„ქართული ოცნების“ პარლამენტის სხდომაზე, 18 თებერვალს, კანონპროექტს პირველი მოსმენით ერთხმად უყარეს კენჭი - განხილვას სულ რაღაც 17 წუთი დასჭირდა. 19 თებერვალს კი, მეორე მოსმენით - განხილვა 40 წამში ჩაეტია.
წინასწარი ინფორმაციით, ცვლილებებს, მესამე და საბოლოო მოსმენით, 20 თებერვალს დაამტკიცებენ.
ხელისუფლების ოპონენტებს ეჭვი არ ეპარებათ, რომ მოქალაქეების გადასახადები მმართველი „ოცნების“ მიმართ ლოიალურ ორგანიზაციებზე განაწილდება.
პარალელურად, მომდევნო კვირებში, „ოცნება“ აპირებს მთელი რიგი კანონპროექტების დამტკიცებას, რომელთა სამიზნეც ქვეყნის ამრევად და უცხოეთის აგენტებად შერაცხილი არასამთავრობო და მედიაორგანიზაციები არიან.
ვის და როგორ მისცემს გრანტებს ხელისუფლება?
„გრანტების შესახებ საქართველოს კანონში“ შესატანი ცვლილებების განმარტებით ბარათში მითითებულია, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების საბიუჯეტო დაფინანსება „უცხოური აქტორების” დაფინანსების საპირწონე ინიციატივაა. უცხოური აქტორები „ძალაუნებურად განსაზღვრავენ... ორგანიზაციების საქმიანობის დღის წესრიგს”; ბიუჯეტიდან დაფინანსებული ორგანიზაციების საქმიანობა კი „თანხვედრაში იქნება ქვეყნის განვითარების პრიორიტეტულ მიმართულებებთან“.
„სამოქალაქო სექტორი... მნიშვნელოვანი და საჭირბოროტო საკითხების მხარდასაჭერად დაფინანსდება საქართველოს სახელმწიფოს მხრიდან და არა უცხო ქვეყნების დაფინანსებაზე იქნება დამოკიდებული. ამიტომ სრულად ვუჭერ მხარს ამ ინიციატივას”, - განაცხადა „ქართული ოცნების“ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ნინო წილოსანმა, 18 თებერვალს, „გრანტების შესახებ საქართველოს კანონში“ შესატანი ცვლილებების პირველი მოსმენით დამტკიცებამდე. ამავე აქცენტს სვამდნენ „ოცნების“ სხვა პარლამენტარებიც.
კანონში მხოლოდ ორი ცვლილება შედის:
- იცვლება გრანტების შესახებ მოქმედი კანონის მე-3 მუხლი და მთავრობის საჯარო სამართლის იურიდიულ პირს [სსიპ] არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის გრანტების გაცემის უფლება ეძლევა.
- კანონს ცალკე ემატება პუნქტი, რომელიც გრანტების გამცემი სსიპ-ის ხელმძღვანელს სხვადასხვა სახის სამართლებრივი აქტების გამოცემის უფლებას ანიჭებს.
პროექტის განმარტებითი ბარათის ჩანაწერებისა და ცვლილებების პროექტის წარმდგენის - „ქართული ოცნების“ მთავრობის საპარლამენტო მდივნის, ვახტანგ ბაჩიაშვილის მონათხრობის მიხედვით კი ვიგებთ, რომ:
- გრანტებს გასცემს „ქართული ოცნების“ მთავრობის კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი - „სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტო“, რომელიც ჯერ არ არსებობს. ის კანონის ამოქმედების შემდეგ შეიქმნება.
- 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 20 მილიონი ლარი უნდა დაიხარჯოს, როგორც სააგენტოს შექმნასა და მუშაობაზე, ასევე თავად გრანტებზე.
- ამ 20 მილიონს განკარგავენ „მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების შესაბამისად“.
- სააგენტოში დასაქმდება 10-მდე ადამიანი, მათი ხელფასები ჯერჯერობით არ არის განსაზღვრული.
ითქვა ისიც, რომ უკვე მარტში, ჩამოყალიბებული იქნება როგორც გრანტების გაცემის სტრუქტურა, ასევე გამოცხადდება საგრანტო კონკურსიც.
ვახტანგ ბაჩიაშვილი განმარტავს, რომ სააგენტო დააფინანსებს სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვან ნებისმიერ მიმართულებას, ფულს გასცემს გამჭვირვალედ და მხოლოდ კონკურსში გამარჯვებულზე.
