„პატრიოტთა ალიანსის“ პარტიული სიის მე-8 ნომერი, დავით ზილფიმიანი განმარტავს, რატომ მიიღო პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილება და ამბობს, რომ არ შეიძლება, ქვეყნის მართვა ოპონირების გარეშე დარჩეს:
„ცოტანი იქნებიან თუ ბევრნი, განსხვავებული აზრი უნდა არსებობდეს“, - აცახდებს ზილფიმიანი მედიასთან.
საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტში, 31 ოქტომბრის არჩევნების სადავო შედეგების შემდეგ, დღეს პირველად ჩატარდება არაერთპარტიული სხდომები. დავით ზილფიმიანის გარდა, ოპოზიციიდან პარლამენტში შედიან ავთანდილ ენუქიძე, ზაზა (გელა) მიქაძე და ფრიდონ ინჯია. პარტიის ლიდერებმა, ირმა ინაშვილმა, გიორგი ლომიამ და გოჩა თევდორაძემ, მანდატებზე უარი თქვეს.
„ჩვენ ინდივიდები ვართ და ასე ჩვენი ლიდერები არ ეპყრობიან თავიანთ წევრებს. მათ მკითხეს. ისინი არ მისულან და არ „ჩაუხსნიათ“ სია. ვინც სურვილი გამოთქვა „ჩახსნის“, „ჩაიხსნენ“. ვინც თქვა ჩემსავით, რომ აუცილებლად მიაჩნია ყოფნა პარლამენტში, რათა რაღაცა სეგმენტი მაინც არსებობდეს ოპონირების, ისინი შემოვიდნენ“, - აცხადებს დავით ზილფიმიანი.
დეპუტატის მანდატის გასაუქმებლად ჯერ პარლამენტისთვის არ მიუმართავს „გირჩის“ სამ და პარტია „მოქალაქეების" ორ დეპუტატს. მათ არც „სათადარიგო“ სიის განულების განცხადება შეუტანიათ ცესკოში.
დანარჩენი ხუთი პარტიის სახელით გასულმა დეპუტატებმა პარლამენტს დეპუტატის მანდატის გაუქმების მიზნით უკვე მიმართეს. ესენია: „ლეიბორისტული პარტია", „ლელო“, „სტრატეგია აღმაშენებელი“, „ენმ - ძალა ერთობაშია“ და „ევროპული საქართველო". აღნიშნულმა ხუთმა პარტიამ შესაძლო ადგილმონაცვლეთა სიაც გააუქმა.