"გვარამიაზე გადაწყვეტილება სამწუხაროა" - პარლამენტარებმა ომბუდსმენის კანდიდატ ქეთევან ჩაჩავას მოუსმინეს

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი სახალხო დამცველის კანდიდატებთან გასაუბრებას განაგრძობს. დღეს, 3 ნოემბერს დეპუტატებმა მე-14 კანდიდატს, ქეთევან ჩაჩავას მოუსმინეს.

კანდიდატი ქეთევან ჩაჩავა არასამთავრობო ორგანიზაცია "დემოკრატიისა და განვითარების ცენტრის" (CDD) დამფუძნებელია. მას სამოქალაქო სექტორში მუშაობის 17-წლიანი გამოცდილება აქვს. მისი საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია არჩევნებზე დაკვირვება და ევროინტეგრაციის საკითხები.

ასევე, ქეთევან ჩაჩავას ორგანიზაციის პროექტით - ნატოსა და ევროკავშირის უკეთ გაცნობის მიზნით - მართლმადიდებელი ეკლესიის მაღალი იერარქიის წარმომადგენელთა დელეგაციები რამდენჯერმე იყვნენ ბრიუსელსა და ვაშინგტონში.

ქეთევან ჩაჩავას შეფასების 9-კაციანმა ჯგუფმა 154 ქულა მიანიჭა და 19 კანდიდატს შორის ის მე-10 ადგილზე გავიდა.

"ხელისუფლებას იმდენი უფლება აქვს, რასაც მას კანონი ანიჭებს, ადამიანს კი აქვს ყველა ის უფლება, რასაც მას კანონი არ უკრძალავს - სწორედ ეს პრინციპებია ჩემთვის ის, რასაც უზრუნველყოფს და ემსახურება სახალხო დამცველი", - ამ სიტყვებით მან კომიტეტზე შეკრებილ დეპუტატებს მიმართა. 10-წუთიან შესავალ სიტყვაში ჩაჩავამ თავისი ხედვა ასე ჩამოაყალიბა:

  • "ყველა უფლება და თავისუფლება იქნება მნიშვნელოვანი - მე ვიქნები ღია ყველა თემისთვის, ყველა პოლიტიკური ჯგუფისთვის და გავაკეთებ მაქსიმუმს, რათა საქართველოში ადამიანის უფლებრივი მდგომარეობა გაუმჯობესდეს, დროულად გამოვლინდეს და აღდგეს დარღვეული უფლებები;
  • გაუმჯობესდეს კანონმდებლობა და გაიზარდოს საზოგადოების ცნობიერება უფლებებისა და თავისუფლებების მიმართულებით;
  • ვიხელმძღვანელებ სამართლიანობის, მიუკერძოებლობის, განურჩევლობის, უნივერსალურობისა და ობიექტურობის პრინციპებით;
  • აქვე აღვნიშნავ, რომ არასდროს ვყოფილვარ რომელიმე პოლიტიკური პარტიის წევრი, აქტივისტი, ან საჯაროდ მხარდამჭერი".

ქეთევან ჩაჩავა, სახალხო დამცველის კანდიდატი პარლამენტში

კითხვები "ქართული ოცნებიდან"

"ქართული ოცნების" დეპუტატმა დავით მათიკაშვილმა ქეთევან ჩაჩავას ჰკითხა, იმსახურებდა თუ არა საქართველო ივნისში კანდიდატის სტატუსის მიღებას უკრაინასა და მოლდოვასთან ერთად.

დეპუტატი დავით მათიკაშვილი: საქართველო იმსახურებს და იმსახურებდა იმ მომენტში კანდიდატის სტატუსის მინიჭებას?

ქეთევან ჩაჩავა: მე მინდა საქართველო იყოს სამეულის [გულისხმობს მოლდოვას, უკრაინას - რ.თ.] წევრი და დავეწიოთ იმ დაძრულ მატარებელს.

