საპარლამენტო ოპოზიციაში წარმოდგენა არა აქვთ, რას აპირებს მმართველი პარტია. ისინი შიშობენ, რომ „ოცნება“ მომენტის გამოყენებას შეეცდება და გამოხატვის თავისუფლების წინააღმდეგ ახალ შემზღუდველ მექანიზმებს აამოქმედებს.
იურისტები მიუთითებენ, რომ საქართველოს კონსტიტუციისა და კანონის დღეს მოქმედი რეგულაციები მოქალაქეთა რელიგიური გრძნობების დასაცავად საკმარისია და დამატებითი ცვლილებები არ არის საჭირო.
რას აპირებს "ოცნება"?
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ეკლესიას საერო ხელისუფლების დაცვა არ სჭირდება, მაგრამ „როდესაც თავდასხმები განსაკუთრებულ სახეს და ინტენსივობას იძენს“, სახელმწიფოს ჩარევააა საჭირო.
მარტონა მოსკოველის სტალინის გამოსახულებიანი ხატის სამების ტაძარში არსებობის ფაქტის შობის დღესასწაულისთვის გახმაურებასა და შემდეგ მისთვის საღებავის შესხმას, ირაკლი კობახიძე ეკლესიაზე თავდასხმის დაგეგმილი პროცესის ნაწილებად განიხილავს - და „პოლიტიკურ ბრძოლასაც“ უწოდებს.
წამყვანმა „ოცნების“ თავმჯდომარეს ჰკითხა - „შესაძლოა თუ არა ვიხილოთ რაიმე ტიპის საკანონმდებლო ცვლილებები, რადგან ეკლესიის წარმომადგენლები ითხოვდნენ კანონს რელიგიური გრძნობების შესახებ?“.
პასუხი დადებითია.
„რა თქმა უნდა, განსაკუთრებულ რისკებს შეიცავს რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა, ტაძრების შეურაცხყოფა... თან არ არის საუბარი მხოლოდ მართლმადიდებლურ ტაძრებზე, ქრისტიანულ ტაძრებზე და ა.შ. ნებისმიერ კონფესიაზეა საუბარი. ეს თემა საჭიროებს მოწესრიგებას. ეს განსაკუთრებით მძაფრად შევიგრძენით მას შემდეგ, რაც განხორციელდა ვანდალიზმის აქტი სამების ტაძარში“, -თქვა „ოცნების“ თავმჯდომარემ და დაამატა, რომ „ უკვე დაწყებულია კანონპროექტზე მუშაობა“ და „ჩართული იქნება ყველა შესაბამისი მხარე სამუშაო პროცესში“.
ასევე ნახეთ რელიგიური ნივთების შეურაცხყოფისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის შემოღება იგეგმებაკობახიძის ამ განცხდებამდე, 10 იანვარს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ "ოცნებიდან" ანრი ოხანაშვილმა თქვა, რომ „ქართული ოცნება“ გეგმავს საკანონმდებლო ცვლილებას, რათა „გამკაცრდეს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა რელიგიური ნაგებობებისა და ნივთების შეურაცხყოფისათვის“.
„ჩვენი მიზანია, რომ არ დავუშვათ რელიგიური ტაძრების შეურაცხყოფა და მოვახდინოთ საზოგადოებაში რელიგიური ნიშნით შუღლის გაღვივების თავიდან აცილება“, - განაცხადა ოხანაშვილმა.
ასევე ნახეთ "ალტ-ინფო" ნატა ფერაძეს ემუქრება, აქტივისტი საქართველოდან გაქცევას არ გეგმავსანრი ოხანაშვილის ბრიფინგი იმ დღეს გაიმართა, როცა პრორუსული, რადიკალური ჯგუფი -„ალტ-ინფო“ და მისი მხარდამჭერები სამოქალაქო აქტივისტ ნატა ფერაძეს ჯერ მის საცხოვრებელ სახლთან, ხოლო შემდეგ, რუსთაველის გამზირზე გამართულ აქციაზე ანგარიშსწორებით დაემუქრნენ.
მატრონა მოსკოველის სტალინის გამოსახულებიანი ხატისთვის საღებავის შესხმის გამო, „ალტ-ინფომ“ ფერაძის გასამართლება სისხლის სამართლის წესით მოითხოვა.
