ამერიკელი და ევროპელი დიპლომატები, დიდი ალბათობით, არ მიიღებენ ასეთ დებატებში მონაწილეობას. ხელისუფლების წარმომადგენლებთან პოლიტიკურ ტოქშოუებში მონაწილეობა, - შიდა პოლიტიკაში ჩართვა - მათ მანდატს სცდება.
რადიო თავისუფლებასთან საუბარში ყოფილი დიპლომატები აბსურდულსა და, პრაქტიკულად, დიპლომატიური პრაქტიკიდან უპრეცედენტო გადახვევას უწოდებენ ასეთ გამოწვევას და ამბობენ, რომ პრემიერის განცხადებას შეცდომაში შეჰყავს საზოგადოება.
მთავრობის მოტივაცია დებატები რომ არ არის, ჟურნალისტებისთვისაც ცხადია - იმ დროს, როცა მთავრობა დიპლომატებს ეპატიჟება დებატებში, ბოლო წლებია, კრიტიკულ მედიასაშუალებებთან დისკუსიაზე უარს აცხადებს.
ასევე ნახეთ სრული სიმართლე „აგენტების კანონზე“ბრალდებები ჩარევაზე
გერმანიაში 12 აპრილის ვიზიტისა და კანცლერ ოლაფ შოლცისგან „უცხოური გავლენის“ კანონპროექტზე კრიტიკის შემდეგ, თბილისში დაბრუნებულმა ირაკლი კობახიძემ დასავლელი დიპლომატები დებატებში გამოიწვია.
პრემიერმა კვირას, 14 აპრილს ფეისბუკზე დაწერა, რომ საქართველოში „უკანასკნელ წლებში დანერგილი პრაქტიკის შესაბამისად, უცხოელი დიპლომატები კვლავაც აქტიურად მონაწილეობენ ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ დებატებში“.
ამავე განცხადებაში ზეწოლაში დაადანაშაულა უცხოელი დიპლომატები და თქვა, რომ „ისინი განსაკუთრებით ინტენსიურად ცდილობენ, შეითავსონ კანონმდებლის ფუნქცია და … პარლამენტს უკარნახონ, რომელი კანონი მიიღოს და რომელი არა“.
დაწერა ისიც, რომ ეს არის „პოლიტიკური ოპოზიციის ჩანაცვლების პრაქტიკა“, რომელიც „დიპლომატიის სტანდარტებს არ შეესაბამება“.
აქ ოპოზიციაც გააკრიტიკა და თქვა, მათი „პოლიტიკური და ინტელექტუალური რესურსების სიმწირის გათვალისწინებით“, ამ პრაქტიკას „გარკვეულწილად გაგებით შეგვიძლია მოვეკიდოთ“.
კობახიძის მტკიცებითვე, დახურულ კარს მიღმა დიპლომატები ხელისუფლების არგუმენტებს არგუმენტებით ვერ პასუხობენ და „საჯარო სივრცეში საფუძველს მოკლებულ პოლიტიკურ განცხადებებს მაინც აკეთებენ“.
მისი თქმით, ხელისუფლება ამ პრაქტიკას „გაგებით ვერ მოეკიდება“.
კობახიძის უკმაყოფილება მიემართება „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე ელჩების კრიტიკას, - და ამბობს, რომ ელჩების განცხადებები „მოკლებული იყო ყოველგვარ არგუმენტებს და დასაბუთებას“.
„ვთავაზობ ამერიკის შეერთებული შტატების, ევროკავშირის და ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებს, გავმართოთ საჯარო დისკუსია ამ კანონპროექტის შესახებ“, - განაცხადა მან.
შეხვედრა პრემიერთან
მეორე დღეს, 15 აპრილს, მთავრობის ადმინისტრაციაში მივიდნენ ევროკავშირის, დიდი ბრიტანეთისა და აშშ-ის ელჩები - პაველ ჰერჩინსკი, მარკ კლეიტონი და რობინ დანიგანი.
მაგრამ მთავრობის ადმინისტრაციაში თქვეს, რომ შეხვედრა რამდენიმე დღის წინ დაიგეგმა და იგი არ უკავშირდება პრემიერ-მინისტრის 14 აპრილის ინიციატივას კანონპროექტზე საჯარო დისკუსიის გამართვაზე.
მოგვიანებით გავრცელებულ განცხადებაში მთავრობის ადმინისტრაცია წერს, რომ ამ შეხვედრაზეც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე ისაუბრეს.
