იმ შემთხვევებში, როდესაც სპორტსმენები ამბობენ ან აკეთებენ იმას, რაც ხელისუფლებას არ მოსწონს, მმართველი გუნდის წარმომადგენლები სპორტისა და პოლიტიკის გამიჯვნის აუცილებლობაზე საუბრობენ.
2024 წლის გაზაფხულზე, მას შემდეგ, რაც საქართველოს საფეხბურთო ნაკრების არაერთმა ფეხბურთელმა პროტესტი გამოხატა „აგენტების კანონის“ მიღების გამო, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა:
„იმ ბიჭებს და საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ნუ გარევთ პოლიტიკურ პაექრობაში. ვიპაექროთ ჩვენ და იმ ხალხს თავი დაანებონ. ფეხბურთის თემის გამოყენებას დაანებონ თავი“, - თქვა მან 4 აპრილს.
მაგრამ „ქართული ოცნება“ არათუ „პოლიტიკაში რევს“ სპორტსმენებს, - მის რიგებში არაერთი წარმატებული სპორტსმენი ირიცხება მაღალ თანამდებობებსა და პოლიტიკურ ლიდერებს შორის, - არამედ „სპორსტვოშინგითაა“ დაკავებული.
„ოცნების“ ლიდერებმა და ოფიციალურმა პირებმა, კრიტიკაზე პასუხად, ჯერ არა მხოლოდ ფეხბურთელების, არამედ იმ სხვა სპორტსმენების მწვავე კრიტიკა დაიწყეს, ვინც „აგენტების კანონის“ წინააღმდეგ ხმა აიმაღლა.
რამდენიმე კვირაში კი კიდევ რამდენჯერმე გააკეთეს ის, რასაც „სპორტსვოშინგს“ უწოდებენ.
დავიწყოთ „სპორტსვოშინგით“
„სპორტსვოშინგი“ - ეს არის პროპაგანდის ფორმა, რომელიც სპორტსა და სპორტსმენებს რეპუტაციის ასამაღლებლად იყენებს.
ეს ინგლისური ტერმინი ქართულად სპორტის საშუალებით პოლიტიკური ჭუჭყის ჩამორეცხვას ნიშნავს.
ამ პრაქტიკას იყენებენ მთელ მსოფლიოში.
მაგალითად, საუდის არაბეთში, სადაც ლიდერები სპორტსმენებთან ურთიერთობებით ადამიანის უფლებათა კუთხით მძიმე მდგომარეობის გადაფარვას ცდილობენ - და საქართველოშიც.
ასევე, რუსეთში, სადაც რამზან კადიროვი UFC-ის მებრძოლებით აკეთებს ამას.
და გვხვდება საქართველოშიც.
„ქართული ოცნების“ წარმომადგენლები მუდმივად ცდილობენ, ექსკლუზიური ადგილები დაიკავონ წარმატებული ქართველი სპორტსმენების გვერდით.
მაგალითად, პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ნაკრების პირველი დიდი გამარჯვების - ევროპის ჩემპიონატზე გასვლის - შემდეგ, გასახდელშიც შევიდა და ფეხბურთელებთან ერთად სცენაზეც გამოვიდა.
პრემიერ-მინისტრი კვლავ გამოვიდა სცენაზე, ამჯერად 2 ივლისს, ნაკრების თბილისში დაბრუნების შემდეგ, თუმცა უარყოფითი შეძახილების ფონზე, მალევე დაასრულა სიტყვა.
„ქართუს“ საჩუქრები
2024 წლის ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების მიღწეულმა ისტორიულმა შედეგმა კიდევ ერთხელ წამოსწია დისკუსიები პოლიტიკოსების მიერ სპორტსმენების საკუთარი მიზნებისათვის გამოყენებაზე.
23 აპრილს ბიძინა ივანიშვილის ფონდმა „ქართუმ“ განაცხადა, რომ ევროპის ჩემპიონატზე გასვლისთვის ნაკრებს 30 მილიონ ლარს ჩუქნიდა.
იმავე განცხადებით კი პირობა დადო, რომ ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის გასვლის შემთხვევაში კვლავ 30 მილიონი ლარით დააჯილდოებდა.
პირობა ივნისში შეასრულა და რამდენიმე ფეხბურთელის მადლობაც მიიღო.
ასევე ნახეთ ივანიშვილის საჩუქრები - გახსოვთ, რას მიიჩნევდა თავის ყველაზე დიდ ქველმოქმედებად მილიარდერი?
