„თანამედროვე მიდგომები“, „ზუსტად გათვლილი სტრატეგია“, „მიზნები და ამოცანები“, „უკეთეს მომავალზე ორიენტირებული ნაბიჯები“, „პრობლემის კომპლექსური აღქმა“ და ა.შ... - კიდევ ძალიან ბევრი მსგავსი ზოგადი ფრაზით შეიძლება დაახასიათო ნებისმიერი სფერო, რომელიც განვითარებას, ცვლილებას, რეფორმას საჭიროებს. მაგალითად, ჯანდაცვის სისტემა, გარემოს დაცვა, სასამართლო სისტემა და, რაღა თქმა უნდა, განათლების სისტემა. ამჯერად სწორედ განათლების სისტემის რეფორმაზე უნდა შევჩერდეთ, რომლის წარსადგენად 14 სექტემბრის დილას კახეთში, იყალთოს აკადემიის ეზოში, სკამები განლაგდა, ქართველი საზოგადო მოღვაწეების ფოტოები გადიდდა, ეკრანი ჩამოიკიდა, განათლების რეფორმის პრეზენტაცია კომპიუტერულ პროგრამა Power Point-ში მომზადდა, დრონი აფრინდა და იყალთოს აკადემიის ნანგრევებში ეფექტურად განთავსებული სტუმრები ზედხედიდან დაანახვა მაყურებელს.
ჯერ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ და შემდეგ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა ზოგადად განათლებისა და შემდეგ განათლების სისტემის რეფორმის აუცილებლობაზე გაამახვილეს ყურადღება და სწორედ ზემოთ ჩამოთვლილი ზოგადი ფრაზებით დაახასიათეს რეფორმა, რომელსაც განათლების სისტემა საჭიროებს.
Your browser doesn’t support HTML5
იყალთოს სამონასტრო კომპლექსში გამართული პრეზენტაციიდან რამდენიმე ხანში განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს პრესსამსახურმა მედიისთვის მომზადებული მოკლე-მოკლე პრეს-რელიზები გაავრცელა, რომლებიც მთავრობის მიერ დაგეგმილ რეფორმას ასევე ზოგადად, სულ რამდენიმე წინადადებით ახასიათებს.
ის, რაც იყალთოდან და პრეს-რელიზებიდან გავიგეთ:
- 2022 წლისთვის მასწავლებლის საშუალო ხელფასი 1 500 ლარს მიაღწევს, ხოლო უმაღლესი საფეხურის მასწავლებლის ხელფასი 2 000 ლარს ან მეტს. მანამდე კი 2018-2019 სასწავლო წელს გაზრდილ ხელფასს მიიღებს 10 000-მდე მასწავლებელი, მათ შორის, სპეცმასწავლებელი; 2019-2021 წლებში ხელფასები გაეზრდებათ სკოლის დირექტორებს, ადმინისტრაციულ პერსონალს.
- 2020 წლისთვის ერთიანი ეროვნული გამოცდების ახალი სისტემა დაინერგება.
- შეიქმნება სკოლის ახალი მოდელი, რომელიც გულისხმობს სკოლის დირექტორის, როგორც ლიდერის, ჩამოყალიბებას, მართვისა და სწავლების ახალ მოდელებს, გადამზადებულ პედაგოგებსა და განახლებულ ინფრასტრუქტურას.
- განათლების რეფორმამ უნდა უზრუნველყოს მოსწავლეთა კრიტიკული აზროვნების განვითარება.
- სკოლამდელი განათლების რეფორმა - ხელმისაწვდომობის ზრდა, ახალი სასწავლო პროგრამები, გადამზადებული პედაგოგები, განათლების სტანდარტის დანერგვა ბავშვის განვითარების ყველა ასაკობრივ ჯგუფში.
- უმაღლესი განათლება - განათლების ხარისხისა და აკრედიტაციის საერთაშორისო სტანდარტების დანერგვა, დამოუკიდებელი და საერთაშორისო აკრედიტაციის სააგენტოების შექმნა. 2020-23 წლისთვის დაინერგება საერთაშორისო უნივერსიტეტებთან ერთობლივი პროგრამები, ხოლო უცხოელი სტუდენტების რაოდენობა, მიზნობრივი პროგრამების განხორციელების შედეგად, 50 ათასი სტუდენტით გაიზრდება.
- პროფესიული განათლება - 2018-19 წლებში გაიზრდება საგანმანათლებლო დაწესებულებების რაოდენობა 13 მუნიციპალიტეტში, ხოლო 2019-22 წლებში გაიზრდება პროფესიულ სასწავლებელთა პედაგოგების ხელფასი.
2004 წლიდან დღემდე განათლების სამინისტრომ ათზე მეტი მინისტრი შეიცვალა. თითოეული ახალი მინისტრი მოსვლიდან მალევე განათლების რეფორმის აუცილებლობაზე იწყებდა ლაპარაკს, თუმცა 14 წლის თავზეც შეიძლება ითქვას, რომ იმ რეფორმების ძირითადი შინაარსი, რაზეც წინა მინისტრები ლაპარაკობდნენ, თითქმის უცვლელია.
Your browser doesn’t support HTML5
განათლების სპეციალისტი ნათია გორგაძე რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ამბობს, რომ განათლების სამინისტროს ახალი ხედვა განათლების რეფორმასთან დაკავშირებით იმთავითვე შეიცავს ნაკლს, რადგან, მისი თქმით, ამ ზოგადი კონცეფციიდან უკვე ჩანს, რომ სამინისტრო განათლების საფეხურებს ერთმანეთისგან მიჯნავს და არ წარმოაჩენს მათ როგორც ერთმანეთიდან გამომდინარე სფეროებს. ნათია გორგაძისავე თქმით, მან ამ ზოგად კონცეფციაში ახალი ვერაფერი ამოიკითხა და ყველა ის პირობა, რომელიც განათლების ხარისხის გაუმჯობესებისთვისაა საჭირო, ისედაც წერია ეროვნული განათლების მიზნებში. ნათია გორგაძეს წარმოდგენილ კონცეფციასთან დაკავშირებით არაერთი კითხვა აქვს.
Your browser doesn’t support HTML5
14 სექტემბერს, მთავრობის მიერ წარმოდგენილი განათლების რეფორმის გაცნობის შემდეგ, პოლიტიკური გაერთიანება „გირჩის“ პრეზიდენტობის კანდიდატმა ზურაბ ჯაფარიძემ, მისი თქმით, „გირჩის“ ისტორიაში ყველაზე მასშტაბური პროექტის განხორციელების დაწყების შესახებ განაცხადა. პროექტის პრეზენტაცია, სახელწოდებით „თავისუფალი განათლება“ 17 სექტემბერს გაიმართება. პროექტი გულისხმობს სახელმწიფო განათლების სისტემისგან სრულიად დამოუკიდებელი, ალტერნატიული სისტემის შექმნას.