტერიალის დაწყებამდე ჟურნალისტებს უთხრა, რომ მხარს უჭერს თეა მაისურაძეს და მომხდარის მიზეზი არის ის, რომ „საქართველო ევროპულ გზას შორდება“.

ასევე ნახეთ რადიო თავისუფლებას დაუდასტურეს დავით ზალკალიანის გადადგომა

30 ნოემბერს, სწორედ იმ დღეს, როდესაც ვაშინგტონმა საქართველოს სტრატეგიული თანამშრომლობა შეაჩერა, გავრცელდა ინფორმაცია აშშ-ში საქართველოს ელჩის - დავით ზალკალიანის გადადგომის შესახებ, რაც მალევე დადასტურდა. ეს ინფორმაცია თავდაპირველად ტელეკომპანია „ფორმულამ“ გაავრცელა.

ზალკალიანი პოსტიდან ერთხელ უკვე გადადგა - როცა ის მინისტრის მოადგილე იყო, ირაკლი ალასანიას პარტიასთან „ქართული ოცნების“ კოალიციის დაპირისპირების ფონზე. მაგრამ შემდეგ უკან დაბრუნდა.

2018 წლის ივნისიდან 2022 წლის აპრილამდე ზალკალიანი საგარეო საქმეთა მინისტრი იყო და ირაკლი ღარიბაშვილის დროინდელ მინისტრთა კაბინეტში ვიცე-პრემიერის პოსტსაც იკავებდა. ზალკალიანის ბიოგრაფიული მონაცემების მიხედვით, საგარეო უწყებაში ის 1992 წლიდან მუშაობს.

ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ზალკალიანი განიცდიდა „სხვადასხვა მხრიდან ძალიან მძიმე, სერიოზულ ზეწოლას“ და „ვერ გაუძლო“. ვისი მხრიდან და რა განზრახვით იყო ზეწოლა, ამოუცნობია. კობახიძემ აღნიშნა, რომ „ნაცების ზეწოლა არ იგულისხმება“. თავად ზალკალიანს ოფიციალური განცხადება არ გაუკეთებია.

პოსტიდან ასევე გადადგნენ:

  • ოთარ ბერძენიშვილი - საქართველოს ელჩი ბულგარეთში; „არა ძალადობას მშვიდობიანი დემონსტრანტების გამოხატვის წინააღმდეგ! სრული სოლიდარობა“, - დაწერა მან გადადგომის შესახებ პლატფორმა X-ზე.
  • დავით სოლომონია - საქართველოს ელჩი ნიდერლანდის სამეფოში. „პირნათლად ვასრულებდი ჩემს სამსახურებრივ მოვალეობებს ვიდრე მჯეროდა, რომ სულ მცირე გავლენის მოხდენა შემეძლო პროცესებზე. დღეს ეს იმედი დასრულდა. ვგმობ ნებისმიერ ძალადობას”, - დავით სოლომონიას განცხადება მისმა დამ გაავრცელა;
  • სალომე შაფაქიძე - ლიეტუვაში საქართველოს ელჩი. „პატივი იყო, მემსახურა ჩემი ქვეყნის ეროვნული ინტერესებისთვის ორ ათწლეულზე მეტი ხნის განმავლობაში და მოკრძალებული წვლილი შემეტანა მის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობაში, რომელიც თან ერთვის ევროატლანტიკურ გზას! საქართველო ევროპაა“, - დაწერა მან პლატფორმა X-ზე.
  • ირაკლი ვეკუა - იტალიაში საქართველოს ელჩის მოვალეობის შემსრულებელი. „ვემშვიდობები საგარეოს, რომელმაც ყველაზე ბევრი მაჩუქა, რაც კი შეიძლება ადამიანს განგებამ აჩუქოს. მათ შორის იმის განცდა, რომ რამდენჯერაც ხელმოცარული ჩამოვა საბა პარიზიდან და ურბედან, იმდენჯერ ჯიუტად უნდა მიბრუნდეს უკან, რადგან ამათ იქეთ - ვსესვიატსკოეა, ქართველთა გადათხრილი საფლავები და ექსპორტისთვის გამზადებული რუსი სტრაცები და ის დათვიც სადღაც იქ ტრიალებს ფეისბუქის პირად გვერდზე“, - დაწერა მან ფეისბუკის პირად გვერდზე.