კობახიძემ კიდევ ერთხელ დაუდასტურა ხელისუფლების „სრული მზადყოფნა კანონთან დაკავშირებით ღია დისკუსიისთვის“.
მთავრობის ადმინისტრაციის ცნობაში არ წერია, რა პოზიციები დააფიქსირეს ელჩებმა.
ჯერჯერობით არც საელჩოებს გაუვრცელებიათ შეხვედრის თავიანთი ვერსია.
„ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი, თბილისის მერი კახა კალაძე კიდევ უფრო შორს წავიდა და საბჭოთა დიქტატურას შეადარა ევროკავშირის რეკომენდაციები:
„მე დავიბადე საბჭოთა კავშირის პერიოდში, თუმცა მათი მმართველობა არ მახსოვს, ბავშვი ვიყავი. გადმოცემით რასაც ამბობენ, ვფიქრობ, იგივე ხდება დღეს ერთი ერთში, რაც ხდებოდა საბჭოთა კავშირში - მითითებები… ერთ ნაბიჯს ვერ გადადგამდი, ცეკასთან რომ არ შეგეთანხმებინა. იგივე ხდება დღეს“.
„თქვენ გინახავთ, რომელიმე განვითარებულ ქვეყანაში, რომელიმე ქვეყნის დიპლომატი გამოდიოდეს და ერეოდეს იმაში, პარლამენტმა რა კანონი ან რა გადაწყვეტილება მიიღოს?“ - განაცხადა მან და დასძინა:
„არავის მიეცემა უფლება, ვინც არ უნდა იყოს ის, ჩაერიოს ქვეყნის შიდა საქმეებში“.
„აბსურდი“
ყოფილი დიპლომატებისათვის პრემიერ-მინისტრის შეთავაზება, დასავლელი ელჩები დებატებში გამოიწვიოს, უცნაურად გამოიყურება.
„ეს არის სრულიად აბსურდული შეთავაზება. უცხო ქვეყნების ელჩები საქართველოში არანაირი ფორმით არ მონაწილეობენ შიდაპოლიტიკურ დებატებში“, - ამბობს გიგი გიგიაძე, საქართველოს ყოფილი ელჩი დანიასა და ისლანდიაში (2017-2020 წლებში).
„ეს არანაირად არ ჯდება არანაირ დიპლომატიურ პრაქტიკაში“, - ამბობს ვალერი ჩეჩელაშვილი, საქართველოს ყოფილი ელჩი რუსეთსა და უკრაინაში, ამჟამად „საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის“ (GSAC-ის) გეოპოლიტიკური კვლევების ხელმძღვანელი.
არცერთ მათგანს არ ახსენდება მსოფლიოში მაგალითი, როდესაც ხელისუფლებას პარტნიორი ქვეყნების ელჩები დისკუსიაში გამოეწვია.
გიგი გიგიაძის თქმით, პრემიერ-მინისტრის განცხადება ელჩებს შეურაცხყოფას აყენებს, მათ ქვეყანაზე ნეგატიურ გავლენაში ადანაშაულებს, მუქარის ტონი გასდევს და „მიანიშნებს, რომ ელჩები ზედმეტს იღებენ საკუთარ თავზე და იმაზე მეტს აკეთებენ, ვიდრე მათს კომპეტენციაში შედის“.
„ასეთ ინიციატივას არაფერი მოჰყვება ელჩების მხრიდან, გარდა გაღიმებისა. არავინ მას არ დაუჯდება დებატებში და ეს, წესით, ძალიან კარგად უნდა იცოდეს“, - ამბობს გიგიაძე, ამჟამად „ეკონომიკური პოლიტიკის კვლევითი ცენტრის“ (EPRC-ის) უფროსი მკვლევარი.
ვალერი ჩეჩელაშვილი კი ამბობს, რომ „ოცნების“ ეს განცხადება მათ პრობლემაზეც მიანიშნებს:
„ეს ნიშნავს, რომ პირდაპირი საუბრებისას დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან მთავრობას და მმართველ პარტიას არ ჰყოფნის არგუმენტები, რომ გადაარწმუნოს პარტნიორები, რომ კანონი არის „ევროპული“. ეს სავსებით გასაგებია, რადგან ის ვერ უძლებს ვერანაირ ევროპულ კრიტერიუმებს“.
