პენსიებისა და ხელფასების ზრდის გარდა, საქართველოს მოქალაქეებიმა 2020 წლისთვის კიდევ არაერთი დაპირება მიიღეს სახელმწიფო ბიუჯეტის კანონპროექტით, რომელსაც „ქართული ოცნების“ ხელისუფლება „მოქალაქეზე ორიენტირებულს“ უწოდებს. თუმცა ოპონენტებისთვის ეს უფრო 2020 წლის არჩევნებზე ორიენტირებული ბიუჯეტია და, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის გამოცდილებით, ხელისუფლება თადარიგს იჭერს.
რის ფასად ჰპირდება საბიუჯეტო დაფინანსებას „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ხალხს? რამდენად ქმედითი იქნება ეს დახმარება და რა კავშირშია ეს პროცესი 2020 წლის არჩევნებთან?
გულებისა და ხმების მოგება?
„რა თქმა, უნდა თავისთავად ეს მოვლენა არ არის ნეგატიური, თავმოყვარე სახელმწიფოში მოქალაქეები ღირსეულად უნდა ცხოვრობდნენ და დიახ, ეს ადამიანები უფრო მეტსაც იმსახურებენ... მაგრამ ხელისუფლებამ კარგად იცის, რომ ახლა ის ამას ამომრჩევლების გულის მოსაგებად აკეთებს“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას მოძრაობა „ლელოს“ სპიკერი ანა ნაცვლიშვილი.
მისი თქმით:
- „ეს ზრდა იმით კი არ არის განპირობებული, რომ ხელისუფლება კარგად მართავს ქვეყანას და მან შეძლო ეკონომიკის განვითარება, არამედ ვალს იღებს“;
- „როცა ხელისუფლება ამას შიდა ვალის უპრეცედენტო ზრდის პირობებში აკეთებს, გამოდის, რომ ისევ იმ ადამიანების შვილებს, ჩვენს შვილებს უტოვებს გადასახდელად ამ ვალს“;
- „შვილებს ვუტოვებთ ვალს იმისთვის, რომ ახლა „ქართულმა ოცნებამ“, წინასაარჩევნოდ, რამდენიმე ათეული ლარით მეტი გადაუხადოს კონკრეტული პროფესიების წარმომადგენლებს და ამომრჩევლის გული მოიგოს“;
- „იმედი მაქვს, რომ ჩვენი მოქალაქეები, ამომრჩევლები სათანადოდ შეაფასებენ ასეთ შეურაცხმყოფელ მიდგომას და არ იქნებიან მადლიერი არცერთი პოლიტიკური ძალის, რომელიც მათ მოსყიდვას ცდილობს“.
ხელისუფლების საბიუჯეტო სვლას წინასაარჩევნო მზადებას უკავშირებენ ოპოზიციური პარტიებიც. როგორც „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელმა დეპუტატმა, ზურაბ ჭიაბერაშვილმა უთხრა რადიო თავისუფლებას - „8 წელიწადია გვესმის, რომ ბიუჯეტი არის მოქალაქეზე ორიენტირებული და სოციალურად ორიენტირებული, მაგრამ როგორც გაეროს ბავშვთა ფონდის კვლევამ აჩვენა, 2015 წლის შემდეგ მრუდი შებრუნდა და სიღარიბე, კლების ნაცვლად, წავიდა მატებისაკენ“.
ზურაბ ჭიაბერაშვილის თქმით, „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო სვლა უფრო მეტს აფუჭებს, ვიდრე აკეთებს:
- „როდესაც ადამიანების სიღარიბიდან გამოყვანა საბიუჯეტო თანხების (და არა ეკონომიკის ზრდის, სამუშაო ადგილების შექმნის...) დარიგების ხარჯზე ხდება, არის საფრთხე, რომ სულ უფრო მეტი ადამიანი აღმოჩნდება სიღარიბეში“;
- „ბიუჯეტი ყველას ვერ გაწვდება და მით უმეტეს, გაზრდილი სიღარიბის პირობებში, სულ უფრო მეტი თანხა იქნება გამოსაყოფი ბიუჯეტიდან... ეს კი ხელისუფლებას უფრო მეტი გადასახადის აკრეფისკენ და მეტი ვალის აღებისკენ უბიძგებს“;
- „ეს არის მანკიერი წრე, რომელიც ურტყამს კერძო სექტორს და მორევში უფრო და უფრო მეტად ეშვები“;
- „წინასაარჩევნოდ გაკეთებული ეს სვლა სრულიად არაქმედითია, რადგან რამდენიმე ათეული ლარით ადამიანი ვერ მოერევა ბოლო წლებში ფასების ზრდით გამოწვეულ სიღარიბეს“.
