ზოგი ამბობს, რომ პრეზიდენტმა, უმაღლესმა მთავარსარდალმა აზრი ვერ ჩამოაყალიბა და ცოდნა-განათლების შექების ნაცვლად, ჯარის დამცირება გამოუვიდა; ზოგისთვის კი პრეზიდენტის განცხადება მავნებლური ხაზის ნაწილია. აღინიშნება რისკების არსებობა როგორც პირველ, ასევე მეორე შემთხვევაში - გაახარებს მტერს, დააფიქრებს პარტნიორებს. პრეზიდენტის ადმინისტრაცია და თავად სალომე ზურაბიშვილი განცხადების შინაარსის დამახინჯებასა და ბულინგზე მიუთითებენ.
რა რისკებს შეიცავს სალომე ზურაბიშვილის განცხადება? რატომ უნდა აიწონოს პრეზიდენტისა და უმაღლესი მთავარსარდლის ყოველი სიტყვა?
რა თქვა და რის თქმა უნდოდა?
10 დეკემბერს საქართველოს პრეზიდენტმა, საქართველოს სამხედრო ძალების უმაღლესმა მთავარსარდალმა თქვა:
„ჩვენ სხვა არც ჯარი გვაქვს, არც იარაღი და არც გვექნება, არც ის დიდი ეკონომიკური პოტენციალი, რომ უცებ დავიპყროთ თუნდაც რეგიონი, მაგრამ ჩვენ გვაქვს ის უზარმაზარი ძალიან ძლიერი იარაღი, რასაც ჰქვია ცოდნა, მეცნიერება, კულტურა და ძალიან მდიდარი რეგიონი ამ მხრივ, არა მხოლოდ დღევანდელი დღით, თავისი წარსულით, თავისი არქეოლოგიით, თავისი რელიგიით, თავისი ძირებით და თავისი მომავლით...“
ეს განცხადება საქართველოსა და კავკასიის შემსწავლელი მეცნიერებების საკოორდინაციო ცენტრის შექმნასთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე გაკეთდა და მალევე მიიპყრო საზოგადოების ყურადღება.
Your browser doesn’t support HTML5
11 დეკემბერს, პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გაავრცელა ოფიციალური განცხადება. ტექსტის თანახმად:
- სალომე ზურაბიშვილის სიტყვა „კიდევ ერთხელ დამახინჯდა“ და „კონტექსტიდან ამოვარდნილი სხვა ინტერპრეტაციით გავრცელდა“;
- პრეზიდენტი „გულისხმობდა ჩვენი კულტურით მსოფლიოში მნიშვნელოვანი ადგილის დაკავებას“ და იმას, რომ „ჩვენ მსოფლიო შეგვიძლია დავიპყროთ კულტურით“;
- პრეზიდენტის სიტყვები „არანაირად არ ეხებოდა საქართველოს თავდაცვის ძალებს და მათი ღირსების დაკნინებას“.
პრეზიდენტის ადმინისტრაცია პრეზიდენტის მიმართ ბულინგზე ლაპარაკობს. ბულინგს ახსენებს თავად სალომე ზურაბიშვილიც საკუთარ ფეისბუკგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
ზურაბიშვილი სვამს შეკითხვებს: "პრეზიდენტის ბულინგი რას ემსახურება?ვის აწყობს, პრეზიდენტის ინსტიტუტის დასუსტება? ხან მისი და პოლიციის, ხან მისი და თავდაცვის ძალების ან კიდევ მასსა და მმართველ გუნდს შორის ბზარის გაჩენა?"
თუმცა ამ შეკითხვებზე ტექსტში პასუხები არ არის მოცემული და არც ის არის ახსნილი - რატომ იყო აუცილებელი მეცნიერებასა და კულტურაზე საუბრისას ჯარისა და შეიარაღების არარსებობის თემის წამოწევა. პრეზიდენტი არც იმას ამბობს, რომ, ვთქვათ, უხეირო პარალელი გაავლო.
რატომ არის სახიფათო?
„ჩვენ სხვა არც ჯარი გვაქვს, არც იარაღი და არც გვექნება, არც ის დიდი ეკონომიკური პოტენციალი, რომ უცებ დავიპყროთ თუნდაც რეგიონი...“ - როცა პრეზიდენტი და სამხედრო ძალების უმაღლესი მთავარსარდალი ასეთ სიტყვებს ამბობს, ოპონენტების აზრით, მნიშვნელობა აღარა აქვს კონტექსტს.