თუმცა, განმარტებით ბარათში მითითებულია, რომ სააგენტო „საბიუჯეტო სახსრებს კანონმდებლობით დადგენილი წესით გასცემს შერჩეულ შესაბამის საზოგადოებრივ ორგანიზაციებზე”.
ყველასთვის ხელმისაწვდომი?
ეუთოს (OSCE) დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (ODHIR) სტანდარტების გზამკვლევის მიხედვით, რიგ ქვეყნებში მიღებული პრაქტიკაა, რომ სახელმწიფო აფინანსებს არასამთავრობო სექტორს, მაგრამ „დახმარების სისტემა უნდა იყოს გამჭვირვალე“, ხელმისაწვდომი უნდა იყოს თანაბრად ყველასთვის და ორგანიზაციები „უნდა მონაწილეობდნენ სახელმწიფოს ფინანსირებისა და მხარდაჭერის შესახებ კანონმდებლობისა და პოლიტიკის შემუშავების პროცესში“.
ეუთო/ოდირის სტანდარტების გზამკვლევში წერია ასევე, რომ:
- „უნდა გამოირიცხოს ორგანიზაციების დისკრიმინაცია საქმიანობის სფეროების ნიშნით“;
- „მიუღებელი უნდა იყოს ნებისმიერი პრაქტიკა, რომელიც გამორიცხავს ორგანიზაციებს სახელმწიფო დაფინანსების სქემებიდან“;
- „აუცილებელია “სახელმწიფოს მიტაცებისთვის“ თავის არიდება და ორგანიზაციის დამოუკიდებლობის შენარჩუნება“;
- ასევე ხაზგასმულია არასამთავრობო ორგანიზაციებისა თუ ასოციაციების უფლება „თავისუფლად მოძებნონ, მოიპოვონ და გამოიყენონ რესურსები“.
ექსპერტებისთვის ცხადია, რომ „ქართული ოცნება“, რომელიც „საკუთარ თავს სახელმწიფოსთან აიგივებს“, არ დააფინანსებს არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებსაც აგენტებს უწოდებს და უცხოური ფულით - ქვეყნის არევასა და რევოლუციების მომზადებაში სდებს ბრალს.
„[“ქართულ ოცნებაში”] უნდათ, რომ არასამთავრობო სექტორის ილუზორული შექმნით ჩაანაცვლონ ამჟამად არსებული სამოქალაქო სექტორი - ეს არის მთელი არსი.
არასამთავრობო სექტორი ფორმალურად კი იარსებებს, მაგრამ იქნება იმიტაცია, [ისევე] როგორი ილუზორულიცაა ახლა მათი ოპოზიცია პარლამენტში, როგორი ილუზორულიც არის მათი [„ქართული ოცნების“] საჯარო განხილვები, პროცედურები“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას პოლიტიკის ექსპერტი და ტელეწამყვანი, არჩილ გამზარდია, რომელიც ბოლო პერიოდში მიღებულ თუ მისაღებ კანონპროექტებს ერთობლიობაში განიხილავს და ასკვნის, რომ „ფინანსების სრული ცენტრალიზებითა და უცხოური არხების გადაკეტვით“ - „ქართული ოცნება“ სასურველი ადამიანების გაძლიერებასა და არასასურველების დასუსტებას ცდილობს.
„აზრის ლიდერები, კვლევები, მედიაპროდუქტები - ეს ყველაფერი მოიშლება - ჰაერზე ვერავინ იმუშავებს. სოციალური ქსელების სტატუსების დონეზე ვერ დარჩება საზოგადოებრივი აზრის ფორმირების იმედი… ამ ყველაფრის შედეგი პირველ ეტაპზე იქნება საბჭოთა კავშირისა და კომუნისტური წყობის თანამედროვე ვარიაცია“, - არჩილ გამზარდიას შეფასებით, საქართველოში ვითარება დიქტატურის მახასიათებლებს უკვე გასცდა და უკვე ტოტალიტარიზმის ფაზაშიც შევიდა.
პოლიტოლოგი, პარლამენტის ყოფილი წევრი დავით ზურაბიშვილი დარწმუნებულია, რომ „ქართული ოცნების“ მთავრობა დააფინანსებს „მხოლოდ მათთვის სასურველ, პროსახელისუფლებო ორგანიზაციებს, გონგოებს [GONGO] რომ ეძახიან, ანუ საკუთარ თავს დააფინანსებენ” და რადგან „ბიძინა ივანიშვილი საფრთხედ აღიქვამს მისგან დამოუკიდებელ არასამთავრობო სექტორსა და დამოუკიდებელ მედიას, ცხადია, ყველანაირად შეეცდება, რომ მათ ეს დაფინანსების წყაროები გადაუკეტოს“.