ოპოზიციის კრიტიკას აბსურდულს უწოდებენ „ქართულ ოცნებაში“.
როგორც ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე აცხადებს, გაკვირვებულია ოპონენტების უკიდეგანო კრიტიკით, რადგან „800 მილიონი ლარი შევა იმ ადამიანების ოჯახში, რომლებსაც ყველაზე მეტად სჭირდებათ“ და მათ შორის, მეტ პენსიას მიიღებენ „პენსიონერები, რომელთა პენსია არ ჰყოფნის ყველაზე აუცილებელი საჭიროებების დაკმაყოფილებას და თითოეული ლარი არის მათთვის ძალიან ძვირფასი“.
Your browser doesn’t support HTML5
„შეიძლება ვიღაცამ თქვას, რომ ეს არის საარჩევნო წლის ბიუჯეტი, მაგრამ ამომრჩევლის მოსყიდვა ვერ იქნება ვერანაირად“ - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ. მისი არგუმენტით, ხელისუფლების სვლა აბსოლუტურად გასაგებია: მნიშვნელოვან ჯგუფებს უჭირთ და სახელმწიფო მათ ეხმარება.
- „მე ვფიქრობ, ეს არის ის მცირე ნაბიჯი, ის მცირე შესაძლებლობა, რაც ჩვენ შეგვიძლია გავაკეთოთ იმ ადამიანებისთვის, რომლებზეც ამ ქვეყნის მომავალი დგას“;
- „ვუსურვებ ყველა შემდგომ მთავრობას, განურჩევლად იმისა, რომელი პოლიტიკური ძალის წარმომადგენლები იქნებიან, რომ ასეთი ნაბიჯები გადადგან“.
„ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ სახელმწიფო ბიუჯეტის გეგმები საზოგადოებას 30 სექტემბერს გააცნო.
საქართველოს საარჩევნო კოდექსის 49-ე მუხლის თანახმად, მხოლოდ არჩევნების დღემდე ორი თვით ადრეა აკრძალული:
"ისეთი სოციალური გასაცემლების (პენსია, სოციალური დახმარება, შემწეობა და სხვა) ან/და შეღავათების დაწესება, რომლებიც არჩევნების დღემდე არანაკლებ 60 დღით ადრე გათვალისწინებული არ იყო საქართველოს კანონმდებლობით. ამ პუნქტით გათვალისწინებული წესის დარღვევის შემთხვევაში უფლებამოსილ პირს შეუძლია მიმართოს სასამართლოს და მოითხოვოს ხარჯების შეჩერება".
საქართველოს კანონმდებლობის სწორედ ამ მოთხოვნიდან გამომდინარე, ხელისუფლების ოპონენტები თვლიან, რომ „ქართული ოცნება“ წინასაარჩევნო გეგმების ბიუჯეტში ასახვით თადარიგს იჭერს, რადგან შემდეგ, ეს თემა ისევ არ იქცეს მწვავე კრიტიკის საგნად - საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინა პერიოდის მსგავსად.
საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ, მაშინდელი პრემიერის - მამუკა ბახტაძის მთავრობის დაპირებათა ჩამონათვალში მოხვდა ბევრი რამ და მათ შორის:
- სოციალურად დაუცველი 16 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის (რომელთა ოჯახის სარეიტინგო ქულაც 100 000-ზე ნაკლებია) დახმარების ხუთჯერ გაიზრდა და მათთვის ყოველთვიურად 50 ლარის გადახდა;.
- დევნილი ოჯახების განსახლების მიზნით, მენაშენეებისგან 400 ბინის შეისყიდის;
- ხელფასების ზრდის გაგრძელება პედაგოგებისთვის ისე, რომ საშუალო ხელფასის სიდიდემ 2022 წლისთვის 1800 ლარს მიაღწიოს (უმაღლესი საფეხურის მასწავლებლების - 2000 ლარი და მეტი).
საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ აფიშირებული ამ და სხვა გეგმების კვალდაკვალ, 2018 წლის ნოემბერში, საგანგებო განცხადება გამოაქვეყნა „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ“ და ფაქტი ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებად შეაფასა.