ნატა ფერაძემ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ მუხლი, რომელიც მის ქმედებას შეუსაბამეს, სრულიად ადეკვატურია და შეუძლებელია რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფაზე იყოს ლაპარაკი მაშინ, როცა პროტესტი არა რელიგიის, არამედ სტალინის გამოსახულების წინააღმდეგ იყო მიმართული.
პირველი მცდელობაა?
საკანონმდებლო ცვლილებებს ხელისუფლება საღებავის შესხმის ფაქტს უკავშირებს, თუმცა რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფასთან დაკავშირებული ინიციატივა ბოლო წლებში პირველად არ გაჩენილა.
- 2018 წელს, ადამიანის უფლებათა დაცვის საპარლამენტო კომიტეტმა საჭიროდ მიიჩნია სამუშაო ჯგუფის შექმნა, რათა უფრო „დაეხვეწა“ მაშინდელი დეპუტატის - ემზარ კვიციანის მიერ ინიციირებული კანონპროექტი სწორედ - რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის შესახებ. სამუშაო პროცესში ჩართვის მზაობა გამოხატა მაშინდელმა პარლამენტის თავმჯდომარემ - ირაკლი კობახიძემაც.
- ეროვნული და რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის თემა, 5-6 ივლისის ძალადობრივი აქციების შემდეგ, პროცესების უშუალო ორგანიზატორმა - „ალტ-ინფომ“ გააცოცხლა. ეს ჯგუფი და მისი მხარდამჭერები ბოლო დროს ხელისუფლებასაც აკრიტიკებენ მათი დიდი ხნის მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობის გამო.
მსგავს ინიციატივებს, გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის საფრთხის გამო, ყოველ ჯერზე მწვავედ უპირისპირდებოდა სამოქალაქო საზოგადოება.
ასევე ნახეთ რელიგიათა საბჭო რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის შესახებ კანონის ინიციატივას არ მიესალმებარატომ არის სახიფათო?
პარლამენტში, ოპოზიციონერ დეპუტატებს თვალით არ უნახავთ კანონპროექტი, რომლის ინიციირებასაც ხელისუფლება „უახლოეს პერიოდში“ გეგმავს.
თამარ კორძაიას ეჭვი არ ეპარება, რომ, თუკი ხელისუფლება, რელიგიური გრძნობების დაცვის მოტივით, კანონებს მაინც შეცვლის, ეს გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის სურვილით იქნება განპირობებული.
„ხელისუფლებამ ისარგებლა შექმნილი სიტუაციით და გადაწყვიტა, რომ კიდევ უფრო მეტი შეზღუდვა დააწესოს ვითომ რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფისა და რელიგიური ღირებულებების დაცვის მოტივით... შეზღუდონ ყველა, ვინც კი ხმას ამოიღებს. რა თქმა უნდა, ამ კანონს ექნება მსუსხავი ეფექტი მედიისთვისაც. მიზანია საზოგადოების დაშინება“, -ამბობს თამარ კორძაია. ის თვლის, რომ „[საქართველოა] დასაცავი კომუნისტური, ტოტალიტარული -სტალინური იდეოლოგიისგან“, „რომლის სტილშიც უნდა მართვა დღევანდელ ხელისუფლებას“.
დეპუტატი შენიშნავს, რომ ხელისუფლების დისკუსიიდან სტალინი, როგორც პრობლემა, საერთოდ არის გამქრალი, მაშინ როცა საქართველოს კანონში - „თავისუფლების ქარტია“ - „პირდაპირ გვიწერია, რომ კომუნისტური, ტოტალიტარული იდეოლოგია სახელმწიფოსთვის არის საშიში. ხოლო ამ იდეოლოგიის ყველაზე დიდი წარმომადგენელია სტალინი“.
თამარ კორძაია არ გამორიცხავს, რომ კანონის გამკაცრების შემდეგ, სტალინი უფრო თამამად გამოაჩინონ რომელიმე ხატზე, რომელიმე ტაძარში.
ასევე ნახეთ ისევ "ანტიქრისტიანებზე", "ეკლესიის მაგინებლებზე" - საპატრიარქო და პოლიტიკა საქართველოშირელიგიური გრძნობების დაცვაზე ხელისუფლების საკანონმდებლო ჩანაფიქრის შესახებ კონკრეტული არაფერი იცის არც „სტრატეგია აღმაშენებლის“ გენერალურმა მდივანმა, დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ.
მიმდინარე მოვლენებს ის „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო მიზნების ნაწილად განიხილავს.
