უმრავლესობაში არ გამორიცხავენ, რომ დავით სერგეენკოსთვის დატოვებული მანდატი სამომავლოდ „გადამწყვეტი საკითხების“ დროს დასჭირდეთ.
მანამდე, ასევე გაცდენის მიზეზით, „ქართულმა ოცნებამ“ მანდატები გაუუქმა ოპოზიციონერ დეპუტატებს და აცხადებდა, რომ კანონი სხვა გზას არ ტოვებდა. არცთუ შორეულ წარსულში იყო ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის მანდატების ძალით შენარჩუნების ფაქტებიც, მათი ნების საპირისპიროდ.
კონსტიტუციონალისტები მაშინაც და ახლაც კონსტიტუციის მოთხოვნების დარღვევისკენ უთითებენ.
რატომ არ გაუშვეს?
დავით სერგეენკოსთვის უფლებამოსილების საკითხს პარლამენტის სხდომაზე 5 სექტემბერს უყარეს კენჭი. მომხრე მხოლოდ 2 დეპუტატი აღმოჩნდა, მოწინააღმდეგე კი - 12.
სერგეენკო პარლამენტში დატოვეს, არასაპატიო გაცდენების კრიტიკული მაჩვენებლის მიუხედავად და არც იმის ნიშნები ჩანს, რომ - დეპუტატი საპარლამენტო ცხოვრებაში აქტიურ ჩაბმას გეგმავს.
დავით სერგეენკოსთვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხს საპროცედურო საკითხთა კომიტეტის სხდომაზე ჯერ კიდევ 14 ივლისს დაუჭირეს მხარი. კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ქადაგიშვილი აცხადებს, რომ „კომიტეტმა ყველა მონაცემი შეამოწმა, გადაამოწმა და მისი [არასაპატიო გაცდენების] რეალობა დაადასტურა“.
- საქართველოს პარლამენტის 2023 წლის მორიგი საგაზაფხულო სესიის განმავლობაში სულ ჩატარდა 32 მორიგი სხდომა, აქედან დავით სერგეენკომ გააცდინა - 25.
- კანონმდებლობის თანახმად, დეპუტატის უფლებამოსილების საკითხი დგება იმ შემთხვევაშიც, თუკი ის „მორიგი სესიის განმავლობაში არასაპატიო მიზეზით არ დაესწრო მორიგი სხდომების ნახევარზე მეტს“.
უმრავლესობის დეპუტატმა, არჩილ თალაკვაძემ 5 სექტემბერს მიანიშნა ჟურნალისტებს, რომ გადაწყვეტილება მიღებულია დავით სერგეენკოსთან კონსულტაციის შემდეგ, „მისი აზრის გათვალისწინებით“ და „პარლამენტს შეუძლია პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღება“, რაც ასევე „თანაგუნდელის მიმართ პატივისცემას გამოხატავს“.
„ყველაფერი არის ძალიან უბრალოდ და იმ ფარგლებში, რაც შეეფერება სერგეენკოს გუნდთან ურთიერთობებს“, - თქვა თალაკვაძემ.
ასევე ნახეთ სერგეენკოსთვის დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტას პარლამენტმა მხარი არ დაუჭირაპარლამენტის ყოფილ თავმჯდომარეს, „ლელოს“ წარმომადგენელ დეპუტატს, დავით უსუფაშვილს ეეჭვება, რომ დავით სერგეენკო მანდატის შენარჩუნებით კმაყოფილი იყოს, რადგან „ამ ტიპის მაქინაციებში ის არასოდეს ყოფილა შემჩნეული“.
„სერგეენკოს წასვლა გადაწყვეტილი ჰქონდა და უმრავლესობაც შეგუებული იყო... გაზაფხულზე სერგეენკომ ანგარიში გაუწია უმრავლესობას და არ დატოვა პარლამენტი. გაზაფხულზე რომ დაეწერა წასვლის განცხადება, მაშინ საბურთალოს ოლქში ახლა, შემოდგომაზე, არჩევნები იქნებოდა ჩასატარებელი, რაც „ქართულ ოცნებას“ არ აწყობდა და ეშინოდა... მაშინ, როგორც ჩანს, შეთანხმდნენ, რომ ის პარლამენტში აღარ ივლიდა და უფლებამოსილებას მხოლოდ ახლა შეუწყვეტდნენ“, - ეუბნება დავით უსუფაშვილი რადიო თავისუფლებას.