ეს ყველაფერი სამთავრობო მედიამ ფართოდ და დადებითად გააშუქა.
პარალელურად, „ოცნების“ ლიდერები კვლავ ამტკიცებენ, რომ სპორტსმენებს პოლიტიკაში არ რევენ.
„ჩვენ ვართ ის ხელისუფლება, ვისაც მცირედითაც არ გვიცდია, რომ პოლიტიკაში ჩაგვერთო ფეხბურთი, რადგან ყოველთვის გვჯეროდა და დღესაც გვჯერა, რომ ფეხბურთელების უპირველესი ამოცანა არის, ითამაშონ და გაიმარჯვონ“, - თქვა არჩილ თალაკვაძემ 4 ივლისს „იმედის“ ეთერში.
კახა კალაძე
„ქართული ოცნების“ რიგებში სპორტისა და პოლიტიკის გადაკვეთის პირველი შემთხვევა ჯერ კიდევ იმ დროინდელია, როდესაც „ოცნება“ ოპოზიციური პარტია იყო და „ნაციონალური მოძრაობის“ დამარცხებას ცდილობდა.
2011 წლის პირველ დეკემბერს „მილანის“ ყოფილი ვარსკვლავი კახა კალაძე, რომელიც იმხანად იტალიურ კლუბ „გენოაში“ თამაშობდა, „მილანი“-„გენოას“ მატჩისწინა პრესკონფერენციაზე „ქართული ოცნების“ მაისურით მივიდა.
პრესკონფერენციაზე კალაძემ საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზეც ისაუბრა და თქვა:
„ჩემს ხალხს სურს, რომ დემოკრატიულ და თავისუფალ ქვეყანაში იცხოვროს… ჩემთვის ძალიან მტკივნეულია, რომ საქართველოში დიქტატურაა. იმედი მაქვს, მალე ყველაფერი სასიკეთოდ შეიცვლება“.
მალევე, 12 დეკემბერს მან განაცხადა, რომ მიიღო ძალიან მძიმე გადაწყვეტილება და 33 წლის ასაკში კარიერა დაასრულა. 2012 წლიდან კი „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიას შეუერთდა.
შემდეგ ჯერ ენერგეტიკის მინისტრი და ამავდროულად ვიცე-პრემიერი იყო, 2017-21 წლებში კი თბილისის მერის არჩევნებში ორჯერ გაიმარჯვა.
ცოტნე ივანიშვილი ფეხბურთელებთან
„გადმოვახვიოთ დრო“ 13 წლით.
ევროპის ჩემპიონატზე პლეი-ოფში გასული საქართველოს ნაკრების წევრებს კახა კალაძესთან ერთად გერმანიაში მყოფი ცოტნე ივანიშვილი - ბიძინა ივანიშვილის უმცროსი ვაჟი ხვდება.
ცოტნე ივანიშვილი როგორღაც ახერხებს გერმანიაში, ქალაქ ფელბერტში, სავარაუდოდ, ერთ-ერთ სასტუმროში შესვლას და იქ დროებით მცხოვრებ ხვიჩა კვარაცხელიასა და გიორგი მამარდაშვილთან ერთად იღებს ფოტოს.
ასევე ნახეთ მამის გავლენა თუ ყველასთვის ხელმისაწვდომი ფოტო ფეხბურთელებთან?მართალია, ცოტნე ივანიშვილი პოლიტიკაში არ არის, თუმცა მამის, ბიძინა ივანიშვილის ფიგურა ძლიერად დომინირებს ქართულ პოლიტიკურ სივრცეს.
პოლიტიკაში ცოტნე ივანიშვილის როლი ჯერჯერობით იმით შემოიფარგლა, რომ 29 აპრილს, - როდესაც მმართველმა გუნდმა რეგიონებიდან ავტობუსებით ჩამოიყვანა მომხრეები „აგენტების კანონის“ მხარდასაჭერად „საერთო-ეროვნულ შეკრებაზე“, - მსვლელობაში მიიღო მონაწილეობა და თქვა:
„ეს არ არის რუსული კანონი, ეს ქართული კანონია“.
პოლიტიკაში „გარეული“ სპორტსმენები
„ქართული ოცნების“ რიგებში არაერთი სპორტსმენია.
რაღაც ეტაპზე, ყველა მათგანი „გაერია“ პოლიტიკაში.
მაგალითად, კალათბურთელი ვიქტორ სანიკიძე.