რადიო თავისუფლების ინფორმაციით, ხელმომწერთა სიიდან, პოსტი დატოვა საგანგებო დავალებათა ელჩმა, გამოცდილმა დიპლომატმა, ნიკოლოზ ნიკოლოზიშვილმა. თუმცა ინფორმაციის გადამოწმება, დაკავშირების მიუხედავად, პირადად მასთან ვერ შევძელით.

საგარეო საქმეთა სამინისტროდან ვერ მივიღეთ პასუხი შეკითხვაზე - ამ ეტაპზე რომელ ქვეყნებში არ ჰყავს საქართველოს ელჩები, რომელთა ნაწილსაც უფლებამოსილების ვადა ამოეწურა.

ჩვენი ინფორმაციით, მთელ რიგ ქვეყნებში ელჩების ფუნქციას მოვალეობის შემსრულებლები ასრულებენ. ასე მაგალითად: საფრანგეთში, გერმანიაში, იტალიაში, დიდ ბრიტანეთსა თუ სლოვაკეთში. ასევე არ არის დანიშნული საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ნატოში.

ელჩების დამტკიცებას პრეზიდენტს თანხმობა ესაჭიროება. ამ საკითხზე არაერთხელ იყო მწვავე დავა „ქართული ოცნების“ ხელისუფლებასა და პრეზიდენტ ზურაბიშვილს შორის, მზარდად დაძაბული ურთიერთობების ჭრილში, რამაც ახლა უკვე კულმინაციას მიაღწია.

გადადგა მინისტრის მოადგილეც

ნოემბრის ბოლოს, ვიდრე სამინისტროში სადავო წესით არჩეული ახალი მინისტრი მივიდოდა, პოსტიდან გადადგა მინისტრის მოადგილე - თეიმურაზ ჯანჯალია. ეს ინფორმაცია, 30 ნოემბერს, „ფორმულამ“ გაავრცელა. ჯანჯალიას ადგილი გიორგი ზურაბაშვილმა დაიკავა, მანამდე ევროპის დეპარტამენტის დირექტორმა.

2 დეკემბერს, თეიმურაზ ჯანჯალიას შვილმა - დავით ჯანჯალიამ „ფორმულას“ უთხრა, რომ მცდარია ინფორმაცია, თითქოს თეიმურაზ ჯანჯალია სამინისტროდან თავისი ნებით არ წამოსულა.

„მან ეს გადაწყვეტილება მიიღო თვითონ, დამოუკიდებლად… რადგან ჩათვალა, რომ მისმა საქმიანობამ, მისმა მიმართულებამ ამ მომენტისთვის ამოწურა ყველა ლიმიტი, მიუხედავად იმისა, რომ ბოლომდე იმედი ჰქონდა. 26 წელზე მეტი მუშაობდა საგარეო საქმეთა სამინისტროში. ის არასოდეს ეკუთვნოდა არცერთ პარტიას და სჯეროდა საქართველოს ევროინტეგრაციის, ევროპული მომავლის“, - განაცხადა დავით ჯანჯალიამ ტელეკომპანიის ეთერში, 3 დეკემბერს. მანამდე ის ფეისბუკპოსტში წერდა, რომ თავდასხმით ემუქრებიან და ამ მუქარას სწორედ მამის გადაწყვეტილებას უკავშირებს.

ასევე ნახეთ მოვიდა ინფორმაცია, რომ ჩვენზე თავდასხმას გეგმავენ - საგარეო მინისტრის ყოფილი მოადგილის შვილი

1 დეკემბერს, რადიო თავისუფლების შეკითხვაზე, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ეს იყო საგარეო საქმეთა ახალი მინისტრის, მაკა ბოჭორიშვილის მიერ მიღებული საკადრო გადაწყვეტილება და „ცვლილება ისედაც იგეგმებოდა“. ჯანჯალია მინისტრის მოადგილედ 2021 წლის სექტემბერში დაინიშნა, ხოლო საგარეო საქმეთა სამინისტროში მუშაობა 1990-იანების მიწურულს დაიწყო.

