პარტიული დაფინანსება - რა აიკრძალება, რატომ და რატომ დაჩქარებულად?

2011 წელს, როდესაც იურიდიული პირების მიერ პარტიების დაფინანსება პარლამენტმა აკრძალა,.მაშინდელი ოპოზიცია, ივანიშვილის თანამოაზრეები, გადაწყვეტილებას კრიტიკებდნენ. „ქართულმა ოცნებამ“, ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, ეს აკრძალვა გააუქმა და ახლა ისევ ცდილობს მის დაბრუნებას.

„ქართული ოცნება“ დაჩქარებული წესით ცდილობს აკრძალოს იურიდიული პირების მიერ პოლიტიკური პარტიების დაფინანსება, მიზეზთა შორის კი ასახელებს „აქტიური საარჩევნო წლის“ მოახლოებასა და საერთაშორისო პარტნიორების რეკომენდაციებს.

რადიო თავისუფლებას რესპონდენტები ოპოზიციური პარტიებიდან ეუბნებიან, რომ „ოცნება“ საერთაშორისო პარტნიორებისთვის თვალებში ნაცრის შეყრას ცდილობს. ყველა, თითქმის ერთხმად ამბობს, რომ ეს ცვლილება არაფერს შეცვლის: ხელისუფლების შიშით, იურიდიული პირები ისედაც თავს იკავებენ ოპოზიციის დაფინანსებისგან, „ოცნება“ კი „სხვა გზებს გამოიყენებსო“.

არასამთავრობო სექტორი მიუთითებს, რომ მთავარი პრობლემები - მაკონტროლებელი მექანიზმების სისუსტე და დაუსჯელობის სინდრომი, რაც შავ ფულს აძლევს გასაქანს - კვლავ დარჩება.

კანონის მოქმედი ნორმის თანახმად, პარტიის მიერ თითოეული მოქალაქისგან მიღებული შემოწირულებების საერთო ოდენობა წელიწადში არ უნდა აღემატებოდეს 60 000 ლარს, ხოლო თითოეული იურიდიული პირისაგან მიღებული შემოწირულებების საერთო ოდენობა წელიწადში არ უნდა აღემატებოდეს 120 000 ლარს.

დაჩქარებულად

„ქართული ოცნების“ ფრაქციის წევრების საკანონმდებლო ინიციატივა ბიზნესის მიერ პარტიების დაფინანსების აკრძალვის შესახებ, პარლამენტის ბიუროს სხდომაზე 4 დეკემბერს გაიტანეს.

„აქტიური საარჩევნო წელიწადი მოდის. ასევე ჩვენი კოლეგების რეკომენდაციის შესრულებაც არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ მოხდეს დროულად, ამიტომ კანონში ცვლილებების დაჩქარება აბსოლუტურად ამ მიზეზით არის მოთხოვნილი“, - თქვა ბიუროს სხდომაზე იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, უმრავლესობის წარმომადგენელმა, დავით მათიკაშვილმა. ინიციატორთა გეგმით, აუცილებელია ეს ცვლილება 2024 წლის 1 იანვრამდე ამოქმედდეს.

„მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ ორგანულ კანონში შესატანი ცვლილებების პროექტის განმარტებითი ბარათის მიხედვით, ცვლილებების მიზანი ევროკომისიის მიერ 8 ნოემბერს გამოქვეყნებული 9 რეკომენდაციის [„9 დათქმა“] შესრულებას უკავშირდება. ცვლილება წარმოდგენილია როგორც დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმის ნაწილი. ტექსტში მითითებულია, რომ „ვენეციის კომისიამ 2023 წლის 12 ივნისს გამოქვეყნებულ საბოლოო დასკვნაში "დეოლიგარქიზაციის შესახებ" რეკომენდაცია გასცა იურიდიული პირების მიერ შემოწირულობების აკრძალვის თაობაზე“.

