პარლამენტმა სახალხო დამცველის კანდიდატების პირველ სამეულს მოუსმინა - კითხვები და პასუხები

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში სახალხო დამცველობის კანდიდატების მოსმენა დაიწყო. დღეს, 25 ოქტომბერს დეპუტატებმა პირველ სამეულს მოუსმინეს.

სახალხო დამცველის არჩევის პოლიტიკური პროცესი უკვე დაიწყო. კომიტეტმა ამ კვირაში ყველა კანდიდატს ანბანური თანმიმდევრობით უნდა მოუსმინოს.

პარლამენტის ოპოზიციური პარტიები "ნაციონალური მოძრაობა", "ლელო" და "სტრატეგია აღმაშენებელი" სამოქალაქო სექტორის მიერ წარდგენილ სამ კანდიდატს უჭერს მხარს, ესენია ანა აბაშიძე, გიორგი ბურჯანაძე და ნაზი ჯანეზაშვილი.

დღევანდელ სხდომაზე "ქართული ოცნების" დეპუტატების კითხვები ძირითადად კანდიდატების საჯარო განცხადებებს ეხებოდა. თითქმის ყველა მათგანმა იკითხა, რამდენად ლეგიტიმურად მიაჩნიათ კანდიდატებს მე-10 მოწვევის პარლამენტი. ასევე, თითოეულ მათგანს სთხოვეს შეეფასებინათ მოქმედი ომბუდსმენის - ნინო ლომჯარიას გადაწყვეტილებები და განცხადებები.

კომიტეტის თავმჯდომარემ მიხეილ სარჯველაძემ თქვა, რომ "ქართულმა ოცნებამ" კანდიდატების უკეთ გასაცნობად და "მიუკერძოებლობის დასადგენად" მათი ფეისბუკგვერდები დაათვალიერა.

ანა აბაშიძე - უფლებადამცველი

კანდიდატებიდან პირველს "პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის" (PHR) ხელმძღვანელს, ანა აბაშიძეს მოუსმინეს. ის, სპეციალურმა 9-კაციანმა ჯგუფმა ყველაზე მაღალი, 321 ქულით შეაფასა, თუმცა ამას პროცესში გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს, ეს შეფასება მხოლოდ რეკომენდაციას წარმოადგენს.

ანა აბაშიძემ დღევანდელ სხდომაზე შესავალ სიტყვაში ვრცლად ჩამოთვალა პრიორიტეტები, რომელიც მას ექნება, თუკი ომბუდსმენი გახდება. აი, რამდენიმე მათგანი:

  • "პირველი და მთავარი - თანასწორობის პოლიტიკის გაძლიერება, რაც მიემართება ადამიანებს, რომლებიც უმცირესობათა ჯგუფს წარმოადგენს. ყველა ადამიანს, ვინც ცხოვრობს საქართველოში ლეგიტიმურად, უფლება აქვს თანაბრად სარგებლობდეს იმ საერთო სიკეთეებით, რომელსაც ჩვენ ერთად ვქმნით.
  • ჩვენ უნდა ვიმუშაოთ აუცილებლად გენდერულ თანასწორობაზე, უნდა ვიმუშაოთ პირველ რიგში, ბავშვებთან, მოძალადე ადამიანებთან, რომლებსაც რეაბილიტაციის უფლება აქვთ, უნდა ვიმუშაოთ ლგბტ პირების მიმართ დისკრიმინაციის, სიძულვილის შემცირებაზე.
  • ასაკის მიუხედავად რეპროდუქციული, სქესობრივი ჯანდაცვა და განათლება არის ის საკითხები, რომელიც ხანდახან საფუძველია ძალადობის პატარა გოგოების და ბიჭების მიმართ.
  • შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები და ფსიქო-სოციალური საჭიროების მქონე ადამიანები - მათ წინაშეა მთელი რიგი მენტალური თუ ფინანსური ბარიერები.
  • განათლების სისტემის მისაწვდომობის და ხარისხის ზრდის მიმართულებით აუცილებელია ჩვენი ძალისხმევის გაერთიანება.
  • შრომითი უფლებების ეფექტიანი დაცვა - როცა შრომის უფლებაზე ვლაპარაკობ, ვგულისხმობ ყველას, მათ შორის სასამართლო სისტემის წარმომადგენლებს, რომლებსაც ხშირად შიდა თანასწორობის პრობლემის გამო უხდებათ ჩემი შეფასებით ძალიან მიკერძოებული გადაწყვეტილებების მიღება.
  • დეინსტიტუციონალიზაცია - ყველა ბავშვს უფლება აქვს ცხოვრობდეს ოჯახში, ყველა ბავშვს, რომელიც ვერ ცხოვრობს ოჯახში, უფლება აქვს, ცხოვრობდეს ოჯახთან მიახლოებულ გარემოში - ამას ნიშნავს დეინსტიტუციონალიზაცია, ანუ დიდი ზომის საბჭოთა კავშირის ბავშვთა სახლების, ინტერნატების დახურვა".