„ეს არის არაკომპეტენტური, გაუაზრებელი, საქართველოს უსაფრთხოებისთვის ზიანის მომტანი განცხადება“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას საქართველოს ატლანტიკური საბჭოს აღმასრულებელი დირექტორი გიორგი მუჩაიძე.
ანალიტიკოსმა რამდენიმე მთავარი აქცენტი ჩამოთვალა:
- „რუსეთმა ეს სიტყვები შესაძლოა გამოიყენოს იმის დამადასტურებლად, რომ (მართალია, შესაძლებლობა არა აქვს, მაგრამ...) საქართველოს აქვს ოკუპირებული ტერიტორიების ძალისმიერი მეთოდებით დაბრუნების სურვილი“;
- „საქართველოს მტრებმა შეიძლება ისიც თქვან, რომ ქვეყანას აქვს მთლიანად რეგიონის დაპყრობის ამბიციაც, მაგრამ თავს მხოლოდ იმიტომ იკავებს, რომ შესაძლებლობა არა აქვს";
- „ზურაბიშვილის სიტყვები შეიძლება აღქმულ იქნას იმის დასტურადაც, რომ ქვეყანაში მთლიანად მოშლილია თავდაცვის სისტემა“;
- „ნატოსთან მიმართებით რომ ავიღოთ... თუ უმაღლესი მთავარსარდალი ამბობს - ჯარი არ გვყავს და შეიარაღება არ გვაქვსო, რომელ ნატოში გაწევრიანებაზეა მაშინ ლაპარაკი?!“
მუჩაიძე არ იზიარებს საზოგადოების ნაწილის პოზიციას, რომ სალომე ზურაბიშვილმა უბრალოდ აზრები ვერ დაალაგა და ამ საკითხის მიმართ ამხელა ყურადღების გამახვილება არ ღირს - უმაღლესი მთავარსარდალია, მსხვილი პოლიტიკური ფიგურაა... მის სიტყვებს აუცილებლად მიაქცევენ ყურადღებას საქართველოს საზღვრებს გარეთ“.
Your browser doesn’t support HTML5
11 დეკემბერს, სალომე ზურაბიშვილისგან ბოდიშის მოხდა არაერთმა ოპოზიციურმა პოლიტიკურმა ძალამ მოითხოვა. ისინი თვლიან, რომ:
- სალომე ზურაბიშვილმა შეურაცხყოფა მიაყენა საქართველოს ჯარსა და მამაც ჯარისკაცებს, რომლებიც ხშირად სიცოცხლის ფასად იცავენ საქართველოს ინტერესებს;
- სალომე ზურაბიშვილის განცხადება ძირს უთხრის საქართველოს არმიის სიძლიერეს და ეჭვქვეშ აყენებს ქვეყნის თავდაცვისუნარიანობას;
- სალომე ზურაბიშვილი აგრძელებს ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკის ხაზს, რომ დაასუსტოს ქართული სახელმწიფო და განვითარების იმედიც დაუკარგოს საქართველოს მოქალაქეებს;
- სალომე ზურაბიშვილის განცხადება „მოღალატეობრივი და კაპიტულანტურია“.
„ეს მინიმუმ იმას მაინც ნიშნავს, რომ ქვეყნის უმაღლეს მთავარსარდალს ქვეცნობიერად სწორედ ასეთი აზრი აქვს ჩამოყალიბებული ქვეყნის თავდაცვისუნარიანობაზე და ეს ძალიან სახიფათოა“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი.
მისი თქმით:
- „ნებისმიერი ასეთი განცხადება საქართველოს შეიარაღებულ ძალებში უიმედობას უწყობს ხელს“;
- „საქართველოს მოქალაქეებში ეს აძლიერებს განწყობას, რომ ქართული სახელმწიფო არ შედგა და იმედიც არ უნდა გვქონდეს“;
- „რუსეთის მედიისთვის ყველა ასეთი განცხადება უბრალოდ ღვთის საჩუქარია - როდის და როგორ გამოიყენებენ, არავინ იცის“;
- „ყველა ასეთი განცხადების შემდეგ, დამატებითი არგუმენტები ეძლევათ ნატოში საქართველოს გაწევრიანების მიმართ სკეპტიკურად განწყობილ სახელმწიფოებს“.
