„ქართული ოცნების“ 90-წევრიან შემადგენლობას მე-10 მოწვევის პარლამენტში „პატრიოტთა ალიანსის“ სიით გასული ოთხი დეპუტატი შეუერთდა და ხელისუფლება მარტო აღარ გრძნობს თავს. „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერების და, მათ შორის, ირმა ინაშვილის ნაცვლად, პარლამენტში პარტიის დამფინანსებლები შევიდნენ. ვინ არიან „პატრიოტთა ალიანსის“ სიით გასული დეპუტატები და რამდენად ჯანსაღია პროცესი, როდესაც დეპუტატების ადგილებს ბიზნესმენები იკავებენ?
„პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერების მხრიდან პარლამენტისთვის გამოცხადებული ბოიკოტის ფონზე, პარლამენტში საბოლოოდ შევიდნენ პარტიის სიაში მეოთხე, მეხუთე, მეშვიდე და მერვე ნომრებით წარმოდგენილი პირები.
- სიის მეოთხე ნომერმა - ავთანდილ ენუქიძემ უბრალოდ უარი არ თქვა თავის სადეპუტატო მანდატზე;
- დანარჩენებმა - გელა მიქაძემ, ფრიდონ ინჯიამ და დავით ზილფიმიანმა - ირმა ინაშვილის, გიორგი ლომიასა და გოჩა თევდორაძის ადგილები დაიკავეს და პარლამენტშიც მათ ნაცვლად შევიდნენ.
„პატრიოტთა ალიანსში“ გუშინ ჯერ ისევ სჯეროდათ და ეს გოჩა თევდორაძემაც გვითხრა, რომ თანამებრძოლები არ იჩქარებდნენ და პარლამენტში შესვლამდე კიდევ ერთხელ დაფიქრდებოდნენ, მაგრამ მოვლენები ელვის სისწრაფით განვითარდა და 5 იანვარს ეს ოთხეული საზოგადოებამ უკვე პარლამენტის სხდომათა დარბაზშიც იხილა.
ასევე ნახეთ სადეპუტატო მანდატების გაუქმება: რატომ დააკმაყოფილა „ოცნებამ“ „პატრიოტთა ალიანსის“ განცხადებები ურიგოდრამდენიმე კვირის წინ რადიო თავისუფლებისთვის ცნობილი გახდა, რომ - „პატრიოტთა ალიანსი“ პარტიული სიის ანულირებაზე ერთიანი განაცხადის ცესკოში შეტანას სწორედ პარტიის დამფინანსებლების, ბიზნესმენების ინტერესების გათვალისწინებით მოერიდა.
4 იანვარს, როცა სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყდა, ირმა ინაშვილმა განაცხადა, რომ ბიზნესმენებზე ზეგავლენის მოხდენა არც უცდიათ და მათ თავისუფალი არჩევნის საშუალება მიეცათ:
- „არსებობს გარკვეული ვალდებულებები, ეს ყველას ესმის და ჩვენ ამას ვითვალისწინებთ. პოლიტიკა არ არის მარტო სფერო, სადაც შეიძლება ყველა პრინციპზე თქვას უარი ადამიანმა. პოლიტიკა არის სფერო, სადაც გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ზნეობრივ ქმედებას და ჩვენ ამ ბიზნესმენებთან მიმართებაში სწორედ ასეთი მიდგომა გამოვიჩინეთ. მათ მივეცით საშუალება, გადაწყვეტილება თავისუფლად მიიღონ“;
- „მე არანაირი ბერკეტი, ხაზს ვუსვამ, მათზე (ბიზნესმენებზე) ზემოქმედების არა მაქვს, მათ მიეცათ არჩევანის საშუალება. ბატონ ფრიდონ ინჯიას, რომელიც ჩვენი პარტიის წევრია წლების მანძილზე, მინდა მადლობა გადავუხადო პარტიული საქმიანობისათვის, მაგრამ თუ ბატონი ფრიდონი დათანხმდება პარლამენტში შესვლაზე, მაშინ მას პარტიის დატოვება მოუწევს“.