რას ამბობს ვენის კონვენცია
დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ ვენის კონვენცია, რომელიც 1961 წელს მიიღეს, სახელმწიფოთა შორის დიპლომატიური ურთიერთობების წესებს განსაზღვრავს.
კონვენციას საქართველო პარლამენტის 1993 წლის დადგენილებით შეუერთდა.
მისი 41-ე მუხლი განსაზღვრავს, რომ დიპლომატიური პრივილეგიებითა და იმუნიტეტებით მოსარგებლე პირების ვალდებულებაა, პატივი სცენ მასპინძელი სახელმწიფოს კანონებსა და რეგულაციებს და „ვალდებულნი არიან, არ ჩაერიონ ამ სახელმწიფოს შიდა საქმეებში“.
„ქართული ოცნება“ ამბობს, რომ დასავლელი ელჩები ერევიან საქართველოს საქმეებში. რამდენად შეესაბამება ეს სიმართლეს?
„ელჩები არ არიან პოლიტიკოსები. ისინი არიან ჩვენი მეგობარი ქვეყნების წარმომადგენლები, რომლებიც რჩევებს გვაძლევენ“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას გიგი გიგიაძე.
საქართველოს კონსტიტუციით აქვს ნაკარნახევი ევროკავშირისა და ნატოსკენ სწრაფვა.
იმ პირობებში, როდესაც ხელისუფლების დეკლარირებული კურსი ჯერ კიდევ ევროატლანტიკური ინტეგრაციაა, ელჩები ამ გზაზე გადადგმული ან გადასადგმელი ნაბიჯების მოსალოდნელ შედეგებზე საუბრობენ.
„ისინი აფასებენ, რა იქნებოდა უმჯობესი და რის გაკეთებას რა შეიძლება მოჰყვეს. ამ შემთხვევაში, რა შედეგით შეიძლება დასრულდეს რუსული კანონმდებლობის მიღება. გადაწყვეტილების მიღება ქართველ ხალხზეა დამოკიდებული, იმ პოლიტიკურ ძალებზე, რომლებიც ამ ქვეყნააში არიან წარმოდგენილები“, - ამბობს EPRC-ის უფროსი მკვლევარი.
ელჩები საქართველოს ეუბნებიან, რომ მსგავსი კანონმდებლობის მიღება დააზიანებს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესს, ნეგატიურად აისახება ურთიერთობებზე ევროკავშირთან და პირდაპირ მოდის წინააღმდეგობაში ქართველი ხალხის ნებასთან, - ამ დროს კი „ქართული ოცნება“ მათ რჩევებს არ ითვალისწინებს და მათ პოლიტიკურ პროცესებში ჩარევაში სდებს ბრალს.
მიზანი: „საზოგადოების შეცდომაში შეყვანა“
ანალიტიკოსები ორ შესაძლო ვერსიას განიხილავენ:
- ელჩების დებატებში გამოწვევა არის ან „ქართული ოცნების“ ლიდერების უცოდინარობის შედეგი;
- ან საქართველოს საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობა.
„შესაძლოა, ეს ემსახურებოდეს საზოგადოებაში მიზანმიმართულად შეცდომაში შეყვანას და ამით თითქოს იმის ჩვენებას, რომ „ელჩებს შევთავაზეთ დებატები და ისინი არ მოდიან“, - ამბობს გიგი გიგიაძე.
ვალერი ჩეჩელაშვილი, (GSAC-ის) გეოპოლიტიკური კვლევების ხელმძღვანელიც ამბობს, რომ „ასეთ შეთავაზებაზე ელჩები, ბუნებრივია, ვერ დათანხმდებიან“.
„შესაბამისად, „ოცნება“ სავარაუდოდ ამას აკეთებს, რომ შემდგომ პარტნიორები დაადანაშაულოს, რომ „ღია დებატებში მონაწილეობის მიღება არ უნდათ“; რომ თქვან, ჩვენ ყველაფერს ვეცადეთ, აგვეხსნა, მაგრამ არაფერი გამოვიდა, რადგან პარტნიორებს არ აქვთ არგუმენტები და ვერაფერს უპირისპირებენ ჩვენს ამ ევროპულ მიდგომებსო“, - ეუბნება ვალერი ჩეჩელაშვილი რადიო თავისუფლებას.
„თუ დებატები სურს, გვეწვიოს“
ის, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას რეალური დებატები არ სურს, მთავრობისადმი კრიტიკულად განწყობილი ჟურნალისტებისთვის ცხადია.
