პოლიტიკის გამო "დასჯილი" შენობები

პრეზიდენტის ავლაბრის სასახლე

რას უპირებენ პრეზიდენტის ავლაბრის სასახლეს?

მმართველი პარტია პრეზიდენტის ავლაბრის სასახლეში ქართული კულტურის ეროვნული მუზეუმის გახსნის შესაძლებლობაზე ფიქრობს.

ეს თემა განიხილეს საპარლამენტო უმრავლესობის სხდომაზეც, რომელსაც “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილიც ესწრებოდა.

ინიციატივა კი „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა მდინარაძემ გააცნო ჟურნალისტებს. მისი სიტყვებით „პირობითი სამუშაო ჯგუფი სხვადასხვა სოციალურ ჯგუფებს შეხვდება“ და „უახლოეს დღეებში ძალიან პოზიტიური გადაწყეტილება იქნება მიღებული“ გადაწყვეტილების შედეგად კი პრეზიდენტის ავლაბრის სასახლეში„შესაძლებელია ქართული კულტურის ეროვნულ მუზეუმზე იყოს საუბარი”.

ავლაბრის საპრეზიდენტო რეზიდენციის ახალ დატვირთვაზე განხილვას უმრავლესობის ფორმატში ვიწყებთ,-ამის შესახებ განცხადება განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, მარიამ ჯაშმა გააკეთა. ჯაშის განცხადებით აღნიშნულ საკითხზე მომუშავე სპეციალური ჯგუფი პირველ შეხვედრას სამშაბათს გამართავს და კანონმდებლები შენობის ადმინისტრირების საკითხზე იმსჯელებენ. მისივე განცხადებით, შეხვედრაზე ასევე განიხილავენ სასახლის პროექტის ავტორის, გიგა ბათიაშვილის წინადადებას, რომლის მიხედვითაც რეზიდენციაში შესაძლოა, კულტურის ეროვნული ცენტრი და სამუზეუმო სივრცე განთავსდეს.

სამუშაო ჯგუფში 7 დეპუტატია, მათ შორის უმრავლესობის ლიდერი და ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე. ჯგუფს განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში ხელმძღვანელობს.

„ერთ-ერთ ვერსიად განიხილება თავად სასახლის პროექტის ავტორის, ბატონი გიგა ბათიაშვილის შემოთავაზება. საუბარია საქართველოს ეროვნული კულტურის ცენტრის და სამუზეუმო სივრცის ინტეგრირებულ პროექტზე, რომელიც წარმოაჩენს საქართველოს ისტორიულ მიღწევებსა და ჩვენი უმდიდრესი კულტურის უნიკალურობას. სამშაბათს, 5 თებერვალს გვექნება პირველი სამუშაო შეხვედრა. მაქვს პატივი, ბატონ გიგასთან ერთად ვუხელმძღვანელო სამუშაო ჯგუფს, რომელშიც გაერთიანებულნი არიან ჩემი კოლეგები საქართველოს პარლამენტიდან. ვიმსჯელებთ არა მხოლოდ კონცეპტუალურ ნაწილზე, არამედ განვიხილავთ ადმინისტრირებასთან და მენეჯმენტთან დაკავშირებულ საკმაოდ კომპლექსურ თემებს. დიდი იმედი მაქვს, რომ ათი დღის განმავლობაში შევძლებთ აღნიშნული პროექტის დასრულებას და ჩვენი კოლეგებისა და საქართველოს მთავრობის დარწმუნებას, რომ ამ პროექტს არ შეიძლება, ჰქონდეს ალტერნატივა. ბუნებრივია, როგორც დარგობრივი კომიტეტის ხელმძღვანელი, ვეცდები, აღნიშნული პროექტის მხარდაჭერა იყოს მაქსიმალური”, - განაცხადა მარიამ ჯაშმა.

