„ხალხის ძალას“, რომელიც საპარლამენტო უმრავლესობას „ქართულ ოცნებასთან“ ერთად ქმნის, პარლამენტში უკვე ორი კანონპროექტი აქვს ინიციირებული. 27 თებერვალს დარეგისტრირებულ მეორე კანონპროექტს ის ამერიკული კანონის ზუსტ ანალოგს უწოდებს. გეგმა ასეთია: პირველი მოსმენით ისინი ერთდროულად დაამტკიცებენ ორივე კანონპროექტს, ხოლო შემდეგ ორივეს გაუგზავნიან ევროსაბჭოს ვენეციის კომისიას; მაგრამ უკვე ჩანს, რომ უარყოფითი შეფასება არ იქნება მიღებული.
- „თუ არ მოსწონთ ქართული ვარიანტი, არის წარმოდგენილი ამერიკული ვარიანტი... ამერიკულ ვარიანტზე მოვისმენთ არგუმენტირებულ შენიშვნებს, ჩვენს პარტნიორებს, მათ შორის - ამერიკელებსაც გავუგზავნით, რომ მათაც განიხილონ, რადგან, თურმე, მათივე ვერსიაში ყოფილა შეუსაბამო ჩანაწერები“, - თქვა 27 თებერვალს, „ხალხის ძალის“ წარმომადგენელმა დეპუტატმა, დიმიტრი ხუნდაძემ.
- „თუკი თეთრზე დაიწერება შავი, მაშინ ჩვენ ამასაც ვიტყვით და შესაბამის გადაწყვეტილებას მივიღებთ“, - უთხრა ჟურნალისტებს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ, რომლისთვისაც, როგორც ამბობს, „თეთრი შავზე დაიწერა“ ევროპარლამენტის მიერ ბოლოს 577 ხმით დამტკიცებულ რეზოლუციაში.
საერთაშორისო პარტნიორების მწვავე შეფასებების ფონზე, "ხალხის ძალის" და "ქართული ოცნების" ერთობლივ გეგმებს, კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან მედია და არასამთავრობო ორგანიზაციები. ისინი წინასწარვე აცხადებენ, რომ "აგენტებად არ დარეგისტრირდებიან".
ასევე ნახეთ "არ ვაპირებთ ამ იარლიყით მუშაობას" - 60-ზე მეტი მედიასაშუალების ერთობლივი განცხადება
„ცუდი მესიჯი, ცუდ დროს“
ე.წ. ამერიკულ ვერსიად წოდებული მეორე კანონპროექტის („უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“) დარეგისტრირებამ ვერ შეცვალა თავდაპირველი უარყოფითი დამოკიდებულება.
ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ, 27 თებერვალს, საღამოს, კიდევ ერთხელ უთხრა ჟურნალისტებს, რომ „უცხოური გავლენის აგენტებთან“ დაკავშირებული ინიციატივა ეწინააღმდეგება ევროკავშირის „ნორმებსა და პრინციპებს“ და ეს არის „ცუდი მესიჯი, ცუდ დროს“. ელჩი იმედოვნებს, რომ ინიციატივა საბოლოოდ არ მიიღებს კანონის სახეს.
„ხალხის ძალის“ მსგავსად, საერთაშორისო პარტნიორების უარყოფით შეფასებებს არც „ქართული ოცნება“ იზიარებს. პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ და ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ ტყუილის თქმაში დასდეს ბრალი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელს, ნედ პრაისს; ხოლო გაეროს საქართველოს წარმომადგენლობის განცხადება „გადაჭარბებულად“ შეფასდა.
„მას [გაეროს] მიაჩნია, რომ შეაფერხებს [მნიშვნელოვან პროექტებს საქართველოში], მაგრამ როდესაც ნახავს, რომ გამჭვირვალობის გარდა აქ არავითარი მიზანი არ არის ჩადებული და ერთადერთი ლეგიტიმური მიზანია, ამის შემდეგ, ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ გაეროს აღარ დასჭირდება ასეთი განცხადებების კეთება, რაც იყო - გადაჭარბებული“, - თქვა მდინარაძემ 27 თებერვალს.
„მითქმა-მოთქმები, უსაფუძვლო თითქოსდა განცხადებები არის აბსოლუტურად არაფრისმომცემი. კანონი არის წარმოდგენილი განსახილველად საკომიტეტო მოსმენებისთვისაც, როგორც რეგლამენტი ითვალისწინებს. შემდეგ გამოვა სესიაზე. ეს კანონპროექტი ხელმისაწვდომია ყველასთვის. ზეპირსიტყვიერ იარლიყებს ჯობია მიუთითონ კონკრეტული ჩანაწერი, თუკი ვინმესთავის სადმე არის ეჭვის შემცველი ფორმულირება“, - თქვა „ხალხის ძალის“ წარმომადგენელმა, დიმიტრი ხუნდაძემ, გაეროს წარმომადგენლობის შეფასებებთან დაკავშირებული შეკითხვის საპასუხოდ.