„მათი მიზანია მკრეხელური - უნდათ, რომ არჩევნებზე ქრისტეს ჩააცვან 41 ნომერი მაისური, რაც არის ანტიქრისტიანული... ყველა გაკოტრებული პარტია ბოლოს ფსევდორელიგიურ და ფსევდოპატრიოტულ ღირებულებებს ეფარება... ისინი იწყებენ დისკუსიებს ცრუ დილემებზე, რომ თავი აარიდონ მთავარ შეკითხვებს - რატომ ვერ შექმნეს სამუშაო ადგილები? რატომ არის სიღარიბე?“, - გვეუბნება დეპუტატი მანჯგალაძე.
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენლის, გიორგი გოცირიძის შეფასებით, „რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა“ ძალიან ფართო ინტერპრეტაციისა და ბოროტად გამოყენების საშუალებას იძლევა“ და „ამის შესახებ ვენეციის კომისიის სახელმძღვანელო დოკუმენტებშიც არის აღნიშნული“.
„ჩაითვლება თუ არა, მაგალითად, საპატრიარქოს კრიტიკა - რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფად?! რასაც ვხედავთ, ადამიანები, მათ შორის - საპატრიარქოს კრიტიკასაც მიიჩნევენ რელიგიური გრძნობებზე თავდასხმად... ასე რომ, ძალიან ზოგადია ასეთი ჩანაწერი, რაც საბედნიეროდ - ჯერ არ გვაქვს“, - ამბობს გოცირიძე.
სად გადის ზღვარი?
„ნებისმიერი უფლება ექვემდებარება შეზღუდვას. მთავარია, რომ ეს შეზღუდვა განხორციელდეს თანაზომიერად - ეს არის ადამიანის უფლებების ფუძემდებლური პრინციპი. სწორედ ოქროს შუალედის გამონახვაა მთავარი ამოცანა“, - უპასუხა ირაკლი კობახიძემ „იმედის“ გადაცემის წამყვანის შეკითხვას, რომელიც რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის დაცვისა და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის თანაფარდობას უკავშირდებოდა.
გიორგი გოცირიძე კი ამბობს, რომ „ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკით, არ შეიძლება ადამიანის გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა მხოლოდ იმის გამო, რომ ის რომელიმე რელიგიას აკრიტიკებს“, ხოლო „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში 2011 წელს დამკვიდრებული სტანდარტით, გამოხატვის თავისუფლება არ შეიძლება შეიზღუდოს, თუ ის არ ქმნის ძალადობის გამოწვევის მყისიერ და რეალურ საფრთხეს“.
რამდენად საკმარისია მოქმედი ნორმები?
გიორგი გოცირიძე ფიქრობს, რომ რელიგიური კუთხით, დღევანდელ კანონმდებლობას შევსება არ სჭირდება, რადგან, კონსტიტუციის შესაბამისად, მოიცავს დანაშაულებათა მთელ სპექტრს, რომლებიც შესაძლოა კონკრეტულ მართლსაწინააღმდეგო ქმედებას მიესადაგოს.
იურისტის განმარტებით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის გარდა, ქმედითი მუხლებია ჩადებული სისხლის სამართლის კოდექსშიც.
ერთ-ერთ მაგალითად სახელდება - სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლი - „დევნა“.
„უკვე ბევრი პირია გასამართლებული ამ მუხლით. პროკურატურის სტატისტიკით, ძირითადად იეჰოვას მოწმეების საკულტო ნაგებობებზე ან მათ ლიტერატურაზე თავდასხმის დროს გამოიყენებოდა ეს მუხლი“, - ეუბნება გიორგი გოცირიძე რადიო თავისუფლებას.
გიორგი გოცირიძე სისხლის სამართლის კოდექსიდან 155-ე მუხლსაც ასახელებს - „რელიგიური წესის აღსრულებისათვის უკანონოდ ხელის შეშლა“.
„ეკლესიის მტრები“, „ეკლესიის მაგინებლები“ - ოპოზიციისკენ მიმართულმა ამ ტერმინებმა „ქართული ოცნებისა“ და მისი განაყოფის - „ხალხის ძალის“ ლექსიკონში 2021 წლის გაზაფხულზეც იჩინა თავი, როცა პარლამენტში ხმაურიანი „აგენტების შესახებ კანონი“ განიხილებოდა.
ასევე ნახეთ ისევ "ანტიქრისტიანებზე", "ეკლესიის მაგინებლებზე" - საპატრიარქო და პოლიტიკა საქართველოში