პრეზიდენტი „ტექნიკურ მთავრობაზე“ საუბრობს. რას ნიშნავს ეს?

სალომე ზურაბიშვილის თანახმად, ტექნიკური მთავრობის მთავარი ამოცანა ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულება იქნება

საპარლამენტო არჩევნებამდე 19 დღით ადრე, საქართველოს პრეზიდენტმა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებთან შეხვედრები დაიწყო; კონსულტაციების მიზანი ტექნიკური მთავრობის შემადგენლობაზე შეთანხმებაა. ამ სტატიაში მოგიყვებით, რას ნიშნავს ტექნიკური მთავრობა და რამდენად შესაძლებელია ეს საქართველოში.

რა არის ტექნიკური მთავრობა?

ტექნიკური მთავრობა საპარლამენტო დემოკრატიებში არცთუ იშვიათად გვხვდება.

როგორც წესი, ტექნიკურ მთავრობას მაშინ აყალიბებენ, როცა ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისის დაძლევამდე პარტიები თანხმდებიან, რომ ძალაუფლება დროებით გადაიბარონ ტექნოკრატებმა - აპოლიტიკურმა ან უპარტიო ექსპერტებმა.

ამის კარგი მაგალითი იტალიაა. 2021 წლის თებერვალში თანამდებობიდან გადადგა პრემიერ-მინისტრი ჯუზეპე კონტე, ერთმანეთთან რადიკალურად დაპირისპირებული პოლიტიკური პარტიები კი ახალი პრემიერის და მთავრობის შესახებ ვერ თანხმდებოდნენ.

პოლიტიკური კრიზისის ფონზე, პრეზიდენტმა სერჯო მატარელამ პრემიერ-მინისტრად მიიწვია გამოცდილი ეკონომისტი მარიო დრაგი, რომელიც იქამდე ევროპის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტი იყო და იტალიასა თუ მის გარეთ კარგი რეპუტაციით სარგებლობდა.

ასევე ნახეთ ევროკავშირი საქართველოს სამთავრობო დახმარებას უჩერებს. უკვე ვიცით, რა შეიძლება იყოს შემდეგი ნაბიჯები

დრაგიმ, რომელიც არც ერთ პოლიტიკურ პარტიასთან არ იყო დაკავშირებული, პარლამენტს წარუდგინა მთავრობის შემადგენლობა, რომელიც ძირითადად ასევე უპარტიო ტექნოკრატებისგან შედგებოდა.

მარიო დრაგის ტექნიკურ მთავრობას იტალიის პარლამენტის ორივე პალატამ დიდი უმრავლესობით დაუჭირა მხარი და მომდევნო წლინახევრის განმავლობაში სწორედ ის მართავდა იტალიას. ამის შემდეგ საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა და შედარებით მკაფიოდ გამოკვეთილი პოლიტიკური სურათის ფონზე, ახალი მთავრობა ჩამოყალიბდა - ტექნოკრატების მაგივრად, ქვეყნის მართვა კვლავ არჩევნებში გამარჯვებულმა პოლიტიკოსებმა განაგრძეს.

„პროფესიონალი, სანდო, ყველასათვის მისაღები“ - რას სთავაზობს საქართველოს პრეზიდენტი პოლიტიკურ პარტიებს?

სალომე ზურაბიშვილს ოპოზიციური პარტიების მიერ „ქართული ოცნების“ დამარცხების შემთხვევაში მსგავსი მოდელი წარმოუდგენია.

მისი თქმით, არჩევნების შედეგად უნდა ჩამოყალიბდეს „ექსპერტთა მთავრობა“, რომელიც საზოგადოების ნდობით იქნება აღჭურვილი.

ასევე ნახეთ პრეზიდენტის "ქართული ქარტიის" ძლიერი და სუსტი მხარეები

გარდა ამისა, პრეზიდენტი ფიქრობს, რომ ტექნიკური მთავრობის შეთანხმებული შემადგენლობა საზოგადოებამ არჩევნებამდე უნდა გაიგოს, რათა ჰქონდეს ზუსტი ინფორმაცია, ვის და რას აძლევს ხმას 26 ოქტომბერს:

„დღეს უნდა გამოვაცხადოთ მთავრობა, ამომრჩეველმა წინასწარ უნდა იცოდეს, ვინ არიან და ესენი უნდა იყვნენ მაღალი დონის პროფესიონალები, არა პოლიტიკოსები“, - თქვა სალომე ზურაბიშვილმა ტვ პირველისთვის მიცემულ ინტერვიუში, რომელიც 5 ოქტომბერს გავიდა ეთერში.

