სასულიერო პირები თვლიან, რომ სამართალდამცველებს ოჯახური კონფლიქტი ძალადობაში ერევათ და მათი არაადეკვატური რეაგირების გამო ადამიანები საპატიმროში ხვდებიან. ეკლესია დაკავებულების გათავისუფლებასა და ოჯახურ ძალადობაზე რეაგირების პროცესში შუამავლის როლის შესრულებას ითხოვს. ძნელია თუ არა უწყინარი კონფლიქტის გარჩევა ძალადობისგან? ვინ ხედავს ან ვერ ხედავს მღვდლების როლს ამ პროცესში?
საპატრიარქო მედიატორის როლს ითხოვს
სამი მცირეწლოვანი ბავშვის მამა რამდენიმე წლით აღმოჩნდა ციხეში იმის გამო, რომ მეუღლეებს შორის კონფლიქტი მოხდა. მერე მივიდა პატრული, დაიჭირა ოჯახის მამა და დედა თავისი შვილებით უკიდურეს გაჭირვებაში აღმოჩნდა...
ამ ისტორიას მამა გიორგი ფირცხელანი ჰყვება - მთაწმინდის ღირსი მამა დავით გარეჯელის მონასტრის მღვდელმსახური და იმაზეც ლაპარაკობს, რომ უბრალო კონფლიქტისთვის, რომელიც „ხდება ხოლმე ყველა ოჯახში“ ციხეში არაერთი კაცი ანუ „ოჯახის თავი“ წასულა.
- მისი თქმით, აღსარებების დროს მიღებული ინფორმაციით, ბევრ მოძღვარს დაუგროვდა მსგავსი ფაქტები;
- თავად მანაც, თავის მრევლში ოთხი ასეთი შემთხვევა აღრიცხა.
„ცხადია, ეკლესია მომხრეა, რომ ძალადობას მკაცრად შევებრძოლოთ, მაგრამ ბრძოლა არ უნდა მოხდეს ისე, რომ წარმოშვას უფრო ძლიერი და უფრო მძლავრი პრობლემები“ - განაცხადა მამა გიორგი ფირცხელანმა 14 თებერვალს გამართულ პრესკონფერენციაზე.
ასევე ნახეთ ოჯახში ძალადობისთვის კანონი გამკაცრდასასულიერო პირი თვლის, რომ ასეთ სავალალო შედეგებს ხშირად „სამართალდამცველების ხისტი დამოკიდებულება“ იწვევს, ხოლო სახელმწიფოში ძალადობასთან ბრძოლის რეგულაციებს ძალიან „სახიფათო ხარვეზები“ აქვს.
ეკლესია ითხოვს:
- გათავისუფლდნენ დაკავებულები - ადამიანები, რომელთა ოჯახებიც უკიდურესად დაზარალდნენ - „მათი იზოლირებით ბოროტება კი არ შემცირდა, არამედ გაბევრდა“;
- სათანადოდ გაიმიჯნოს კონფლიქტი და ძალადობა ერთმანეთისგან -„პატრული ძალიან კარგად უნდა გაერკვეს იმაში, რა არის კონფლიქტი და რა არის ძალადობა“;
- სამართალდამცველებთან ჩატარდეს საინფორმაციო სამუშაოები;
- გაიზარდოს ეკლესიის, როგორც მედიატორის, ფუნქცია ხალხსა და სახელისუფლებო სტრუქტურებ შორის.
„ეკლესია გაუწევს ოჯახებს მედიაციას მთავრობასთან, პარლამენტთან, რათა ასეთი შედეგები აღმოიფხვრას“, - ამბობს მამა გიორგი ფირცხელანი და საზოგადოებას თავიანთი ისტორიების ეკლესიამდე მიტანას სთხოვს.