იგი 2003-17 წლებში საქართველოს, ესპანეთის, იტალიისა და რუსეთის სახელგანთქმულ საკალათბურთო კლუბებში თამაშობდა.
2020 წელს იგი „ქართული ოცნების“ სარჩევნო სიის მე-13 ადგილზე აღმოჩნდა (ეროვნულ ნაკრებში სწორედ ამ ნორმით თამაშობდა).
პოლიტიკაში ოფიციალურად გამოჩენამდე, იგი „ტიკტოკ“-ზე გამოჩნდა ბიძინა ივანიშვილის შუათანა ვაჟთან, ბერასთან ერთად.
ასევე ნახეთ „ოცნების“ სიაში მოხვედრამდე სანიკიძე TikTok-ზე ბერასთან ერთად გამოჩნდამან 2023 და 2024 წლებში მხარი დაუჭირა „აგენტების კანონს“, - რის გამოც, სხვა მიზეზებთან ერთად, საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი შეჩერდა.
დავით კაჭარავა
„ქართული ოცნებით“ დაიწყო და მის განაყოფ „ხალხის ძალაში“ გადავიდა პროფესიონალი მორაგბე დავით კაჭარავა.
მისი კარიერაც საფრანგეთსა და რუსეთში ვითარდებოდა. იყო საქართველოს ნაკრების გამორჩეული წევრი.
ისიც სანიკიძესთან ერთად დაასახელეს 2020 წლის საარჩევნო კამპანიისას. სიაში მე-16 ნომერი იყო.
მიიჩნევს, რომ ოპოზიციას „არ მოსწონს ქართული სპორტის წარმატება“.
„აგენტების კანონს“ მანაც დაუჭირა მხარი.
შოთა ხაბარელი
65 წლის შოთა ხაბარელი ყოფილი ძიუდოისტია.
კარიერის დასრულების შემდეგ, იგი საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებს ჯამში 16 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა.
„ქართული ოცნების“ წევრია 2012 წლიდან.
დაიწყო ჯერ კრწანისის, შემდეგ ლილოს მაჟორიტარობით. 2020 წლის პარლამენტში პარტიული სიით შევიდა.
ხაბარელმა ამ გაზაფხულზე საფეხბურთო ნაკრების თავდამსხმელს, ბუდუ ზივზივაძეს საჯაროდ მიმართა, მას შემდეგ, რაც ფეხბურთელმა გააკრიტიკა „აგენტების კანონი“ და პოლიციელების მიერ დემონსტრანტების ძალის გამოყენებით დაშლა:
„სანამ რამეს დაწერ, ან ცოტა დაფიქრდი, ან შენ წინამორბედებს კითხე ბოლო-ბოლო და აგიხსნიან, სინამდვილეში რა ბრძოლა მიდის ახლა“, - მიმართა ხაბარელმა ზივზივაძეს.
ასევე ნახეთ „ამდენი ხანია, გიტარებთ“ - ვინ აკრიტიკებს სპორტსმენებს „აგენტების კანონის“ დაგმობის გამო
ლადო ხინჩეგაშვილი
წარმატებული მოჭიდავეა გორის მერი, ლადო ხინჩეგაშვილი.
ის თავის წონით კატეგორიაში ევროპის სამგზის (2014, 2016 და 2017) და მსოფლიოს ჩემპიონია (2015).
პოლიტიკაში ახალბედაა.
ის 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე გამოჩნდა პირველად გორის მუნიციპალიტეტის მერის კანდიდატად.
არჩევნებში 52.9%-ით სძლია კონკურენტებს და მას შემდეგ გორის მერია.
ხშირად მოგზაურობს შეერთებულ შტატებში.
ფედერაციების კონტროლი
გარდა „სპორტსვოშინგისა“, სტრატეგია, რასაც ხელისუფლება იყენებს, სპორტული ფედერაციების კონტროლზე გადის.
ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი 2015 წლიდან არის ვეტერანი ფეხბურთელი, „ფრაიბურგის“, „შალკესა“ და „ჰერტას“ ყოფილი ვარსკვლავი, ლევან კობიაშვილი.
პარალელურად, 2016 წლიდან დღემდე, პარლამენტის წევრია „ქართული ოცნების“ რიგებში.
2015 წლის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნებს დაძაბულობა გასდევდა.
კობიაშვილის კონკურენტი ფედერაციის პრეზიდენტობაში რევაზ არველაძე იყო.
