ავღანეთში, ბაგრამის საავიაციო ბაზაზე თავდასხმისას, მსუბუქად დაშავდა ქართული კონტინგენტის სწრაფი რეაგირების ქვედანაყოფის 5 სამხედრო მოსამსახურე.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მე-12 ბატალიონის კაპრალების, გოჩა მურადაშვილის, სოსო კვინიკაძის და რომან გიუნაშვილის, რიგითი ილია თაყაძის და უფროსი სერჟანტის დავით ბახურაულის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და მათი ჰოსპიტალიზაცია საჭირო არ გამხდარა.
თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, მსუბუქი დაზიანებების მიუხედავად, ქართველმა სამხედროებმა გააგრძელეს ტერორისტების წმენდისა და სალიკვიდაციო ოპერაციაში მონაწილეობა კოალიციურ ძალებთან ერთად.
სამინისტროში აცხადებენ, რომ თავდაცვის ძალების მართვის ცენტრი გადასულია საგანგებო მდგომარეობაზე, სიტუაციურ ოთახში საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-ლეიტენანტი ვლადიმერ ჩაჩიბაია იმყოფებიან და პირდაპირ რეჟიმში აკვირდებიან მოვლენების განვითარებას.
თავდაცვის სამინისტრო დამატებით ინფორმაციას ოპერაციის დასრულების შემდეგ გაავრცელებს.
საქართველოს თავდაცვის ძალების მე-12 ბატალიონი „მტკიცე მხარდაჭერის“ სამშვიდობო მისიას ბაგრამის საავიაციო ბაზაზე ნოემბრიდან ასრულებს.