ამ პროცესში ეკლესიას მხარში უდგას საქველმოქმედო ფონდი „სავსე გულით“. ამოქმედდება საგანგებო ცხელი ხაზი. ორგანიზაცია, რომელსაც პატიმართა ოჯახებთან მუშაობის გამოცდილება აქვს, ახლა უკვე ძალადობის გამო დაკავებულ პირთა ოჯახებთანაც იმუშავებს.
რას ნიშნავს აქტიური თანამშრომლობა ხელისუფლებასთან?
იმისათვის, რომ პატრულს ერთმანეთში არ აერიოს კონფლიქტი და ძალადობა, საპატრიარქო პოლიციასთან მუშაობას გეგმავს. როგორც მამა გიორგი ფირცხელანი ამბობს:
- უნდა ჩატარდეს საინფორმაციო სამუშაო სამართალდამცველებთან, ვისაც უწევს რეაგირება მსგავს ფაქტებზე;
- საინფორმაციო სამუშაოს პროცესებში უნდა მონაწილეობდნენ სასულიერო პირები და ფსიქოლოგები.
რადიო თავისუფლება შს სამინისტროს დაუკავშირდა იმის გასაგებად, თუ რას ფიქრობს უწყება სასულიერო პირების მხრიდან კონსულტაციების მიღებაზე და რა იგეგმება ამ მიმართულებით. თუმცა შეკითხვები უპასუხოდ დარჩა.
„ბრალდებისა და დამნაშავეების ძებნის გარეშე, ჩვენ უნდა თვითონ ვიპოვოთ მიზეზი, თუ რატომ მოხდა ასეთი გაუგებრობები. რატომ აღიქვა ერთმა მხარემ კონფლიქტი ძალადობად, ან მეორე მხარე რატომ მოიქცა ასე და შესაბამისად, ეს უნდა გამოსწორდეს. ამაზე იმსჯელებს პარლამენტი და ჩვენ აქტიური მუშაობა გვაქვს პარლამენტთან“, – განაცხადა მამა გიორგიმ.
ჯერჯერობით საჯაროდ არავინ ლაპარაკობს რაიმე სახის საკანონმდებლო ცვლილებებზე, მაგრამ, გიორგი ფირცხელანის თქმით, ბევრი რამ შესაძლებელია დაიხვეწოს პარლამენტისა და ეკლესიის აქტიური თანამშრომლობის პირობებში.
პარლამენტთან და მთავრობასთან აქტიური თანამშრომლობის ერთ-ერთ დასტურად 8 თებერვლის შეხვედრა სახელდება.
ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძართან არსებულ ახალგაზრდულ ცენტრში გამართულ შეხვედრას როგორც პარლამენტის, ასევე არაერთი სამინისტროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
შეხვედრაზე, რომელიც ოჯახურ პრობლემებთან დაკავშირებულ სამართლებრივ რეგულაციებზე მსჯელობას დაეთმო, სიტყვით გამოვიდა ადამიანის უფლებათა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო კილაძე. მან თქვა, რომ:
- წლების განმავლობაში სახელმწიფო ძირითადად ამკაცრებდა პასუხისმგებლობას ოჯახური ძალადობისთვის;
- ახლა დადგა ეტაპი, როდესაც ჩვენ უფრო მეტი აქცენტი პრევენციაზე უნდა გავაკეთოთ - ანუ ოჯახური ძალადობის თავიდან აცილებაზე;
- ჩვენ საზოგადოების სხვადასხვა ფენაში განათლებითა და სხვადასხვა პრევენციული ღონისძიებით უნდა შევამციროთ ასეთი შემთხვევები.
ოჯახში ძალადობა დიდი პრობლემაა საქართველოში. შს სამინისტროს ინფორმაციით, 2018 წლის პირველ ექვს თვეში გამოძიება დაიწყო ოჯახური დანაშაულის 2 804 ფაქტზე, ხოლო სისხლისსამართლებრივი დევნა 1 933 პირის მიმართ, რაც წინა წლის მთლიან მონაცემს უტოლდება. შსს-ს ცნობითვე, ოჯახური დანაშაულის ბრალდებით, 2018 წლის 6 თვეში დაკავებულია 1328 პირი.