როგორც ორგანიზაციის ხელმძღვანელი, მიხეილ ბენიძე ეუბნება რადიო თავისუფლებას, გასაკვირი არ არის, რომ - 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტს იმავე ტიპის აღქმა უკავშირდება.
„აქ არავითარი კანონდარღვევა არ არის, რადგან პროექტების განხორციელების მიზნის გაცხადება ხდება არჩევნებამდე დაახლოებით ერთი წლით ადრე...
მაგრამ პენსიისა და ხელფასების გაზრდის პრიორიტეტების სწორედ საარჩევნო წელს განსაზღვრა, თავისთავად აჩენს კითხვის ნიშნებს... და ეს პირველი შემთხვევა არ არის: ზოგადად ამ ქვეყანაში ხელისუფლებები ცდილობენ, რომ განსაკუთრებით საპარლამენტო საარჩევნო წელს, მათ შორის - საარჩევნო მიზანსაც მოარგონ ბიუჯეტის ხარჯვა და შესაბამისი პროგრამები“, - ამბობს მიხეილ ბენიძე.
პენსიონერებს, პედაგოგებს, ექიმებს, პოლიციელებს და სხვებს...
„ქართული ოცნება“ აცხადებს, რომ მომავალ წელს, 14 მილიარდ ლარამდე გაზრდილი სახელმწიფო ბიუჯეტიდან საქართველოს მოქალაქეთა გარკვეული ჯგუფები დამატებით 800 მილიონ ლარს მიიღებენ - ჯერ მხოლოდ 300 მილიონი ლარი პენსიების მატებაზეა გათვლილი.
2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტით:
- 1 იანვრიდან ყველა პენსიონერი - 20 ლარით მეტს მიიღებს;
- 1 იანვრიდან 18-წლამდე შშმ პირები, პირველი და მეორე ჯგუფის შშმ პირები - 20 ლარით მეტს მიიღებენ;
- 1 ივლისიდან 70 წელს გადაცილებული პენსიონერები - დამატებით 30 ლარს მიიღებენ (ამ ჯგუფისთვის ნამატი სულ 50 ლარს შეადგენს);
- ახალი სასწავლო წლიდან სკოლის პედაგოგები - 300 ლარით მეტს მიიღებენ (150 ლარი 2019 წლის ოქტომბრიდან და 150 ლარი 2020 წლის სექტემბრიდან);
- ახალი სასწავლო წლიდან საბავშვო ბაღებში დასაქმებულები - საშუალოდ 100 ლარით მეტს მიიღებენ;
- 1 ივლისიდან პოლიციელები და მეხანძრე-მაშველები - მიიღებენ 125 ლარით მეტს;
- ანაზღაურება გაეზრდებათ ჯარისკაცებსაც, რომლებსაც 2019 წელს არ შეხებიათ ეს პროცესი;
- 1 ივლისიდან სასწრაფო დახმარებისა და სოფლის ექიმები - 100 ლარით მეტს მიიღებენ.
ასევე ნახეთ 2020 წლისთვის გარკვეულ ჯგუფებს პენსია და ხელფასი ეზრდებათ
2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი 5%-იან ეკონომიკურ ზრდაზე გათვლილი - მიმდინარე ხარჯები 11,3 მილიარდ ლარს შეადგენს.
დაგეგმილია მასშტაბური ხარჯი, ბევრი მიმართულებით - მაგალითად, მომავალ წელს მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობისთვის 240 მილიონი ლარია გამიზნული, მათ შორის: შეღავათიანი აგროკრედიტებისთვის - 74 მილიონი ლარი, სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის - 57 მილიონი ლარი და ტურიზმის ხელშეწყობისთვის - 33 მილიონი ლარი.
რას ამბობენ ეკონომისტები?
როგორც „ეკონომიკური ტრანსფორმაციის ცენტრის“ პრეზიდენტი რამაზ გერლიანი ეუბნება რადიო თავისუფლებას, ჯერჯერობით ნაადრევია საბოლოო მსჯელობა, ბიუჯეტის საბოლოო პროექტის წარმოდგენამდე; მაგრამ, როგორც ჩანს, საბიუჯეტო გეგმები ვალის აღებას მოითხოვს, ეს კი გაუმართლებელია.
