რადიო თავისუფლებას საკონსტიტუციო სასამართლოში უთხრეს, რომ ეს იყო სამუშაო შეხვედრა, რომელიც 22 ნოემბერსაც გაგრძელდება, მაგრამ ამ ეტაპზე ისევ გაურკვეველია - როდის გამოცხადდება, მიიღებს თუ არა სასამართლო სარჩელებს წარმოებაში.
მთავარი ინტრიგა უკავშირდება მოლოდინს - დასრულდება თუ არა საქმის განხილვა საკონსტიტუციო სასამართლოში 25 ნოემბრამდე, როცა „ქართულმა ოცნებამ“ პარლამენტის პირველი სხდომის გამართვა დაგეგმა.
კონსტიტუციონალისტების განმარტებით, თუკი პარლამენტის პირველი სხდომისთვის სასამართლოში საქმე დასრულებული არ იქნება - შეუძლებელი გახდება მომავალი დეპუტატების უფლებამოსილების ცნობა და, შესაბამისად - პარლამენტის უფლებამოსილების აღიარება.
ამგვარ მოსაზრებას არ იზიარებს „ქართული ოცნება“; აცხადებს, რომ პრეზიდენტის სარჩელი „სულელურია“ და დეპუტატების უფლებამოსილების ცნობას ვერაფერი შეაფერხებს.
„საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ კანონის თანახმად, არჩევნებთან დაკავშირებით პრეზიდენტის ან დეპუტატების სარჩელის განხილვა, მთლიანობაში, ერთთვიან ვადაში უნდა დასრულდეს. განსაზღვრული არ არის, ცალ-ცალკე, კონკრეტულ პროცედურებთან დაკავშირებული ვადები.
რაზე მსჯელობს საკონსტიტუციო სასამართლო
საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ, მერაბ ტურავამ 21 ნოემბერს, დილით, განაცხადა, რომ პლენუმი პრეზიდენტისა და დეპუტატების სარჩელებს ერთად განიხილავს, რადგან „ეს ორი სარჩელი თითქმის ერთდროულად არის შემოსული“, შინაარსობრივად ისინი „ერთმანეთს ემთხვევა“ და „ორივე სარჩელი, დარეგისტრირების შემდეგ, ერთობლივად გაივლის წარმოებაში მიღების ეტაპს“.
ასევე ტურავამ დილით განაცხადა, რომ 21 ნოემბერს, დღის მეორე ნახევარში დაგეგმილ შეხვედრაზე იმსჯელებდნენ - როგორი იქნება „ამ სარჩელებთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება“. რაზე შეთანხმდნენ, არ გამოცხადებულა. გვიან ღამემდე დარეგისტრირებული არ იყო ოპოზიციონერი დეპუტატების სარჩელი.
რადიო თავისუფლებას საკონსტიტუციო სასამართლოში უთხრეს, რომ პლენუმის წევრი მოსამართლეები ამ ეტაპზე სამუშაო შეხვედრებს მართავენ, ხოლო ოპოზიციონერი დეპუტატების მიერ ფოსტით გაგზავნილ სარჩელს ჯერ ისევ ეცნობიან. სასამართლოში განგვიმარტეს, რომ ჯერჯერობით არ ამოწურულა რეგისტრაციისთვის განსაზღვრული 3-დღიანი ვადა და, სავარაუდოდ, დეპუტატების სარჩელი 22 ნოემბერს დარეგისტრირდება; რის შემდეგაც უნდა გამოცხადდეს გადაწყვეტილება.
„როდესაც ორივე სარჩელი დარეგისტრირდება, უკვე იმ მომენტიდან იწყება ორივე სარჩელზე მუშაობა, შესაბამისად, როდესაც მზად იქნება პირველი ეტაპი, იმ დროს უკვე ის აქტი, რომელიც იქნება სასამართლოს მიერ მომზადებული, გამოქვეყნდება“, - განაცხადა მერაბ ტურავამ.