სიტყვით გამოსვლის შემდეგ დეპუტატებმა კითხვები დასვეს. კომიტეტის თავმჯდომარესა და კანდიდატს შორის ასეთი დიალოგი გაიმართა:

მიხეილ სარჯველაძე: ფართოდ გავრცელდა თქვენი სახელით განცხადება: "უალტერნატივოა ეს მოთხოვნა, გადადგეს ირაკლი ღარიბაშვილი, ეროვნული თანხმობით შეიქმნას ის მთავრობა, რომელიც შეასრულებს ევროკომისიის რეკომენდაციებს", - ეს არ არის მიკერძოება? არ ეხმარებოდა ოპოზიციის საქმიანობას იმხანად?

ანა აბაშიძე: როგორ აღიქვით, ვინ ვიყავი მაშინ, როცა ამას ვამბობდი?

მიხეილ სარჯველაძე: რა მნიშვნელობა აქვს?

ანა აბაშიძე: გადამწყვეტი. ვადასტურებ, ეს ვთქვი. უფრო მკვახე რაღაცებიც მაქვს ნათქვამი. დაგეხმარებით მერე გახსენებაში. აქ რა არის მთავარი? ეს იყო მოქალაქის პოზიცია, რომელმაც ნახა არაერთი ადამიანის უფლებათა სისტემური დარღვევა, რომელმაც მოისმინა ძალიან მკვახე უარყოფა პრობლემების აღიარების და კი, ეს იყო ჩემი პოზიცია, როგორც მოქალაქის.

მიხეილ სარჯველაძე: თქვენი პოზიცია უცვლელია?

ანა აბაშიძე: ეს შეკითხვა არარელევანტურია და [აი] რატომ - მე ახლა არ ვარ თქვენ წინაშე ჩვეულებრივი მოქალაქე, მე ახლა ვარ სახალხო დამცველის კანდიდატი. ჩემი პასუხები ვერ იქნება იმ ხარისხის თავისუფლების, როგორიც იყო ჩემი, როგორც მოქალაქის. უკვე ვიბოჭავ თავს. ახლა, როგორც სახალხო დამცველს, ეს რომ მეთქვა, არ იქნებოდა სწორი. ამას როცა ამბობს სახალხო დამცველი, უნდა დაასაბუთოს. მე, როგორც მოქალაქე, თავისუფალი ვარ, თავისუფალი სიტყვაა.

"ქართული ოცნების" დეპუტატმა კანდიდატს, ასევე ჰკითხა, მიიჩნევს თუ არა ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს პასუხისმგებლად ადამიანის უფლებების მასიურ დარღვევებში? "კი, მივიჩნევ", - უპასუხა ანა აბაშიძემ და დეპუტატს შეახსენა, რომ ამ მხრივ, კონკრეტულ საქმეებზეც კი უმუშავია, ყოფილი ხელისუფლების მმართველობის დროს.

ასევე ნახეთ რუსეთი "ტერორისტული სახელმწიფოა", მიხეილ სააკაშვილი "პუტინის მოწინააღმდეგე პოლიტიკური პატიმარი" - PACE-ს რეზოლუცია მოკლედ

მმართველი გუნდის დეპუტატის კითხვა, ასევე შეეხებოდა მოქმედი ომბუდსმენის, ნინო ლომჯარიას საქმიანობის შეფასებასაც, რაზე პასუხისგანაც კანდიდატმა თავი შეიკავა, თქვა, რომ არაეთიკური იქნებოდა.

ანა აბაშიძეს შეკითხვები დაუსვა, ასევე "ქართული ოცნებიდან" გასულმა დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმაც. იგი ცდილობდა, ანა აბაშიძის პოზიცია მოესმინა საპარლამენტო არჩევნებთან და პარლამენტის ლეგიტიმაციასთან დაკავშირებით.

გურამ მაჭარაშვილი: დღევანდელი პარლამენტი ლეგიტიმურია თუ არა, თქვენი აზრით?

ანა აბაშიძე: ლეგიტიმური რისთვის?

გურამ მაჭარაშვილი: აი, რომ აირჩია ხალხმა...

აბა აბაშიძე: რა თქმა უნდა.

