Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენციაში ტექნოლოგიური უნივერსიტეტი განთავსდება


პრეზიდენტის სასახლე
პრეზიდენტის სასახლე
საქართველოს პრეზიდენტის ავლაბრის სასახლე, სავარაუდოდ, ქართულ-ამერიკულ ტექნოლოგიურ უნივერსიტეტს დაეთმობა - ამის შესახებ საქართველოს ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა. მისი განმარტებით, უნივერსიტეტი მომავალი სასწავლო წლიდან გაიხსნება.

საქართველოს ახლად არჩეული პრეზიდენტის რეზიდენცია, ინაუგურაციის შემდეგ, დროებით სახელმწიფო კანცელარიაში განთავსდება. მომავალი წლის ზაფხულიდან კი რეზიდენცია ბინას თბილისში, ათონელის ქუჩაზე, დაიდებს. შენობაში ამ დროისათვის სარეკონსტრუქციო სამუშაოები მიმდინარეობს. როგორც ჩანს, გარკვეული რეკონსტრუქცია მოსალოდნელია საქართველოს პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენციის შენობაშიც, რომლის საგანმანათლებლო დაწესებულებად გადაკეთების შესახებ 4 ნოემბერს მომავალმა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა:

“პოლიტსაბჭოზე მე წამოვაყენე წინადადება, რომ იყოს უნივერსიტეტი, შემდეგ ვესაუბრე მინისტრს, ქალბატონ თამარს, და ჩვენ ჩამოვყალიბდით შეხედულებაზე, რომ ეს უნდა იყოს ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი, რომელიც მომავალი წლიდან გაიხსნება. ეს არის უაღრესად საინტერესო პროექტი, რომელიც საქართველოს მოუტანს მართლა მაღალი ხარისხის განათლებას და მე მიხარია, რომ ის ფული, რომელიც ბიუჯეტიდან დაიხარჯა, აი, ასეთ ფეშენებელურ შენობაზე, ეს ფული მოხმარდება ქართულ სტუდენტობას და ქართულ განათლებას“.

საქართველოს მთავრობამ ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის ის პროექტი, რომელიც წინა ხელისუფლების პირობებში არსებობდა, შეცვალა. ახალი პროექტის თანახმად, ტექნოლოგიური უნივერსიტეტი განთავსდება მხოლოდ თბილისში და არა თბილისსა და ბათუმში, როგორც ადრე იგეგმებოდა. უნივერსიტეტი უცხოურ უნივერსიტეტებთან პარტნიორობით იარსებებს. საქართველოს განათლების მინისტრი თამარ სანიკიძე ადასტურებს, რომ მან ახლად არჩეული პრეზიდენტისგან ავლაბრის სასახლის საგანმანათლებლო დაწესებულებად გამოყენების შეთავაზება მიიღო:

“იყო შემოთავაზება, რომ გამოგვეთქვა აზრი, თუ კონკრეტულად რაში გამოვიყენებდით ამ შენობას. მე ვფიქრობ და ჩემი მოსაზრებაა, რომ ეს შენობა უნდა გამოვიყენოთ მილენიუმის მეორე კომპაქტის ფარგლებში, სადაც ვფიქრობთ ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის დაფუძნებას“.


პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენციისთვის დანიშნულების შეცვლის შესახებ საქართველოს მთავრობის წევრები საპრეზიდენტო არჩევნებამდეც საუბრობდნენ. აქცენტი ძირითადად კეთდებოდა შენობაში საკონსულტაციო ცენტრის ან საგარეო საქმეთა სამინისტროს განთავსებაზე. უკვე გადაწყვეტილად უნდა მივიჩნიოთ თუ არა შენობაში ქართულ-ამერიკული ტექნოლოგიური უნივერსიტეტის შესახლების საკითხი? - ამ შეკითხვით საქართველოს მთავრობის კანცელარიის ადმინისტრაციის უფროსს მაია ცქიტიშვილს მივმართეთ:

რამენაირად გაგვაგებინონ, ბოლოს და ბოლოს, რა უნდათ. ეს იქნება ტექნოლოგიური უნივერსიტეტის საკითხი თუ სხვა მრავალი ისეთი საკითხი, სადაც არანაირი წარმოდგენა არა აქვთ, რა უნდა გააკეთონ...
ანდრო ბარნოვი
“ბატონმა გიორგიმ ეს საკითხი გააჟღერა, როგორც გადაწყვეტილი, და, სავარაუდოდ, ალბათ, ეს გადაწყვეტილი თემაა. ყოველ შემთხვევაში, კანცელარიის კომპეტენცია არ არის ამ გადაწყვეტილების შეცვლა ან თვითონ ამ თემაზე გადაწყვეტილების მიღება. ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზეა, როგორც სახელმწიფო შენობა. ეს შენობა, ფუნქციურად, იყო არსებული პრეზიდენტის ადმინისტრაცია. შესაბამისად, ჩემი აზრით, სავსებით სწორია, რომ ახალმა პრეზიდენტმა და მისმა ადმინისტრაციამ იმსჯელონ, რა თქმა უნდა, პოლიტსაბჭოს წევრებთან ან მთავრობის წარმომადგენლებთან ერთად, ამ შენობის მომავალ ბედზე, რაც მოხდა კიდეც“.

თუმცა იმით, რაც მოხდა, უკმაყოფილოა საქართველოს მოქმედი პრეზიდენტის ადმინისტრაცია. ადმინისტრაციის უფროსი ანდრო ბარნოვი ფიქრობს, რომ საქმე „ნაციონალური მოძრაობისა“ და მიხეილ სააკაშვილის დანატოვარისგან აშკარა დისტანცირებასთან გვაქვს:

“რამენაირად გაგვაგებინონ, ბოლოს და ბოლოს, რა უნდათ. ეს იქნება ტექნოლოგიური უნივერსიტეტის საკითხი თუ სხვა მრავალი ისეთი საკითხი, სადაც არანაირი წარმოდგენა არა აქვთ, რა უნდა გააკეთონ. მარტო იმიტომ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ და მიხეილ სააკაშვილის დანატოვარისგან მაქსიმალური დისტანცირება გააკეთონ, იგონებენ ათასგვარ აბსურდს, რომ რაღაცნაირად გაამართლონ თავიანთი სრულიად გაუგებარი ნაბიჯები და გადაწყვეტილებები“.

თავად საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი კი მიიჩნევს, რომ უმჯობესი იქნება, თუ ავლაბრის რეზიდენციას, გაზრდილი ფუნქციებიდან გამომდინარე, მთავრობა და მისი მეთაური დაიკავებენ.

მთავრობამ შეთავაზება უარყო, რეზიდენციაზე კი, გარკვეული თვალსაზრისით, „პრეტენზიას“ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსებიც აცხადებენ. საგანგებო წერილში, რომლითაც მათ პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილს, ახლად არჩეულ პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილსა და პარლამენტის თავმჯდომარეს დავით უსუფაშვილს მიმართეს, ნათქვამია, რომ პრეზიდენტის სასახლეში ხელნაწერთა ინსტიტუტის განთავსებით დღვანდელი ხელისუფლება საშვილიშვილო საქმეს გააკეთებდა. დეპუტატმა ლევან ბერძენიშვილმა კი, თავის მხრივ, არ გამორიცხა, რომ, ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტთან ერთად, პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენციის შენობაში, მართლაც, ხელნაწერთა ეროვნული ინსტიტუტი განთავსდეს.
XS
SM
MD
LG