სარჩელების წარმოებაში მიღება გამწესრიგებელი სხდომის ფარგლებში, პლენუმმა [9 მოსამართლე] უნდა გადაწყვიტოს. მერაბ ტურავამ ჟურნალისტებს 21 ნოემბერს ისიც უთხრა, რომ გამწესრიგებელი სხდომა შესაძლოა იყოს „როგორც ზეპირი მოსმენით, მხარეთა მონაწილეობით, ასევე მხარეთა მონაწილეობის გარეშე“.
პრეზიდენტ ზურაბიშვილის სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლომ 20 ნოემბერს დაარეგისტრირა და განსახილველად 9 მოსამართლისგან შემდგარ პლენუმს დააწერა. პრეზიდენტის სარჩელი ფარულობისა და არჩევნების საყოველთაობის, თანასწორობის [ემიგრანტების შემთხვევაში] პრინციპების დარღვევას უკავშირდება.
ასევე ნახეთ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე: პრეზიდენტისა და დეპუტატების სარჩელები ერთად განიხილებარას მოელიან?
საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებამდე, „ქართული ოცნება“ უკვე აცხადებს, რომ საკითხი ჩავარდება და სარჩელი არ დაკმაყოფილდება.
„ზუსტად ვიცი წინასწარ, რომ შანსი არ არის, რომ დაკმაყოფილდეს ეს სარჩელი. საფუძველი არ არსებობს“, - უთხრა ჟურნალისტებს „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ, რომელიც პრეზიდენტის სარჩელს „სულელურს“ უწოდებს.
მდინარაძემ ბრიფინგზე თქვა, რომ პარლამენტის რეგლამენტის 86-ე მუხლი შეეხება „ინდივიდუალურ სარჩელს კონკრეტული პირის [დეპუტატის] მიმართ“ და ის ვერ განევრცობა პარლამენტის ყველა წევრზე; ვერ შეაჩერებს არჩეული დეპუტატების უფლებამოსილების ცნობასა და, შესაბამისად - ვერ შეაფერხებს პარლამენტის მუშაობას.
„ასეთი თემით ასე გადაწყვეტის ნორმა ბუნებაში - არც კონსტიტუციაში, არც რეგლამენტში - არსად არ არსებობს… რომელიმე ნორმის ინტერპრეტირების საშუალება კი არა, ნორმა არ არსებობს“, - აცხადებს მდინარაძე.
„ჩვენ კარგად ვიცით, რომ ზურაბიშვილი არა მხოლოდ უკუღმა ლაპარაკობს, უკუღმა კითხულობს ყველაფერს. შესაბამისად, საკონსტიტუციო სარჩელი შეიტანა გამოგონილ ნორმებზე, შესაბამება თუ არა კონსტიტუციას. პირველი სხდომის ჩატარება და პარლამენტის წევრების არჩევა აქ რა შუაშია საერთოდ, ვერ დაადგინა და ვერც დაადგენს ვერასდროს. როდესაც შეგაქვს ნორმების გასაჩივრება საკონსტიტუციოში, ამ შემთხვევაში პირველი სხდომა ჩაინიშნება თუ არა, არაფერ შუაში არ არის“, - პრეზიდენტის საკონსტიტუციო სარჩელთან პრეტენზიები აქვს „ხალხის ძალის“ წარმომადგენელს, გურამ მაჭარაშვილს, რომელიც არჩევნებზე „ოცნების“ სიით იყრიდა კენჭს.
კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე ძველ აზრზე რჩება.
„პრეზიდენტმა სარჩელი შეიტანა საკონსტიტუციო სასამართლოში. ეს ნიშნავს, რომ 150-ვე დეპუტატის მანდატის კანონიერება სადავო გახდა, დავა აღძრულია. სანამ დავა არ დასრულდება, მანამდე პარლამენტი საკუთარ უფლებამოსილებას ვერ ცნობს“, - აცხადებს მენაბდე, ხელისუფლების წარმომადგენლების განსხვავებული მოსაზრებების საპასუხოდ.
პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, დეპუტატების ერთიან სიაში [რომელიც დადგენილებით უნდა დამტკიცდეს] ვერ შეიყვანენ პირებს, რომელთა „პარლამენტის წევრად არჩევის კანონიერება გასაჩივრებულია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში ან საერთო სასამართლოში“.