უმრავლესობის წარმომადგენლების მიერ ინიციირებული ცვლილებების პაკეტი საარჩევნო კოდექსსაც შეეხება.
დაგეგმილია, რომ შემცირდეს წინა წლის მთლიანი შიდა პროდუქტის 0.04%-მდე [0.05%-დან] პარტიის მიერ წლის განმავლობაში გაწეული ხარჯის დასაშვები ზედა ზღვარი.
ასევე ნახეთ დეოლიგარქიზაციის სამთავრობო გეგმა 7 მიმართულებას მოიცავს - რა წერია მასში

რა არის ვენეციის კომისიის რეკომენდაცია?

„დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტზე“ ვენეციის კომისიის 12 ივნისს გამოქვეყნებულ დასკვნაში იურიდიული პირების მიერ პარტიების დაფინანსების აკრძალვა არ არის მითითებული უშუალოდ რეკომენდაციების ჩამონათვალში.

მანამდე, 32-ე პუნქტში აღნიშნულია, რომ: „პოლიტიკაში "დიდი ფულის“ როლის შესამცირებლად და ოლიგარქიული გავლენებისგან დამოუკიდებელი პარტიებისა და კანდიდატების არჩევნებში მონაწილეობის გამარტივების მიზნით, პოლიტიკური პარტიებისა და საარჩევნო კამპანიების დაფინანსების წესი უნდა გამკაცრდეს“ და „მაგალითად, შესაძლებელია საარჩევნო კამპანიის დაფინანსების მაქსიმალური მიჯნის გამკაცრება, იურიდიული პირების მიერ შემოწირულებების აკრძალვა“ და სხვა.

ამასთან, ვენეციის კომისია მიუთითებს, რომ - „აღსრულება საყოველთაო ხასიათის უნდა იყოს და არასელექციური“; „იმპლიმენტაციის პროცესს დამოუკიდებელი სასამართლო უნდა აკონტროლებდეს“ და „მხოლოდ მსგავსი გამჭვირვალე, დამოუკიდებელი კონტროლით გახდება შესაძლებელი პოლიტიკური მიკერძოების შესახებ არსებული ეჭვების გაქარწყლება“.

ასევე ნახეთ სტატუსის მოლოდინში - რა წერია საქართველოზე ევროპული საბჭოს განსახილველ პროექტში
ასევე ნახეთ სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ივანიშვილის გარდა, საქართველოში სხვა ოლიგარქი არ არის

„სამართლიანი არჩევნების და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ წარმომადგენელი, ლევან ნატროშვილი, რომელსაც პარტიათა შემოწირულებების თემაზე მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს, რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ, ზოგადად, საერთაშორისო სტანდარტით - „ბიზნესს არ უნდა ჰქონდეს გადამეტებული გავლენა პოლიტიკაზე და ამიტომ - იურიდიულ პირთა შემოწირულებები „ქვეყნების დაახლოებით 44%-შია აკრძალული“, „თუმცა ეს ცალსახა საკითხი არ არის“ და თანაც - „საქართველოში სხვა რეალობაა“:

„პარტიათა შემომწირველების აბსოლუტური უმრავლესობა საქართველოში ფიზიკური პირები არიან და ხშირად ეს ფიზიკური პირები დაკავშირებული არიან კონკრეტულ იურიდიულ პირებთან. ძირითადად სახელისუფლებო პარტიას - ამა თუ იმ კომპანიის წარმომადგენლების ჯგუფი სწირავს ხოლმე, დირექტორი, თანამფლობელები და სხვები - როგორც იურიდიული პირები და შემდეგ - ამ ფიზიკურ პირებთან დაკავშირებული იურიდიული პირები იღებენ ხოლმე სარგებელს სახელმწიფოსგან - კონტრაქტებს, შეღავათებს, ქონებას“, - ლევან ნატროშვილი ამბობს, რომ თუ საქართველოში იურიდიულ პირთა დაფინანსება აიკრძალება, ამ აკრძალვას არსებითი გავლენა არ ექნება გარემოზე - ლეგალური თანხების კუთხით“.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ 2022 წლის ანგარიშში აღნიშნავდა, რომ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ შემომწირველების [2022 წლის 1 იანვრიდან 1 ოქტომბრამდე - 666 ათასი ლარი] „აბსოლუტური უმრავლესობა ბიძინა ივანიშვილთან ან მმართველ პარტიასთან დაახლოებული მსხვილი ბიზნესჯგუფები“ არიან.
ამავე ანგარიშიდან: „1 იანვრიდან - 1 ოქტომბრამდე მმართველი პარტიის შემომწირველმა ან შემომწირველთან დაკავშირებულ კომპანიებმა ამავე პერიოდში 2 გამარტივებული შესყიდვის კონტრაქტი მიიღეს“.
ასევე ნახეთ 2021 წლის 3 თვეში “ოცნებამ” 3 მილიონზე მეტი შემოწირულება მიიღო, ოპოზიციურმა პარტიებმა - ჯამში 350 000 ლარამდე