"რიყის დოქები" და პრეზიდენტის სასახლე

ოპოზიციაში ფიქრობენ, რომ მმართველი გუნდი ამგვარი მსჯელობით სახელმწიფო ინსტიტუციებს ებრძვის. როგორც ევროპული საქართველოს პოლიტსაბჭოს წევრი ლევან თარხნიშვილი ეუბნება რადიო თავისუფლებას „პარლამენტის გარეშე დატოვეს ქუთაისი. ახლა ბათუმიდან საკონტიტუციო სასამართლოს გადმოტანაზეც ფიქრობენ“.

ამასთან ლევან თარხნიშვილს უჭირს წარმოიდგინოს, როგორ შეიძლება პრეზიდენტის ავლაბრის სასახლეში განთავსდეს მუზეუმი, თან ისე, რომ საბიუჯეტო სახსრების დაზოგვის მოტივიც გამართლდეს.

„ძალიან მაინტერესებს იმ შენობაში თუ მუზეუმი განთავსდება რა ნაკლები დაიხარჯება? თუ თავის თავს შეინახავს მუზეუმი. დავუშვათ პრეზიდენტს არ სჭირდება ამხელა შენობა. პრემიერს ხომ სჭირდება. გადავიდეს პრემიერ-მინისტრი, რა პრობლემაა . ის საშინელი შენობა, რომელიც ქალაქის ცენტრია შეიძლება მშვენიერი კომერციული ობიექტი გამოვიდეს“.

უცნაური და ბუნდოვანი გადაწყვეტილება?

„რას ნიშნავს ეს ეროვნული კულტურის მუზეუმი?“-აინტერესებს ხელოვნებათმცოდნე თამარ ამაშუკელს, - „ჩვენი ყველა მუზეუმი გულისხმობს ეროვნული კულტურის პოპულარიზაციას და ეროვნული კულტურაა ყველგან წარმოდგენილი, ამიტომ საინტერესოა, არის ეს რომელიმე უკვე არსებული მუზეუმის გაფართოება თუ ახალ მუზეუმს აკეთებენ“.

თამარ ამაშუკელს არსებული შენობის მუზეუმად გამოყენებაც ეეჭვება, მისი დაგეგმარებიდან გამომდინარე და ამბობს, რომ მუზეუმებს თავისი სპეციფიკა აქვს, რასაც არსებული შენობა ვერ აკმაყოფილებს.

„ამ საკითხზე ალბათ მუზეუმებთანაც უნდა გაიარონ კონსულტაციები. სჭირდებათ თუ არა მათ ამ შენობის გამოყენება ექსპოზიციებისთვის ან საცავისთვის. ახლა მხოლოდ იდეაა და სიტყვები „ეროვნული კულტურის მუზეუმი“.

ბიძინა ივანიშვილი და პრეზიდენტის ავლაბრის სასახლე

პრეზიდენტის ავლაბრის სასახლე, იმთავითვე არ მოსდიოდა თვალში „ქართული ოცნების“ ლიდერს ბიძინა ივანიშვილს.მიზეზად კი ის ყველაზე ხშირად დიდ საბიუჯეტო ხარჯებს ახსენებდა. ჯერ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს მოუწოდებდა, დაეტოვებინა ავლაბრის სასახლე, მოგიანებით უკვე ყოფილ პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილსა და ბიძინა ივანიშვილს შორის დაპირისპირების ხაზიც კი გადიოდა პრეზიდენტის სასახლეში გადასვლის თემაზე.

სანამ გიორგი მარგველაშვილი, პრეზიდენტის სამუშაოდ ავლაბრის სასახლეში გადავიდოდა, მცირე ხნით მთავრობის კანცელარიაში განკუთვნილ კაბინეტს იკავებდა. მისი განცხადების თანახმად. ავლაბრის სასახლეში გადასვა პოლიტიკური ნაბიჯი იყო -„ რათა ნათლად მეთქვა, რომ პრეზიდენტის ინსტიტუტი არ არის ინსტიტუტი, რომელსაც შენ დასვამ ორ ოთახში და არ გადაიყვან, დასვამ ორ ოთახში და ეტყვი - ეს არის შენი სამუშაო ადგილი“, - განაცხადა ყოფილმა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა

2015 წლის ნოემბერში კი ბიძინა ივანიშვილი დარწმუნებული იყო , რომ გიორგი მარგველაშვილს აუცილებლად მოუწევდა პრეზიდენტის სასახლის დატოვება და ათონელის ქუჩაზე მისთვის გარემონტებულ შენობაში გადასვლა. რაც ასე არ მოხდა.