კონფლიქტისა და ძალადობის გარჩევა ადვილია
იმისათვის, რომ ადამიანი ციხეში მოხვდეს, პოლიციელების მიერ ამა თუ იმ ფაქტის ძალადობად შეფასება ჯერ გამოძიებამ, ხოლო შემდეგ - სასამართლომაც უნდა დაადასტუროს - უთხრა რადიო თავისუფლებას ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელის იურისტმა, მანანა ფურცხვანიძემ.
შესაბამისად, როცა, კონკრეტული პირისთვის მსჯავრის დადებამდე, ძალადობის ფაქტს ყველა რგოლი დაადასტურებს, მხოლოდ პოლიციელების შეცდომაზე არ შეიძლება ვილაპარაკოთ.
- გასულ წლებში იურისტები და უფლებადამცველები ხშირად იმას უფრო უჩიოდნენ, რომ პოლიციელებს ძალადობის ფაქტის ძალადობად შეფასება უჭირდათ;
- დიდი პრობლემა იყო ის, რომ ძალადობას ოჯახის უწყინარ კონფლიქტად თვლიდნენ და მსხვერპლს სათანადო ყურადღება არ ექცეოდა.
მანანა ფურცხვანიძე შეგვახსენებს, რომ კონფლიქტი კონფლიქტია და ის შეიძლება ერთჯერადიც იყოს, ხოლო ძალადობას დროში განგრძობადი ხასიათი აქვს.
ასევე ნახეთ ოჯახური დანაშაულის საქმეებზე მხოლოდ სპეციალიზებული სამართალდამცავები იმუშავებენიურისტების შეფასებით, პრაქტიკაში მთელი რიგი პრობლემები და გამოწვევები, ცხადია, ახლაც არსებობს, მაგრამ როგორც ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენელი ნინო ჩიხლაძე ეუბნება რადიო თავისუფლებას, კანონმდებლობის გამკაცრება აუცილებელი იყო.
ამასთან, 2018 წლიდან გაცილებით გაიოლებულია ოჯახური ძალადობის ფატის ამოცნობა რისკის შეფასების სპეციალური კითხვარის საშუალებით.
- თუკი შემთხვევის ადგილას მისული პოლიციელი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს ხედავს (ცემა, დაჭრა თუ სხვა), აუცილებლად იწყება გამოძიება და საქმეში საგამოძიებო ორგანოები ერთვებიან;
- ციხე ემუქრება იმ მოძალადესაც, ვინც დაარღვევს პოლიციელის მიერ გამოწერილი შემაკავებელი ორდერის პირობებს და მსხვერპლთან კონტაქტს შეეცდება;
- თუკი ოჯახში ბავშვის მიმართ ძალადობაც იკვეთება, პროცესში აუცილებლად უნდა ჩაერთოს სოციალური მუშაკი.
„ოჯახური უწყინარი კონფლიქტისა და წაჩხუბების გამო პოლიციას, როგორც წესი, არავინ იძახებს“, - ამბობს ნინო ჩიხლაძე.
მისი აზრით, ოჯახში ძალადობის შეფასებისა და რეაგირების პროცესში მხოლოდ ის უწყებები უნდა იყვნენ ჩართული, რომლებსაც ეს უშუალოდ ეხებათ.
ამ პროცესში იურისტი სასულიერო პირების მედიაციის საჭიროებას ვერ ხედავს:
„ეს არის რეალურად სამართლებრივი პროცესი და მედიაციის როლი კიდევ უფრო დააბრკოლებს და გაართულებს ამ პროცესს. აზრთა სხვადასხვაობის პირობებში ჩვენ შეიძლება ავცდეთ საკანონმდებლო ნორმებს. არადა საკმაოდ დიდი ხანი დაგვჭირდა კანონმდებლობის გასამკაცრებლად, რაც არაერთი საერთაშორისო კონვენციით მოგვეთხოვებოდა“.