სხვებისთვის სხვა კანონები
პარალელურად, „ქართული ოცნება“ აპირებს მიმდინარე კვირაში დაარეგისტრიროს და დაახლოებით თვე-ნახევარში დაამტკიცოს მთელი რიგი კანონპროექტები, რომლებიც პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ ჯერ კიდევ 5 თებერვალს ჩამოთვალა და 17 თებერვალს გამართულ პრესკონფერენციაზეც მოკლედ გაიმეორა.
გეგმის თანახმად:
- ყველა კანონიდან და აქტიდან ამოიღებენ ნორმებს, რომლებიც საჯარო მნიშვნელობის გადაწყვეტილებების მიღების პროცესში არასამთავრობო ორგანიზაციების მონაწილეობას სავალდებულოს ხდის.
- აშშ-ის „უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტის“ [FARA] „სიტყვასიტყვით ნათარგმნი ვერსიით“ ჩანაცვლდება – 2024 წელს, მეორე ცდაზე, ხმაურით დამტკიცებული „აგენტების კანონი“, რომელსაც საზოგადოებამ „რუსული კანონი“ უწოდა.
- შეიზღუდება მედიასაშუალების დაფინანსება უცხოური წყაროებიდან.
- დადგინდება მედიის ობიექტურობისა და ჟურნალისტური ეთიკის სტანდარტები - „ბრიტანული მოდელისა და კანონმდებლობის შესაბამისად“
დონორების მიერ დაფინანსების აკრძალვა არაერთ მედიას აყენებს დახურვის რისკის წინაშე.
ასევე ნახეთ რას შეიძლება ნიშნავდეს მედიის „ბრიტანული“ სტანდარტებით რეგულირება ქართულად - რას აპირებს „ოცნება”?
ასევე ნახეთ „ქართული ოცნება“ ახალ შემზღუდავ კანონებს აანონსებს მედიისა და არასამთავრობოების წინააღმდეგ
„ოცნება” არასამთავრობო ორგანიზაციებს ამერიკული FARA-თი ემუქრება
ამერიკული FARA-ს საქართველოში გადმოტანას „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები „მდიდარი არასამთავრობო ორგანიზაციების“ წინააღმდეგ კანონის გამკაცრების აუცილებლობით ხსნიან, რადგან მათი დიდი კრიტიკული ნაწილი არ დარეგისტრირდნენ „აგენტების კანონის“ მოთხოვნათა მიხედვით. სწორედ ეს კანონი გახდა საერთაშორისო პარტნიორებთან თბილისის უმწვავესი დაპირისპირების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი.
„სახელმწიფო გადატრიალებების მცდელობები, რომელიც იფუთებოდა რაღაც დემოკრატიული პროცესებით, ყველაფერი გახდა ცხადი და ნათელი, ამიტომ კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, გამკაცრდეს გამჭვირვალობის კანონი და გადმოვიტანოთ FARA-ს ანალოგი, სადაც კონკრეტულ დანაშაულებზე არის სისხლის სამართლის მიმართულება“, - უთხრა ჟურნალისტებს „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა, კახა კალაძემ, 13 თებერვალს.
აშშ-ის „უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტი“ [FARA] ინფორმაციის დამალვისას, გარკვეულ შემთხვევებში, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას მართლაც ითვალისწინებს; მაგრამ ის ამერიკაში გამიზნულია ლობისტური საქმიანობის კონტროლისთვის და, როგორც ექსპერტები განმარტავენ, არასამთავრობო ორგანიზაციებს უპირობო რეგისტრაციის ვალდებულებას არ აკისრებს.
„ქართული ოცნება“ აცხადებს, რომ ამერიკის ახალმა ადმინისტრაციამ აღიარა, რომ USAID-ის გავლით აშშ-ის დაფინანსება ხმარდებოდა არეულობისა და რევოლუციების ორგანიზებას სხვადასხვა ქვეყანაში და მათ შორის საქართველოში. მაგრამ აშშ-ის ხელისუფლებაში საქართველოსთან მიმართებით მსგავსი განცხადება არ გაკეთებულა.