მაშინ რატომ აღარ შეუწყვიტეს უფლებამოსილება ახლა? უსუფაშვილი ვარაუდობს, რომ ასეთი გადაწყვეტილება „ბოლო წუთას იქნა მიღებული“, რადგან „ქართული ოცნება“ „ბოლო ხანს არასწორი ნაბიჯების გამო იმდენად სუსტდება, რომ თითოეულ ხმას ოქროს ფასი დაედო“ და „სერგეენკო არ გაუშვეს“.
რაში გამოადგება „ქართულ ოცნებას“ სერგეენკოს მანდატი?
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ 6 სექტემბერს ჟურნალისტებთან მოტივაციად დაასახელა „თუნდაც ისიც, მათ შორის, რომ - გადამწყვეტი საკითხები შეიძლება იყოს და იქაც [დაგვჭირდეს - რ.თ.]“. „კი ბატონო, ამასაც გიღიარებთ...“, - თქვა მდინარაძემ და დაამატა, რომ დავით სერგეენკო მათგან დიდ პატივისცემას იმსახურებს.
თანახმაა თუ არა თავად დავით სერგეენკო, რომ „ქართულ ოცნებისთვის“ გადამწყვეტ მომენტში მივიდეს პარლამენტში? - შეკითხვა უპასუხოდ რჩება. სერგეენკოსთან დაკავშირება რადიო თავისუფლებამ ვერ შეძლო.
ასევე ნახეთ დეპუტატები ვლადიმერ ჩაჩიბაია და ნინო იობაშვილი პრემიერის მრჩევლებად ინიშნებიანდავით სერგეენკოსა და „ქართული ოცნების“ პოზიციები მმართველი პარტიისთვის მეტად პრინციპულ საკითხთან დაკავშირებით გაიყარა.
დაირღვა თუ არა კონსტიტუცია?
კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ დეპუტატ სერგეენკოსთვის მანდატის შენარჩუნების გადაწყვეტილება კონსტიტუციის მოთხოვნებთან შეუსაბამოა.
„პარლამენტს, ასეთ შემთხვევაში, არა აქვს თავისუფალი არჩევანი გადაწყვეტილების მიღების დროს. პარლამენტს პოლიტიკური გადაწყვეტილების უფლება რომ ჰქონდეს [რასაც „ქართული ოცნება“ ამბობს], მაშინ საკონსტიტუციო სასამართლოს არ ექნებოდა კონტროლი ამ პროცესზე...
თუ ვინმე თვლის, რომ საკანონმდებლო ორგანომ გადაუხვია იმ გზიდან, რისკენაც კონსტიტუცია მიუთითებს, კონსტიტუცია იძლევა შესაძლებლობას, რომ გასაჩივრდეს საკონსტიტუციო სასამართლოში და შემოწმდეს, ამ შემთხვევაში - პარლამენტი მოქმედებდა კონსტიტუციის შესაბამისად, თუ არ მოქმედებდა“, - გვეუბნება ვახუშტი მენაბდე.
მისი განმარტებით, არსებობს საფუძველი, რომ 5 სექტემბერს მიღებული გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სასამართლოში გასაჩივრდეს.
მამუკა მდინარაძემ თქვა, რომ კონსტიტუცია დეპუტატებს დადებითი გადაწყვეტილების მიღებას არ ავალდებულებს, დეპუტატი რობოტი არ არის და შეუძლია არ დაუჭიროს მხარი კოლეგისთვის უფლებამოსილების შეწყვეტას.
2022 წელს, როცა პარლამენტში უფლებამოსილება ოპოზიციონერ დეპუტატებს შეუწყდათ, უმრავლესობაში აცხადებდნენ, რომ კანონი მათ სხვა არჩევანს არ უტოვებდა.
