Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ "ხალხის ძალის" კანონპროექტს მხარს არ დაუჭერს


საქართველოს პრეზიდენტი
საქართველოს პრეზიდენტი

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ საპარლამენტო უმრავლესობის ნაწილის - "ხალხის ძალის" კანონპროექტი ("უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ") ქვეყანას რუსეთთან აახლოებს და მხარს ვერ დაუჭერს. პრეზიდენტის პოზიციას მისი ადმინისტრაცია წერილობით ავრცელებს.

"სწორედ იმ დროს, როცა მზადდება ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულების პირველადი შეფასება, როცა 24 თებერვლის მოახლოება, ასოცირებული ტრიოს სამივე ქვეყნისთვის, სულ უფრო აქტუალურს ხდის ევროპული მომავლის საკითხს, სწორედ ამ დროს ირჩევს ერთ-ერთი პოლიტიკური დაჯგუფება, რომ მოახდინოს კანონის ინიცირება, რომელიც თავისი შინაარსით ევროპას კი არა, რუსეთის მანკიერ მოდელს გვაახლოებს...

ამუშავებულია ძალა, რომელიც საქართველოს ევროპული გზის განმტკიცების მაგივრად, ქართულ ინტერესად სხვა გზას მიიჩნევს.

ასეთ კანონმდებლობას და ახალი აგენტების დევნას საქართველოს პრეზიდენტი მხარს ვერ დაუჭერს", - წერია განცხადებაში და აქვე აღნიშნულია, რომ კანონპროექტი პარლამენტში დარეგისტრირდა მაშინ, როცა ქვეყანაში ამერიკელი სენატორების დელეგაციაა ჩამოსული.

კანონპროექტი საქართველოს პარლამენტში ოფიციალურად დღეს, 20 თებერვალს დარეგისტრირდა.

კანონპროექტი "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" ინიცირებულია მოძრაობა "ხალხის ძალის" მიერ. მოძრაობა გასულ წელს შექმნა მმართველი პარტიიდან, "ქართული ოცნებიდან" წასული, თუმცა, საპარლამენტო უმრავლესობაში დარჩენილი დეპუტატების ჯგუფმა.

კანონპროექტის მიხედვით, ყველა, ვინც "უცხოური გავლენის აგენტად" მოიაზრება, ვალდებულია დარეგისტრირდეს საჯარო რეესტრში, ამავე სახელწოდების ბაზაში.

დოკუმენტის მიხედვით, "უცხოური გავლენის აგენტებად" მოიაზრებიან:

  • ყველა არასამეწარმეო(არაკომერციული) იურიდიული პირი, მათ შორის ყველა არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლის წლიური შემოსავლის 20 პროცენტზე მეტი "უცხოური ძალაა". თუმცა, არა - სახელმწიფო ორგანიზაციები ან საქართველოს კანონმდებლობით დაფუძნებული სპორტული ფედერაციები;
  • ტელევიზიები, რომელთა შემოსავლის 20 პროცენტზე მეტი "უცხოური ძალაა"(არ იგულისხმება რეკლამა);
  • მასობრივი ინფორმაციის საშუალებები, მათ შორის გაზეთები და ონლაინ მედიასაშუალებები, რომელთა შემოსავლის 20 პროცენტზე მეტი "უცხოური ძალაა"(არ იგულისხმება რეკლამა).

მმართველი პარტიის თავმჯდომარე და პარლამენტის დეპუტატი, ირაკლი კობახიძე ერთი მხრივ ამბობს, რომ არ გამოდგება "ხალხის ძალის" ინიცირებული კანონპროექტის ("უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ") დამცველად, თუმცა მეორე მხრივ, ის აღნიშნავს, რომ "უფრო რბილია", ვიდრე "მისი ამერიკული ვარიანტი".

"ჩვენ დავარბილეთ და ყველაფერი საბოლოო ჯამში, რაც შეიძლება იყოს განხილული საქართველოში, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობაში მყოფი კანონი", - თქვა ირაკლი კობახიძემ, პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ.

XS
SM
MD
LG