ასევე ნახეთ საქართველოს პრეზიდენტი ბაგრამისა და ქაბულის ბაზებზე: მოულოდნელი ვიზიტი ავღანეთში
საქართველოს პრეზიდენტის განცხადების შინაარსი საწყენია სამხედრო ექსპერტისთვის, თემურ ჩაჩანიძისთვის. თუმცა ის არ მოელის, რომ სალომე ზურაბიშვილის სიტყვები ზიანს მოუტანს საქართველოს. ჩაჩანიძე ფიქრობს, რომ საფრანგეთში გაზრდილ პრეზიდენტს უჭირს აზრების ჩამოყალიბება და ყველაფერი სწორედ ამის ბრალია.
„მისი მენტალიტეტი არის სხვა ქვეყნის მოქალაქის მენტალიტეტი... ვერ ხვდება ქართული სიტყვების მნიშვნელობას და ამიტომ ამბობს ასეთ რაღაცეებს, რაც უფრო მეტ გააზრებას მოითხოვს... თან პირველი შემთხვევა არ არის და არც ბოლო არ იქნება ალბათ“.
ჩაჩანიძე ფიქრობს, რომ ადმინისტრაციამ მეტი უნდა იმუშავოს პრეზიდენტთან ყოველი მისი გამოსვლის წინ.
როგორ გაუგეს ზურაბიშვილს „ქართულ ოცნებაში“?
„ქართული ოცნების“ წარმომადგენლები 11 დეკემბერს უშუალოდ პრეზიდენტის გაკრიტიკებას მოერიდნენ, მაგრამ მთელი დღის განმავლობაში მისი სიტყვების საპირისპიროს ამტკიცებდნენ.
ადამიანის უფლებათა დაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფო კილაძემ ზურაბიშვილის დაცვაც სცადა. კილაძე ფიქრობს, რომ პრეზიდენტს სათქმელის გადმოცემის პრობლემა ჰქონდა.
ასევე ნახეთ სოფო კილაძე: პრეზიდენტმა ალბათ ვერ გადმოსცა სათქმელი, რადგან საქართველოში არ არის გაზრდილი„ყოველთვის, როდესაც ვსაუბრობთ ჯარზე და ჩვენს ღირსეულ ჯარისკაცებსა და ოფიცრებზე, ყოველთვის მეტი სიფრთხილით მოვეკიდოთ, რამდენადაც ეს უკავშირდება ჩვენს ეროვნულ გრძნობებსა და ემოციებს... ეს ჩვენი ახალგაზრდების პატრიოტული აღზრდისთვის არის მნიშვნელოვანი, რომ ყოველთვის ხაზი გავუსვათ ჩვენი ჯარის მნიშვნელობას ჩვენი ქვეყნისთვის“, - უთხრა ჟურნალისტებს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა.
თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, რომელიც ჯარის ადგილს ყველა ოჯახში ხედავს, სალომე ზურაბიშვილის განცხადებას „აბსოლუტურად მიუღებელი“ და „კატეგორიულად მიუღებელი“ უწოდა.
მან ასევე თქვა:
- „ქართული ჯარი არის ძლიერი და ჩვენ გვყავს გმირი სამხედროები - აი ეს მინდა ვუთხრა საქართველოს პრეზიდენტს“;
- „მე, როგორც თავდაცვის მინისტრი გავაკეთებ ყველაფერს, რომ ქართული ჯარი კიდევ უფრო გაძლიერდეს“.
ასევე ნახეთ ბაგრამის საავიაციო ბაზაზე თავდასხმისას 5 ქართველი სამხედრო დაშავდა
იმის დასტურად, რომ „ქართული ჯარის ბრძოლისუნარიანობა და ეფექტურობა ყოველდღიურად იზრდება“, საქართველოს პრემიერმა, გიორგი გახარიამ ავღანეთში, ბაგრამის საავიაციო ბაზაზე მომხდარი ბოლო თავდასხმის ფაქტი ახსენა.
„ისინი იბრძვიან იმისთვის, რომ ტერორიზმს მიუჩინონ თავისი ადგილი... ჩვენ, სამწუხაროდ, ხუთი დაჭრილი ჯარისკაცი გვყავს. ეს, რა თქმა უნდა, პირდაპირ მიუთითებს და მეტყველებს ქართული ჯარის სიძლიერეზეც, მის მომავალზეც და მის ხვალინდელ დღეზეც“, - განაცხადა გახარიამ.
ეს არ არის პირველი ხმაური
სალომე ზურაბიშვილი, სხვადასხვა მიზეზით, არაერთხელ მოხვდა საზოგადოების ყურადღების ცენტრში. რამდენიმე მისი განცხადება ოპონენტებმა სახელმწიფო ინტერესებისთვის დამაზიანებლადაც მიიჩნიეს.