- თუ პირველ სხდომაზე, სულ ცოტა, 100 დეპუტატის უფლებამოსილებას ვერ ცნობენ, კანონის თანახმად, პლენარული სხდომა წყდება. მისი ხელახლა მოწვევა შეუძლია ცესკოს თავმჯდომარეს - 10 დღის ვადაში, მას შემდეგ, რაც შესაძლებელი გახდება ამ რაოდენობის შევსება.
- ეს შესაძლებელი ვერ გახდება, ვიდრე საკონსტიტუციო სასამართლო საქმის განხილვას არ დაასრულებს და გადაწყვეტილებას არ მიიღებს.
კონსტიტუციონალისტები განმარტავენ, რომ თუკი საკონსტიტუციო სასამართლო საქმეს წარმოებაში არ მიიღებს, მაშინ სამართლებრივი დავა დასრულებულად ჩაითვლება და „ოცნებას“ პარლამენტის უფლებამოსილების ცნობის ბარიერიც მოეხსნება. ასევე იქნება, თუკი - სასამართლო საქმეს არსებითი განხილვის ეტაპზეც დაუშვებს, მაგრამ სარჩელებს არ დააკმაყოფილებს და ამ ყველაფერს 25 ნოემბრამდე გააკეთებს. თუმცა ექსპერტებისთვის საქმის ასე დაჩქარებული ტემპებით განხილვა პოლიტიკური გადაწყვეტილება იქნება.
ასევე ნახეთ „დაშინება, თვალთვალი, ფარულობის დარღვევა“ - წავიკითხეთ სადამკვირვებლო მისიების დასკვნებიმერაბ ტურავას თქმით, პროცედურებისთვის კანონი ერთთვიან ვადას აწესებს და ეს ისედაც დაჩქარებული ვადაა.
„რაც შეეხება პარლამენტის სხდომას, ეს საკითხი ჩვენთან დაყენებული არ არის. ამ საკითხზე მე განმარტებას არ და ვერ გავაკეთებ იმიტომ, რომ ამ შემთხვევაში, ჩვენი განხილვის საგანი არ არის“, - აღნიშნა ტურავამ.
25 ნოემბერს „ქართულ ოცნებას“ პარლამენტის პირველი სხდომის გამართვა აქვს ჩაფიქრებული. ოპოზიცია, როგორც აცხადებენ, პარლამენტში შესვლას არ აპირებს.
რას ითხოვს პრეზიდენტი
პრეზიდენტის სარჩელის სადავო ნორმები ხმის მიცემის ფარულობისა და არჩევნების საყოველთაობის, თანასწორობის [ემიგრანტების შემთხვევაში] პრინციპების დარღვევას უკავშირდება და ეყრდნობა როგორც საქართველოს კონსტიტუციის მე-3 [დემოკრატია], 24-ე [საარჩევნო უფლება] და 37-ე [პარლამენტის არჩევნები] მუხლებს, ასევე საერთაშორისო კონვენციებსა და პრაქტიკას.
სადავო ნორმატიულ აქტებშია: „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“; საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2023-2024 წლების განკარგულებები და დადგენილება; ცესკოსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის შემაჯამებელი ოქმები.
არჩევნები საყოველთაობისა და თანასწორობის პრინციპებზე
არჩევნების საყოველთაობის, თანასწორობის პრინციპთან დაკავშირებული სადავო ნორმა საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეების უფლებებს უკავშირდება.
პრეზიდენტის სარჩელში აღნიშნულია, რომ საერთო სასამართლოებმა [საჩივრების განხილვის დროს] კონსტიტუციური პრინციპის საწინააღმდეგოდ განმარტეს სადავო ნორმები. [„საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 23-ე მუხლის მე-7 პუნქტი].
კერძოდ, სარჩელის ტექსტის თანახმად, თბილისის საქალაქო სასამართლომ ცესკოს დისკრეციულ უფლებად ჩათვალა - ამომრჩეველთა ზღვრული რაოდენობის მიხედვით განსაზღვროს გასახსნელი უბნების ოდენობა თუ ადგილმდებარეობა, რადგან საარჩევნო კოდექსი „საარჩევნო უბნების საზღვრების, შენობებისა თუ სხვა ლოგისტიკურ დანაწესს იმპერატიულად არ განსაზღვრავს“.