შავი ფული პოლიტიკაში

ლევან ნატროშვილი არ გამორიცხავს, რომ იურიდიული პირების დაფინანსების აკრძალვამ, ქართულ რეალობაში, შესაძლოა - „ხელი შეუწყოს მეტი შავი ფულის მოძრაობას“.

„როდესაც უკრძალავ ბიზნესს, რომ საკუთარი სახელით შესწიროს, სხვა გზებს ეძებს და შესაძლოა, უკანონოდ დააფინანსოს - დაფარულად და არა ღიად. როდესაც ქვეყანაში არ არსებობს სახელმწიფო ზედამხედველობის ძლიერი ინსტიტუციები, რომლებიც აკონტროლებენ პოლიტიკურ კორუფციას, ნებისმიერი რეგულაცია, ანდა რეგულაციის არქონა შეიძლება გამოიყენონ შავი ფულის სამოძრაოდ“, - ეუბნება ნატროშვილი რადიო თავისუფლებას.

ოპოზიციაში ამბობენ, რომ იურიდიულ პირთა დაფინანსების აკრძალვა მათ მდგომარეობას არცკი დაეტყობა, რადგან, ხელისუფლებისგან წნეხის შიშით, ბიზნესი მათ არ აფინანსებს:

„იურიდიული პირები, თუკი ერთ არჩევნებზე დააფინანსებენ ოპოზიციას, მეორე არჩევნებზე უარს ამბობენ, რადგან - მათ წინააღმდეგ სახელისუფლებო მანქანა ირთვება - ფინანსური პოლიცია, საგადასახადო... ასე რომ, ეს აკრძალვა ჩვენ არ დაგვაზარალებს - ეს არის იმიტაცია რაღაცის კეთების, თვალებში ნაცრის შეყრა“, - „სტრატეგია აღმაშენებლის“ გენერალური მდივანი, დეპუტატი პაატა მანჯგალაძე რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ ეს აკრძალვა არც „ქართულ ოცნებას“ დააზარალებს, რადგან „მათი შემოწირულებების 80%-ზე მეტი შავ ბუღალტერიაზე მოდის“.

მანჯგალაძის დათვლით, „ქართულ ოცნებას“ 100 ათასი კოორდინატორ-აგიტატორი ჰყავს და მათი ანაზღაურება არსად აისახება. „შერჩევითი სამართალია ამ ქვეყანაში - რომელიმე იურიდიულ პირს "ქართული ოცნებისთვის" 120 ათასი ლარის შეწირვა რომ უნდოდეს და ეს ფული პირდაპირ პარტიის ოფისში რომ დატოვოს - ეს 120 ათასი ან 2 მილიონი, ვინმე რამე პასუხს მოსთხოვს?!“ - შეკითხვას სვამს დეპუტატი მანჯგალაძე.

მსგავს ბრალდებებს „ქართული ოცნება“ მუდმივად უარყოფდა და აბსურდს უწოდებდა.

