მოქმედი პრეზიდენტი "არალეგიტიმურად" "უცნობის კიდობანში" დაგეგმილ პროსახელისუფლებო აქციაზე, 30 აპრილს, "გამოცხადდა". პრეზიდენტისადმი, რომელიც მაისის ბოლოს ევროპარლამენტარების წინაშე ერთხელ უკვე გადადებული მიმართვით წარდგება, უკმაყოფილებას არც ხელისუფლების მიმართ ოპოზიციურად განწყობილები მალავენ.
გამარჯვების დღე თუ ევროპის დღე?
„9 მაისი ფაშიზმზე გამარჯვების დღეა და ჩვენ ამას ვზეიმობთ“, „მალე დადგეს დრო, რომ დღევანდელი ლიბერალური ფაშიზმიც დასამარდეს და ის დღეც საზეიმოდ გამოცხადდება“, „რა ევროპისთვის? 9 მაისი გამარჯვების დღეა!“, „რა ევროპა, რა გეკონცერტება ლეგიტიმაცია წართმეულს“, „ხალხმა უნდობლობა რომ გამოგიცხადა, ხომ გახსოვს?“ - ეს და სხვა მსგავსი შინაარსის მრავალი კომენტარი მოსდევს საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალურ ფეისბუკგვერდზე გამოქვეყნებულ პოსტს, რომელიც ხალხს 9 მაისს, ათონელის ქუჩაზე დაგეგმილ კონცერტზე ეპატიჟება.
ევროპაში მეორე მსოფლიო ომში ნაციზმზე გამარჯვების დღედ 8 მაისია აღიარებული, რადგან 1945 წელს, გერმანული სამხედრო ძალების აქტივობა ოფიციალურად შეწყვეტილი იყო 8 მაისს, ღამის 23:01 წუთზე. მოსკოვის დროით კი, მაშინ უკვე 9 მაისის 01:01 საათი იყო. შესაბამისად, საბჭოთა კავშირის ყოფილი რესპუბლიკები გამარჯვების დღეს 9 მაისს აღნიშნავდნენ.
საქართველოში, უკვე წლებია, გრძელდება დისკუსია, როდის უნდა აღინიშნოს ნაციზმზე გამარჯვების დღე - ევროპასთან ერთად - 8 მაისს, თუ რუსეთთან ერთად - 9 მაისს?! მსჯელობამ მეტი სიმწვავე შეიძინა უკრაინაში რუსეთის მიერ დაწყებული სრულმასშტაბიანი ომის ფონზე.
ასევე ნახეთ პუტინმა გამარჯვების დღე ქართველ და მოლდოველ ხალხებს მიულოცა ასევე ნახეთ გამარჯვების დღე: 8 მაისი თუ 9 მაისი? როდის უნდა აღვნიშნოთთუმცა, როგორც ჩანს, პრეზიდენტის კონცერტს 8-თუ-9 მაისის დისკუსიასთან არავითარი კავშირი არა აქვს. პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა, მრჩეველმა ოფიციალური ღონისძიებების ორგანიზების საკითხებში, ირინა შენგელიამ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში განმარტა, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციისთვის „9 მაისი ფაშიზმზე გამარჯვების დღეა“, მაგრამ ამავე დროს არის ევროკავშირის დაბადების დღეც.
9 მაისი ევროკავშირის დაბადების დღედ გასული საუკუნის 50-იანი წლებიდან ითვლება.
ერთიანი ევროპის შექმნის ინიციატივა, რომელმაც შემდგომ თანამედროვე ევროკავშირს ჩაუყარა საფუძველი, 1950 წლის 9 მაისს საფრანგეთის მაშინდელმა საგარეო საქმეთა მინისტრმა, რობერ შუმანმა გამოაცხადა. ეს იყო ევროპაში პოლიტიკური თანამშრომლობის ახალი ფორმის დამკვიდრების იდეა, რომელიც ევროპის ქვეყნებს შორის ნახშირისა და ფოლადის მარაგების გაზიარების გზით, ბოლოს მოუღებდა ომს ევროპის მასშტაბით და მშვიდობას დაამკვიდრებდა. დღეს ევროკავშირი უკვე 27 ქვეყნის 500 მილიონამდე ადამიანს ითვლის.
17-21 წლის ახალგაზრდებმა რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ მუსიკოსების დიდი ნაწილი, ვინც ამ კონცერტზე უნდა გამოვიდეს, მათ თაობაში მართლაც პოპულარულია; თუმცა კონცერტზე წასვლასთან დაკავშირებით ჩამოყალიბებული პოზიცია არა აქვთ. „დიდად სამთავრობო კონცერტებზე არ დავდივართ“, - გვითხრა ერთ-ერთმა მათგანმა.