საპირისპირო მაგალითები წარსულიდან
2022 წლის 15 თებერვალს, საქართველოს პარლამენტმა უფლებამოსილება ვადამდე შეუწყვიტა სამ ოპოზიციონერ დეპუტატს - აქედან ორს - შალვა ნათელაშვილსა და ელენე ხოშტარიას - სწორედ არასაპატიო გაცდენების მიზეზით. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ისინი, ბოიკოტის შემდეგ, პარლამენტის მუშაობაში არცერთ ეტაპზე არ ჩართულან.
ასევე ნახეთ მანდატების გაუქმება - ვინ, როდის, როგორ კითხულობს კონსტიტუციას„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა პარლამენტის გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრა, მაგრამ უშედეგოდ. პარტიის გენერალური მდივანი, გიორგი გუგავა გვეუბნება, რომ ნათელაშვილი მაშინ, ბოიკოტის საპატიო უფლების მიუხედავად, „სამაგალითოდ დასაჯეს“ და ეს ყველაფერი იმის გამო მოხდა, რომ ოპოზიციური ძალები ლეიბორისტული პარტიის ოფისში იკრიბებოდნენ - „რასაც ხატოვნად მერე შეარქვეს ნათელაშვილის ფანჩატური“.
გუგავა ვარაუდობს, რომ დავით სერგეენკოს, „როგორც ყოფილი ექიმისა და ახლობლის“ პარლამენტიდან გაშვება უმრავლესობის დეპუტატებმა „ბიძინა ივანიშვილს ვერ შეჰბედეს ან არ იცოდნენ მისი პოზიცია“ და ამიტომ შეიკავეს თავი.
„ქართული ოცნების“ გუნდის ყოფილი წევრი, ყოფილი დეპუტატი ეკა ბესელია რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ მმართველი პარტია ორმაგი სტანდარტებით მოქმედებს.
„ძალიან ცუდი ფაქტია, როცა ერთი და იმავე მიზეზით [გაცდენა - რ.თ.] ოპოზიციონერ დეპუტატებს უწყვეტ მანდატს და ამას არ აკეთებ უმრავლესობის წარმომადგენლის შემთხვევაში. ეს პირდაპირი მტკიცებულებაა, რომ პარტია არ სცემს პატივს პარლამენტს, პარლამენტში დაწერილ კანონებს. ეს ძალიან დამაზიანებელია პარლამენტის ნდობის თვალსაზრისით“, - ეკა ბესელია ასევე ამბობს, რომ „უმრავლესობაში ყოველთვის იყვნენ დეპუტატები, რომლებსაც ჰქონდათ იმდენი გაცდენა, რაც წარმოადგენდა საფუძველს უფლებამოსილების შესაწყვეტად“.
ასევე ნახეთ პარლამენტმა ნათელაშვილს, ხოშტარიას და ჯაფარიძეს დეპუტატის უფლებამოსილება შეუწყვიტაოპოზიციონერი დეპუტატები, რომლებსაც 2022 წლის თებერვალში მანდატები ჩამოართვეს, იმ ათეულობით ოპოზიციონერ დეპუტატს შორის იყვნენ, რომლებსაც მმართველმა პარტიამ, 2021 წელს, მანდატების გაუქმებაზე მტკიცე უარი უთხრა, პირადი განცხადებების დაწერის მიუხედავად.
- 2021 წლის 2 თებერვალს გამართულ პირველ საგაზაფხულო სესიაზე, უმრავლესობამ მხარი არ დაუჭირა 51 ოპოზიციონერი დეპუტატისთვის მანდატების შეწყვეტას;
- მაშინ „ქართული ოცნება“ აცხადებდა, რომ კონსტიტუციაში იდო სპეციალური მექანიზმი „ოპოზიციის საბოტაჟის“ წინააღმდეგ.
კონსტიტუციონალისტები მაშინ რადიო თავისუფლებასთან აცხადებდნენ, რომ დეპუტატებისთვის მანდატების არგაუქმება კონსტიტუციას ეწინააღმდეგებოდა. მათი განმარტებით, როცა დეპუტატი მანდატის დატოვებას ითხოვს, მას განაცხადი აუცილებლად უნდა დაუკმაყოფილდეს.