5 იანვარს ფრიდონ ინჯიამ პროცესებს დაასწრო და ჟურნალისტებს უთხრა, რომ „პატრიოტთა ალიანსს“ ტოვებს. უახლოეს პერიოდში ის ახალი პარტიის - „ევროპელი სოციალისტების“ დაფუძნებას გეგმავს.
ასევე ნახეთ ზილფიმიანი პარლამენტში შესვლაზე: არ შეიძლება, ქვეყნის მართვა ოპონირების გარეშე დარჩეს„პატრიოტთა ალიანსის“ სიით შესული ოთხი დეპუტატიდან, ცესკოს მონაცემების თანახმად, მხოლოდ ერთი - ფრიდონ ინჯია იყო პარტიის წევრი. დანარჩენებს პარტიაში ბიზნესმენებად და დამფინანსებლებად მოიხსენიებენ. თუმცა ამგვარი როლი არც ფრიდონ ინჯიასთვის არის უცხო.
ვინ ვინ არის?
ავთანდილ ენუქიძე
ავთანდილ ენუქიძე პირველად გახდა საქართველოს პარლამენტის დეპუტატი. ინტერნეტში ძალიან მწირად მოიპოვება ინფორმაცია მის ბიოგრაფიულ მონაცემებთან დაკავშირებით.
თუკი 2000 წელს შევსებული დეკლარაციით ვიმსჯელებთ, ენუქიძე იმ წელს შს სამინისტროს ეკოლოგიური პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე იყო.
საჯარო რეესტრზე დაყრდნობით „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ მიერ თავმოყრილი მონაცემების თანახმად, ენუქიძის საქმიანობა მრავალ სხვადასხვა კომპანიას უკავშირდება და მათ შორის არის, მაგალითად: შპს „ავტოლუქსი“, შპს „გუუდ ვეი“, შპს „ტრანს სერვისი“, შპს გგ „იანდექს ჯორჯია“, შპს „ფერტუნა სტეიშენი“, შპს „ფრუტ პროცესინგ კომპანი“ და სხვა.
ენუქიძეს „პატრიოტთა ალიანსისთვის“ 2016 და 2020 წლებში ჯამში 120 ათასი ლარი აქვს შეწირული. 2020 წელს პარტიას 60 ათასი ლარი შესწირა მისმა მეუღლემ - თამთა ღლონტმაც.
გელა მიქაძე
გელა მიქაძე მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი იყო და სადეპუტატო მანდატი მაშინაც „პატრიოტთა ალიანსის“ სიით მიიღო. 2018-2020 წლებში ის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, ხოლო 2016-2018 წლებში დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე იყო.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ 2019 წლის ანგარიშის თანახმად, კომიტეტის სხდომების არასაპატიო მიზეზით გაცდენის გამო, მიქაძეს ერთხელ ჯარიმაც დაეკისრა 1028 ლარის ოდენობით. მეცხრე მოწვევის პარლამენტის 4 წლის განმავლობაში სხდომებზე სიტყვით ის სულ სამჯერ გამოვიდა.
დეკლარაციის თანახმად, გელა მიქაძის საქმიანობა მრავალ კომპანიას უკავშირდება და, მაგალითად, ესენია: შპს „ქართულ-რუსული სავაჭრო სახლი“; შპს „რაკ კერამიკს ჰოლდინგი“, შპს „პრაიმ კონსტრაქშენი“, შპს „ევრაზიის საპატენტო ჯგუფი საქართველო“, შპს „ალუმინიუმ ჯორჯია“; შპს „თბილისი რითეილ გრუპ საქართველო“ და სხვა.
2011 წლიდან გელა მიქაძე საქართველოს გოლფის ფედერაციის პრეზიდენტის პოსტსაც იკავებდა.
მისი გვარი და სახელი არ იძებნება „პატრიოტთა ალიანსისთვის“ შემწირველთა ნუსხაში.