ხოლო პრეზიდენტის პოზიციით:
- საარჩევნო კოდექსის 23-ე მუხლის მე-7 პუნქტი „იმპერატიულად ადგენს ცესკოს ვალდებულებას“, რომ საზღვარგარეთ მყოფთა „ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის გათვალისწინებით“ და „50 და მეტი ამომრჩევლის რეგისტრირებული მონაცემების შესაბამისად, მაქსიმალურად ხელმისაწვდომ ადგილას გახსნას საარჩევნო უბანი“.
- და რომ „არცერთი ნორმატიული აქტით არ არის დადგენილი, რომ საუბნო საარჩევნო კომისია უნდა განთავსდეს საქართველოს მუდმივმოქმედ დიპლომატიურ წარმომადგენლობაში“.
„მიგვაჩნია, რომ იმ პირობებში, როდესაც სასამართლო პრაქტიკაში ხდება ნორმის არაკონსტიტუციური განმარტება, საკონსტიტუციო სასამართლომ ამგვარი განმარტების შესაძლებლობა და შესაბამისი ნორმატიული შინაარსი არაკონსტიტუციურად უნდა ცნოს“, - პრეზიდენტი კანონის ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობის საკითხს აყენებს.
2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის ემიგრანტები მუდმივად მოითხოვდნენ, რომ სხვადასხვა ქალაქში დამატებითი საარჩევნო უბნები გახსნილიყო, მაგრამ მათი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა. საარჩევნო უბნები მხოლოდ საელჩოებსა და საკონსულოებში გაიხსნა.
პრეზიდენტის სარჩელში მითითებულია ასევე, რომ:
- საარჩევნო პერიოდში, საქართველოს ფარგლებს გარეთ 270 000-ზე მეტი ამომრჩეველი იმყოფებოდა, მაგრამ „არჩევნებში მონაწილეობის უფლება ფაქტობრივად კენჭისყრის დღემდე დაკარგა ამომრჩეველთა უმრავლესობამ“, რადგან ცესკომ მათ არ შეუქმნა „უფლებით სარგებლობის სათანადო გარანტიები“.
- საზღვარგარეთ საარჩევნო სიაში რეგისტრირებულ ამომრჩეველთა რაოდენობა იყო დაახლოებით 96 ათასი, რომელთა დაახლოებით 2/3-მა (60 000-ზე მეტმა) ვერ შეძლო არჩევნებში მონაწილეობა.
„პირები, რომლებიც საარჩევნო სიაში იყვნენ და ვერ შეძლეს არჩევნებში მონაწილეობა, დაახლოებით შეადგენდა კენჭისყრაში მონაწილე ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 3%-ს, რამაც ფარულობის დარღვევასთან ერთად და დამოუკიდებლადაც, ბუნებრივია მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა არჩევნების შედეგებზე“, - აღნიშნულია სარჩელის ტექსტში.
ხმის მიცემის ფარულობის დარღვევასთან დაკავშირებით
პრეზიდენტის სარჩელის თანახმად, „ელექტრონულად ჩატარებული არჩევნების არეალში ფარულობა ყველგან დაირღვა. რაც გულისხმობს/მოითხოვს ამ სისტემით ჩატარებული შედეგების გაბათილებას“.
ასევე ნახეთ საკონსტიტუციო ბერკეტი? პრეზიდენტის სარჩელმა შესაძლოა შეაფერხოს ახალი პარლამენტის მუშაობა - აგიხსნით, როგორსარჩელის ტექსტში აღნიშნულია, რომ „სააპელაციო სასამართლოებმა [საარჩევნო საჩივრების განხილვისას - რ.თ.] არსებითად სადავო ნორმები და მათი ნორმატიული შინაარსი განმარტეს იმდაგვარად, რომ კენჭისყრის ფარულობის დაცვაზე პასუხისმგებლობა ეკისრებოდა თავად ამომრჩეველს, მათ შორის, იმ შემთხვევაშიც, თუ ხმის მთვლელი აპარატი უკან დააბრუნებდა საარჩევნო ბიულეტენს“, რაც „სადავო ნორმების მცდარი განმარტებაა“.