„ლეგიტიმაცია აღარ გაქვთ“
პრეზიდენტის ორგანიზებული კონცერტი ხელისუფლების მხარდამჭერებმა არა მხოლოდ მეორე მსოფლიო ომის ვეტერანების ინტერესების იგნორირებად, არამედ მთავრობის მიერ ევროპის დღეების აღნიშვნის (6-7 მაისი) კონტრღონისძიებადაც აღიქვეს და სოციალურ ქსელებში პრეზიდენტს ირონიულად იმასაც ეკითხებიან - რატომ გამოეთიშა ის ამ ღონისძიებას ლონდონში მეფის კორონაციაზე დასწრების გამო, მაშინ, როცა ბრიტანეთმა უარი თქვა ევროკავშირის წევრობაზე და სხვა.
30 აპრილს, „უცნობის კიდობანში“ დაგეგმილ აქციაზე სალომე ზურაბიშვილი არალეგიტიმურად „გამოაცხადეს“. ამ აქციის შინაარსს „ოცნებაში“ ღიად დაუჭირეს მხარი და მათ შორის - პრეზიდენტის მიმართ გამოხატული ეს დამოკიდებულებაც მოიწონეს.
„ქალბატონო პრეზიდენტო, ნუთუ ვერ ხვდებით იმას, რომ თქვენ აღარ ხართ იმ ხალხის ინტერესების გამომხატველი, რომელიც რამდენიმე წლის წინ, თქვენს მხარდასაჭერად ორჯერ გავიდა არჩევნებზე“, - მიმართეს, 30 აპრილს, სცენიდან სალომე ზურაბიშვილს. წაკითხული ტექსტის მიხედვით, ხალხმა ის „სამოქალაქო მშვიდობის გარანტად“ აირჩია, მან კი - „კრიტიკულ სიტუაციაში ცეცხლზე ნავთი“ დაასხა და „სიმშვიდის ნაცვლად საზოგადოებაში შფოთი“ შეიტანა.
„უცნობის აქციას“ წინ უსწრებდა ევროპარლამენტში პრეზიდენტის გამოსვლის ახალი თარიღის - 31 მაისის გამოცხადება. მანამდე სალომე ზურაბიშვილის ვიზიტი სტრასბურგში, 18 აპრილისთვის იყო დაგეგმილი, მაგრამ პრეზიდენტის ადმინისტრაციამ განმარტა, რომ „უმნიშვნელოვანესი ვიზიტი“ პრეზიდენტმა „საქართველოს მთავრობის მხრიდან ხელოვნურად გაჭიანურებული თანხმობის მიღების პროცესის გამო“ გადადო.
მთავრობამ ეს ბრალდება უარყო; თუმცა პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა, რომ საგანგებო მსჯელობას მოითხოვს - საერთოდ უნდა მიეცეს თუ არა სალომე ზურაბიშვილს ევროპარლამენტის ტრიბუნაზე გამოსვლის უფლება და გაიხსენა 31 მარტი, როცა სალომე ზურაბიშვილმა, ყოველწლიური მოხსენების დროს, „ქართული ოცნება“ ევროპული გზიდან გადახვევაში დაადანაშაულა. მან თქვა ასევე, რომ თბილისში მოსკოვის მესიჯებს იმეორებენ.
„ეს მათი ლეგიტიმური უფლება იყო, რომ მათი პოზიცია ასე გამოეხატათ. მე ამ პოზიციას პატივს ვცემ. იქ იყო უამრავი ადამიანი, რომელიც ახმოვანებდა პატრიოტულ მესიჯებს და საქართველოს პრეზიდენტთან დაკავშირებულ შეფასებებში მეტწილად დავეთანხმებოდი“, - უთხრა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს, „უცნობის აქციის“ მიერ სალომე ზურაბიშვილის არალეგიტიმურად გამოცხადების შესახებ.
- IRI-ის მიერ აპრილში გამოქვეყნებული კვლევით, სალომე ზურაბიშვილს (48 %) - „ქართული ოცნების“ დამფუძნებელზე - ბიძინა ივანიშვილზე (35%) და პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილზე (43%) მაღალი რეიტინგი აქვს.
- „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებიდან სალომე ზურაბიშვილს უსწრებს მხოლოდ დედაქალაქის მერი, კახა კალაძე (52%).
მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტისა და „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას შორის დაპირისპირება პერიოდულად მთელი ძალით იჩენს ხოლმე თავს და „ოცნება“ პრეზიდენტის უფლებამოსილებების შეზღუდვას ახლა უკვე ცესკოშიც ცდილობს, პრეზიდენტი ბევრისთვის კვლავ „ქართული ოცნების“ მოკავშირედ რჩება.