ფრიდონ ინჯია
ფრიდონ ინჯია მეორედ გახდა პარლამენტის წევრი. მანამდე, 2000-2004 წლებში მეხუთე მოწვევის პარლამენტის წევრი იყო (მარტვილის მაჟორიტარი, საარჩევნო ბლოკი „შალვა ნათელაშვილი - საქართველოს ლეიბორისტული პარტია“).
მისი სამუშაო გამოცდილება და ბიზნესი უკავშირდება როგორც საქართველოს, ასევე რუსეთს. მაგალითად, 1969-1970 წლებში ინჯია სსრკ-ს გემთმშენებლობის მრეწველობის სამინისტროს გემების ელექტროტექნიკისა და ტექნოლოგიის ცენტრალური ს/კ ინსტიტუტის ინჟინერი იყო; ხოლო 1980-1984 წლებში სსრკ კავშირგაბმულობის სამინისტროს მთავარი სამეცნიერო-ტექნიკური სამმართველოს უფროს ინჟინრად მუშაობდა.
1992 –1998 წლებში ფრიდონ ინჯია საქართველოს კავშირგაბმულობის მინისტრის პირველი მოადგილისა და შემდეგ უკვე - მინისტრის პოსტს იკავებდა. სულ ბოლოს, 2017–2020 წლებში, ის თბილისის საკრებულოს წევრი იყო.
მისი ბიზნესსაქმიანობა დაკავშირებულია მრავალ კომპანიასთან და მათ შორის არის: შპს „ოპტიკურ-ბოჭკოვანი ტელეკომუნიკაციის ქსელი - ფოპტნეტი“; შპს „ახალი ქსელები“; შპს „სისტემ ნეტი“; შპს „მერანი“ და სხვა.
ფრიდონ ინჯიას 2014-2020 წლებში „პატრიოტთა ალიანსისთვის“ 168 400 ლარი აქვს შეწირული. მათ შორის 2020 წლის არჩევნებისთვის აღრიცხული შემოწირულება 60 ათას ლარს შეადგენს.
დავით ზილფიმიანი
ციფრული მულტიპლექს ოპერატორის - „სტერეო +“-ის დამფუძნებელი, დავით ზილფიმიანი პირველად გახდა საქართველოს პარლამენტის დეპუტატი.
მისი კომპანიის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს ტელე-რადიო მაუწყებლობის მენეჯმენტი და წარმოება, სამაუწყებლო და საკომუნიკაციო ქსელების შექმნა და ექსპლუატაცია.
თუკი ინტერნეტში გავრცელებულ ცნობებს დავეყრდნობით, ზილფიმიანი განათლებით რადიოფიზიკისა და ელექტრონიკის სპეციალისტია და კოსმოსური პროექტების (EGLE, LAZIO-SIRAD) თანაავტორობასთან ერთად, "ნასას „გოდდარდის“ ფრენის ცენტრში, ახალი დაბალი ორბიტის სატელიტის პროექტზე მუშაობდა".
დავით ზილფიმიანმა 1985 წელს მოსკოვში დაიცვა დისერტაცია თემაზე - „ელექტრომაგნიტური პროცესები მიწისძვრების მომზადების პროცესში“.
„საერთაშორისო გამჭვირვალობის“ მიერ საჯარო რეესტრზე დაყრდნობით შეგროვილი მონაცემების მიხედვით, დავით ზილფიმიანის ბიზნესსაქმიანობა „სტერეო +“-ის გარდა, უკავშირდება ასევე შპს ტელეკომპანია „I სტერეოს“, შპს „მედიაკომსა“ თუ შპს „მულტინეტს“.
დავით ზილფიმიანი არ იძებნება „პატრიოტთა ალიანსის“ შემომწირველთა ნუსხაში.
ასევე ნახეთ ფრიდონ ინჯია: გვჯერა, მწვავე კრიტიკით შევძლებთ, გავლენა მოვახდინოთ პარლამენტის საქმიანობაზე5 იანვარს, როცა პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ აივანზე მსხდომი ენუქიძე, მიქაძე, ინჯია და ზილფიმიანი სხდომათა დარბაზში, სადეპუტატო სავარძლებისკენ მიიწვია, ისიც გამოაცხადა, რომ ამიერიდან პარლამენტში მხოლოდ ხელისუფლება აღარ იქნება.