გურამ მაჭარაშვილი: დღევანდელი, მე-10 მოწვევის პარლამენტი არის თუ არა ლეგიტიმური?

ანა აბაშიძე: მეკითხებით, არჩევნებზე რას ვფიქრობ?

გურამ მაჭარაშვილი: გმადლობთ, გაურბიხართ კითხვას და ეს არის ძალიან ცუდი.

ანა აბაშიძე: არა, მე ვაზუსტებ, რას მეკითხებით.

გურამ მაჭარაშვილი: თქვენ გინდათ ლეგიტიმაცია პარლამენტისგან და გაურბიხართ კითხვას, ლეგიტიმურია თუ არა ის პარლამენტი, რომელმაც უნდა აგირჩიოთ.

ანა აბაშიძე: ეს პოლიტიკოსები სულ ასე კამათობთ ამ სივრცეში? ღმერთო, რა რთულია. მე ვაზუსტებ, რას მეკითხებით, ხალხი გვიყურებს... არჩევნებია ლეგიტიმური, მაგას მეკითხებით, თუ თქვენ ხართ თუ არა ლეგიტიმური, რომელიც მე მირჩევთ?

გურამ მაჭარაშვილი: 2020-ის არჩევნების შედეგად, რომ დღეს მე-10 მოწვევის პარლამენტია, არის თუ არა ლეგიტიმური?

ანა აბაშიძე: უადგილო შეკითხვაა, მაგრამ აქ იმიტომ ვარ, რომ ლეგიტიმურ და კანონიერ პროცესში ვმონაწილეობ. არალეგიტიმურ პროცესში არ შევალ. მიიღეთ პასუხი?

გურამ მაჭარაშვილი: ანუ ლეგიტიმურია.

ანა აბაშიძე: ანუ, არ ვიცი, თქვენ უნდა გადაწყვიტოთ. გავართულე, ბოდიში.

გურამ მაჭარაშვილი: მეც მასე გამიჭირდება თქვენი მხარდაჭერა.

კითხვები დაისვა ოპოზიციის მხრიდანაც. გიორგი გახარიას პარტიის "საქართველოსთვის" დეპუტატი, მიხეილ დაუშვილი დაინტერესდა სასამართლო სისტემის შეფასებით, თუ რამდენად უპასუხებს სასამართლო რეფორმის არსებული პროექტი ევროკომისიის რეკომენდაციებს.

"იუსტიციის უმაღლესი საბჭო გარანტი უნდა იყოს იმ მოსამართლეების, რომლებმაც გაბედეს და ბევრ საქმეში ძალიან სწორი გადაწყვეტილება მიიღეს. ამ შემადგენლობით, განსაკუთრებით ბოლო რამდენიმე დღის წინ რაც მოვისმინეთ, რომ ბატონი [ლევან] მურუსიძე ბრუნდება სასამართლო სისტემის თავისუფლების გარანტად, ჩემთვის ცოტა სასაცილოა. მე ეს არ მომწონს და მგონია, რომ ამის გაჯანსაღება ახალი რეფორმით აუცილებელია. ეს თუ არ გავაკეთეთ, ეს მოჯადოებული წრე არასდროს გაწყდება...", - უპასუხა კანდიდატმა.

მარიკა არევაძე - ადვოკატი

სახალხო დამცველობის კიდევ ერთი კანდიდატი, საადვოკატო ბიურო „არევაძე, გონაშვილი და პარტნიორების“ ადვოკატი მარიკა არევაძეა. იგი შეფასების ჯგუფმა 221 ქულით შეაფასა და კანდიდატებს შორის მეექვსე ადგილი დაიკავა. მან შესავალ სიტყვაში ომბუდსმენის ინსტიტუციის წინაშე მდგარი გამოწვევების დაძლევის გზებზე ისაუბრა და თქვა, რომ გამოწვევების დასაძლევად საჭიროა:

  • ნდობის ამაღლება - ყველას უნდა ჰქონდეს განცდა და მოლოდინი, რომ სახალხო დამცველი ყველას სახალხო დამცველია
  • თანამშრომლობის გაძლიერება - თუ არ მოხდება კონსტრუქციული თანამშრომლობა, გაგრძელდება მხოლოდ საუბარი უფლებების დარღვევების ფაქტებზე და არ მოხდება მისი აღდგენა
  • რეკომენდაციების შესრულების ეფექტიანი აღსრულების მექანიზმის შემუშავება
  • ყველა უფლების მიმართ თანაბარი მუშაობა, რათა გაუმჯობესდეს როგორც საკანონმდებლო, ასევე ფაქტობრივი მდგომარეობა

კითხვების დასმა "ქართული ოცნების" დეპუტატებმა დაიწყეს. მათი შეკითხვების ძირითადი შინაარსი კანდიდატის ძველ, საჯარო განცხადებებს ეხებოდა, ამა თუ იმ პოლიტიკურ საკითხებზე, რის მიხედვითაც ცდილობდნენ მარიკა არევაძის მიუკერძოებლობის დადგენას.