დეპუტატი დავით მათიკაშვილი: თქვენი სურვილი მესმის, როდესაც ამ სამი ქვეყნისთვის გაიხსნა ფანჯარა, საქართველო იმსახურებდა თუ არა სტატუსს?

ქეთევან ჩაჩავა: დამსახურება ხო კონტექსტუალური საკითხია. ქართველი ხალხი იმსახურებდა, კი ბატონო. ჩვენი იმ ძალიან მნიშვნელოვანი მხარდაჭერის და ჩვენი ევროპული ფასეულობების დაფასებას.

დეპუტატი დავით მათიკაშვილი: თქვენ მიჯნავთ ამით, ხო? ქართველი ხალხი იმსახურებდა, მაგრამ ქართული სახელმწიფო - არა.

ქეთევან ჩაჩავა: ქართველი ხალხი არის ქართული სახელმწიფო.

დეპუტატი დავით მათიკაშვილი: ​ქართულ სახელმწიფოს ხელისუფლება ჰყავს...

ქეთევან ჩაჩავა: რომელიც არჩეულია ქართველი ხალხის მიერ.

დეპუტატი დავით მათიკაშვილი: ​ანუ საქართველო იმსახურებდა კანდიდატის სტატუსს?

ქეთევან ჩაჩავა: დიახ.

კითხვები ოპოზიციიდან

5-6 ივლისის თავდასხმა ჟურნალისტებზე - დეპუტატმა თეონა აქუბარდიამ იკითხა, სახელმწიფო ინსტიტუტების რა როლი დაინახა ამ მოვლენებში კანდიდატმა.

ქეთევან ჩაჩავა: ეს იყო ტრაგიკული დღე. მე არაერთხელ დავგმე, მათ შორის, უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირების მხრიდან უპასუხისმგებლო განცხადებები. ამ ტიპის შემთხვევების დროს ძალიან მნიშვნელოვანია სწორი პოლიტიკური პოზიციები. გასაგებია, ხანდახან არ არის მარტივი, მაგრამ როდესაც ხარ ხელისუფლებაში, გაქვს ეს პასუხისმგებლობა, უზრუნველყო კონსტიტუციით გარანტირებული უფლებები ყველა მოქალაქისათვის... აუცილებელი იყო არა მხოლოდ იმ რამდენიმე აქტივისტის თუ შემსრულებლის მიმართ გამოძიება, არამედ ორგანიზატორებთან მიმართებით პასუხისმგებლობების დაყენება. არ შეიძლება შენ აქტივისტები გყავდეს მუდმივ შიშში, რომ თუ დააპირებ თქვენი კონსტიტუციით გარანტირებული გამოხატვის, შეკრების თავისუფლებას, ეს მოგივათ. ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი.

საპატრიარქოს წარმომადგენლების ვიზიტი ბრიუსელში - დეპუტატ ხათუნა სამნიძის კითხვა ეხებოდა კანდიდატის ორგანიზაციის პროექტს, რომელიც საპატრიარქოს წარმომადგენლების ინფორმირებას ისახავდა მიზნად ნატოსა და ევროკავშირის საკითხებში. "რამდენად ღირდა ან რამდენად მნიშვნელოვანი იყო? შეცვალა თუ არა დამოკიდებულებები საპატრიარქოში?" - იკითხა სამნიძემ.

ქეთევან ჩაჩავა: ჩემთვის ძალიან დიდი შედეგი იყო ოფიციალური განცხადება საქართველოს საპატრიარქოს მხრიდან, რომელიც ჩვენი ბრიუსელში ვიზიტის შემდეგ დაიდო - საპატრიარქომ თქვა, რომ იგი მხარს უჭერს საქართველოს ევროატლანტიკურ არჩევანს, რადგან ის არის ქართველი ხალხის არჩევანი. ჩემთვის, როგორც სამოქალაქო აქტივისტისთვის, ეს არის დიდი მიღწევა...