„უკვე ოპოზიცია წარმოდგენილია სხდომათა დარბაზში და ამ მომენტიდან ისინი მონაწილეობას მიიღებენ საპარლამენტო სხდომებში და საპარლამენტო საქმიანობაში“, - თქვა თალაკვაძემ.
თუმცა ოპოზიციის წარმომადგენლებისთვის, რომლებიც პარლამენტის ბოიკოტს განაგრძობენ, ეს ფაქტი საერთოდ არაფერს ცვლის. მათთვის მნიშვნელოვანია, რომ პარლამენტში არ შევიდნენ „პატრიოტთა ალიანსის“ პოლიტიკური ლიდერები და იქ მხოლოდ ბიზნესმენები აღმოჩნდნენ.
ბიზნესმენები პარლამენტში
ბიზნესით დაინტერესებული პირების პარლამენტში შესვლას „დამაზიანებელ ტრადიციას“ უწოდებს „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ საპარლამენტო მდივანი, ლიკა საჯაია. ხანგრძლივმა დაკვირვებამ და ნეგატიური ფაქტების სიმრავლემ მას აჩვენა, რომ ბიზნესმენები პარლამენტში ძირითადად საკუთარი ინტერესების გამო შედიან.
როგორც ლიკა საჯაიამ უთხრა რადიო თავისუფლებას:
- „ამა თუ იმ პარტიისთვის თანხის შეწირვა ჩვეულებრივი მოვლენაა დასავლეთის ქვეყნებშიც, მაგრამ ნამდვილად მახინჯი პრაქტიკაა, როდესაც ბიზნესმენი თავად მოდის პარლამენტში, საკუთარი ბიზნესინტერესის დასაცავად. არც ის არის საიდუმლო, რომ შემდეგ მათთან დაკავშირებული კომპანიები ხშირად იგებენ ტენდერებს და რაღაცნაირად გარიგებას ჰგავს - შევწირავ პარტიას თანხას, მერე მოვალ პარლამენტში და ჩემთან დაკავშირებული კომპანიები მიიღებენ მეტ შემოსავალს“;
- „ეს არ არის ახალი ტენდენცია და საქართველოს პარლამენტში მუდმივად არიან ბიზნესიდან მოსული ადამიანები, რომლებიც არანაირად არ არიან ჩართული საპარლამენტო ცხოვრებაში. შესაძლოა 4 წელი ისე გავიდეს, რომ ხმაც კი არ ამოიღონ. სხდომებს აცდენენ, მაგრამ ეს არ ადარდებთ, რადგან ფულადი ჯარიმის გადახდა მათთვის იოლია და არ დგება მათი პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი“;
- „ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, ძალიან ცუდად მოქმედებს ჩვენს პოლიტიკურ გარემოზე. ადამიანები, რომლებიც პარლამენტში საკუთარი ბიზნესის დასაცავად არიან მოსულები, ისინი ვერც მთავრობის მაკონტროლებლის ფუნქციას შეასრულებენ, თავიანთი ინტერესის გარეშე ვერც კანონპროექტების შემუშავებაში მიიღებენ მონაწილეობას და, საბოლოოდ, ეს პარლამენტის როლის დაკნინების საფრთხესაც ქმნის“.
საქართველოს კანონმდებლობით, დეპუტატებს უფლება აქვთ ფლობდნენ წილს ამა თუ იმ კომპანიაში, თუმცა მათ ეკრძალებათ მონაწილეობა კომპანიების მართვაში. ამ ტიპის საქმიანობა მათ უნდა გადააბარონ სხვებს და ყველაფერი დეკლარაციაში უნდა ასახონ. თუმცა, როგორც ლიკა საჯაია გვეუბნება, კანონი ამ მხრივაც არცთუ იშვიათად ირღვევა.