ერთადერთ გამონაკლისად დასახელებულია თეთრიწყაროს რაიონული სასამართლო, სადაც მოსამართლემ [ვლადიმერ ხუჭუა] დაადგინა, რომ „კენჭისყრის დღეს მასობრივად დაირღვა ამომრჩევლის ხმის ფარულობის პრინციპი, რაც არღვევს საქართველოს ძირითადი კანონით - კონსტიტუციით გარანტირებულ საარჩევნო უფლებას“.
ცესკოსა და სააპელაციო სასამართლოების საპირწონედ, პრეზიდენტის სარჩელი ყურადღებას ამახვილებს შემდეგ გარემოებებზე:
- „უდავო ფაქტია, რომ თითქმის ყველა ბიულეტენი, რომელიც იქნა გამოყენებული 2024 წლის 26 ოქტომბრის საქართველოს პარლამენტისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნებზე ელექტრონული კენჭისყრის პროცედურისას, ტოვებდა სპეციალური მარკერის კვალს, რის გამოც ხილვადი ხდებოდა ამომრჩეველთა მიერ გამოვლენილი ნება“;
- „საარჩევნო სუბიექტის წინ მდებარე წრის გაფერადების შემდგომ, მარკერის კვალი სრულად გადადიოდა ბიულეტენის უკანა მხარეს“.
- ბიულეტენის მთვლელ აპარატში მოთავსებისას კომისიის წევრების, საარჩევნო უბანზე ყოფნის უფლების მქონე სუბიექტებისთვის, მარტივად აღქმადი იყო ამომრჩევლის გამოხატული ნება.
- მარკერის კვალი „მინიმუმ იმის იდენტიფიცირების სრულ შესაძლებლობას იძლეოდა, ამომრჩევლის ნება ოპოზიციურ თუ სახელისუფლებო პარტიას მიემართებოდა“.
- ფარულობის დაცვას ვერ უზრუნველყოფდა ვერც ჩარჩო-კონვერტი.
ჩამოთვლილ გარემოებებთან კავშირში, პრობლემად განხილულია ასევე მუდმივი ვიდეოგადაღება საარჩევნო უბნებზე, რაც „ამომრჩევლებისთვის ქმნიდა კონტროლის განცდას და უქმნიდა აღქმას, რომ არჩევნები არ იყო ზეწოლისგან თავისუფალი“.
აღნიშნულია, ასევე, რომ ხმის ფარულობის დარღვევის რისკები აღმოჩენილი იყო [მესამე სექტორის მიერ] ჯერ კიდევ ტესტირების ეტაპზე, რის შემდეგაც ცესკომ პრობლემის აღმოფხვრის პირობა დადო, მაგრამ პრობლემა მაინც დარჩა.
„მნიშვნელოვანი გარემოებაა, რომ ბიულეტენების დაბეჭდვა უზრუნველყო ცესკომ მის მიერ შერჩეული სტამბების და მის მიერვე მიტანილი საბეჭდი ქაღალდის მეშვეობით, შესაბამისად, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე გამოყენებული ბიულეტენი იყო ერთი ხარისხობრივი ნიშნის“, - ვკითხულობთ პრეზიდენტის სარჩელში.
პრეზიდენტის სარჩელის, ისევე როგორც ოპოზიციონერი დეპუტატების სარჩელის მთავარი მიზანია, რომ გაუქმდეს 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგები, რაც, მათი შეფასებით, გაყალბებისა და მანიპულირების გამო, არ ასახავს ამომრჩეველთა ნებას.
26 ოქტომბრის არჩევნების შედეგებს მხოლოდ „ქართული ოცნება“ ცნობს. საერთაშორისო თანამეგობრობა თბილისს არჩევნების სადავო შედეგების ობიექტური გამოძიებისკენ მოუწოდებს, რათა გადამოწმდეს გაყალბებასთან დაკავშირებული „სერიოზული ეჭვები“.
ევროკავშირმა განაცხადა, რომ არჩევნების შემსწავლელ მისიას საქართველოში რამდენიმე კვირის განმავლობაში გამოგზავნის.
ასევე ნახეთ ევროკომისია: საქართველოში არჩევნების შემსწავლელი მისია უახლოეს კვირებში ჩამოვა