Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პარტიები ომბუდსმენობის კანდიდატებად აბაშიძეს, ბურჯანაძეს, ჯანეზაშვილსა და ხვიჩიას ასახელებენ


ანა აბაშიძე, გიორგი ბურჯანაძე, ნაზი ჯანეზაშვილი და იაგო ხვიჩია
ანა აბაშიძე, გიორგი ბურჯანაძე, ნაზი ჯანეზაშვილი და იაგო ხვიჩია

ცნობილია, რომ საქართველოს პარლამენტის ოპოზიციური პარტიები სახალხო დამცველობის კანდიდატებად ანა აბაშიძეს, გიორგი ბურჯანაძეს, ნაზი ჯანეზაშვილსა და იაგო ხვიჩიას ასახელებენ. პირველი სამი არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ შერჩეული კანდიდატებია, იაგო ხვიჩია კი თავისივე პარტიის - "გირჩის".

"ნაციონალური მოძრაობა", "ლელო" და "სტრატეგია აღმაშენებელი" აპირებენ დაასახელონ ანა აბაშიძე, გიორგი ბურჯანაძე და ნაზი ჯანეზაშვილი. პროცესში საკუთარი კანდიდატების დასახელების უფლება არ აქვს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას პარტიას "საქართველოსთვის". ამ პარტიის წევრმა, დეპუტატმა ანა ბუჩუკურმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ კენჭისყრაზე არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ შერჩეულ ამ სამ კანდიდატს დაუჭერენ მხარს.

"ლელოს" პოზიცია იყო, არის და მომავალში ასე იქნება, ჩვენ ვამბობდით, რომ მხარს დავუჭერდით არასამთავრობო ორგანიზაციების დასახელებულ სახალხო დამცველობის კანდიდატებს. ეს არის სწორი გზა, რომ მივიღოთ დამოუკიდებელი ადამიანი ამ პოზიციაზე", - უთხრა რადიო თავისუფლებას სალომე სამადაშვილმა.

რადიო თავისუფლებამ ვერ შეძლო დაკავშირება სხვა პოლიტიკურ ჯგუფებთან, რომლებსაც კანდიდატების დასახელება შეუძლიათ.

პარლამენტში ომბუდსმენობის კანდიდატების შეფასებისთვის შექმნილმა სამუშაო ჯგუფმა 19 კანდიდატი შეაფასა. მათგან არასამთავრობო ორგანიზაციების შერჩეული კანდიდატები პირველ ოთხეულში მოხვდნენ, იაგო ხვიჩია კი, მე-14 ადგილზეა. ამ სამუშაო ჯგუფის მიერ კანდიდატთა შესახებ წარდგენილ შეფასებებს სახალხო დამცველის არჩევის პროცესში გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს.

სახალხო დამცველის არჩევას, სულ მცირე, 90 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება.

მოქმედ სახალხო დამცველ ნინო ლომჯარიას უფლებამოსილების ვადა ეწურება 2022 წლის 8 დეკემბერს. Პარლამენტმა ახალ სახალხო დამცველს კენჭი 1 დეკემბრამდე უნდა უყაროს.

XS
SM
MD
LG