ასევე ნახეთ პარლამენტში "უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ" მეორე კანონპროექტიც დარეგისტრირდა„ქართული ოცნების“ მოკავშირე „ხალხის ძალის“ ინიციატივას, ბოლო პერიოდში, საერთაშორისო პარტნიორების სხვა არაერთი მწვავე შეფასება მოჰყვა:
- 15 თებერვალს, ვაშინგტონში გამართულ ბრიფინგზე, სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ნედ პრაისმა განაცხადა, რომ კანონპროექტი, როგორც ჩანს, ეფუძნება რუსულ და უნგრულ კანონებს და არა - ამერიკულს. „შემოთავაზებული კანონი სტიგმატიზებას მოახდენს და გააჩუმებს დამოუკიდებელ ხმებსა და საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც საკუთარი საზოგადოების უკეთესი მომავლის მშენებლობის ერთგულნი არიან“, - თქვა მან.
- 24 თებერვალს, საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის პრესსპიკერი განცხადებაში აღნიშნავდა, რომ ინიციატივა „სერიოზულ შეშფოთებას იწვევს“, „კანონპროექტის მიღება შეუთავსებელი იქნება ევროკავშირის ნორმებსა და ღირებულებებთან“ და საქართველოს პოლიტიკურმა ლიდერებმა უნდა „განახორციელონ რეფორმები, რომლებიც შეესაბამება ევროკავშირში გაწევრიანების გაცხადებულ მიზანს, რომელსაც საქართველოს მოქალაქეების დიდი უმრავლესობა უჭერს მხარს“. მანამდე, ჟოზეპ ბორელმა, 21 თებერვალს, რადიო თავისუფლების შეკითხვის საპასუხოდ, ინიციატივას „შემაშფოთებელი“ უწოდა.
- 24 თებერვალს, საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ ჟურნალისტებს უთხრა, რომ ინიცირებული კანონპროექტი „აშკარად არ შეესაბამება ევროკავშირის ღირებულებებსა და პრინციპებს. ეს ინიციატივა შეუთავსებელია, სულ მცირე [ევროკავშირის] 12 პრიორიტეტთან. ეს არის ცუდი გზავნილი, რომელიც ამავდროულად ცუდ დროს შემუშავდა“.
- 25 თებერვალს, ევროკავშირის მორიგე თავმჯდომარე ქვეყნის, შვედეთის ელჩმა საქართველოში, ულრიკ ტიდესტრომმა, ტვიტერზე დაწერა, რომ კანონპროექტი „შეუთავსებელია ევროკავშირის ნორმებსა და ფასეულობებთან და ასევე, ევროკავშირისკენ საქართველოს სწრაფვასთან“.
- 25 თებერვალს, ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ ტვიტერზე გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ინიციატივა „ეწინააღმდეგება ქართველი ხალხის ურყევ ევროპულ მისწრაფებებსა და ადამიანის უფლებების საერთაშორისო ვალდებულებებს“ და „უარყოფითად აისახება ნორვეგია-საქართველოს თანამშრომლობაზე“.
- 26 თებერვალს, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის საქართველოს წარმომადგენლობის განცხადებაში ნათქვამია, რომ „კანონპროექტის მიღება საფრთხეს უქმნის სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის საქმიანობას და მათ არსებით წვლილს საქართველოს დემოკრატიის მშენებლობაში“.
- 24 თებერვალს, შეშფოთება გამოხატა დემოკრატიული არჩევნების ევროპულმა პლატფორმამ (EPDE). განცხადებაში ნათქვამია, რომ კანონპროექტი რუსეთის მაგალითს ეფუძნება, სადაც მსგავსი კანონი 10 წელია მოქმედებს და არასამთავრობო ორგანიზაციების „უცხოეთის აგენტებად“ სტიგმატიზაცია სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ ბრძოლის მომდევნო ეტაპია.
საერთაშორისო პარტნიორების საპირისპირო შეფასებების მიუხედავად, 27 თებერვალს, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები იმეორებდნენ, რომ დარეგისტრირებულ საკანონმდებლო ინიციატივებს არანაირი კავშირი არა აქვს საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან.
„ოცნება“ და „ხალხის ძალა“ გეგმავენ, რომ ან ერთი, ან მეორე პროექტი ივნისის ბოლომდე სამივე მოსმენით დამტკიცდეს.
რატომ ჩქარობენ?
„ქართული ოცნება“ აცხადებს, რომ მიზანი - გამჭვირვალობა და ხალხისთვის ხელმისაწვდომი რეესტრის შექმნაა; რაც, ექსპერტების შეფასებით, ეჭვებსა და უნდობლობას სწორედ კრიტიკული მედიისა და მესამე სექტორისადმი ხელისუფლების მკაფიოდ უარყოფითი დამოკიდებულების გამო იწვევს.