ალუდა ღუდუშაურმა, გურამ მაჭარაშვილის მსგავსად, მეორე კანდიდატსაც პარლამენტის ლეგიტიმაციაზე ჰკითხა.

ალუდა ღუდუშაური: თქვენი შეფასებაა 2020 წლის არჩევნებთან დაკავშირებით, რომ თურმე არჩევნები ტოტალურად გაყალბებულა, პარლამენტი არის არალეგიტიმური და ხალხის ნების საწინააღმდეგო საკანონმდებლო ორგანო. მიპასუხეთ, ეს განცხადება თქვენი შეცდომა და სიცრუეა თუ კვლავ იზიარებთ?

მარიკა არევაძე: მე ეს განცხადება, როგორც მოქალაქემ ისე გავაკეთე, იმ პერიოდში, იმ საჯარო ინფორმაციაზე დაყრდნობით, რასაც ვიღებდი, ამ შემთხვევაში, გესაუბრებით, როგორც კანდიდატი და მაქვს უფრო მაღალი სტანდარტი, რომ შევაფასო კონკრეტული მოვლენა...

ამის შემდეგ, ალუდა ღუდუშაურმა კიდევ რამდენჯერმე გაიმეორა მისი შეკითხვა და კანდიდატს უთხრა, რომ არავითარი განსხვავება არაა, ჩვეულებრივი მოქალაქე გააკეთებს განცხადებას თუ კანდიდატი. მარიკა არევაძისგან ისევ იმავე პასუხის მიღების შემდეგ კი ღუდუშაურმა დეპუტატებს მიმართა:

"ბატონო კოლეგებო, კანდიდატი, ქალბატონი არევაძე დღეს მოვიდა და ჩვენგან ითხოვს არალეგიტიმური, ხალხის ნების საწინააღმდეგო პარლამენტისგან ლეგიტიმურობას... ჩემგან ითხოვთ მხარდაჭერას, 10 წუთზე მეტი ისაუბრეთ, რას გააკეთებთ, თუ მხარს დაგიჭერთ. როგორ უნდა დაგიჭიროთ მხარი, ჩვენ ხომ არალეგიტიმურები ვართ?"

კანდიდატმა განმარტა, რომ ის არის აქტიური მოქალაქე, აქვს შეხედულებები და აჟღერებს მათ, როგორც მოქალაქე.

"მას შემდეგ, რაც გავაკეთე განაცხადი სახალხო დამცველის კანდიდატობაზე, ჩემი პოზიციების მკვეთრი დაფიქსირებისგან ვიკავებ თავს. აზრის გამოხატვა მიკერძოებას არ განაპირობებს. მე ვარ კანდიდატი, რომელიც არცერთ პოლიტიკურ სუბიექტთან არ ვარ აფილირებული, არასოდეს მიწარმოებია პოლიტიკური საქმიანობა და მზად ვარ, მიუხედავად ჩემი შეხედულებებისა, ვითანამშრომლო კონსტრუქციულად", - თქვა კანდიდატმა მისი მოსმენის დასრულებისას.

გიორგი ბურჯანაძე - სახალხო დამცველის მოადგილე

მესამე კანდიდატი, რომელსაც დღევანდელ სხდომაზე მოუსმინეს, მოქმედი ომბუდსმენის მოადგილე, გიორგი ბურჯანაძე იყო. შეფასების ჯგუფის ქულებით იგი ოთხეულში 231 ქულით მოხვდა.

გიორგი ბურჯანაძე, ანა აბაშიძესთან ერთად, კანდიდატად არასამთავრობო სექტორმა წარადგინა.

"საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, სახალხო დამცველის ხელმეორედ არჩევა დაუშვებელია, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ სახალხო დამცველს არ გაუჩნდეს ცდუნება, არ გახდეს ლოიალური თავის საქმიანობაში პოლიტიკური ჯგუფების მიმართ. დღეს მე ვხედავ გარკვეულ წინააღმდეგობებს, კითხვის ნიშნებს, რომელსაც გარკვეული პოლიტიკოსები შეიძლება მისვამდნენ. დიახ, ესაა ინდიკატორი იმისა, რომ მე ჩემი საქმიანობა სწორად შევასრულე, ეს რომ ასე არ ყოფილიყო, ჩემი საქმიანობის მიმართ ლოიალურები იქნებოდნენ", - თქვა მან თავის შესავალ სიტყვაში და ასევე ახსნა, რომ სახალხო დამცველად არჩევის შემთხვევაში მისი პრიორიტეტი იქნება ევროინტეგრაცია.