„მისტერ ევროკავშირი“ - ასე უწოდებს თეიმურაზ ჯანჯალიას თავის ფეისბუკპოსტში გოჩა ჯავახიშვილი - ყოფილი ელჩი საფრანგეთში, რომელმაც პოსტი მაისში, „აგენტების კანონის“ გამო ევროკავშირთან გაძნელებული ურთიერთობების ფონზე დატოვა.

„პროფესიული თავმოყვარეობაც და საქმის ერთგულებაც ნიშნავს არა მხოლოდ იმას, რომ ზედმიწევნით ერთგულად ემსახურო საკუთარ საქმეს, არამედ, თუ საჭიროა, დაიცვა კიდეც ის პრინციპები, რომელსაც ემსახურები. მგონია, რომ დღეს არის სწორედ ეს დღე და მომენტი, როდესაც პროტესტის გამოთქმით, არდამორჩილებით და ხმამაღლა თქმით, რომ მიუღებელია მსგავსი გადაწყვეტილება, რომელიც - ქვეყნის კონსტიტუციით გამყარებულ კურსს სახეს ცვლის“, - გოჩა ჯავახიშვილი გვეუბნება ასევე, რომ შეუძლებელია დიპლომატები ვერ ხვდებოდნენ - რაც დღეს ხდება:

„დიპლომატები ხომ ყველაზე კარგად გრძნობენ [რაც ხდება], მათ შეუძლიათ პწკარებს შორის წაკითხვა ოფიციალურად გაჟღერებული ტექსტისა. იმიტომაც არიან შეწუხებულები, რომ კარგად გრძნობენ - რა მოვლენები შეიძლება განვითარდეს, როგორი კონტექსტი შეიძლება ჩამოყალიბდეს ამ 4-წლიანი პაუზის შემდეგ“, - ამბობს დიპლომატი რადიო თავისუფლებასთან.

გოჩა ჯავახიშვილი ასევე გვეუბნება, რომ ახლა საქართველოსთვის გადამწყვეტი დროა და ამ ტურბულენტურ დროში, საერთაშორისო პარტნიორებისთვის ზურგის შექცევა საქართველოსთვის უსაფრთხოების რისკებსაც გაზრდის.

"ოცნებამ" რიტორიკა შეცვალა, გადაწყვეტილება უკან არ წაუღია.

„ქართული ოცნების“ ახალი მთავრობის საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი ამჟამად მალტაში, ეუთოს მინისტრთა საბჭოს 31-ე მინისტერიალზე იმყოფება.

„მსურს ვისარგებლო შემთხვევით და კიდევ ერთხელ მკაფიოდ განვაცხადო, რომ საქართველოს დღეს ჰყავს ხელისუფლება, რომელმაც შექმნა უმტკიცესი საფუძველი საქართველოს ევროპული მომავლის შეუქცევადობისთვის და დღემდე ევროინტეგრაციასთან დაკავშირებით ნაკისრი ვალდებულებების ერთგული რჩება. ევროკავშირს ამ დრომდე არ მიუღია გადაწყვეტილება საქართველოსთან გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყებასთან დაკავშირებით, შესაბამისად, განცხადებები საქართველოს ხელისუფლების მიერ ევროკავშირთან მოლაპარაკებების შეწყვეტის თაობაზე არ შეესაბამება სიმართლეს“, - განაცხადა მან 5 დეკემბერს სიტყვით გამოსვლისას.

ამავე მინისტერიალზე, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ ეუთოს მრავალი წევრი იზიარებს შეშფოთებას „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, შეაჩეროს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი. „მხარს ვუჭერთ მშვიდობიანი პროტესტის უფლებას და ვგმობთ სასტიკ აგრესიასა და რეპრესიებს“, - განაცხადა მან, საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, სიტყვით გამოსვლის დროს.

მანამდე, ენტონი ბლინკენმა დააანონსა სანქციები საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის. განცხადებაში მან „ქართულ ოცნებას“ ხელისუფლება არ უწოდა - მისი ადრესატი პარტია იყო.