„რა საფუძველი გვაქვს ხელისუფლების მიმართ ნდობის? „ქართული ოცნება“ გვეუბნება, რომ ჟურნალისტი, რომელიც არ ზის სახელისუფლებო ტრენდზე, არის „ნაცი“, შესაბამისად - ომის მომხრე და შესაბამისად - სახელმწიფოს მტერი. ასევე, არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც არ ამართლებს სახელისუფლებო პროპაგანდას, არის სახელმწიფოს მტერი და უნდა ომი... ვხედავთ, რომ ხელისუფლება განსხვავებულ აზრს სხვადასხვა ფორმით დევნის“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას ექსპერტი და ტელეწამყვანი, არჩილ გამზარდია, რომელიც 2015 წელს თანამშრომლობდა „ქართულ ოცნებასთან“. მისი თქმით, საერთაშორისო და ადგილობრივ დონეზე ამდენი ეჭვი არ გაჩნდებოდა, საქართველო ნამდვილად დემოკრატიული ქვეყანა რომ იყოს და სასამართლოს მიმართ ნდობა არსებობდეს. შესაბამისად, ვერც ამერიკული მოდელის გადმოტანის მიმართ იქნება ნდობა, რადგან „ტორტის დანითაც შეიძლება მოკლა ადამიანი“.
არჩილ გამზარდია გვეუბნება, რომ ხელისუფლება უკვე ემზადება არჩევნებისთვის და ცდილობს შექმნას სრულად კონტროლირებული გარემო, „იმ ორგანიზაციების სრული დისკრედიტაციით ან განადგურებით, რომელებისგანაც კრიტიკულ დამოკიდებულებას მოელის“. „ჩვენ ვხედავთ ტოტალიტარიზმისკენ სვლის პროცესს“, - გვეუბნება ექსპერტი და ამატებს, რომ არც ისე შორეულ მომავალში წესები კიდევ უფრო გამკაცრდება.
ასევე ნახეთ სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ "ხალხის ძალის" კანონპროექტს მხარს არ დაუჭერსსაერთაშორისო პარტნიორების მწვავე შეფასებების პარალელურად, 27 თებერვალს, რამდენიმე ათეულმა მედიაორგანიზაციამ წინასწარვე განაცხადა, რომ არ აპირებს „გავლენის აგენტებად“ დარეგისტრირებას, რადგან „ამ კანონის მიზანია, აღარ ისმოდეს კრიტიკული ხმა, მედიამ და საზოგადოებრივმა ორგანიზაციებმა ვეღარ ასახონ ქვეყანაში არსებული კორუფცია, უსამართლობა და სიღარიბე“. მანამდე, „გავლენის აგენტებთან“ დაკავშირებული ინიციატივის წინააღმდეგ გამოვიდა რამდენიმე ასეული არასამთავრობო და მედიაორგანიზაცია.
მედიის ადვოკატირების კოალიციის წევრი, ორგანიზაცია „მედიაომბუდსმენის” ხელმძღვანელი ნათია კაპანაძე რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ იმას, რასაც ხელისუფლება აპირებს, გამჭვირვალობასა და დემოკრატიასთან კავშირი არა აქვს.
„ხელისუფლება ცდილობს მისგან დამოუკიდებელი ადამიანების მართვას... მეორე კანონპროექტი კიდევ უფრო შორს დგას დემოკრატიის მიღწევებისგან. 9-პუნქტიანი კანონი, რომელიც დღეს დაარეგისტრირეს, არ წარმოადგენს ამერიკული კანონის თარგმანს. ამერიკული კანონი არის ძალიან ვრცელი... საქართველოში ისედაც გამჭვირვალეა და კონტროლს ექვემდებარება ორგანიზაციების შემოსავლები და ფინანსური ბრუნვა. საგადასახადო დეკლარაციების, სააუდიტო შემოწმების პროცესში და ასევე კომუნიკაციების კომისიასთან გაზიარებული ფინანსური დოკუმენტების ნაწილში არის ხელმისაწვდომი. კომისიის ვებგვერდზე არის წვდომა მაუწყებლების შემოსავლებსა და ხარჯებზე“, - გვეუბნება კაპანაძე და დასძენს, რომ ხელისუფლება ცდილობს კრიტიკული აზრი „რუსეთში გამოცდილი იარაღით სამაგალითოდ დასაჯოს“; თუმცა „ეს ჩვენ კიდევ უფრო გვაფხიზლებს“.
ასევე ნახეთ "არა რუსულ კანონს" - ჟურნალისტები პარლამენტში "ხალხის ძალის" კანონპროექტს აპროტესტებენჟურნალისტები, რომლებმაც საკანონმდებლო ინიციატივა 27 თებერვალს, პარლამენტში კიდევ ერთხელ გააპროტესტეს, ამბობენ, რომ ეს არის რუსული კანონი და ხელისუფლებას „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონით მათი გაჩუმება უნდა.
ჟურნალისტების მხარდაჭერა სურდათ სამოქალაქო აქტივისტებსაც, მაგრამ მათ დღეს, პარლამენტში შესვლისას, პრობლემები შეექმნათ. საშვების დაშვება სცადა ოპოზიციონერმა დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა. „ნეტგაზეთის“ მიერ გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, რომ მას დაცვის თანამშრომლებმა არ მისცეს პარლამენტში მოქალაქეების შეყვანის შესაძლებლობა.