„სიცილით მოვკვდი, როცა წავიკითხე, როგორი რიხით იბარებდნენ დიპლომატებს დებატებზე. მაშინვე გამახსენდა, რამდენი მცდელობა მქონია მთელი ამ წლების განმავლობაში, მმართველი პარტიის ლიდერები ოპოზიციასთან თემატურ დისკუსიებზე დამესვა“, - იხსენებს რადიო თავისუფლებასთან საუბარში ვეტერანი ჟურნალისტი, „ტვ პირველის“ წამყვანი ინგა გრიგოლია.
ტელეწამყვანი გვიამბობს, რომ მას შემდეგ, რაც ირაკლი კობახიძე პრემიერ-მინისტრი გახდა, მას კიდევ ერთხელ შესთავაზა პირდაპირი ეთერი:
„მივწერე, იქნებ, თქვენი პრემიერობა ამით დაიწყოთ, რომ გადახედოთ ბოიკოტის მოხსნის გადაწყვეტილებას-მეთქი“, - ამბობს ტელეწამყვანი.
პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ბოლო ვრცელი სატელევიზიო ინტერვიუ 12 აპრილს სწორედ მას მისცა.
ამ ინტერვიუში მან თქვა, რომ „ქართული ოცნება“ სინამდვილეში არის „რუსული ოცნება“.
მმართველ პარტიას კი კრიტიკული და ოპოზიციური მედიისათვის ბოიკოტი აქვს გამოცხადებული.
„თუკი [კობახიძე] მანამდე ყოველთვის მპასუხობდა, - მართალია, უარზე იყო, მაგრამ მაინც მპასუხობდა, - ახლა არც კი უპასუხია. არადა, ჩვენთვისაც ძალიან მძიმეა, როდესაც დებატებში არ ზის მეორე მხარე“, - გვეუბნება ინგა გრიგოლია.
„ნუ გეშინიათ, უპასუხეთ კითხვებს! გაბედეთ გადაცემაში მოსვლა“, - ამ წარწერით მივიდა დღეს პარლამენტთან „მთავარი არხის“ ტელეწამყვანი ეკა კვესიტაძე.
„ქართული ოცნების“ ლიდერები არც „მთავარ არხს“ სტუმრობენ. 2023 წლიდან ისინი არც „პალიტრა მედიაში“ მიდიან. ბოიკოტი „ფორმულასაც“ ეხება.
„ნუ გეშინიათ ჩემთან პირდაპირ ეთერში მოსვლის. თუ გაქვთ არგუმენტები და სიმართლე, რატომ გეშინიათ, ჩვენს შეკითხვებს პასუხი გასცეთ? რატომ გეშინიათ, მიხვიდეთ კრიტიკულ მედიებთან? რატომ გეშინიათ, დებატებში დასხდეთ ოპოზიციის წარმომადგენლებთან, სამოქალაქო სექტორთან? რომელ ქვეყანაში ჰქონია პოლიტიკოსს დებატები ელჩთან?!“ - მიმართა ეკა კვესიტაძემ ირაკლი კობახიძეს, მამუკა მდინარაძესა და შალვა პაპუაშვილს.
„დებატები უკვე შედგა“
პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ფეისბუკის პირად გვერდზე გამოეხმაურა პრემიერ კობახიძის ინიციატივას ელჩებთან საჯარო დისკუსიის გამართვაზე:
„დებატი ჩატარდა ბერლინში პრემიერთა შორის! სათქმელიც ითქვა: კანონი არაა ევროპული, არც მისი დაბრუნება წაადგება ევროპულ მიზანს! მეტი რა?!“
ბერლინში ჩატარებულ დებატებში ის გულისხმობს ირაკლი კობახიძისა და გერმანიის კანცლერის 12 აპრილის შეხვედრას, რომლის დასრულების შემდეგაც ოლაფ შოლცმა მკაფიოდ თქვა, რომ „ქართული ოცნების“ ინიციირებული სადავო კანონპროექტი ევროპული არ არის.
„ევროკავშირს არ აქვს მსგავსი კანონმდებლობა“, - თქვა კანცლერმა შოლცმა კობახიძის საპირისპირო მტკიცებაზე პასუხად. „უნგრეთში იყო რეგულაცია, რომელიც ევროკავშირის სასამართლომ გააუქმა“.
ასევე ნახეთ „ევროპაში მსგავსი კანონი არ გვაქვს“ - გერმანიის კანცლერი პრემიერ კობახიძეს