„ქართულმა ოცნებამ“ უკვე კარგა ხანია მიზანში ამოიღო - არჩევნების, ადამიანის უფლებებისა თუ კანონის უზენაესობისა და კორუფციის თემებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც თავიანთი ანგარიშებითა თუ შეფასებებით - ხშირად აკრიტიკებენ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პოლიტიკასა და ქმედებებს.
პროსახელისუფლებო ტელეკომპანია „იმედი“ აღნიშნავს, რომ - FARA-ს ზუსტი თარგმანის საქართველოში ამოქმედების მიზანი „გარე ჩარევების მაქსიმალური შემცირებაა“.
კონკრეტულად რა აქვს ჩაფიქრებული „ქართულ ოცნებას“ აგენტებად შერაცხილი არასამთავრობო სექტორის წინააღმდეგ, ამ ეტაპზე უცნობია. ისინი ყველას მიუთითებენ, რომ ამერიკულ კანონმდებლობაში FARA მოიძიონ და ყურადღებით წაიკითხონ.
„არ თარგმნიან სიტყვასიტყვით, რა თქმა უნდა. არ იქნება პოლიტიკურ ლობიზმზე ან რაღაც დამახინჯებული შინაარსის იქნება. ამერიკული კანონის სიტყვასიტყვით გადმოღება, სადაც არის პრეცედენტული სამართალი [დამყარებული წარსულში ანალოგიური დავების გადაწყვეტილებებზე - რ.თ.], ისედაც შეიძლება იყოს ძალიან პრობლემური [საქართველოში], მაგრამ მე აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ გადმოიღებენ იმას, რაც მათ აწყობთ... მიზანი არის, რომ ყველაფერი აკონტროლონ და FARA-ს დაარქმევენ ამას თუ რამე სხვას, რა მნიშვნელობა აქვს?!“, - გვეუბნება დავით ზურაბიშვილი.
18 თებერვალს, „ქართული ოცნების” პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ თარგმანი ზუსტი იქნება და ვისაც არ მოეწონება - „ედავონ ამერიკის შეერთებულ შტატებს”.
ვიდრე „ქართული ოცნება“ FARA-ს შემოსაღებად ემზადებოდა, ამ კანონის კრიტიკა თავად აშშ-ის ახალ ადმინისტრაციაში დაიწყეს და შეცვლის საჭიროებაზეც ალაპარაკდნენ.
„აქ შეიძლება ერიოს დიპ სტეიტის ხელი, ამას მომავალი გვიჩვენებს”, - განაცხადა თებერვლის დასაწყისში „ქართული ოცნების” პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ და მსგავსი რამ მისმა არაერთმა თანაგუნდელმაც გაიმეორა. დღეს კი „ოცნების“ ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ - თუკი აშშ-ში FARA-ს შეცვლიან, მათი ვარიანტიც შეიცვლება.
„ქართული ოცნების“ პარლამენტს არალეგიტიმურად მიიჩნევს არასამთავრობო სექტორი, ოპოზიცია, მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და პროტესტის მონაწილეები. ისინი ბოლო საპარლამენტო არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევენ. პარლამენტის არალეგიტიმურობაზე ლაპარაკობენ საერთაშორისო პარტნიორებიც. ახალი არჩევნების ჩატარებას უჭერს მხარს ევროპარლამენტი.
უკვე თითქმის სამი თვეა, თბილისსა და რეგიონებში საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. ქუჩაში გამოსული ხალხი უკანონოდ დაპატიმრებული მომიტინგეების გათავისუფლებასა და ახალი არჩევნების დანიშვნას ითხოვს. აქცია ყოველ საღამოს კეტავს რუსთაველის გამზირს.
მასშტაბური აქციები დაიწყო მას შემდეგ, რაც - 2024 წლის 28 ნოემბერს, „ქართული ოცნების“ მთავრობის პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ევროინტეგრაციისთვის აუცილებელი ეტაპის [ევროკავშირთან გაწევრიანების მოლაპარაკებები] 4 წლით გადავადების გადაწყვეტილება გამოაცხადა.
ამასობაში, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ, პროტესტში მონაწილეთა წინააღმდეგ მთელი რიგი საკანონმდებლო ცვლილებები დაამტკიცა. მაგალითად, აკრძალა სახის დაფარვა, პიროტექნიკისა და ლაზერული მანათობლების გამოყენება; მნიშვნელოვნად გაიზარდა ჯარიმები - ქუჩის უკანონო გადაკეტვისთვის, ხოლო საერთაშორისო გზების გადაკეტვა სისხლის სამართლის წესით დასჯადი გახდა.