სახალხო დამცველის საკონსტიტუციო სარჩელი ტყის კოდექსზე - დეპუტატი ტარიელ ნაკაიძე დაინტერესდა, რას ფიქრობს კანდიდატი მოქმედი ომბუდსმენის სარჩელზე საკონსტიტუციო სასამართლოში, რამდენად დისკრიმინაციულად მიიჩნევს 20 ჰა ტყის საპატრიარქოსთვის გადაცემას და გააგრძელებს თუ არა ამ დავას არჩევის შემთხვევაში?

ქეთევან ჩაჩავა: ტყის კანონთან ერთად, ასევე ვიტყოდი, რომ საგადასახადო შეღავათების საკითხი კვლავ აქტუალურია. მე პირადად მზად ვარ, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია მუშაობა, დიალოგი. მე მჯერა, რომ ეს ორივე კანონი დისკრიმინაციის ნიშნებს შეიცავს.

მიხეილ სააკაშვილის უფლებების დაცვა - დეპუტატმა ნატო ჩხეიძემ კანდიდატს მიმართა, ხომ არ გაითვალისწინებდა ის "ქართული ოცნების" შენიშვნებს ნინო ლომჯარიას მიმართ იმის გამო, რომ ის ხშირად სტუმრობდა ციხეში მიხეილ სააკაშვილს.

ქეთევან ჩაჩავა: რა თქმა უნდა, მე ყველგან, სადაც საჭირო იქნება და რამდენჯერაც საჭირო იქნება, მოვინახულებ, ვისაც ჩავთვლი საჭიროდ, მათ შორის ეს იქნება ბატონი მიხეილ სააკაშვილი, ბატონი ნიკა გვარამია თუ ნებისმიერი სხვა.

პოლიტიკური საქმეები - არსებობენ თუ არა საქართველოში უკანონო და/ან პოლიტიკური მოტივაციით დაკავებული, ან დევნილი ადამიანები?" - იკითხა დეპუტატმა ანა ნაცვლიშვილმა.

ქეთევან ჩაჩავა: სახალხო დამცველის შეფასებების, ჩვენი დასავლელი პარტნიორების შეფასებებიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, ამ სტატუსთან დაკავშირებით ვიმსჯელოთ, თუმცა ვფიქრობ, შერჩევითი სამართლის ელემენტები ნამდვილად არის. განსაკუთრებით, არ შემიძლია, არ აღვნიშნო გუშინდელი გადაწყვეტილება, რომელიც ძალიან სამწუხაროა, მართლაც ყველა გამოეხმაურა. ძალიან დიდი იმედი მაქვს, ისევ სამართლებრივი სახელმწიფოს ფარგლებში, საქართველოს პრეზიდენტი გამოიყენებს შეწყალების უფლებას ბატონ ნიკა გვარამიასთან მიმართებით.

სახალხო დამცველების კანდიდატების მოსმენა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში 25 ოქტომბერს დაიწყო და მიმდინარე კვირაში დასრულდება.

კენჭისყრა გაიმართება მას შემდეგ, რაც დეპუტატები ყველა კანდიდატს მოუსმენენ. ომბუდსმენის თანამდებობის დასაკავებლად პარლამენტში 19 განაცხადი შევიდა.

სახალხო დამცველის 6 წლის ვადით ასარჩევად 90 ხმაა საჭირო.

ასევე ნახეთ პრეზიდენტობა ინდულგენციაა? - თანასწორობა ომბუდსმენის კანდიდატის, მაკა მინდიაშვილის ხედვით
ასევე ნახეთ "მოძღვარი გყავთ?" - სახალხო დამცველის კანდიდატებთან გასაუბრება გრძელდება
ასევე ნახეთ სახალხო დამცველის კანდიდატებთან გამართული კითხვა-პასუხი - მეორე ოთხეული პარლამენტში
ასევე ნახეთ პარლამენტმა სახალხო დამცველის კანდიდატების პირველ სამეულს მოუსმინა - კითხვები და პასუხები