იმავე ინტერვიუში სალომე ზურაბიშვილმა ახსენა, რომ მან უკვე შეარჩია პრემიერმინისტრობის კანდიდატი, თუმცა ვინაობის დასახელებისგან თავი შეიკავა. მხოლოდ ის განმარტა, რომ მისი რჩეული „არ არის პოლიტიკური წარსულის კანდიდატი“ და არის „პროფესიონალი, სანდოობით აღჭურვილი, მე მგონი, ყველასათვის მისაღები“.

არაოფიციალურად გავრცელდა ინფორმაცია, რომ სალომე ზურაბიშვილი რამდენიმე მსოფლიოში ცნობილ ქართველ მეცნიერს განიხილავდა. რადიო თავისუფლება დაუკავშირდა ერთ-ერთ მათგანს, ლუნდის უნივერსიტეტის პროფესორს, ბიოლოგ ზაალ კოკაიას, რომელიც 30 წელიწადზე მეტია, შვედეთში მუშაობს. მან საკუთარი კანდიდატურის შესაძლო განხილვის თემაზე კომენტარის გაკეთება არ ისურვა.

რას ამბობსქარტიადა რას ამბობენ ოპოზიციურ პარტიებში

საქართველოს პრეზიდენტმა ოპოზიციურ ძალებთან მოლაპარაკებები დაიწყო 7 ოქტომბერს და სამი დღის განმავლობაში ცალ-ცალკე გამართა შეხვედრები 4 ოპოზიციურ ჯგუფთან („კოალიცია ცვლილებისთვის“, „ძლიერი საქართველოსთვის“, “გიორგი გახარია - საქართველოსთვის“ და „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა)“.

მაისში პრეზიდენტის ინიციატივით შემუშავებული „ქართული ქარტია“, რომელსაც ეს ჯგუფებიც აწერენ ხელს, ითვალისწინებს ტექნიკური, გარდამავალი, მთავრობის შექმნას, რომლის მთავარი ამოცანა ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულება და უკრაინისა და მოლდოვის მსგავსად, ევროკავშირთან გაწევრების მოლაპარაკებების გახსნა იქნება.

ქარტიის თანახმად, ერთი წლის თავზე ხელახალი - სამართლიანი და თავისუფალი საპარლამენტო არჩევნები უნდა ჩატარდეს. პრეზიდენტი ამბობს, რომ ოპოზიციის გამარჯვების შემთხვევაში, დრო არ უნდა დაიკარგოს.

26 ოქტომბერს მმართველ პარტიას, რომელიც ხელისუფლებაში დარჩენას მეოთხედ ცდილობს, რამდენიმე ოპოზიციური გაერთიანება უპირისპირდება. იმ შემთხვევაშიც კი, თუ მათ ერთიანად ხმების 50 პროცენტზე მეტი მიიღეს, ცალკე აღებული ვერცერთი პარტია, მათ შორის ვერც "ოცნება", მთავრობას ვერ ჩამოაყალიბებს. საჭირო გახდება კოალიციურ მთავრობაზე შეთანხმება.

ასევე ნახეთ და მაინც, რას ნიშნავს პროპორციული არჩევნები?

სანამ პოსტსაარჩევნო კოალიცია შეიკვრება და მთავრობაზე შეთანხმდება, იქამდე „ქართული ოცნების“ მთავრობა გააგრძელებს მოვალეობის შესრულებას. პრეზიდენტის გეგმა ამის თავიდან არიდებას ისახავს მიზნად.

„ქარტიაში წერია, რომ პრემიერი უნდა იყოს ჩემთან კონსულტაციით შერჩეული“, - ამბობს ზურაბიშვილი, თუმცა „ქართული ქარტიის“ ხელმომწერი პარტიების უმეტესობა არ ეთანხმება ტექნიკური პრემიერის, კანდიდატურის წინასწარ შეთანხმებას.