გიორგი ბურჯანაძეს პირველი შეკითხვები "ქართული ოცნების" ფრაქციიდან გივი მიქანაძემ დაუსვა. მოქმედი სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია ხშირად გამხდარა მმართველი გუნდის მწვავე კრიტიკის ობიექტი. შესაბამისად, დეპუტატის კითხვები ეხებოდა იმას, თუ რამდენად იზიარებდა კანდიდატი, როგორც ომბუდსმენის მოადგილე, ლომჯარიას ქმედებებსა თუ საჯარო განცხადებებს.

დეპუტატის კითხვა, ასევე ეხებოდა, რამდენად იღებს ის პასუხისმგებლობას იმ საქმიანობაზე, რასაც მოქმედი სახალხო დამცველი თავისი მანდატის განმავლობაში ახორციელებდა?

კანდიდატმა უპასუხა, რომ ისინი ერთობლივად მუშაობენ და იზიარებს როგორც ყველა წარმატებას, ისე წარუმატებლობას.

გივი მიქანაძე: გახსენდებათ [ნინო ლომჯარიას] რაიმე განცხადება, რასაც შეიძლება, არ დათანხმებოდით, თქვენი საკურაციო სფეროს მიღმა?

გიორგი ბურჯანაძე: ასეთი არაფერი მახსენდება.

გარდა ამისა, დეპუტატმა გაიმეორა თავისი კოლეგების შეკითხვა პარლამენტის ლეგიტიმურად ცნობაზე, რაზეც ბურჯანაძემ დადებითად უპასუხა.

შეკითხვები დაისვა ოპოზიციის მხრიდანაც, მათ შორის, ერთ-ერთი იყო "ლელოს" დეპუტატი ანა ნაცვლიშვილი. "ლელო" მათ შორის არის, ვინც სამოქალაქო სექტორის მიერ წარდგენილ კანდიდატებს უჭერს მხარს.

ანა ნაცვლიშვილმა კანდიდატს ჰკითხა, თუ სად ხედავს ის სახალხო დამცველის როლს, თუკი ევროკომისიის რეკომენდაციები ვერ შესრულდება.

"ჩვენ ვართ ხელისუფლების ნაწილი, სახალხო დამცველი არის კონსტიტუციური ორგანო და მან ყველაფერი უნდა გააკეთოს, მოუწოდოს ხელისუფლებას, რომ შესაბამისი ცვლილებები განხორციელდეს... ჩვენი როლი იქნება საზოგადოების ინფორმირება - რა უნდა გაკეთდეს, რა არ კეთდება", - თქვა კანდიდატმა.

ანა ნაცვლიშვილმა, ასევე, გააკრიტიკა "ქართული ოცნების" დეპუტატები იმ მიდგომისთვის, რაც მათ კანდიდატებთან გასაუბრებისთვის შეარჩიეს:

"თუ [თქვენი] მიზანია, რომ მოძებნოთ ადამიანი, რომელსაც ხელისუფლების კრიტიკა არასდროს დასცდენია, მაშინ არ არის საჭირო ამას დაუთმოთ 1 კვირა. გეყოლებათ მოძებნილი და ის წარვადგინოთ", - მიმართა მან მმართველი პარტიის წარმომადგენლებს.

სახალხო დამცველის თანამდებობაზე ასარჩევი კანდიდატების მოსმენა 29 ოქტომბრის ჩათვლით გაგრძელდება. კენჭისყრა გაიმართება მას შემდეგ, რაც დეპუტატები ყველა კანდიდატს მოუსმენენ.
ომბუდსმენის თანამდებობის დასაკავებლად პარლამენტში 19 განაცხადი შევიდა, პარლამენტი მიმდინარე კვირაში 19-ვე კანდიდატს მოუსმენს.

სახალხო დამცველის 6 წლის ვადით ასარჩევად 90 ხმაა საჭირო.

ასევე ნახეთ პარტიები ომბუდსმენობის კანდიდატებად აბაშიძეს, ბურჯანაძეს, ჯანეზაშვილსა და ხვიჩიას ასახელებენ
ასევე ნახეთ სახალხო დამცველის კანდიდატები შეაფასეს - რა იქნება ახლა?