„შავი ფული ისეთი უნდა, ოპოზიციაში რომ არის. ხან კვიპროსიდან რომ მოაქვთ და ხან ლონდონიდან. სულ ახლახან რომ იყვნენ ერთ და მეორე ქვეყანაში ჩასულები და კეზერაშვილისგან რომ იღებენ ევროპელი პენსიონერებისთვის წართმეულ ფულს. აი, შავი ფული ეს არის. ამ შავი ფულის საქართველოში ტრანსპორტირებაში რომ არიან ჩართულები და მათ შორის, თავშესაფარი რომ აქვთ მიღებული ზოგიერთ ასეთ ოლიგარქს, აი, ეს არის პრობლემა. ამ პრობლემას უნდა ვებრძოლოთ. ეს შავი ფული არა მხოლოდ ოპოზიციაში ტრიალებს, არამედ არასამთავრობო სექტორშიც“, - უთხრა 4 დეკემბერს ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა.

მისი თქმით, ოპოზიცია ევროპულ რეკომენდაციებს შერჩევითად უყურებს.

წინა საპარლამენტო არჩევნების დროს - ე.წ. შავი ფულის მოძრაობაზე მიუთითებდნენ საერთაშორისო დამკვირვებლებიც.

„დაინტერესებული მხარეების უმრავლესობას საარჩევნო კამპანიის დაფინანსებასთან დაკავშირებული ანგარიშების სიზუსტეში ეჭვი შეჰქონდა, ხოლო ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის შეზღუდულმა საარჩევნო სადამკვირვებლო მისიამ რეალურ და დეკლარირებულ ხარჯებს შორის მნიშვნელოვანი სხვაობები აღმოაჩინა“, - წერია 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის [OSCE/ODIHR] საბოლოო ანგარიშში.

ვინ აკონტროლებს?

პარტიების დაფინანსების კონტროლი 2020 წლის არჩევნების დროს აუდიტის სამსახურს ევალებოდა, რომელიც, OSCE/ODIHR-ის ანგარიშის თანახმად, ეფექტიან ზედამხედველობას ვერ ახორციელებდა, მათ შორის - მანდატიდან გამომდინარე, რადგან არ ჰქონდა საგამოძიებო ფუნქცია.

2023 წლის 1 სექტემბრიდან აუდიტის სამსახურის ეს ფუნქცია ანტიკორუფციული ბიუროს პრეროგატივა გახდა. მაგრამ გამოძიების ფუნქცია არც ანტიკორუფციულ ბიუროს აქვს, საერთაშორისო პარტნიორების შესაბამისი რეკომენდაციების მიუხედავად. ამ საკითხს უკვე კარგა ხანია პრობლემად თვლიან არასამთავრობო სექტორში.

აქვეა კიდევ ერთი პრობლემა - ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელი კონკურსის წესით შეირჩევა და შემდეგ - პრემიერ-მინისტრი ნიშნავს. არასამთავრობო სექტორის შეფასებით, ეს სანდოობას ამცირებს.

„ანტიკორუფციული ბიურო გამოირჩევა დამოუკიდებლობის მაღალი ხარისხით. იგი პასუხისმგებელია მხოლოდ საქართველოს პარლამენტისა და უწყებათაშორისი ანტიკორუფციული საბჭოს წინაშე, რაც, მათ შორის, გულისხმობს ყოველწლიურ ანგარიშგებას. ანტიკორუფციული ბიუროს დამოუკიდებლობა ასევე მოიცავს ფინანსურ დამოუკიდებლობასაც, ვინაიდან მას გააჩნია საკუთარი საბიუჯეტო სახსრები, რაც არასათანადო ზეგავლენისგან დაცვის დამატებითი გარანტიაა“, - წერია დეოლიგარქიზაციის შესახებ „ქართული ოცნების“ მიერ შემუშავებულ სამოქმედო გეგმაში.

ვიდრე „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოვიდოდა, 2011 წელს, იურიდიული პირების მიერ პარტიების დაფინანსება „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებამ აკრძალა და მაშინდელი ოპოზიცია, ივანიშვილის თანამოაზრეები, აცხადებდნენ, რომ - ეს აკრძალვა უფლებების შეზღუდვა იყო და საარჩევნო კამპანიაში უკანონობის გაჩენის შესაძლებლობას გაზრდიდა. „ქართულმა ოცნებამ“, ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, ეს აკრძალვა გააუქმა და ახლა ისევ ცდილობს მის დაბრუნებას.