„ზოგ შემთხვევაში, იძულებულიც არის, რომ ჰქონდეს სახელისუფლებო საზღვრები, როცა ხელისუფლების წინააღმდეგ არ ან ვერ მიდის... ეს ყველაფერი საკმაოდ ფრთხილად არის ხოლმე გაზომილი - რის იქით შეუძლია ან არ შეუძლია წასვლა... შესაძლოა ეს იყოს იმპიჩმენტის რისკი. მაგრამ, მე რომ მკითხოთ, იქნებ იმპიჩმენტი უკეთესიც იყოს მისი სახელისთვის... მიუხედავად ხისტი განცხადებებისა, ზურაბიშვილი ხელისუფლების მიმართ არ წარმოადგენს ისეთ საფრთხეს, რომ შეეძლოს რეალური პრობლემების შექმნა“, - ამბობს ექსპერტი და ტელეწამყვანი არჩილ გამზარდია.
გამზარდიას თქმით, საპარლამენტო რესპუბლიკის პირობებში, ზეპარტიული პრეზიდენტი ხალხს უნდა წარმოადგენდეს; თუმცა საქართველოს პრეზიდენტი ხალხთან ურთიერთობებში „ფრაგმენტულია“, „მაინცდამაინც არც ცდილობს, რომ სახალხო იყოს“; მაგრამ, მეორე მხრივ, დღევანდელ გარემოში, „როცა საზოგადოებაც ღრმად პოლარიზებულია“, ძალიან რთულია „პარტიებზე მაღლა მდგომი“ რეალურად ნეიტრალური როლის შესრულება.
პრეზიდენტის მიერ ინიციირებულმა კონცერტმა გაღიზიანება გამოიწვია ხელისუფლების მიმართ ოპოზიციურად განწყობილი საზოგადოების ნაწილშიც.
კონცერტები არ არის საკმარისი
„კონცერტების ნაცვლად საქმისთვის მიგეხედათ, რაც [ევროკომისიის 12-დან] ერთი პუნქტის შესრულებაში გამოვლინდებოდა“; „კონცერტებით ევროკავშირში არ შეგვიშვებენ“, - სწერს პრეზიდენტს სოციალურ ქსელებში ოპოზიციურად განწყობილი საზოგადოების ნაწილი, რომელიც განსაკუთრებით გაწბილებული დარჩა, როცა სააღდგომოდ, პრეზიდენტმა „მთავარი არხის“ დამფუძნებელი, ამჟამად პატიმარი, ნიკა გვარამია არ შეიწყალა.
ასევე ნახეთ სამოქალაქო ორგანიზაციები პრეზიდენტს ნიკა გვარამიას შეწყალებისკენ მოუწოდებენ ასევე ნახეთ გვარამიას შეწყალების მოთხოვნით პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან აქცია გაიმართა„ვფიქრობ, ერთგვარ პოლიტიკურ თამაშთან გვაქვს საქმე პრეზიდენტის მხრიდან. ის ცდილობს შეინარჩუნოს პოლიტიკური სტატუს-კვო, რაც აქვს "ქართულ ოცნებას"... პრეზიდენტის განცხადებები თუ კონცერტები არ არის მოწოდებული რეალური პრობლემის გადაჭრისკენ“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის“(GDI) ხელმძღვანელი, ედუარდ მარიკაშვილი. GDI ერთ-ერთი ხელმომწერია არასამთავრობო ორგანიზაციების დიდი ნაწილის ერთობლივი განცხადებისა, რომლითაც, 3 მაისს, საქართველოს პრეზიდენტს ნიკა გვარამიას შეწყალების მოთხოვნით მიმართეს.
მარიკაშვილი გვეუბნება, რომ პრეზიდენტი არ უნდა დაელოდოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას, რადგან „შეუძლებელია მას არ ჰქონდეს გააზრებული, რომ გვარამიას პატიმრობის საკითხი საქართველოს რეალურად უშლის ხელს ევროინტეგრაციის გზაზე“. გვარამიას განაჩენს, ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების მსგავსად, პოლიტიკურ ანგარიშსწორებად მიიჩნევენ საერთაშორისო პარტნიორებიც და ამ განაჩენის გადახედვის მოთხოვნა ევროპარლამენტის არაერთ რეზოლუციაშია ასახული.
3 მაისს, ნიკა გვარამიას შეწყალების თხოვნით პრეზიდენტს 20-მდე ევროპარლამენტარმა მიმართა.
„ნიკა გვარამიას პატიმრობის გახანგრძლივება სულ უფრო აზიანებს მედიაგარემოს, მედიის თავისუფლებას, როგორც ეროვნულ, ასევე საერთაშორისო დონეზე და ეს პრობლემაა ქვეყნისთვის“, - გვეუბნება მარიკაშვილი.
პრეზიდენტმა საერთაშორისო პარტნიორების რეზოლუციები თუ განცხადებები არც პატიმარი ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანის საკითხთან დაკავშირებით გაითვალისწინა.