დიდი ხმაური იყო ჯერ კიდევ სალომე ზურაბიშვილის გაპრეზიდენტებამდე, 2018 წელს - აგვისტოს ომის დაწყებაში საქართველოს დადანაშაულება ერთ-ერთ მთავარ ტვირთად იქცა „ქართული ოცნების“ მხარდაჭერილი კანდიდატისთვის.
- ოპონენტები სალომე ზურაბიშვილს ხშირად შეახსენებდნენ 2014 წელს გამოქვეყნებულ ფეისბუკსტატუსს - „სააკაშვილმა ცხინვალზე - ანუ თავის თანამემამულეებზე, საქართველოს მოქალაქეებზე - ცეცხლი გახსნა და რაკეტები დაუშინა .... გამოიწვია მოსალოდნელი (და წინასწარ გამოცხადებული) რუსეთის სამხედრო რეაქცია“.
- სალომე ზურაბიშვილს შეახსენებდნენ ასევე ამავე თემაზე მის მიერ სხვადასხვა დროს გაკეთებულ განცხადებებს და აგვისტოს ომთან დაკავშირებით მის მიერ დაწერილი წიგნის შინაარსსაც;
- ყოფილი სამხედრო მოსამსახურეების ნაწილმა მაშინ სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ საპროტესტო კამპანიაც წამოიწყო.
მედიამ მაშინ ზურაბიშვილი ომის თემაზე დასმული შეკითხვებით არ მოასვენა და, ამომრჩეველთა ნაწილის აღშფოთების ფონზე, ზურაბიშვილმა ერთ დღესაც თქვა, რომ "ცხადია, რუსეთმა დაიწყო ომი".
ასევე ნახეთ ზურაბიშვილის ციტატები ჰააგაში, ომი და სამართალი2019 წლის გაზაფხულზე სალომე ზურაბიშვილს „ამერიკის ხმისთვის“ მიცემულ ინტერვიუში ნათქვამი აქვს, რომ, მისი აზრით, საქართველოში ამერიკული ბაზის აშენება რეკომენდირებული არ არის.
- „არ მგონია ეს რეკომენდირებული იყოს. ვფიქრობ, ეს ქვეყანა ისეთ ადგილზე მდებარეობს, სადაც უსაფრთხოება უნდა გავაძლიეროთ.
- არაა საჭირო გადავდგათ ნაბიჯები, რომლებიც შეიძლება პროვოკაციად იქნას აღქმული და ამასთან, არ მგონია შეერთებული შტატები აქ სამხედრო ბაზის ქონისთვის მზად იყო, რაც ყურადღებას მიიქცევს არა მხოლოდ რუსეთისგან, არამედ ტერორისტული მოძრაობებისგანაც, რომლებიც ჩვენს რეგიონში ძალიან აქტიური არიან“.
ასეთი განცხადების გამო, ოპოზიციამ მაშინ პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხიც წამოჭრა.
ქვეყნის ინტერესებისთვის დამაზიანებელი ქმედებებისა და განცხადებების რიგში ანალიტიკოსები ასევე მოიხსენიებენ დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსში პრეზიდენტის მოულოდნელი ჩასვლის ფაქტსაც.
აზერბაიჯანულმა მხარემ გზა მალევე გადაკეტა მას შემდეგ, რაც პრეზიდენტი ზურაბიშვილი დავით გარეჯში, აპრილში, "ევროპა ნოსტრას" ჯგუფთან ერთად ჩავიდა და თქვა:
- „აუცილებელია, რომ ძალიან სწრაფად დაიწყოს ამ ძეგლის აღდგენა“ და „აუცილებელია, რომ ამ საქმეს სასწრაფოდ შევუდგეთ“,
- „და ასევე, სასწრაფოდ უნდა შევუდგეთ საზღვრის დადგენის საკითხს... რომელიც ვეღარ ითმენს“.
რადიო თავისუფლებას მაშინ აზერბაიჯანელმა დეპუტატმა რასიმ მუსაბეკოვმაც უთხრა, რომ დავით გარეჯის საკითხის ემოციური შემადგენელი გარკვეულწილად მას შემდეგ გააქტიურდა, რაც იქ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ჩავიდა - „გასაგებია, რომ ერთ მხარეს გამოვლენილმა ასეთი დონის ყურადღებამ ყურადღება გაუმახვილა მეორე მხარესაც“.