ასევე ნახეთ ირაკლი კობახიძე ევროკავშირის ელჩს - დადეთ მაგიდაზე მოლაპარაკებების გახსნა და დღესვე მოვაწერ ხელს

მას შემდეგ, რაც „ოცნებამ“ ევროკავშირთან გაწევრიანების მოლაპარაკებების საკითხის 2028 წლის ბოლომდე გადადების გადაწყვეტილება გამოაცხადა, რასაც ხალხის მძაფრი რეაქცია და მასშტაბური საპროტესტო აქციები მოჰყვა, ლიდერები ცდილობენ დააჯერონ ხალხი, რომ - მათ არასწორად გაუგეს, რადგან ევროინტეგრაციის პროცესი არ შეუჩერებიათ. მათი არგუმენტია - ასოცირების შეთანხმების დღის წესრიგით ნაკისრი ვალდებულებების გაგრძელება.

პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძემ 29 ნოემბერს ბრიფინგზე განაცხადა, რომ „ქართული ოცნება“ „ევროპული კურსის ერთგულია“, მაგრამ საქართველო ევროკავშირში გაწევრიანებისთვის მზად იქნება 4 წელიწადში, როცა ასოცირების დღის წესრიგის გათვალისწინებული ვალდებულებების 90%-ზე მეტი ექნება შესრულებული.

„ასოცირების შეთანხმება ევროკავშირს მსოფლიოს ბევრ ქვეყანასთან აქვს გაფორმებული და ის არ ემსახურება ევროკავშირში გაწევრიანების მიზანს. ის მჭიდრო თანამშრომლობის და ნაწილობრივ, ეკონომიკური ინტეგრაციის ინსტრუმენტია“, მაგრამ „არავითარ კავშირში ევროკავშირში გაწევრიანებასთან ეს შეთანხმება არ არის. გინდა 90%-ით შეასრულე და გინდ 100%-ით“, - განმარტავს რონდელის ფონდის ევროპული კვლევების ცენტრის ხელმძღვანელი, კახა გოგოლაშვილი.

გოგოლაშვილი განმარტავს, რომ ევროკავშირში გაწევრიანებისთვის ქვეყანამ აუცილებლად უნდა გაიაროს შემდეგი ეტაპები: ევროპული პერსპექტივის მინიჭება, კანდიდატის სტატუსის მიღება, გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყება/შესრულება, გაწევრიანების შეთანხმების დადება და წევრობა. შესაბამისად, „ქართულმა ოცნებამ“ 2028 წლის ბოლომდე გადადო კანდიდატის სტატუსის შემდგომი ეტაპი, რაც იმას ნიშნავს, რომ ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი 4 წლით შეაჩერა.

ასევე ნახეთ „ვერ ვხვდები, როგორ გადავრჩით“ - როცა პოლიცია გაზის კაფსულებს გესვრის და ჭყლეტაში ხვდები
ასევე ნახეთ ქიმიური ნივთიერებები მომიტინგეების წინააღმდეგ - რა (არ) ვიცით

უკვე თითქმის ერთი კვირაა თბილისში მასშტაბური საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. საპროტესტო აქციის მონაწილეების წინააღმდეგ სპეცრაზმელები, წყლის ჭავლის გარდა, იყენებენ დიდი რაოდენობის ცრემლსადენ გაზსა და ე.წ. წიწაკის სპრეის, რაც ექიმების შეფასებით - სახიფათოა. საერთაშორისო სტანდარტებით, ქიმიური ნივთიერებების გამოყენება განსაკუთრებულ სიფრთხილეს საჭიროებს. შინაგან საქმეთა სამინისტრო არ ასაჯაროებს ინფორმაციას გამოყენებული სპეცსაშუალებების სახეობებსა და ქიმიურ შემადგენლობასთან დაკავშირებით.

სპეცრაზმი მომიტინგეებს განსაკუთრებული სისასტიკით უსწორდება, ხშირად - ჯგუფურად. დაკავებულების ცემა არცთუ იშვიათად გრძელდება საპოლიციო ტრანსპორტშიც. დაშავებულებს დაზიანებები ძირითადად სახის არეში აქვთ. ბევრ მათგანს კლინიკაში გადაყვანა და ოპერაცია დასჭირდა.