„მხოლოდ [ხელისუფლების ცვლილების] შემდეგ, ქარტიის ტექსტის ზუსტი შესაბამისობით, სალომე ზურაბიშვილის და სხვების მონაწილეობით, ხალხის შესაბამისი მანდატით აღჭურვილი, საპარლამენტო ახალი კოალიციური უმრავლესობა ჩამოაყალიბებს ახალ (გარდამავალ) მთავრობას, სადაც იქნებიან პატრიოტი პროფესიონალები, მათ შორის უპარტიოებიც“, - დაწერა „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკურმა მდივანმა, გია ბარამიძემ, 6 ოქტომბერს, ჯერ კიდევ კონსულტაციების დაწყებამდე .

და მაინც, რა წერია „ქართულ ქარტიაში“?

დოკუმენტში, რომელიც პრეზიდენტმა პოლიტიკურ პარტიებს მაისში შესთავაზა ხელმოსაწერად, გარდამავალი მთავრობის შესახებ მხოლოდ ერთი პუნქტია, რომელიც მართლაც ტოვებს ინტერპრეტაციის სივრცეს:

„ვდებთ პირობას, რომ მთავრობა, რომელიც ამ სამოქმედო გეგმის აღსრულებაზე იქნება პასუხისმგებელი, წარდგენილი იქნება საქართველოს პრეზიდენტის მიერ”, - ვკითხულობთ ქარტიაში.

ამასთანავე, ქარტიის მიხედვით, პარტიები დებენ პირობას, რომ ქარტიით განსაზღვრული ნაბიჯების გადადგმის შემდეგ თანახმანი არიან ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებაზე.

ასევე ნახეთ რას ჰპირდებიან პენსიონერებს საარჩევნოდ - ეკონომისტები აფასებენ, სანდოა თუ არა პოლიტიკოსების პროგრამები

„ძალაუფლება ამ ქვეყანაში ეკუთვნის ქართველ ხალხს, ამიტომ, ჩვენ მიგვაჩნია, რომ ნებისმიერი კანდიდატურა განხილული იყოს არჩევნების შემდეგ“, - თქვა 8 ოქტომბერს სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის დასრულების შემდეგ მამუკა ხაზარაძემ, „ძლიერი საქართველოს“ ლიდერმა.

რაც შეეხება პრემიერმინისტრობის კანდიდატს, მამუკა ხაზარაძე ამბობს, რომ პრეზიდენტთან „კანდიდატების განხილვა არ ყოფილა“.

იგივე თქვეს სალომე ზურაბიშვილთან მოლაპარაკებების შემდეგ თინა ბოკუჩავამ და ნიკა გვარამიამაც.

„ჩემი აზრით, პროცესი მიდის ძალიან სწორად. პრეზიდენტის ინიციატივა არის დროული, სწორი და ძალიან რაციონალური”, - თქვა გვარამიამ, რომელიც შარშან სალომე ზურაბიშვილმა შეიწყალა.

“სახელების, გვარების და კულუარული განხილვების პროცესი ეს არ არის, არამედ ეს არის პროცესი, როგორ შევჯერდეთ სწორ ფორმულაზე, რომ საზოგადოებაში იყოს სტაბილურობის განცდა და იმის განცდა, რომ დიახ, ჩვენ, პროდასავლური ოპოზიცია, ვთანხმდებით ქვეყნის ანტიევროპული კრიზისიდან გამოყვანაზე”, - დასძინა მან.

სალომე ზურაბიშვილს კონსულტაციების მესამე დღეს, 9 ოქტომბერს, გიორგი გახარიაც შეხვდა.

“ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ კმაყოფილი ვარ ამ შეხვედრით”, - თქვა ათონელის რეზიდენციიდან გამოსულმა გახარიამ.

ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა თქვა, რომ არჩევნების შემდეგ “ქართულმა ოცნებამ” ხელისუფლება ისე უნდა დატოვოს, რომ “ნაციონალური მოძრაობა” არ დაბრუნდეს.

“ამიტომ ვფიქრობ, რომ ტექნიკური მთავრობა არის გამოსავალი”, - დასძინა გახარიამ და ისიც დაამატა, რომ ვადამდელი არჩევნების იდეა მისთვის “გაუგებარია”.

ასევე ნახეთ გიორგი გახარიამ “ქართულ ქარტიას” ხელი მოაწერა