„ვერ ვიფიქრებდი, თუ ოდესმე ასეთი ჯოჯოხეთის გავლა მომიწევდა... უთანასწორო ბრძოლაში ვიყავი“, - თქვა არველაძემ დამარცხების შემდეგ.
ფარულ არჩევნებზე, რომელიც თბილისში, სასტუმრო „ჰოლიდეი ინში“ გაიმართა, 18-მა დელეგატმა კობიაშვილს დაუჭირა მხარი, 15-მა კი არველაძეს.
ყრილობაზე ხმის მიცემის უფლება ჩამოართვეს რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთისა და გურიის ფედერაციების პრეზიდენტებს, რომლებიც, ჟურნალისტების ცნობებით, არველაძეს უჭერდნენ მხარს.
არველაძის კიდევ ერთი მხარდამჭერი, გეგა გობეჯიშვილი კი ნარკოტიკების მოხმარების ბრალდებით დააკავეს და დელეგატის სტატუსი ჩამოართვეს.
არჩევნებზე მთელი დღის მანძილზე იმყოფებოდა ენერგეტიკის მაშინდელი მინისტრი კახა კალაძე, რომელიც მიწვეულ სტუმართა სიაში არ ყოფილა.
2023-24 წლებში კობიაშვილმაც დაუჭირა მხარი „აგენტების კანონს“. განხილვებისას, სპორტსმენების კრიტიკის პარალელურად, ამბობდა, რომ „წარმოუდგენელი მასშტაბის ზეწოლა“ იყო ფეხბურთელებზე.
„სპორტსმენებს ჩვენი ქვეყნისთვის ბევრად დიდი მისია აკისრიათ, ვიდრე ვინმეს სასარგებლოდ პოზიციის დაფიქსირება შეიძლება იყოს“, - დაწერა მან 8 მაისს.
რაგბის კავშირი
დაძაბულობა ახლდა რაგბის კავშირის პრეზიდენტის არჩევნებსაც 2021 წელს. პრეზიდენტი სოსო ტყემალაძე გახდა, რომელიც ბიძინა ივანიშვილის ბიზნესპარტნიორია. დღემდე ისაა ამ თანამდებობაზე.
მან 2024 წლის 2 მაისს განაცხადა, რომ „მორაგბეებზე და განსაკუთრებით ეროვნული ნაკრების მოთამაშეებზე სერიოზული ზეწოლა მიმდინარეობს“, - „აგენტების კანონის“ გამო.
„მოვუწოდებ ყველას, შეწყვიტონ ეს ზეწოლა და მისცენ სპორტსმენებს საშუალება, აკეთონ თავიანთი საქმე. იგივეს მოვუწოდებ მორაგბეებსაც, რომ აკეთონ თავიანთი პროფესიული და საყვარელი საქმე“, - განაცხადა მან.
ამავე კონტექსტში ისაუბრა ივანიშვილის „ქართუ ფონდზე“ და თქვა, რომ „თუ ერმა დაივიწყა მადლიერება და სიკეთე, რაც „ქართუ ფონდის“ ქველმოქმედება იყო, არის და რაც მთავრობის მხარდაჭერაა, ჩვენ ასე წინ ვერ წავალთ“.
ტყემალაძის არჩევის პროცესი საპროტესტო დემონსტრაციებისა და პოლიტიკური ნიშნით ჩარევის პარალელურად წარიმართა.
მისი ოპონენტი „ქართული ოცნების“ ყოფილი დეპუტატი, ყოფილი მორაგბე ირაკლი აბუსერიძე იყო.
აბუსერიძე ერთ-ერთ ყრილობაზე პრეზიდენტად აირჩიეს, თუმცა საჯარო რეესტრმა ლეგიტიმაცია არ მისცა და არჩევნები ხელახლა ჩატარდა.
აბუსერიძის მხარდამჭერები ჰყვებოდნენ არჩევნებში ჩარევასა და ზეწოლაზე - და ივანიშვილის ინტერესზე, გაეკონტროლებინა რაგბის კავშირი.
რაგბი ბიძინა ივანიშვილს ჯერ კიდევ პოლიტიკაში მოსვლამდე აინტერესებდა.
მას მსხვილი ინვესტიციები აქვს საქართველოში ამ სპორტის განვითარებაში ჩადებული.
რაგბის კავშირიც წლებია, მადლიერებას გამოხატავს „გამორჩეული მეცენატისადმი“, „რაგბის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის“.