ასევე ნახეთ შესაძლებელია თუ არა გიორგი მარგველაშვილის გამოსახლება პრეზიდენტის სასახლიდან

პრეზიდენტის სასახლის თემამ აქტუალობა 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინ ისევ შეიძინა და მაშინ „ქართული ოცნების“ მხარდაჭერილმა პრეზიდენტობის კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ ის ავლაბრის სასახლეში არ შევიდოდა.

ასევე ნახეთ პრეზიდენტის სასახლე: შესვლა-არშესვლის კარმა

ახალმა პრეზიდენტმა რეზიდენციას ორბელიანების სასახლე აირჩია.სასახლისა და მისი შემოგარენის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაჩქარებულ ტემპში მიმდინარეობდა, თუმცა სამუშაოების დასრულება პრეზიდენტის ინაუგურაციამდე მაინც ვერ მოესწრო. პრეზიდენტი მუშაობას სანახევროდ გარემონტებულ შენობაში შეუდგა.

ავლაბრის სასახლე და მისი ფინანსები

პრეზიდენტის ავლაბრის სასახლის მშენებლობა 2004-09 წლებში მიმდინარეობდა. მშენებლობაზე დახარჯული თანხის ზუსტი ოდენობა უცნობია. სხვადასხვა დროს დასახელებული თანხა 40 მილიონი დოლარიდან 800 მილიონ დოლარამდე მერყეობს.ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ერთ-ერთი კომენტარის თანახმად, რომელიც მან 2009 წელს გააკეთა „სასახლის აშენება დაჯდა, დაახლოებით, პროცენტის მეხუთედზე ნაკლები მთელი საბიუჯეტო ხარჯების, რომელიც გაწია ჩვენმა ქვეყანამ ბოლო 5 წლის განმავლობაში.“

2019 წლის ბიუჯეტის პროექტით, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის დასაფინანსებლად 6 მილიონი ლარი გამოიყო, ეს თანხა თითქმის 4 მილიონით ნაკლებია 2018 წლის წლის ბიუჯეტით განსაზღვრულ დაფინანსებასთან შედარებით. 2018 წლის ბიუჯეტით პრეზიდენტის ადმინისტრაციის ბიუჯეტი 9 მლნ 800 ათასი ლარი იყო.

გაურკვეველი მომავლის შენობები

პრეზიდენტის ავლაბრის სასახლე ერთადერთი არ არის იმ შენობებს შორის, რომელიც 2012 წელს ხელისუფლების შეცვლის შემდეგ ფუნციაშესაცვლელ შენობათა ნუსხაში ხვდება.

2015 წლიდან უფუნქციოდაა დარჩენილი ე.წ. „რიყის დოქები“, რომელიც ეკონომიკის სამინისტროს ქონებაა. თავდაპირველად იქ ხელოვნების ცენტრი და მუსიკისა და დრამის თეატრი უნდა განთავსებულიყო, მოგვიანებით ხელმოწერები გროვდებოდა შენობაში ღვინის მუზეუმის გახსნის მოთხოვნით.

თბილისის მერმა კახა კალაძემ 3 თებერვალს განაცხადა, რომ მოლაპარაკებები მიმდინარეობს შენობის მფლობელის მოსაძიებლად.

ასევე ჯერჯერობით საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ არის თუ რა განთავსდება ქუთაისში, პარლამენტის ყოფილ შენობაში. ქუთაისში მდებარე პარლამენტის შენობის შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის გადაცემის შემდეგ, უწყება აღნიშნულ შენობაში პოლიციის რამდენიმე სტრუქტურის განთავსებას გეგმავს.

ჯერჯერობით შეჩერებულია ასევე შემოვლითი რკინიგზის მშენებლობის პროექტიც.