„თუ ბიუჯეტში სათანადო მასშტაბის შემოსავლები არ გაქვს, შენ საიდანღაც ეს თანხა ხომ უნდა მოიტანო?! სოციალური მოთხოვნების დასაფინანსებლად შიდა ან საგარეო ვალის აღება კატეგორიულად მიუღებელია, რადგან მას არ გააჩნია გრძელვადიანი ეკონომიკური ეფექტი... ჯერჯერობით ჩანს, რომ საშემოსავლო ნაწილი სათანადოდ არ შეივსება ყველა ამ ვალდებულების დასაფინანსებლად“.
გერლიანის თქმით, „ოჯახის შემოსავლის ნებისმიერი ტიპის ზრდა სიკეთეს ზრდის“, მაგრამ ეჭვებს იწვევს ის გარემოება, რომ „ამ მასშტაბისა და ტიპის ზრდას ადგილი არ ჰქონია წლების განმავლობაში“ და ასევე, ჩნდება შეკითხვა - რამდენად ქმედითი იქნება ეს დახმარება ინფლაციის გათვალისწინებით.
„პენსიის გაზრდასთან მიმართებით რომ შევაჯამოთ ყოველწლიური ინფლაციის შესაბამისი ინდექსი და შემდეგ, პენსიის დაგეგმილი ზრდის პროცენტს რომ შევადაროთ, ვნახავთ, რომ რეალურ ზრდას არა აქვს ადგილი“.
გერლიანი ასევე ამბობს, რომ:
- ინფლაციის გათვალისწინებით, მოწყვლადი ფენებისთვის შემოსავალი სახელმწიფოს ასე უნდა გაეზარდა ყოველწლიურად და ახლა ამის გაკეთება არც არჩევნებთან დაკავშირებულ ეჭვებს აღძრავდა;
- ამ ტიპის ხარჯს ინფლაციაზეც ექნება უარყოფითი ზეგავლენა - მოსახლეობაში მეტი რესურსის გაჩენა, მეტი ლარის მასა პირდაპირ ასტიმულირებს ინფლაციას და ამის დარეგულირება ეროვნულ ბანკს მოუწევს.
2016 წლის შემდეგ, პენსია სულ ბოლოს 2019 წლის იანვარში გაიზარდა - 20 ლარით და მაჩვენებელმა 200 ლარს მიაღწია (მაღალმთიან რეგიონებში - 250 ლარი).
რამაზ გერლიანისგან განსხვავებით, პრემიერ-მინისტრთან და მთავრობის წარმომადგენლებთან შეხვედრის მონაწილე ექსპერტებს შორის იყო ეკონომიკის დოქტორი, პროფესორი სოსო არჩვაძე. როგორც ის ეუბნება რადიო თავისუფლებას, 2020 წლისთვის მოსალოდნელია შიდა და გარე ვალების მატება დაახლოებით 1 მილიარდ 320 მილიონით.
ასევე ნახეთ ხელისუფლების დაპირებები პირველი ტურის შემდეგრამდენად გამართლებულია სოციალური ხარჯების ზრდა ვალის აღების პირობებში?
არჩვაძე ამბობს, რომ გადამწყვეტია არა ვალის სიდიდე, არამედ „მისი მომსახურებისა და გამოყენების ეფექტიანობა“ და მართალია, უკეთეს შედეგს იძლევა ხარჯები სამეწარმეო ინფრასტრუქტურაში, რეალურ სექტორში, მაგრამ საქართველოს სახელმწიფოს თავისი ვალდებულებები აქვს:
- „ჩვენ ვართ სოციალურად ორიენტირებული სახელმწიფო და კონსტიტუციაც ამაზე მიუთითებს და ჩვენი ვალდებულებები სოციალური ხარჯების ზრდასაც უკავშირდება";
- „თუკი წინა ხელისუფლების ბოლო წელს, 2012 წელს, სოციალური ხარჯების წილი იყო 32%, ახლა ის 48%-ს მიუახლოვდა (საუბარია სოციალური ბლოკის ხარჯების წილის ზრდაზე ბიუჯეტის ასიგნებების მთლიან მოცულობაში)".
არჩვაძისთვის იმედისმომცემია ის ფაქტიც, რომ „საკმაოდ კარგად მიდის ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსება“ და „700 მილიონ ლარზე მეტი მიდის ჯერ მარტო ავტობანის მშენებლობაზე“.