საქართველოს მთავრობის პრესსამსახური ადასტურებს მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ საქართველოს პრემიერის მრჩევლებად დაინიშნნენ საქართველოს პარლამენტის წევრები უმრავლესობიდან ვლადიმერ ჩაჩიბაია და ნინო იობაშვილი.
რამდენიმე დღის წინ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჩაჩიბაია და იობაშვილი საპარლამენტო მანდატებს დატოვებდნენ. ამ გადაწყვეტილებას ჟურნალისტები ე.წ. აგენტების კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღებას უკავშირებდნენ - იობაშვილი და ჩაჩიბაია არ ყოფილან ამ კანონპროექტის მხარდამჭერ 78 დეპუტატს შორის.
რამდენიმე კვირის წინ საპარლამენტო უმრავლესობის ცხრა დეპუტატმა დაარეგისტრირა კანონპროექტი "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ". ამ კანონპროექტით ყველა არასამთავრობო ორგანიზაცია და მედიასაშუალება, რომლებიც საქართველოს პარტნიორი ქვეყნებისგან დაფინანსებას (შემოსავლის 20% პროცენტზე მეტს) იღებენ, "უცხოური გავლენის აგენტად" უნდა დარეგისტრირებულიყო. ხალხმრავალი პროტესტის გამო მმართველმა პარტიამ კანონპროექტის საბოლოო მიღებაზე უარი თქვა.
ამ დოკუმენტის პირველი მოსმენით მიღებას მხარი დაუჭირა მმართველი პარტიის უმრავლესობამ, თუმცა მათ შორის არ ყოფილან დავით სერგეენკო, ვლადიმერ ჩაჩიბაია, გიორგი ხელაშვილი, ირაკლი კოვზანაძე და ნინო იობაშვილი.
მედიის ინფორმაციით, მანდატს დატოვებენ სერგეენკოც და კოვზანაძეც. ტელეკომპანია "იმედის" ინფორმაციით, გიორგი ხელაშვილი პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის მრჩევლად ინიშნება.